საქართველო 21–ე საუკუნის დასაწყისში

კაცობრიობა თავისი განვითარების კრიტიკულ ფაზაში შევიდა.

ზუსტი თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ დღევანდელობის დამახასიათებელი ცალკეული ფაქტორების:

– მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდამდე გაზრდის,
– კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებების,
– ენერგომატარებლების, სურსათის, სასმელი წყლის
მკაფიოდ გამოხატული დეფიციტის,
– საფინანსო ეკონომიკური კრიზისის,
– „უჩვეულო“ ეპიდემიების,
– ტექნოლოგიებში მთელი რიგი საშიში „გარღვევების“

გათვალისწინებითა და გაანალიზებით ,შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი გასული საუკუნის 80–იან წლების დამდეგიდან დაიწყო.
ცხოვრების პირობები მოსახლეობის, დაახლოებით, 90 პროცენტისთვის უარესობისკენ შეიცვალა მსოფლიოს 252–ვე ქვეყანაში.

გაუარესების ხარისხი, სხვადასხვა ქვეყვნებში სხვადასხვაა, რაც დამოკიდებულია ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებზე, უშუალო მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, მის საერთაშორისო ავტორიტეტზე, სოციალურ–ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის თავისებურებებზე, საზოგადოებრივი აზროვნების და მენტალიტეტის ხასიათზე და ა.შ.

უკანასკნელ ხანს, მსოფლიოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის ყურადღების ცენტრშია გლობალური მსოფლიოს ფენომენი, ანუ გლობალიზაციის თემა.

პოლიტოლოგები, ეკონომისტები, კულტუროლოგები ცდილობენ გაიაზრონ და გაანალიზონ ის შედეგები, რომლებიც გამომდინარეობენ გლობალიზაციის პროცესიდან.

თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ყურადღების მიღმა ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, რჩება მთავარი საკითხი – გლობალური მსოფლიოს ისტორიული დინამიკა, ანუ გლობალიზაციის პროცესის გრძელვადიანი შედეგები.

შეიძლება ითქვას, რომ გლობალიზაციის გრძელვადიანი პროგნოზის ჩამოყალიბება მიმდინარე ეტაპზე არ მიმდინარეობს (ან მიმდინარეობს ძალზე სუსტად).
მეორეს მხრივ, სულ უფრო მწვავე, აშკარა დაპირისპირების ხასიათს იძენს ძლიერი და სუსტი სახლემწიფოების, ხალხების, ცივილიზაციების ურთიერთობები.
არ არის შემთხვევითი, რომ გლობალიზაციისა, ანუ ერთიანი სივრცის, რომელსაც არ გააჩნია ტრადიციული ბარიერები და საზღვრები, ყველაზე თანამიმდევრულ პროპაგანდისტებად, ადეპტებად, გამოდიან სწორედ მაღალგანვითარებული ქვეყნები, რომლებიც დანარჩენი ქვეყნების სუვერენიტეტების, დამოუკიდებლობის ხარისხის შესუსტებაში ხედავენ საკუთარი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სოციო-კულტურული ექსპანსიის განხორციელების ძირითად პირობას.
თანამედროვე მსოფლიოში უკვე გაჩნდა და უკვე ამუშავდა ინფორმაციული, საფიფანსო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ტექნოლოგიები, რომელთაც უნარი აქვთ სერიოზული ზიანი მიაყენონ ეროვნულ სუვერენიტეტებს იმ საკითხებში, რომლებიც ეხებიან ადამიანთა ცხოვრების საფუძვლებს, მათი არსებობის უზრუნველმყოფელ საშუალებებს, მათ უსაფრთხოებას.
წარმოიშვა მრავალი საშუალება, ნებისმიერ ქვეყანაში უშუალო შეჭრის – მისი საზრღვრების დარღვევის გარეშე; ღია პოლიტიკური დაპირისპირებებისა და განცხადებების გარეშე – მასზე მნიშვნელივანი გავლენის მოხდენისა.
მანიპულაციები სავულუტო კურსებით, მოკლევადიანი სპეკულაციური კაპიტალით, ოპერატიული ზეგავლენა სასაქონლო და საფონდო ბირჟებზე – ქვეყნების ეროვნული სიმდიდრეების ექსროპრიააციისა და მილიონობით ადამიანთა შრომის გაუფასურების საშუალებას იძლევა,
უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ასეთივე პროცესების განვითარება ადგილობრივი საძალაუფლებო და ინტელექტუალური ელიტების ქცევებსა და მოქმედებებზე პოლიტიკური ზეგავლენის განხორციელების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

უნდა ითქვას, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ არ აქვს სრულად გააზრებული გლობალიზაციის მოკლევადიანი და განსაკუთრებით, გრძელვადიანი მოსალოდნელი შედეგები.

არ აქვს გააზრებული ის, რომ მის წინაშე დილემაა – ან გადავიდეს თვისობრივად ახალ ორბიტაზე თავისი არსებობისა –ახალ მომავალში, ან დარჩეს, საერთოდ, ყოველგვარი მომავლის გარეშე.

ყოველ შემთხვევაში, კარგად არის ცნობილი რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ კაცობრიობის მომავალი უკვე ვეღარ იქნება თანამედროვეობის დამახასიათებელი პარამეტრებისა და მაჩვენებლების უბრალოდ, მექანიკური გაზრდა და გაუმჯობესება.

ამ მიზეზთა შორის პირველია– ზრდის „ეკოლოგიური” საზღვრები და შეზღუდვები.
მეორე – ზნეობრივი გადაგვარების ტენდენციები, რის საფუძველი გახდა სულ უფრო და უფრო მომძლავრებული პრაგმატიზმი ადამიანების საქმიანობისა და ყოფის ყველა სფეროში.
მესამე – მკაფიო და მზარდი სოციალური პოლარიზაცია, კაცობრიობის ადაპტირებულ (წარმატებულ) და არაადაპტირებულ (წარუმატებელ) ნაწილებს შორის.
დღეს სრულიად რეალურია ზოგად–საკაცობრიო, ერთიანი პერსპექტივის დაკარგვის საშიშროება; კაცობრიობის გაყოფა კულტურულ („ოქროს მილიარდი”) და წარუმატებელ, ნაკლებად განვითარებულ ჯგუფებად.

სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ წარმატებული უმცირესობა, აშკარად ცდილობს მომავლის პრივატიზაციას, იმის ნაცვლად, რომ წარუმატებელ უმრავლეობასთან ერთობლივად ააშენოს და იცხოვროს ამ მომავალში.
ამ მოკლე ექსკურსს თანამედროვე მსოფლიოს განვითარების ამსახველ საკითხებში, მხოლოდ ერთი შეხედვით არ გააჩნია კონკრეტული კავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან.

სინამდვილეში, მიუხედავად საერთაშორისო, ზოგადსაკაცობრიო პროცესებზე გავლენის, ერთობ მოკრძალებული მაშტაბებისა, საქართველო, ისევე როგორც სხვა მცირე ქვეყნები, უშუალო მონაწილეა მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესისა და მისი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მომავალი, ბევრად არის დამოკიდებული მის მიერვე შემუშავებულ განვითარების სქემებსა და მოდელებზე.

სამწუხაროდ, არანაირი ნიშანი და მინიშნებაც კი არ ჩანს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან იმისა, რომ ზემოთ მოყვანილ თემატიკას ის იცნობს, აანალიზებს , ითვალისწინებს და აქტიურად იყენებს ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებზე მუშაობის პროცესში.

ყველა ქვეყნის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას, ქვეყანაში მდგრადი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამ ამოცანის გადაჭრისათვის გადამწყვეტია ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებები.
არ არსებობს ქვეყანა, რომლის მოსახლეობა მთლიანად იწონებდეს ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობას, მაგრამ არის რამდენიმე ათეული ქვეყანა, სადაც უკანასკნელი 15–20 წლის განმავლობაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის ოპტიმალური განვითრების უზრუნველყოფა.

მეტიც:
ასეთი ქვეყნების უმრავლესობაში მკვეთრად დაეცა ცხოვრების დონე, იმატა საგარეო და საშინაო კონფლიქტებმა, მათ შორის, შეიარაღებულებმაც, მოხდა მოსახლეობის მკაფიო სოციალური დიფერენციაცია მდიდრებად და ღარიბებად.

ამ ქვეყნებში პრაქტიკულად, გაქრა ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფოს ძირითადი საყრდენი–საშუალო კლასი და რაც ყველაზე საშიშია, ყოველივე ამან გამოიწვია, რიგ შემთხვევებში, არა მოსახლეობის ფართო ფენების აქტიური პოლიტიკური და სოციალური პროტესტი, არამედ, უფრო მეტად აპათია და ინდეფერენტულობა, ხოლო პროტესტანტული მუხტი სახელისუფლებო სტრუქტურების მეცადინეობით, იმდენად დასუსტდა, რომ კარდინალური პოლიტიკური ცვლილებების განსახორციელებლად სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ასეთი ქვეყნების რიცხვში საქართველოცაა.

ქვეყანა, რომლის ისტორია 3 000 წელს ითვლის და რომელმაც თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში, უამრავი რთული პერიოდის მიუხედავად, შეინარჩუნა საკუთარი კულტურა, ტრადიციები, მენტალობა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *