(ვერსია)„კანონიერი ქურდები“ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა და სასახლეებს აშენებენ?!

„სამარცხვინო რამეები გააკეთეს!“ _ რა დოკუმენტები მოიპოვა „ვერსიამ“

რამდენიმე დღის წინ, ანალიტიკოსმა, პროფესორმა დემურ გიორხელიძემ, სოციალურ ქსელში საკმაოდ სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა: 

,,გაიყიდა ბაგრატის ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი _ ტაძრის უშუალო მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც სასტუმრო აშენდება?! ცენტრალურ მოედანზე _ ,,მაკდონალდსი”, ცენტრალურ მოედანზე _ მახინჯი შადრევანი და ახლა, ბაგრატის ტაძრის გვერდით, სასტუმრო, სხვა იერი და სახე ქალაქს?! სად არის ბედნიერი და ცხოვრებით აღფრთოვანებული ჩემი თანაქალაქელების ხმა, ცხადია, თუ ისინი კიდევ შემორჩენ სადმე აქა-იქ. 

P.S. ისე, ის ნანგრევები (ბაგრატის) რა საჭიროა, ჰა?! ხომ არ მოანგრევდით და მის ნაცვლად, ერთი კაი, დიდი ბორდელის მშენებლობის ნებართვას გასცემდით, ჰა?!” 

,,ვერსია” დაინტერესდა, ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ, კონკრეტულად რომელი მონაკვეთი და როდის გაიყიდა, ვინ იყიდა და საერთოდ, რა სასტუმრო აშენდება, ან აშენდება თუ არა. რა თქმა უნდა, ფაქტის გადამოწმების მიზნით, პირველ რიგში, ქუთაისის მერიას მივმართეთ, საიდანაც საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტები მოგვაწოდეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემდეგ ბაგრატის ტაძრის მეციხოვნეს და ბოლოს, ქუთაისის ყოფილ მერსაც დავუკავშირდით. შედეგად, საინტერესო და სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება მივიღეთ, რაშიც თავადვე დარწმუნდებით.

მაშ ასე, პროფესორ დემურ გიორხელიძის Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ, ,,ვერსია” ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საინტერესო დოკუმენტი მოგვაწოდა, რომელშიც ვკითხულობთ:

,,აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, კერძო მესაკუთრეობა 1989 წლიდან ფიქსირდება და მას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს. 2008 წლის ამონაწერით დგინდება, რომ თანამესაკუთრეებს უძრავი ქონება რეგისტრირებული აქვთ დოკუმენტებით: არბიტრაჟის გადაწყვეტილება 1/250 (28.12.2006); არბიტრაჟის სააღსრულებლო ფურცელი 1/250 (29.01.2007); საარბიტრაჟო პალატის გადაწყვეტილება 189/07-08 (30.07.2008); კანონიერი მემკვიდრეობის მოწმობა 2358 (27.04.1989); იმერეთის სააღსრულებლო ბიუროს მომართვა 1/250 (30.01.2007)”. 

ქუთაისის მერიაში ,,ვერსიას” განუმარტეს, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე იმ ტერიტორიის (რომელსაც დემურ გიორხელიძე გულისხმობდა) ოფიციალური მისამართია: ქუთაისი, ჩანჩიბაძის ქუჩა, მეორე შესახვევი, #18, თან დაგვიზუსტეს, რომ დიდი ხანია, ეს კონკრეტული მონაკვეთი კერძო საკუთრებაშია და შესაბამისად, ქუთაისის მერია არაფერს ყიდის და არც სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ბუნებრივია, დავინტერესდით, როგორ გადავიდა ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაში 1989 წელს ანუ იმ დროს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო და მის თავზე, ლენინური წითელი დროშა ფრიალებდა? რა, რა და, საბჭოთა საქართველოს რეალობაში, კერძო საკუთრება ისეთივე ნონსენსი იყო, როგორც ვირი, რომელსაც ხურმა უყვარს…

სწორედ ამიტომ, ქუთაისის მერიას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით და მოვითხოვეთ დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჩანჩიბაძის ქუჩის მეორე შესახვევში, #18-ში არსებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა) კომუნისტური რეჟიმის დროს გასხვისდა. მერიაში დაგვაკვალიანეს, რომ ამ კითხვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიგვემართა. რასაკვირველია, უწყებას ოფიციალური წერილით მივმართეთ და ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია გამოვითხოვეთ. რეესტრიდან 3-გვერდიანი დოკუმენტი მივიღეთ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რომელ წელს, როდის, კონკრეტულად რომელი ნოტარიუსის მიერაა დამოწმებული ამ ქონების გასხვისების ამბავი. ყველაზე საჭირო და საინტერესო კი ოფიციალური დოკუმენტის ბოლო აბზაცში იკითხება, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გაცნობებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარმოდგენილია უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით: ქუთაისი, ჩანჩიბაძის ქუჩა II შესახვევი #18. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი წარმოადგენს კერძო სახლთმფლობელობას. უძრავი ნივთი აღრიცხულია ივანე ბეჟანის ძე რუხაძეზე 18/07/1940 წელს, 02/07/1922 წლის ჩაბარებითი ფურცლის საფუძველზე. 01/12/1983 წლის რ№დ2-2761 (ნოტ. ბრეგვაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ივანე ბეჟანის ძე რუხაძის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, მთელი საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი _ გულნარა ივანეს ასული რუხაძე, ხოლო 27/04/1989 წლის რ№2358 (ნოტ. გზირიშვილი) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, ივანე ბეჟანის ძე რუხაძის ქონებაზე, კერძოდ საცხოვრებელი სახლის დარჩენილ 1/2 ნაწილზე, თანაბარ წილში, მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ რძალი _ ვერა სერგოს ასული რუხაძე და შვილიშვილი _ მიტროფანე ლევანის ძე რუხაძე. 08/05/1990 წლის რ№3-р-1743 (ნოტ. ბოგვერაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე, გულნარა ივანეს ასული რუხაძის დანაშთ ქონებაზე, საცხოვრებელი სახლის ნაწილზე, მემკვიდრედ ცნობილ იქნა შვილი _ ჟანა გივის ასული მუჯირი. 

სააღრიცხვო მასალის ბოლო მონაცემებით, ტექნიკური აღრიცხვის მასალის შესაბამის გრაფაში (მოსარგებლეთა მესაკუთრეთა სია), საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე მითითებულია ჟანა გივის ასული მუჯირი. საფუძველი: 08/05/1990 წლის რ№3-р-1743 (ნოტ. ბოგვერაძე) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 18/07/1940 წელი, ხოლო საცხოვრებელი სახლის 1/2 წილზე _ ვერა სერგოს ასული რუხაძე და მიტროფანე ლევანის ძე რუხაძე. საფუძველი: 27/04/1989 წლის რ№2358 (ნოტ. გზირიშვილი) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, სააღრიცხვო მასალა 18/07/1940 წელი”. 

საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ” გაარკვია, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ, ეს კონკრეტული მონაკვეთი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, შესაბამისი მიწის ნაკვეთით, სადაც 1940 წლიდან ცხოვრობდა ივანე ბეჟანის ძე რუხაძე, რომელმაც აქ ცხოვრების უფლება, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით, 1922 წლის ჩაბარებითი ფურცლის საფუძველზე მოიპოვა. ბუნებრივია, 1989 წელს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ ქუთაისის რაიკომი (თუ მეშლება, მაპატიეთ, მაგრამ ბუნდოვნად ასე მახსოვს, _ ავტ.) ვერაფერს გაასხვისებდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კონკრეტული მისამართი კერძო საკუთრებაში 1989 წლიდან კი არა, 1940 წლიდანაა.

როგორც აღვნიშნეთ, იმ 3-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ, დეტალურადაა აღწერილი, როდის, როგორ და რა პირობებში იცვლებოდნენ მესაკუთრეები ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს პროცესი 1989 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩანჩიბაძის ქუჩა მეორე შესახვევის #18-ში, 1/2 ნაწილზე, მემკვიდრე ივანე ბეჟანის ძე რუხაძის შვილი, მოგვიანებით კი რძალი და შვილიშვილი ცნეს. ამის შემდეგ, ამ მისამართზე მესაკუთრეები კიდევ არაერთხელ შეიცვალნენ: 1990, 2004, 2006, 2008, 2010 და 2011 წლებში. ბოლო ცვლილება 2015 წელს განხორციელდა:

,,2015 წლის 14 სექტემბრიდან დღემდე, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ჩანჩიბაძე, შესახვევი II, #18, რეგისტრირებულია კობა მანგოშვილის 2/8 ნაწილი; თეა გუმბერიძის 3/8 ნაწილი; მაია ხაზარაძის 1/8 ნაწილი; გიორგი მანგოშვილის 2/8 ნაწილი _ თანასაკუთრების უფლება…” 

* * *

გასაგებია, რომ დიდი ხანია, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზემოხსენებულ კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტული ოჯახი ცხოვრობს და მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, როგორც უნდა, ისე გაასხვისებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის _ ბაგრატის ტაძრის მიმდებარედაა, კერძო საკუთრებაში არსებობა სიტუაციიდან გამოსავალი, ცხადია, არაა! იმას ვგულისხმობთ, რომ ტაძრის მიმდებარედ, სასტუმროს, რესტორნის, სამორინეს ან მსგავსი დაწესებულების მშენებლობა, უბრალოდ, დაუშვებელია და არ შეიძლება. ცხადია, ამგვარ ნებართვას არც მუნიციპალიტეტი გასცემს, მაგრამ კერძო მესაკუთრემაც კარგად უნდა გაიაზროს, სად ცხოვრობს, რისი უფლება აქვს და რისი _ არა.

აქვს თუ არა ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში, ქუთაისის მერიას უფლება, არ დაუშვას ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობა? რეალურად, რა ბერკეტს ფლობს ხელისუფლება და როგორ უნდა აღუდგეს კერძო მესაკუთრის ნებას, რომელიც უძრავ ქონებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ ფლობს? ,,ვერსია” დემურ გიორხელიძეს დაუკავშირდა:

,,დაახლოებით, ცნობილია, ვინ და როგორ აპირებს ბაგრატის ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს აშენებას, რესტორანი იქნება, თუ სხვა რამ. საზოგადოებრივი დანიშნულებიდან და იმ უდიდესი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც ბაგრატის ტაძრის უნიკალურობას ადასტურებს, მარტივი გამოსავალი არსებობს: სახელმწიფოს შეუძლია, მფლობელებისგან გამოისყიდოს ეს მიწა და არ მისცეს უფლება, სასტუმრო, ან რესტორანი ააშენონ. ქუთაისის მერიას შესანიშნავი საშუალება აქვს, დაამტკიცოს თავისი პასუხისმგებლობა და ეს, მართლაც, პასუხისმგებლობაა, რადგან წინა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო იმ უპასუხისმგებლობას შეწინააღმდეგებოდა, როდესაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ,,მაკდონალდსის” მშენებლობის ნებართვა გასცა, რომლის უკანაც ეკლესიაა… მერე რა, რომ კერძო მფლობელობაშია, შესთავაზონ ფული და გამოისყიდონ მიწის ეს ნაკვეთი, თუ არადა, რესტორნის, ან სასტუმროს მშენებლობის ნებართვა არ გასცენ!” 

,,ვერსიის” კითხვაზე, კონკრეტულად ვინ აპირებს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას, დემურ გიორხელიძემ გვიპასუხა, რომ საქართველოში და თუნდაც ქუთაისში, არაფერი იმალება:

,,დაახლოებით, ცნობილია, მაგრამ გვარები და სახელები რომ დაგისახელოთ, რას მოგცემთ ეს ინფორმაცია? გარდა ამისა, ამის დამადასტურებელი, შესაბამისი დოკუმენტები არ მაქვს, მაგრამ ქუთაისში, დოკუმენტების გარეშე, ისედაც ყველაფერი ცნობილია! ინფორმაცია მომაწოდეს, რომ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობას აპირებენო და მეც პრევენციის მიზნით, სოციალურ ქსელში დავწერე, რათა ასეთი რამ არ მომხდარიყო”. 

* * *

ადრე, ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე ნებისმიერ სამუშაოს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბაგრატის ტაძრის მეციხოვნე და ღირსების ორდენის კავალერი, ლევან ჯიქია ხელმძღვანელობდა. ,,ვერსია” ბატონ ლევანს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჯერ კიდევ 80-იან წლებში, 32 ოჯახი გაასახლეს:

_ ბატონო ლევან, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესი როდის დაიწყეთ? 

_ ეს პროცესი 1984 წელს დაიწყო. გვარებსაც გეტყვით: ჟორჟოლიანი, ირემაძე, მუჯირი, ყაველაშვილი, ფხაკაძე… მათ ეზოებიც ჩამოვართვით. მთლიანობაში, ბაგრატის მიმდებარედ, 32 ჰექტარი ფართობი იყო, პირადად მე, 16 ჰა-ზე მეტი გავათავისუფლე. ქვეყანა რომ აირია, ამ ხალხს ფულიც დარჩა, ბინებიც და ეს ტერიტორიაც არ გაათავისუფლა!

_ რამდენად შესაძლებელია, რომ თქვენს მიერ დაწყებული გასახლების პროცესი ქუთაისის მერიამ ახლა განაგრძოს? 

_ ამ ქვეყანაზე, ქუთაისის მერიას კი არა, საქართველოს მთავრობას არ აქვს არაფრის ნება… რაც უნდა, ყველა იმას აკეთებს. უამრავი მასალა მაქვს, მაგრამ წლების წინ, ბევრი დოკუმენტი მომპარეს, მათ შორის, ჩემი სადისერტაციო თემაც. ამის მიუხედავად, მაინც ბევრი დოკუმენტი დამრჩა და არ მინდა, ეს ინფორმაცია მიწაში ჩავიტანო. წლების მერე გამოჩნდა, რომ ბაგრატის ტაძარზე ყველაფერი ეს, თურმე, სპეციალურად კეთდებოდა, რათა იქ ქართული შინაარსი აღმოფხვრილიყო. ბაგრატის ტაძარს შინაარსი და აზრი დაუკარგეს…

_ რესტავრაციას გულისხმობთ, რომელიც ტაძარს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჩაუტარდა? 

_ სწორად გამიგეთ, მაგრამ სააკაშვილს ამაში არ ვადანაშაულებ! სხვათა შორის, ჩემს სახლშია ნამყოფი პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც ამ თემაზე ვესაუბრე, შემდეგ იყო შევარდნაძე, რომელსაც შვიდჯერ შევხვდი, მერე _ სააკაშვილი, მასაც ოთხჯერ შევხვდი. თითოეული სიტყვის დასადასტურებლად, რასაც გეუბნებით, ოფიციალური დოკუმენტი მაქვს და თუ ქუთაისში ჩამოხვალთ, ყველაფერს გაჩვენებთ. არავითარი სასტუმრო, რას ბრძანებთ, როგორ შეიძლება, იქ სასტუმრო აშენდეს?!

* * *

ლევან ჯიქიამ, რომელმაც თავისი მოღვაწეობა და ჯანმრთელობაც ბაგრატის ტაძარს, მის ისტორიულ, მეცნიერულ შესწავლასა და დაცვას შესწირა, საინტერესო და ამავდროულად, სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა. მაშ ასე, მოსახლეობის გასახლების პროცესი ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 1984 წელს დაიწყო, მაგრამ ცხადია, ეს არ იქნებოდა მარტივი და ისიც ლოგიკურია, რომ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. სწორედ ამ რამდენიმე წელში ანუ 1991 წელს, საქართველოში პირველი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებაში ,,მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო” მოვიდა. საბჭოთა რეჟიმი იმდროინდელმა ოპოზიციამ ანუ ეროვნულმა მოძრაობამ ჩაანაცვლა.

1991 წლიდან დღემდე, არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ,,თავისუფლება ლომთა ხვედრია” და არა _ მშიშარა კურდღლების და ალბათ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამდენი უბედურება იმიტომაც დაგვატყდა, რომ ვერ ვილომეთ. სამწუხაროდ, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესიც ამას ადასტურებს: დიახ, შექმნილი ვითარებით (ხელისუფლების შეცვლით), ,,მშიერმუცელა მონებმა” უსინდისოდ ისარგებლეს, საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადახდილი ფულიც შეიტყაპუნეს, ბინებიც შეირგეს ქუთაისში და არც ბაგრატის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს… აი, ეს ხალხი და მათი სამართალმემკვიდრენი ახლა, თურმე, ტაძრის მიმდებარედ სასტუმროს, ან რესტორნის მშენებლობას აპირებენ, თუმცა ყველაფრის მხოლოდ ამ ხალხზე გადაბრალება უსამართლობა იქნება, რადგან თუ ის არ მოგვწონს, რომ ვიღაც შექმნილი ვითარებით, უფრო არეულობითა და ქაოსით სარგებლობს, შენ ანუ ხელისუფალი სად ხარ, რომელიც არეულობას, ქაოსს ქმნი და ნებსით, თუ უნებლიედ ხელს უწყობ ადამიანებს, ჯერ გამოგიყენონ, შემდეგ კი გადაგაგდონ?..

იმ არეულობაში ანუ 1991-1992 წლებში არა, მაგრამ 1993-1995 წლებში, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის პირველი მერი იყო, 1995-2003 წლებში კი იმერეთის მხარის პირველი გუბერნატორი, მანამდე, 1992 წელს, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი. ცხადია, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიისა და აქ მცხოვრებთა ამბავი მასზე უკეთ არავინ იცის, ამიტომ ,,ვერსია” თემურ შაშიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო და სკანდალური დეტალი გაიხსენა.

_ ბატონო თემურ, ჯერ მერობის და შემდეგ გუბერნატორობის პერიოდში, რატომ ვერ დაასრულეთ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა გასახლების პროცესი? 

_ თავისთავად, ეს ადვილი და მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ განწყობა ნამდვილად გვქონდა, რომ ყველა პარამეტრის მიხედვით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პროცესს ძალიან კარგად შეხვდა, თუმცა უამრავი წინააღმდეგობაც იყო. წარმოგიდგენიათ, ვასილ ამაშუკელი, რომელიც ცნობილი პიროვნება იყო და პირველი კინო მის სახელთანაა დაკავშირებული, მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა და ისიც უნდა გაგვესახლებინა. აბსოლუტურად ყველა ოჯახში ვარ ნამყოფი, ჩემი დროის დიდ ნაწილს ამას ვუთმობდი, რადგან ბაგრატის ტაძრის მოწესრიგება საქართველოსთვის სხვა რამეს ნიშნავდა. ჩემს კოლეგებსა და მეგობრებთან ერთად შევძელი, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულიყო. ეს იყო უდიდესი რამ, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმ პერიოდში, ამ ნუსხაში 400-მდე ძეგლი იყო შეტანილი. ამის გამო, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ორჯერ შევხვდი. საოცარი საქმე გაკეთდა, მსოფლიო პატრიარქიც ჩამოვიყვანეთ და ყველას რეკომენდაცია იყო, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გაგვეთავისუფლებინა. ამაშუკელის სახლი ვახსენე და ყველა შემოქმედებითი კავშირი იყო ჩართული, რომ მისი ოჯახი იქ დაგვეტოვებინა. უდიდესი მწერალი და პოეტი იყო მუხრან მაჭავარიანი, რომელიც მაშინ მწერალთა კავშირს თავმჯდომარეობდა, პრესაში ღია წერილებს წერდნენ, ნუ გაასახლებთ, ნუ გადაიყვანთ ამ ოჯახსო და ამ წერილებს ხელს ცნობილი ადამიანები აწერდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა პირობებში გვიწევდა მუშაობა, ერთი მხრივ, ხალხთან უნდა მივსულიყავი და დამერწმუნებინა, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გაეთავისუფლებინა და მეორე მხრივ, ჩემთვის უსაყვარლეს პოეტთან, მუხრან მაჭავარიანთან უნდა ჩამოვსულიყავი თბილისში, ორი-სამი საათის განმავლობაში მესაუბრა და დამერწმუნებინა, რომ ის, რასაც ვაკეთებდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო! დიდ მადლობას ვუხდი ინტელიგენციას, რომლებმაც გააცნობიერეს და საბოლოოდ, მხარი აგვიბეს, რადგან რომ არა ინტელიგენცია, ქურდების შემოტევას ვერ გავუძლებდით, რომლებმაც თითქმის მთელი ქალაქი დააჩოქეს. გესმით, _ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდები სასახლეების აშენებას აპირებდნენ?!

სასამართლოში უამრავი სარჩელი მქონდა შეტანილი, არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ აეშენებინათ, მაგრამ როგორც კი თანამდებობიდან წავედი, ჩემმა შემდგომმა ერთ-ერთმა გუბერნატორმა იტრაბახა, ეზო მისი საკუთრება იყო და უარს ხომ ვერ ვეტყოდიო.

_ ვის გულისხმობდა? 

_ ვის და, ქურდს, რომელმაც ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიაზე სასახლე ააშენა, მგონი, ,,წრიპა” ერქვა. სამარცხვინო რამეები გააკეთეს, მაგრამ მოკლედ გეტყვით: ღირსეული ადამიანი საკუთარ ეზოს არ მოექცევა ისე, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ხელისუფლებები მოექცნენ ბაგრატის ტაძარს და მის ეზოს! ვერ წარმოიდგენთ, რა ეკალ-ბარდებში იყო ტაძრის ეზო, ფულის საშუალება არ გვქონდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ნახევარმა ქუთაისმა იმუშავა, რათა ეზო გაგვეწმინდა და დაგვესუფთავებინა. როგორც შემდეგ დათვალეს, დაახლოებით, მილიონი დოლარის სამუშაოები შეასრულეს ადამიანებმა!

ბაგრატის ტაძრის წინ ვყიდულობდით სახლებს და 200 000 ლარს ვიხდიდით ამაში, მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა, მაგრამ შევძელით და დავიყოლიეთ ეს ხალხი. ეს ნამდვილად უდიდესი, ეროვნული პროცესი იყო. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, რომელიც გავასახლეთ, უკან დაბრუნდა. არადა, სახელმწიფომ მათ სახლებიც მისცა და ფულიც, მაგრამ ხალხი მაინც უკან დაბრუნდა! წარმოუდგენელი რამ ხდებოდა მაშინ ქუთაისში, გიმეორებთ, ქურდებს ააშენებინეს სასახლეები!

ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: მოგეხსენებათ, იუნესკოს ოფისი პარიზშიადა როდესაც გენერალურ დირექტორს შევხვდი, იცით, რა მითხრა? იმის მიუხედავად, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის მიზნით გამოცხადებული კონკურსიიუნესკომ დააფინანსა და სწორედ ამ კონკურსში გამარჯვებულ პროექტს დახედა,პირდაპირ გვითხრა: რას ერჩით თქვენს ძეგლს და თქვენს ისტორიას, ასე როგორ ამახინჯებთო. იუნესკოსდირექტორმა, ამ ორგანიზაციის ფულით ჩატარებული კონკურსის შედეგზე თქვა, კიბატონო, ფული გადავიხადეთ, მაგრამ საქართველოს ამ პროექტს არ ვაკადრებთო! სხვათა შორის, ამ თემაზე არასდროს არსად მისაუბრია, ამიტომ აქვე გეტყვით, რასაც ვაპირებ: მინდა, დიდი პრესკონფერენცია გავმართო, სადაც მოვიწვევ ყველა ხელმძღვანელს, მეცნიერებს, ისტორიკოსს. ამ პრესკონფერენციაზე გამოვიტანთ ყველა დოკუმენტს, რაც ბაგრატის ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიასთან იყო დაკავშირებული.სხვათა შორის, აქ პირველი ბარი ირაკლი აბაშიძემ და ვერიკო ანჯაფარიძემ დაკრეს, რასაც შემდეგ, უნიკალური სამუშაოები მოჰყვა.

_აქვს თუ არა დღეს ქუთაისის მერიასბერკეტი, ბაგრატის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლების პროცესი გააგრძელოს? 

_ დიახ, აქვს. ისევ იუნესკოს დირექტორის სიტყვებს მოვიშველიებ, რომელმაც გვითხრა, პარიზში, მნიშვნელობა არ აქვს, შენობა კერძო საკუთრებაშიათუ არა, მის წინა ხედზე ლურსმანი რომ მიაჭედოს მფლობელმა, ნებართვა ქალაქის არქიტექტორისგან უნდა მიიღოს და ამ საკითხს ქვეყნის პრეზიდენტიც კი ვერ გადაწყვეტსო. შესაძლოა, საკუთრებაში გქონდეს ეზო, მაგრამ თუ ეს ეზო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ესაზღვრება, ან მიმდებარედაა განთავსებული, ხელისუფლება იქ სასტუმროსა და რესტორანს არ აგაშენებინებს! სასაცილოდ მეჩვენება იმის თქმა, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და ჩვენ რა უნდა ვქნათო. იყოს კერძოდა აწარმოოს მის ეზოში, რაც უნდა, მაგრამ იქ სასტუმრო და რესტორანი არ უნდა აშენდეს! იმიტომ კი არა, რომ ეს ვინმეს კაპრიზია, ასეთია მთელი დემოკრატიული მსოფლიოს პრაქტიკა! უკადრებელი აკადრეს ქუთაისს, დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას მისსავე სახელობის მოედანზე! გგონიათ, ჩემი ხელმძღვანელობის დროს არ იყო ზეწოლა? ხან ვინ მომიგზავნეს, მოედანზე ფანტანი გავაკეთოთო, ხან _ ვინ, ბადრი პატარკაციშვილმაც კი მითხრა, რომში წაგიყვან და რომელი ფანტანიც მოგეწონება, ის ჩამოვიტანოთ ქუთაისშიო, მაგრამ ვუთხარი, ყველა ფანტანზე მნიშვნელოვანი დავით აღმაშენებლის ძეგლია-თქო. დღეს უკვე ეჭვი მეპარება და ძალიან დიდი დოზით, პროკურატურასაც, რომ 2001 წლის დასაწყისში, 1 თებერვალს, ავტოავარია, რომელშიც მოვყევი, არცთუ შემთხვევითი იყო. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დაგეგმილი გვქონდა, რომ იქ, სადაც ახლა ,,მაკდონალდსია”, ჩვენი სახელოვანი და დიდებული მეფის სახელობის ტაძარი აგვეშენებინა…

 

მაია მიშელაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *