(versia)26 მაისის სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად!

201სადამსჯელო სპეცოპერაციის 4 წლისთავზე თანამებრძოლების გვამების გავლით ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია ნეტარებაშია, ოპოზიცია _ პოლიტიკურ სამარეში!

2011 წლის 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი თენდება. კოკისპირულად წვიმს, ლიდერები სცენაზე ,,მამაო ჩვენოს’ კითხულობენ. ზუსტად 1-ის 20 წუთზე ყველაფერი ერთმანეთში ირევა _ დარბევა იწყება: 1000-ზე ნაკლები აქტივისტი ქვებითა და დროშების ტარებითაა შეიარაღებული, საკუთარი ხელით ჩახერგილ რკინის ბარიკადებთან დგება და ყველა მხრიდან მომდგარ სპეცრაზმს უშვერი სიტყვებით უხმობს. სპეცრაზმი გამეტებით ურტყამს ხელკეტს სპეციალურ ფარზე, ესეც ,,სადამსჯელო ოპერაციის’ გამაფრთხილებელი სიგნალია. თუმცა გაფრთხილებას რაღა აზრი აქვს, როცა ყველა ქუჩა უკვე ჩაკეტილია. მალე პარლამენტის ორივე პარალელური ქუჩა ,,ზონდერებით’ ივსება. იკეტება პირველი სკოლის მოპირდაპირე ამოსასვლელიც, ყველა ალყაშია და თხოვნაზე, გამატარე, ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარ სპეცრაზმს ერთი პასუხი აქვს _ აქამდე ვერ გახვედი?! ჩვენც, ჟურნალისტები, აქტივისტები, ლიდერები და შემთხვევითი გამვლელები, კოკისპირული წვიმის ფონზე, ამ დიდი ცოდვისტრიალის თვითმხილველები ვხდებით.

ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოსული რამდენიმე მანქანა მომიტინგეებს ჯერ წყლის ჭავლით ფანტავს, შემდეგ _ ცრემლსადენი აირით. ზუზუნებს რეზინის ტყვიები და მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეთა უმეტესობა, სულ 5 წუთში, უკვე სისხლმდინარე, დასაკავებლად გამზადებული, ასფალტსაა გაკრული, სპეცნაზის კორდონი მაინც იზრდება და ხელდება, შავფორმიანებს კი შინდისფერფორმიანები ემატებიან, მთავარი ,,დამრბევი’ ძალა!

,,ვერსიამ’, როგორც დარბევის ეპიცენტრში მოყოლილმა, მაშინ, მარტო პარლამენტის წინ, სასწრაფოს 15 მანქანა და 2 000-ზე მეტი სპეცრაზმელი დაითვალა. თუმცა მთავარი სანახაობა ისევ წინაა _ ცოცხალი ჯაჭვი, რომელსაც უკვე მეოთხე წელია, ისეთივე სიცხადით ვხედავ, როგორც 2011 წლის 26 მაისს: ,,მოსუფთავებულ ტერიტორიაზე’ ერთმანეთზე გადაჯაჭვული ადამიანები მოდიან და გგონია, ეს ჯაჭვი არასოდეს დასრულდება: ორი ან სამი სპეცრაზმელი ერთ დაშავებულ, დასისხლიანებულ, გონდაკარგულ ადამიანს მოათრევს, ხოლო ვინც თავისი ფეხით მოდის, იმას გზადაგზა ისევ ურტყამენ და თუ გაუმართლებს, საავადმყოფოსკენ მიუძღვებიან, თუ არადა _ ,,კაპეზესკენ’.

,,ვერსია’ 2011 წლის 26 მაისს ამ მძაფრსიუჟეტიანი სანახაობის თვითმხილველი გახდა და მას მერე დღემდე, თავს ვალდებულად თვლის, ამ საკითხზე ყველანაირი გამოხმაურება გააშუქოს, თუმცა გამოხმაურება არ არის… შეიძლება, ვიღაცისთვის 2012 წელს, აქციაზე 5 დაღუპულისთვის სამებაში პარაკლისის ერთხელ გადახდა საკმარისია ისევე, როგორც 2013-2014 წელს, რომელიღაც ბუჩქთან შეკრება და ჩუმი პროტესტი…

2015 წლის 26 მაისი კი ასე გათენდა: რუსთაველზე, მაქსიმუმ, 200 კაცი შეიკრიბა და ესეც სადავო რიცხვია, რადგან პარალელურ რეჟიმში, მერიისა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლები ირეოდნენ პარლამენტის წინ, სადაც სცენაზე მუსიკოსები რეპეტიციობდნენ. შეკრებილთა შორის იყვნენ ნინო ბურჯანაძე ქმარ-შვილით, ირაკლი ბათიაშვილი ოჯახით, თემურ შაშიაშვილი, ბურჯანაძეს შემატებული ქდმ-ელები, ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დეპუტატი მურმან დუმბაძე, რომელმაც 2011 წლის მაისში აქტივისტები ბათუმიდან ჩამოიყვანა და ერთადერთი წარმომადგენელი ხელისუფლებიდან _ დავით ლორთქიფანიძე, რომელიც ქდმ-ს წევრობის მერე, ბურჯანაძესთან მოიაზრებოდა და ახლა ,,ოცნების’ უმრავლესობის რიგებშია.

სამაგიეროდ, აქციაზე არ იყვნენ ეკა ბესელია, 26 მაისის და საერთოდ, ოპოზიციური აქციების ერთ-ერთი მთავარი მედროშე, აქციაზე არ იყვნენ სახალხო კრების წარმომადგენლები, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილი და თვალი მხოლოდ ლაშა ამირეჯიბს მოვკარით. არ იყვნენ ლამის სახალხო კრებიდან კენჭნაყარი დეპუტატები ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე. ასევე, არ იყო გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ნინო ბურჯანაძის ქმარი, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, ბადრი ბიწაძე დაჭერასა და ლიკვიდაციას გადაარჩინა, როგორც მაშინ ამტკიცებდნენ და საზღვრამდე საკუთარი მანქანით მიაცილა.

ასევე არ იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ 26 მაისის მეორე და მესამე დღეს, უმცროსი გაჩეჩილაძე, იგივე ,,უცნობი’ გვიამბობდა, როგორ მიიმალა ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის ეზოში, როცა ფეხდაფეხ ლამის მთელი სპეცრაზმი მისდევდა.

საოცარია, რატომ ჰგონიათ 26 მაისის ლიდერებს, რომ 2011 წლის ამ სისხლიან დარბევაზე კითხვები აღარ არსებობს ან რატომ ფიქრობს ,,ოცნება’, რომ ვანო მერაბიშვილისთვის 26 მაისის საქმეზე ოთხნახევარი წლის მისჯით 5 კაცის სიცოცხლე გამოისყიდა?! ჩვენ დღესაც გვაქვს კითხვები, რომელიც 2011 წელს გაგვიჩნდა და ისევ პასუხგაუცემელია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან _ რისთვის იდგა ეს ხალხი რუსთაველზე 2011 წელს, პერსონალურად სააკაშვილის მოსაშორებლად თუ ქვეყნისთვის უკეთესი მომავლისთვის? აღლუმის ჩასაშლელად თუ სწორედაც, ომგამოვლილი ქართული ჯარის მხარდასაჭერად? ძლიერი ოპოზიციური ერთობის გასაფორმებლად თუ გაქცეული ლიდერების ზურგის საყურებლად, რომლებიც, თურმე, სახურავებზე დაფრინავდნენ და სხვის ეზოებში ეცემოდნენ? რა შეიცვალა საპარლამენტო სკამების, საგამოძიებო უწყებების დაპატრონების შემდეგ, სრულფასოვნად გამოვიძიეთ 26 მაისი და ყველას საკადრისი პასუხი გაეცა ხუთი გვამის, თვალდათხრილი ბესო ტაბატაძის, ნაწამები გია უჩავას გამო? რატომ გაწირა გენერალი უჩავა, ე.წ. შეფიცულების რაზმის შემქმნელი საკუთარმა გუნდმა, თუკი იცოდა, რომ ნაციონალები მას ჩვენებას წამებით ჩამოართმევდნენ.

რატომ აღარაა საჭირო დღეს ,,შეფიცულთა’ რაზმები და ,,სახალხო პატრულები’ _ რა, ხალხს ქუჩაში აღარ ხოცავენ, საკუთარ სადარბაზოსთან ვერ ჩაცხრილეს ბესო ხარძიანი, თუ ჟურნალისტებზე აღარაა ზეწოლა და ირაკლი კორძაიაც არ გაქცეულა ქვეყნიდან?! რომელ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, როცა კაცს, რომელმაც 26 მაისს თვალი დაკარგა, ინვალიდის პენსია დღემდე არ აქვს დანიშნული? რატომ აღარ არსებობს ოპოზიცია ამ ქვეყანაში _ ყველაფერი კარგადაა, ბრძოლა დამთავრდა?!  ჩვენ 2015 წლის 26 მაისსაც დავსვით ეს კითხვები და თავად განსაჯეთ, არის თუ არა სხვადასხვა ლიდერის პასუხები ის, რაც 4 წლის მერე უნდა მიგვეღო.

ნინო ბურჯანაძე: _ მაშინაც და ახლაც ჩვენი თვითმიზანი ვინმეს ციხეში ჩასმა კი არა, სამართლიანობის აღდგენა იყო და იქნება. 26 მაისის ყველა მონაწილე გეტყვით, რომ უკმაყოფილოა, რადგან სამართლიანობა არ აღმდგარა, 26 მაისის უპირველესი დამნაშავე კი სააკაშვილია. სამართლებრივი თუ არა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად მასზეა! მერაბიშვილის გარდა, იქ უამრავი ადამიანი იყო, რომელმაც ეს ოპერაცია დაგეგმა და მაღალი პრემიების გამო შეასრულა. ველი 26 მაისის საქმის ობიექტურად გამოძიებას, მათ შორის, პრინციპულად მნიშვნელოვანია დაღუპული პოლიციელის საქმის ბოლომდე მიყვანაც.

_ დიახ, ბურჯანაძის კორდონმა გაიტანა პოლიციელი _ დღემდე ბევრს ასე ჰგონია და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს აზრი შეიცვალოს?

_ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებასაც სურს, ბურჯანაძის გვართან ეს მსხვერპლი ასოცირდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის გამოძიებას, სადაც არსებობს საქმის მასალები, ვიდეოფირები და თვითმხილველები, 2,5 წელი არ სჭირდება.

_ რა მოხდა გია უჩავას შემთხვევაში, რომელიც მაშინ ,,შეფიცულების’ ლიდერი იყო. დღეს აქ რატომ არ არის და მაშინ რატომ დაიჭირეს?
_ ზუსტად ვერ გეტყვით, მაშინ რა მოხდა. ამის მერე მასთან არც საუბარი მქონია, არც შეხვედრა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ იმდენად დიდი იყო ზეწოლა, ადვოკატებმაც კი უარი თქვეს ამ საქმეში მონაწილეობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ გია უჩავამ ამ ზეწოლას ვერ გაუძლო. აქ ბევრი ადამიანია, ვინც ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო.

_ აქ არ არიან ადამიანები, ვინც ვერ გაუძლო სკამის ცდუნებას _ სად არის ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე, ეკა ბესელია, რომელმაც აქციის დაჭერილ მონაწილეებს პოლიტპატიმრის სტატუსი მისცა, გუბაზ სანიკიძე, რომელმაც თქვენი ქმარი ბადრი ბიწაძე ქვეყნიდან გაიყვანა?
_ ქალბატონ ეკაზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ის პოლიტპატიმრებისა და დევნილების უფლებებისთვის იბრძოდა. გუბაზ სანიკიძეს იმას არასოდეს დავუვიწყებ, რაც გააკეთა. ჩვენ სხვა ურთიერთობა გვაქვს, ნათელ- მირონობა გვაკავშირებს, ახლობლები ვართ _ ის ჩემთან იმ ღამით, პირველი მოვიდა და გვერდში დამიდგა. არ ვიცი, რატომ არ არის დღეს, შეიძლება, საპატიო მიზეზი აქვს, სხვებზე კი მე ნუ მეკითხებით _ უფრო ლოგიკური იქნებოდა, აქ ყოფილიყვნენ.

_ მიაღწიეთ მიზანს, რაც 26 მაისს გქონდათ დასახული, ბრძოლა დამთავრდა?
_ არა, ბრძოლა არასოდეს მთავრდება. უბრალოდ, დამთავრდა ეტაპი, როცა ქვეყანას სასტიკი რეჟიმი მოსცილდა.

_ და ახლა რა ეტაპია ან თქვენ რატომ ხართ ასეთი პასიური?
_ ახლა მიდის ბრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ქვეყანას მაინც სჭირდება გადარჩენა, იმის მიუხედავად, რომ ახალი ხელისუფლება ბოროტი ნამდვილად არ არის. ისინი უუნაროები, არაკომპეტენტურები, გაუბედავები აღმოჩნდნენ. ხოლო ხელისუფალი, რომელიც სულ უკან ან რომელიმე საელჩოსკენ იყურება, ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. არ გავჩერდები მანამ, ვიდრე რეჟიმი ბოლომდე არ წავა, ქვეყანა არ გამთლიანდება და ისეთი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არ გვექნება, რომელიც ძალადობრივი სისტემის თავიდან ჩამოყალიბებას არ დაუშვებს. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა და ,,ოცნებამ’ პოლიტიკა მოკლეს, ამიტომ ახლა დიდი აქტიურობის ფაზა ნამდვილად არ არის. თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უფრო გავაქტიურდებით.

ეტყობა, ბადრი ბიწაძეც უფრო აქტიურ ფაზას ელის და ამის მერე გვიპასუხებს, როგორ დასდევდნენ მოსაკლავად და გადაარჩინა ნათესავმა დეპუტატმა, მანამდე კი ხუმრობით გვითხრა, 2011 წლიდან 5 წლის თავზე ვისაუბროთ, ანუ კიდევ ერთი წელი ვდუმვარო. ზოგიერთი ლიდერი იმასაც გვიდასტურებდა, რომ ახლანდელი 26 მაისი ისევ ნაციონალების წინააღმდეგ იმართება.

ირაკლი ბათიაშვილი: _ კარგად მახსოვს 1988 წლის 26 მაისი, როცა ეროვნულმა მოძრაობამ სერიოზული აქცია გავმართეთ კოსტავას ეზოში და რამდენიმე დარბევის მერე, მეორე დღეს უკვე ყველამ იცოდა, 26 მაისი რას ნიშნავს. 2011 წლის 26 მაისი კი ეს იყო ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. 2011 წლის 26 მაისმა საეტაპო როლი შეასრულა 2012 წლის 1 ოქტომბრისთვის. როცა ის საშინელი დარბევა დაიწყო, მაშინ ზუსტად ეპიცენტრში ვიყავი და აქტივისტები შენობებში შევედით, სადაც სპეცნაზი შემოგვყვა და ჩემი დევნის ოპერაცია დაიწყო. ჩვენ ერთ-ერთი შენობის სახურავზე ასვლა და მეორე სახურავზე გადასვლა მოვახერხეთ. ამას მოჰყვა სამი გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და დღემდე ამის გამოძიებას ვითხოვთ. თუმცა ეს ყველაფერი ხელისუფლებას ადეკვატურად არც გამოუძიებია და არც შეუფასებია.

_ როგორც გავიგე, კვლავ ხალხის გაფრთხილებას აპირებთ, ნაციონალები გეგმავენ დაბრუნებასო. ისევ ასეა საქმე, რომ აქციას ოპოზიციის წინააღმდეგ ატარებთ?

_ დიახ, ხომ ხედავთ, სადამდე მივიდა საქმე?! ვინ იფიქრებდა, რომ დღეს ხალხში ისევ იმაზე ისაუბრებდნენ, ვაიმე, ესენი არ მობრუნდნენო! ეს საქმე აქამდე დღევანდელი ხელისუფლების უნიათობამ მიიყვანა. ძნელია, შენს ყოფილ თანამებრძოლებს, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, მწვავედ დაუპირისპირდე, მაგრამ როგორც ვატყობ, მალე ამის დროც დადგება!

შემოდგომაზე ოპოზიციის გააქტიურებას ვარაუდობს თემურ შაშიაშვილი, რომელსაც 4 წლის წინ თავიც გაუტეხეს. შაშიაშვილს დღეს გული აქვს გატეხილი და ფიქრობს, საქართველო პოლიტიკოსებმა დაღუპეს: ,,ქართულმა ოცნებამ’ სათავისოდ კარგად გამოიყენა როგორც 8 აგვისტო, ისე 26 მაისი ხელისუფლებაში მოსასვლელად. ჯერ გამოიყენა, მერე დაივიწყა, ვინც ეს დაატრიალა, იმას ფეხქვეშ ფიანდაზი გაუგო და ვინც სიკვდილს მართლა თვალებში ჩავხედეთ, ის ხალხი გაგვწირეს. რით უნდა ვიყო კმაყოფილი, როცა ვინც ასეთ დღეში ჩაგვყარა, დღეს ისინი არიან დაწინაურებულნი. დღეს ,,შეფიცულებიც’ გვჭირდება და უფრო მეტიც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს შემოდგომა ძალიან სერიოზულ სახალხო მოძრაობას გამოკვეთს. ამ 4 წლის განმავლობაში, დავრწმუნდი, რომ ეროვნული მოძრაობა სკამით სრულდება და ესაა ტრაგედია. კვლავ ძველი ვითარება რომ იყოს, ისევ გავიმეორებდი 26 მაისს, ოღონდ მსხვერპლის გარეშე. თუმცა დღეს მშვიდობაა საქართველოში? სისხლისღვრამ 26 მაისს პროგრესი მოიტანა, დღეს სისხლი შრება და რეგრესისკენ მივდივართ. დღეს გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 4 წლის წინ იყო და ეს აზრი ხალხში ნელ-ნელა ძლიერდება. დაგვაქცია ერთი კაცის ხათრით არჩეულმა ხელისუფლებამ და ახლა ისევ ხალხის იმედი მაქვს, რომ ამჯერად, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს’.

26 მაისის კიდევ ერთმა მონაწილე დეპუტატმა, ოპოზიციონერმა მურმან დუმბაძემ ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ დარბეული აქცია გაიხსენა და დასძინა, სამართალი კუს ნაბიჯებით მოდისო.

ხელისუფლების ერთადერთმა წარმომადგენელმა დავით ლორთქიფანიძემ, რომელიც აქციაზე სახალხო იმედგაცრუების პირდაპირი ადრესატი იყო, გვიპასუხა, ჩემს საპარლამენტო ტრიბუნას ისე ვიყენებ, როგორც შემიძლიაო. ,,როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს, ბრალდებებზე ძალიან ლაკონური პასუხი მაქვს. დღესაც აქ ვდგავარ ისე, როგორც 2011 წელს ვიდექი. მაშინ აქ სადისტურად მოკლეს ჩემი რაიონის მკვიდრი, სულიკო ასათიანი. სად არიან სხვები, არ ვიცი და როცა ვნახავ, აუცილებლად ვკითხავ, აქ მოსვლა რატომ ვერ მოახერხეს. დიახ, მე მაქვს ტრიბუნა და მას ვიყენებ კიდეც, 26 მაისის საკითხი პლენარულ სხდომაზეც არაერთხელ დავაყენე და არასდროს მოვერიდები ამ მწვავე თემაზე საუბარს. ფაქტია, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის’. ყველაზე ადეკვატური კი კვლავ არაპოლიტიკოსის, მაგრამ იმ ადამიანის ნათქვამი აღმოჩნდა, ვინც იმ აქციას თითოეულ პოლიტიკოსზე მეტი შესწირა _ საკუთარი თვალი. თუმცა ბესო ტაბატაძისთვის, თვალის დაკარგვაზე მძიმე, იმედის დაკარგვა აღმოჩნდა: ,,პოლიტპატიმრები ციხიდან გამოუშვეს, ჩვენი დევნა შეწყდა, მაგრამ არც ნასამართლეობა მოგვეხსნა, არც მანქანის მართვის უფლება გვაქვს, ვერც სამსახურს ვშოულობთ. რისთვის გამოუშვეს ეს ხალხი ციხიდან, ჰაერში გამოსაკიდად? დაზარალებულებს ერთი ფარატინა ქაღალდი მოგვივიდა, სადაც ეწერა, რომ პროკურატურა ბოდიშს იხდიდა, მაგრამ ამის მერე ჩემი საქმე ისევ ჰაერშია, არავის დაუკითხივარ და ის კი არა, პენსიაც ვერ დავინიშნე, იმის მიუხედავად, რომ თვით ნაციონალების დროს ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა _ ჩემი შრომისუნარიანობა 35%-ითაა შეზღუდული და მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. 2012 წელს რაღაც იმედი მოგვცეს და ახლა ეს იმედიც აღარ გვაქვს. ყველაზე ძნელი უიმედობაა, თორემ თვალის დაკარგვას უფრო იოლად გადაიტანს ადამიანი’. ღამის 11 საათზე შეკრებილი ხალხი ერთ საათში დაიშალა.

2011 წლის 26 მაისის შემდეგ, სახალხო კრება სახალხო იმედგაცრუებად გადაიქცა, 26 მაისი კი, დამოუკიდებლობის ზეიმთან ერთად, სისხლიანი რუსთაველის, არმოსული ლიდერების, დავიწყებული 5 გარდაცვლილის დღედ. ამ ყველაფრის შემდეგ, ალბათ, მაშინდელი აქციის ორგანიზატორებმაცა და თვითმხილველებმაც კითხვა უნდა დავსვათ _ რა აზრი ჰქონდა 26 მაისს იმ სისხლისღვრას, თუკი 4 წლის მერე და ახალი ხელისუფლების პირობებშიც, აქციას მაინც ნაციონალებს ჩავუტარებდით…
ნინო კომახიძე

versia.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *