2011 წლის 26 მაისი: გამარჯვების ტოლი დამარცხება
ბოლო ხანს ხშირია გარკვეული პოლიტიკური თუ დიპლომატიური წრეების, მედიის წარმომადგენლების მიერ „სახალხო კრების“ გაიგივება ძალადობის პოლიტიკასთან, ქუჩასთან. ჩვენთვის, „თეთრებისთვის“, როგორც „სახალხო კრების“ ერთ-ერთი სუბიექტისთვის სრულიად მიუღებელია ეს პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოკვეთილად ვამბობთ:
ეს არის შეურაცხყოფა „ეროვნული კრების“ იდეის და იმ დიდი ინტელექტის, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში დადგა ამ იდეის ირგვლივ. კრების სათავეებთან ჭაბუა ამირეჯიბი დგას, კრების აღმასრულებელ საბჭოში არიან ქვეყნისთვის სათაყვანებელი ადამიანები: ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ელიზბარ ჯაველიძე, გოგი ქავთარაძე, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე და ამ პიროვნებების ძალადობასთან, ქუჩასთან დაკავშირება მხოლოდ უზნეო ადამიანებს შეუძლიათ, იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ ამბიცია გააჩნიათ და პასუხისმგებლობა არ აქვთ, ფიქრობენ სკამზე და არა იმაზე, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უმძიმეს განსაცდელშია, შიმშილობს.
„სახალხო კრების“ ძალადობასთან დაკავშირება არის სწორედ „ქუჩის პოლიტიკოსების“ პოზიცია თავიანთი ქუჩური აზროვნების შენიღბვისათვის.
სწორედ ე.წ. ქუჩის, ანუ მოძალადე პოლიტიკოსებმა რევოლუციის გზით ხელთ იგდეს სახელმწიფო სადავეები და შექმნეს მოძალადე სახელისუფლებო მანქანა, რომელიც შეუძლებელს ხდის ხალხის უზენაესი ნების გამომხატველი ლეგიტიმური მმართველობის არჩევას. სწორედ ეს არის პოლიტიკის ქუჩაში გაძევების რეალური ფაქტორი.
ჩემი აზრით, ქუჩის პოლიტიკოსები დღეს კაბინეტებში სხედან, ისინი ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც – პირველნი სახელისუფლებო კაბინეტებს არ თმობენ, მეორენი სახელისუფლებო სავარძლებს ეზმანებიან, ერთიც და მეორეც უბედურებაა ქვეყნისათვის. ქუჩიდან მოსულმა, ე.წ. რევოლუციის გზით პარლამენტში შეჭრილმა პოლიტიკოსებმა დღევანდელი ნამდვილად ქუჩიდან მოსული პრეზიდენტის – სააკაშვილის თაოსნობით, ქუჩაში გააძევეს პოლიტიკური პროცესები.
ყოველ ეპოქაში, ყველა სახელმწიფოში, პოლიტიკა ქუჩაში გადიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პარლამენტი არ გამოხატავდა მოსახლეობის პოლიტიკურ განწყობას და სწრაფვას სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიზაციისაკენ.
მეორეს მხრივ, მოსახლეობას, რომელსაც წაართვეს არჩევნებით საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება, სხვა არა დარჩენია, მშვიდობიანი პროტესტის გარდა. და ეს არ არის ძალადობა, უფრო მეტიც, ამას დემოკრატიას ეძახის დემოკრატიული დასავლეთი. იგივე პროცესებს საქართველოში რატომ ჰქვია ძალადობა ხალხისგან?
მსოფლიოს უახლესმა ისტორიამ არაერთი მაგალითი მოგვცა იმისა, რომ ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში სწორედ ქუჩაში გამოსულმა ხალხმა თავისი მშვიდობიანი პროტესტით მოიპოვა მნიშვნელოვანი უფლებები და თავისუფლებები. ეს რეალობაა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.
არის მომენტი, როდესაც ხალხს და ქვეყანას სანუკვარი ოცნების მისაღწევად არ აქვს სხვა გზა. ასეთი იყო 90-იანი წლების ბოლო საქართველოსათვის. ეროვნულმა მოძრაობამ შეაერთა ქუჩისა და მოლაპარაკების პროცესი. და თავისუფლებაც მოვიპოვეთ. ქუჩის და მოლაპარაკების პროცესის შეერთება ეს დიდი ხელოვნებაა, სამწუხაროდ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის სიჯიუტისა და საკუთარ თავზე ფიქრის გამო ეს არ შედგა და მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს გაჩნდა შანსი, რომ არჩევნებმა გახადოს შესაძლებელი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება. ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში გამოსვლას. არის დიდი ალბათობა, რომ ქუჩის ხელისუფლებამ, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს და რომლისთვისაც ქუჩაა სტიქია, პროცესები კვლავ ქუჩაში გადაიტანოს. ჩვენ, სწორედ ის ხალხი, ვისაც ქუჩასთან გვაკავშირებენ, ვამბობთ, რომ ხელისუფლების ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს არ უნდა წამოვეგოთ. რა თქმა უნდა, არჩევნებით და მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ეროვნული მოძრაობის პერიოდში, დღესაც მთავარი უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პროცესის შეერთება ერთი მიზნისათვის – ქვეყნის დამანგრეველი „ნაციონალური“ რეჟიმისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მით უფრო ადვილად წარიმართება და დასრულდება ქვეყნისთვის სასარგებლოდ რაც ნაკლები პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად ითამაშებს ხელისუფლების თამაშს.
კიდევ ერთხელ 26 მაისთან დაკავშირებით:
არის მოარული აზრი, თითქოს 26 მაისს “სახალხო კრება” დამარცხდა. ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ
სწორედ 2011 წლის 26 მაისმა მთლიანად შეცვალა საქართველო. 26 მაისმა „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური სამარე გათხარა და დღეს ჩვენი ამოცანაა ქვეყნისათვის უბედურების მომტანი ეს რეჟიმი ჩავასვენოთ პოლიტიკურ სამარეში.
26 მაისმა ხელისუფლება საქართველოში ყველა მოაზროვნე ადამიანი და საქართველოს ნამდვილი მეგობრები უცხოეთში დაარწმუნა, რომ საქართველოს ჰყავს არა ქვეყნისა და ხალხის, არამედ ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება, პრაქტიკულად ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობენ არაბი შეიხები და საკუთარ ხალხს აძლევს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ნიგერიის ხელისუფლება, რომელიც გაეროს ქვეყნების სიაში ბოლო ადგილზეა პენსიებისა და ხელფასების თვალსაზრისით. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ბარბაროსულად უსწორდება საკუთარ უიარაღო მოქალაქეებს. საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად. ამის დიდი მაგალითი იყო 2007 წლის 7 ნოემბერი, როცა ესროლა საკუთარ ხალხს, როცა დაბომბა საკუთარი ტერიტორია, 2011 წლის 26 მაისი, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სასიკვდილოდ გაწირა ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი, რომელიც იმ ეტაპზე მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ სამხედრო აღლუმი არ მიეღო იმ მხედართმთავარს, რომელიც მიწაზე დაწვა მაშინ, როცახალხს და ქვეყანას ზნეობრივი მაგალითი და ჯარისკაცებს გამხნევება სჭორდებოდათ.
დავმარცხდით 26 მაისს? დიახ, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად. სკამის ხელისუფლება ძალით მოერია ხალხს და დამარცხდა მორალურად, განადგურდა პოლიტიკურად…. 2011 წლის 26 მაისი ხალხისთვის იყო გამარჯვების ტოლი დამარცხება. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ამას ადასტურებს და რაც დრო გავა ეს უფრო დადასტურდება. 2011 წლის 26 მაისმა დაიცვა 1918 წლის 26 მაისის მონაპოვარი, დაიცვა ის, რაც 1989 წლის 9 აპრილს სისხლით მოიპოვა ქართველმა ხალხმა, დაადასტურა ის, რომ ქვეყნის მომავალს სჭირდება განახლებული ეროვნული მოძრაობა, რომელიც შეუძლებელია ხალხის, ეროვნული ავტორიტეტების, სახელმწიფო მოღვაწეების და ჯანსაღი, ერთდროულად ქართულად და პლანეტარულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალების ერთობის გარეშე, იმ პოლიტიკოსების გარეშე, რომელთაც თავგანწირვა შეუძლიათ.” სახალხო წარმომადგენლობითი კრება” შინაარსით, ფორმით მოქმედების სტრატეგიით სწორედ ეს იყო და ამად რჩება, იმ განახლებული პოლიტიკური პროცესის დროს, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება და რომელმაც იმედი დაუბრუნა ხალხს და ქვეყანას.
25 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში იმედთან და გამარჯვებასთან იქნება დაკავშირებული.
ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
თემურ შაშიაშვილი
2011 წლის 15 ნოემბერი