თემურ შაშიაშვილი: არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა

  • 102თუ თავი შენი შენ გახლავს – ღარიბად არ იხსენები…
  • რად გინდა ფული და სიმდიდრე, თუ ხელისუფლების მონები ხართ…
  • ფულიანებო და მდიდრებო, ხელისუფლებას რომ ფეხქვეშ გაეგეთ, უზნეო ხალხს რომ ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებით, ღმერთის და ხალხის რისხვის არ გეშინიათ?

საქართველო მაშინ იქნება ძლიერი

როცა ყველა ამომრჩეველი ხმის მიცემის დროს მართალი იქნება ღმერთთან, საკუთარ სინდისთან, წინაპრების საფლავებთან, შვილებთან და შვილიშვილებთან.

როცა ყველა ამომრჩეველი ხმას მისცემს პატიოსან, წესიერ, განათლებულმ მოაზროვნე მამაც და ზნეობრივ კანდიდატს.

თუ გინდა ძლიერი იყოს საქართველო არჩევნებზე ყველა უნდა მივიდეთ

პოზიცია:

ვინც ხმას იყიდის ქვეყანას გაყიდის და ვინც ხმას ყიდის საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს ყიდის

ვინც არჩევნებზე არ მივა, მან უნდა იცოდეს, რომ მის ხმას ხელსიუფლება ისაკუთრებს და თვითონ კი ამ გაყალბების მონაწილე ხდება;

რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნების დროს, მით მეტი კორუფცია და სიღარიბე იქნება არჩევნების შემდეგ

ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა იგი წესიერი და განათლებული კაცის ხელშია, სხვა შემთხვევაში იგი ქვეყნისა და მისი მომავლის დამანგრეველი ხდება
მეწარმე ხელისუფლებას ან ოპოზიციას კი არ უნდა აფინანსებდესმ არამედ დემოკრატიას. მხოლოდ დემოკრატია და თავისუფლება ქმნის სახელმწიფოს ძლიერს, მდიდარს ყველა ოჯახს…

ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ორგანოს გადაქცევა ბიზნეს-კლუბად – ქვეყნისთვის მომავლის წართმევის ტოლფასია, ტოტალტარულიმმართველობის დამკვიდრების გზაა…
დრო ადასტურებს, ხალხი ამას საკუთარი თვალით ხედავს, რომ ფულიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას ფული სხვათა ძარცვა -გლეჯვით, მოსახლეობის გაღარიბებით აქვთ ნაშოვნი…
ცივილიზებულ ქვეყანაში ფული და სიმდიდრე ადამიანს თავისუფლებას აძლევს, საქართველოში კი ხელისუფლების მონად აქცევს, რადგან ფულის შოვნაში ხელისუფლება ეხმარება.

ღირსების მქონე ადამიანი, ქვეყნის და ხალხის ამ მდგომარეობაში ჩამგდებ ხელსიუფლებას – „მოქკავშირის“ მემკვიდრე „ნაცმოძრაობის“ , არჩევნების გაყალბებით დანიშნულ, 7 ნოემბრის ავტორი პრეზიდენტის პარტიას და მის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარ დეპუტატს არ მისცემს ხმას და ვინც მათ ხმას მისცემს, ეჭვი მეპარება ფიქრობდეს ქვეყანაზე, უყვარდეს თავისი ქალაქი, რაიონი.

დედამიწის ზურგზე, მამა-პაპისეული სახლისა და მიწის გარდა, სხვა მატერიალური არაფერი გამაჩნია!

ხელწერილი

მე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მცხოვრები ქ. ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მე-5 შესახვევი №1, როგორც საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირი, ვიძლევი ამ ხელწერილს მასზედ, რომ:

1. მე, ჩემი მეუღლე, შვილები და დედა, `მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ვფლობთ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არც ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არ გაგვაჩნია ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები.

2. თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში ჩემი ან ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან, რომელიმე პიროვნება შევიძენთ საცხოვრებელ სახლს, მანქანას, ან გავხდებით `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, ვაცხადებ, რომ ჩემს მიერ ოფიციალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება, შეძენამდე ერთი თვით ადრე, საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით.

3. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დავეხმარები თითოეულ დაინტერესებულ პირს, მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შემოწმებისათვის თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ეჭვი ამა თუ იმ სამეწარმეო სუბიექტში ჩემი ან ზემოხსენებულ პირთა წრის არაოფიციალური წილისა თუ აქციის მფლობელობის თაობაზე.

4. პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ამ ხელწერილის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული პირობების უარმყოფელ და გამაბათილებელ, სამართლებრივად დადასტურებულ დოკუმენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნულ საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას და ამ ხელწერილის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევით შეძენილ სამეწარმეო სუბიექტის წილს, აქციას, სახლს და მანქანას.

5. თუ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მოსვლის შემდგომ ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმეს აქვს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მანქანა, ან არის ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მის აღმომჩენ ნებისმიერ პიროვნებას ზემოთ აღნიშნულ ნივთს.

6. ხელწერილი ძალაშია როგორც ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის განმავლობაში, ისე სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ.

7. ხელწერილი ჩემს მიერ არის შედგენილი, სწორია და ხელს ვაწერ.

თეიმურაზ შაშიაშვილი
1999 წელი

P.S. გამოქვეყნდა პრესაში; ჩაბარდა დეკლარაციების ბიუროს
მივმართავ ყველას – ქვეყნის პრეზიდენტით, დეპუტატებით დაწყებული, მერიის და გამგებლის რიგითი მუშაკით, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, მაკონროლებელი ორგანოების თანამშრომლებით დამთავრებული – გამოაქვეყნონ ანალოგიური ხელწერილი…

 

დრო დაადასტურებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და მნიშვნელობას!

ხელისუფლება იჭერს, დრო – ასამართლებს!
დრო ამ ხელისუფლებას გაასამართლებს!

სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი გახდა

ეს ხელწერილი 1999 წელში შევადგინე, გამოვაქვეყნე პრესაში, ჩავაბარე დეკლარაციების ბიუროს, მოვუწოდე ყველა სახელისუფლებო შტოს -საკანონმდებლოს, აღმასრულებელს, სასამართლოს წარმომადგენლებს -გაეკეთებინათ იგივე. დღემდე ვერავინ გაბედა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია რატომაც!

გვინდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? ყველამ _ პრეზიდენტმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც, პრემიერ-მინისტრმაც, გუბერნატორმაც, მერმაც, გამგებელმა, ყველა დეპუტატმა და საერთოდ, თანამდებობის პირმა, გააკეთოს იგივე განცხადება.

დღეს არ ვარ თანამდებობის პირი. ჩემს ხელწერილს ძალაში ვტოვებ გადმოგცემთ გამოსაქვეყნებლად და თუ ვინმე თვლის, რომ რამეს დამატება არის საჭირო სამართლიანობის დასადგენად, მზად ვარ მივიღო წინადადება.
გასაკვირი ის კი არ არის, მეწარმე, მეცნიერი, ხელოვანი, ექიმი, მასწავლებელი კარგად ცხოვრობდეს (მოაზროვნე ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ), არამედ ის რომ, დეპუტატები, სახელმწიფო მოხელეები, მოსამართლები, პოლიციელები, პროკურატურის და უშიშროების მუშაკები ცხოვრობენ სასახლეებში, ოჯახის წევრებისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ მანქანებს, შვილებს საზღვარგარეთ აგზავნიან სასწავლებლად, თვითონ ბევრს მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში, ისვენებენ უცხოეთის ძვირადღირებულ კურორტებზე, ხელზე არსებული თანხის ოდენობა კი 1000 პენსიონერის წლის პენსიას დაფარავს. ამის დადასტურებაა არა მარტო ის, რასაც ხალხი ხედავს, არამედ მათ მიერვე პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციები, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, თითქმის ყველა მინისტრი და გუბერნატორი – პრაქტიკულად ოფიციალური მილიონრები არიან.
ფულიანთა და მდიდართა რიცხვს ბოლო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებული პიროვნებებიც შეუერთდნენ – განსკუთრებით კომისიათა თავმჯდომარეები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი გადაიდგმება კორუფციის წინააღმდეგ და საზოგადოებაც გაჯანსაღდება, თუ ყველა დეპუტატი, მინისტრი, გუბერნატორი, მერი, გამგებელი, პროკურორი, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელი _ ძველიც და ახალიც _ სახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდგომ შეძენილ სახლს, მანქანას, აქციებს, ბანკებში შეტანილ თანხებს დაუბრუნებს სახელმწიფოს. არც ერთ მათგანს იმ ხელფასით, რომელიც ეძლევა, არ შეეძლო არც ერთი ზემოაღნიშნულის შეძენა, ხოლო საუბარი მდიდარ სიდედრ-სიმამრზე – კორუფციაა და მეტი არაფერი.
ზოგჯერ ძნელია, ადამიანმა თავი შეიკავო, როცა ხედავ, ვინ ვის იჭერს და ვინ ვის ასამართლებს.ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, მდიდართა და ფულიანთა მხილება პოლიტიკური ნიშნით, რომ ხდება და კორუფციის წინააღმდეგ წარსულში ხმამაღლა მოსაუბრე მიხეილ სააკაშვილმა დღეს რომ დაივიწყა არა ერთი და ორი, ვისაც უმწვავესად აკრიტიკებდა.

პრეზიდენტს არ აინტერესებს , როგორ შეიძინა მისმა მეგობარმა პარლამენტარმა, მინისტრის ძმამ დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს უდიდესი ქონება: ცემენტის ქარხნები, ოქროს და მარგანეცის საბადოები, ავტოქარხანა, ტყიბულის ნახშირი, თბილისში რუსთაველის პროსპექტის უდიდესი ნაწილი, ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „მზე,“ „მაესტრო“ და უამრავი სხვა ქონება, როგორ გახდა მთავარი – ენერგეტიკასა და გაზში, რატომ აქვს ანგარიშები „მარშალის კუნძულებზე“ (გეოგრაფებსაც კი უჭირთ რუკაზე მისი მიგნება), (როგორ შეიძინა პარლამენტარობის დროს თვითმფრინავი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პურის ფულის პრობლემა აქვს), რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი სარგებლობს, მაშინ როდესაც იჭერენ 1000-ჯერ ნაკლები ქონების პატრონს. გამოდის, რომ თუ პრეზიდენტის ახლობელი ან მონა ხარ, ყველაფრის უფლება გაქვს, თუ არა ციხეში უნდა წახვიდე, ქონება დათმო პრეზიდენტის ახლობელთა სასარგებლოდ.

მდიდართა წინააღმდეგ ბრძოლით და გაჭირვებულთა ქომაგობით გაპრეზიდენტებულ მიხეილ სააკაშვილს დღეს აღარ უნდა დაინახოს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი და ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი გახდა.
ცინიზმი და მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა, რომ `ფულის ტომრების~ (მ. სააკაშვილის სიტყვები) წინააღმდეგ წარსულში მებრძოლი სააკაშვილი (მაშინაც ვწერდი, რომ ეს იყო მოჩვენებითი ბრძოლა) _ დღეს საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას სწორედ `ფულის ტომრებზე~ დაყრდნობით აპირებს. სწორედ ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია პარლამენტის გადაქცევა პრეზიდენტის მეგობარ და მონა ფულიანთა ბიზნეს-კლუბად.

ქვეყნისთვის მდიდარი კი არ არის საშიში, არამედ პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ამდიდრებს, საშიშია ის პრეზიდენტი რომელიც ფულზე დაყრდნობით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ჟურნალისტებთან შეხვედრით კვლავ ვადასტურებ ჩემს ხელწერილს და ვაცხადებ, 1960 წელს აშენებული მამა-პაპისეული სახლის გარდა, დედამიწის ზურგზე არსად სხვა სახლი არ გამაჩნია, არსად სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი არ ვარ, მანქანა არ მყავს, არც ერთ ბანკში ფული არ მაქვს, ვალი კი სოლიდური. ვინც ჩემი ამ განცხადების უარმყოფელ ინფორმაციას წარმოადგენს _ სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნული საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას, სახლს, მანქანას, ბანკში არსებულ ფულს.

1993 წლიდან ვამბობდი და ვაცხადებ დღესაც _ ყველა დონის ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ უზნეობაა, მდიდარი იყო და კარგად ცხოვრობდე ღარიბ ქვეყანაში, როცა ღარიბია, გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი, როცა შიმშილობს მასწავლებელი, როცა ბავშვს ბავშვობა არ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია შრომისუუნარო, მიუსაფარი, როცა არ აფასებენ ნიჭიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ ძლიერს … როცა ყველაზე მეტად იმ ხალხს გაუჭირდა, ვინც წესიერად და პატიოსნად იცხოვრა.

1997 წლის ივნისში პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი, რომ საქართველოში სისტემაა კორუმპირებული და საჭიროა არა პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სისტემის შეცვლა. 1999 წელს გავაკეთე განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებაა კრიმინალური. 2001 წლის ივლისში პრესას, პარლამენტს, მთავრობას მივმართე რომ “ კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია -ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”.
1997 წლის ივნისში პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი და ვიმეორებ, საგადასახადო კოდექსი, რომელიც სწორედ იმ დღეს მიიღო პარლამენტმა, იყო ქვეყნის კრიმინალიზაციის კოდექსი, მეწარმეთა დაჩოქების, ქვეყნის ფინანსურ კრიზისში შეყვანის კოდექსი, როცა თუ არ ქურდობ – ვერ მეწარმეობ. ე.ი. თავისუფალი არ ხარ. ქვეყანაში, სადაც კოდექსი მეწარმეებს არ აძლევს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას, საუბარი დემოკრატიაზე ზედმეტია.

2004 წლიდან ვამბობ, ე.წ. `ვარდების რევოლუციამ~ გაახანგრძლივა კრიმინალთა ხელისუფლება საქართველოში, რომ დღეს ქვეყანას მართავს ყალბი ეროვნული პათოსის, მოჩვენებითი დემოკრატიის, პოლიტიკური კორუფციისა და სოციალური დემაგოგიის ხელისუფლება. პრეზიდენტი, რომლის ოჯახის წევრები, მეგობრები აკონტროლებენ პარტიულ ბიზნესს საქართველოში, რომელმაც პარლამენტს დაუკარგა პოლიტიკური ფუნქცია და ბიზნეს კლუბად აქცია.

ვიცი, ხიშტით შეხვდებიან ჩემს ამ პოზიციას. იქნება ყველაფერი – ქილიკით დაწყებული – კრიტიკით დამთავრებული. მაკრიტიკეთ, იქილიკეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ გამოაქვეყნეთ ასეთი ხელწერილი!

მჯერა, დრო დაადასტურებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და მნიშვნელობას.
თეიმურაზ შაშიაშვილი

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

2008 წლის 9 მაისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *