კომპლექსური კორუფცია

ამას წერტილი უნდა დაესვას, ვითხოვთ სახელმწიფო კომისიას

 

wiaturaმდგომარეობა შექმნილი ზესტაფონის „ფეროშენადნობთა“ ქარხანაში, „ჭიათურმანგანუმში“, ტყიბულის ნახშირის მაღაროებში არის ელიტური კორუფციის კლასიკური ქართული მაგალითი. 1997 წლიდან ყველა დონეზე ვითხოვ, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლიდა იმას, თუ რატომ  გატეხეს წელში ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ღერძი. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ზესტაფონის „ფეროს“„ჭიათურმანგანუმის“ და   ტყიბულის შახტების მიმართ ხდება – ეს არის ეკონომიკური დივერსია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი არათუ სუსტდება, არამედ დროთა განმავლობაში ძლიერდება – დღეს პიკს აღწევს.  ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ამ დამანგრეველი პროცესების უკან ყოველთვის ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. დღეს სახელმწიფო კარგავს მილიონებს და ეს მილიონები არა იმდენად უცხოელი ინვესტორების, რამდენადაც პრეზიდენტისა და მისი ოჯახის, პრეზიდენტის მეგობრების ყულაბაში გადაედინება.

ერთ ათეულ წელზე  მეტია, რაც ქვეყნისთვის დამანგრეველი ამ პროცესების მთავარ კოორდინატორად პრეზიდენტის მეგობარი ბიზნესმენი, დეპუტატი  ბეჟუაშვილი გვევლინება. საკითხში გარკვევა ეჭვგარეშეა მიგვიყვანს პრეზიდენტის ბიძასთან -თემურ ალასანიასთან, ძმებ კუბლაშვილებთან. არც ზესტაფონში და არც მის გარეთ არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს შესაბამისი სამართლებრივი აქტით სანაგვედ აღიარებულ ტერიტორიაზე განთავსებულ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ქართულ სიმდიდრეს წლებია ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი ფლობს.

„ჭიათურმანგანუმის“ ტრაგედია მისი გაკოტრებით დაიწყო. გაკოტრების ინიციატორი  იყო მიხეილ სააკაშვილი  მეგობართა ჯგუფთან ერთად. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის სამინისტრო, რომელიც 2003 წლამდე კატეგორიურალ ეწინააღმდეგებოდა ჭიათურა – ზესტაფონის ერთიანი კომპლექსიის შექმნას და ამას საბჭოთა მოდელს უწოდებდა, „ვარდების რევოლუციის“  შემდგომ თვითონ გამოვიდა ამ საქმის ინიციატორად და ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ამ კომლექსის შემადგენლობაში შეიყვანეს ენგურჰესის შემდგომ საქართველოს ენერგიის ყველაზე იაფი მწარმოებელი -ვარციხეჰესი. ერთი, რომ საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ვაფინანსებთ უცხოელ ინვესტორებს მათთვის უიაფესი ელექტროენერგიის მიწოდებით. მეორე – როცა ქართველ მეწარმეებს ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიას 12-15 თეთრად ვაწვდით, ამ დროს უცხოელი ინვესტორი 2 თეთრად იღებს. თუ იმასაც ვიტყვით, რომ ვარციჰესის გამომუშავება 150 მგვტ ფარგლებშია, გასაგებია საქართველოს მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის გაძვირების ხარჯზე რამდენი ათეული მილიონი გვიჩუქებია იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც კატასტროფულად ამცირებენ ჭიათურის მანგანუმის გამოყენებას ფეროში, ეზიდებიან განიდან და კოტდ’ივუარიდან მადნის ფასი ტრანსპორტირებაში ხელოვნურად ძვირდება 50 დან 400 დოლარამდე. თუ იმის ხაზგასმასაც გავაკეთებთ, რომ პროდუქციის თვითღირებულება პრაქტიკულად ხელოვნურად 2,5-ჯერ გაზარდეს – 1300 დოლარამდე აიყვანეს, ტონა პროდუქციაზე ელექტროენერგიის ხვედრითი ხარჯი ქაღალდზე 30%-ით გაზარდეს, კოქსის ხარჯვამ თითქოს მოიმატა 50%-ით და მანგანუმის დანაკარგები გაიზარდა 6% -დან ვითომ  24 %-მდე, სახეზეა ელიტური და კომპლექსური კორუფცია ყველაზე უხეში და თავხედი გამოვლინებით. ამავე დროს პროდუქციის სარეალიზაციო ფასები კი – პირიქით საბაზრო ფასებთან შედარებით ხელოვნურად ნაკლები ფიქსირდება. როცა ჩვენ ეს ანალიზი გავაკეთეთ, მაშინ სილიკომანგანუმის საბაზრო ღირებულება 1600 -2500 აშშ დოლარი იყო, ქართული მხარე კი მას 1100-1700 აშშ დოლარად ყიდდა.

ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ის, რომ 2012 წელს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და ქართველი და უკრაინელი აქციონერების მიერ დაფუძნებული ახალი კომპანია შპს „ჯეო -ამერიკან- ელოი მენეჯმენტი“ აწარმოებს ზესტაფონის ფერშენადნობის ქარხნისა და ჭიათურმანგანუმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საწარმოო უბნის – აგლო საამქროს დემონტაჟს, რაც მომავალში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას იძულებულს გახდის უარი თქვას ჭიათურის ღარიბ და წვრილფრაქციურ მადნებზე და მთლიანად გადავიდეს განისა და კოტდ’ივუარის ნედლეულზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს პირველ ეტაპზე ჭიათურმანგანუმის, ხოლო შემდეგ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაკოტრებას. ეს რომ მიზანდასახულად ხორციელდება, ამას ადასტურებს ისიც, რომ განისა და  კოტდ’ივუარის  მადნების მფლობელი იგივე ინვესტორია და ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერთობა სჭირდებათ იმის გამო, რომ მათ ამერიკისა და დასავლურ  ბაზარზე შესვლისათვის  ისარგებლონ საქართველოსთან არსებული გამარტივებული დაბეგვრის რეჟიმით და თავი აარიდონ უკრაინისათვის დაწესებულ ანტიდემპინგურ სანქციას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენთან შედარებით 63%-ით მეტ დაბეგვრას.

მაშინ, როცა საქართველო მანგანუმის მარაგების მიხედვით მსოფლიოში რვა წამყვან ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა, მაშინ  როცა ჯერ კიდევ  1913 წელს საქართველოში მოიპოვებოდა 1 100 ათას ტონაზე მეტი, ხოლო 1937 წელს 1 700 ათასი ტონა მადანი, დღეს 7-10-ჯერ ნაკლებია მისი მოპოვება. ეს არის გაკოტრების გზა.

მანგანუმი საქართველოსათვის იგივეა, რაც ნავთობი კუვეიტისთვის და თუ ნავთობს კუვეიტისთვის სიმდიდრე მოაქვს, საქართველოსთვის მანგანუმმა სიღარიბე და ელიტური კორუფცია მოუტანა.

არსად, ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც კი, ფეროშენადნობთა  წარმოებაში, მანგანუმისა და ნახშირის შახტებში დასაქმებულთა ხელფასი 2000 დოლარზე ნაკლები არ არის, მაშინ როდესაც საქართველოში 400-500 ლარის ფარგლებშია.

მაშინ, როცა მთელს მსოფლიოში მანგანუმთან და მის გადამუშავებასთან დაკავშირებულ ქალაქებში ცხოვრების განსაკუთრებულად მაღალი დონეა, საქართველოში საპირისპირო მდგომარეობაა.

დასკვნის სახით: საჭიროა შეიქმნას საგანგებო სახელმწიფო კომისია, რომელიც შეისწავლის თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ ქვეყნის ეკონომიკური ღერძი გახდა ქვეყნისათვის სიღარიბის  და ხელისუფალთათვის გამდიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ საწარმოთა გაკოტრების მცდელობასთან,  არამედ სახელმწიფოსათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი დარგის გაქრობის სურვილთან.

 

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 12 ოქტომბერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *