2010 წლის ეკონომიკური მდგომარეობა

2010 წელს საქართველოს ეკონომიკაზე განაგრძობდა გავლენას 2008 წლის აგვისტოს ომისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ნეგატიური ასპექტები.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, წინასწარი შეფასებით, პირველი სამი კვარტლის დინამიკის მიხედვით, გაიზარდა 6.5 პროცენტით და მიმდინარე ფასებში 20.5 მლრდ. ლარს (11.4 მლრდ აშშ დოლარი) მიაღწია.

აღნიშნულის ხარჯზე და იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წელთან შედარებით შემცირდა 3.8 პროცენტით, ხოლო 2008 წელს, თავის მხრივ, ადგილი ჰქონდა დაბალ (2.3%–იან) ზრდას, 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი გადააჭარბებს კრიზისამდელი 2007 წლის დონეს მხოლოდ 4.8 პროცენტით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბოლო სამი წლის (2008–2010წწ.) საშუალო წლიური ტემპი – მხოლოდ 1.58 პროცენტია.

ეკონომიკური ზრდის ასეთი დაბალი ტემპი, იმ პირობებში, როდესაც შიდა და გარე ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით საგრძნობლად აღემატება საერთაშორისო მაჩვენებლებს (ჩვენთან – 30%, მსოფლიოში – 22.8%, დსთ–ში 20.3%), მხოლოდ ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებით არ უნდა აიხსნას და სახსრების, საინვესტიციო რესურსების უფრო ყაირათიანად ხარჯვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარი) 2007 წელთან შედარებით 3.3–ჯერ შემცირების პირობებში.

ინვესტიციების შემცირება უკავშირდება გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო საინვესტიციო რესურსების დეფიციტს, აგრეთვე რუსული ფაქტორის გამო შენარჩუნებულ მომეტებულ პოლიტიკურ რისკს. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებმა 2010 წელს 7.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მოსახლეობის ერთ სულზე თითქმის 900 აშშ დოლარია.

საბიუჯეტო სახსრების 87.7 პროცენტი ქვეყნის შიგნითაა მობილიზებული; დანარჩენი – გრანტებისა და საგარეო ვალდებულებების ზრდაზე მოდის.
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.7 პროცენტი შეადგინა, რაც რამდენადმე ჩამორჩება წინა წლის დონეს (–6.6%), თუმცა საგრძნობლად აღემატება 2007 და 2008 წლების დეფიციტის ფაქტობრივ მაჩვენებლებს.

2011 წლის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, გათვალისწინებულია დეფიციტის თანდათანობითი შემცირება 2014 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6 პროცენტამდე, მათ შორის აბსოლუტურ განზომილებაში – ორჯერ და მეტად – –1156 მლნ. ლარიდან –520 მლნ. ლარამდე.

გრაფიკი N1

gr2

2010 წელს ადგილი ჰქონდა სამომხმარებლო ფასების მნიშვნელოვან ზრდას, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში.
თუ წლის პირველ ნახევარში ფასები გაიზარდა მხოლოდ 2.0 პროცენტით, წლის მეორე ნახევარში ფასების ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.
განსაკუთრებით საგრძნობი იყო ფასების მატება სურსათზე, რომელზეც ფასები 2010 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით 23.1 პროცენტით გაძვირდა.

თუ წლის პირველ ნახევარში სასურსათო ფასები მხოლოდ 1.9 პროცენტით გაიზარდა, წლის მეორე ნახევარში ზრდამ 20.8 პროცენტს მიაღწია.
ამასთან, წლის პირველ ნახევარში სამი თვე (მარტი, მაისი, ივნისი) დეფლაციური იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ ივლისის თვეც დეფლაციური იყო (–0.2%, სურსათზე –0.6%), ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი სწრაფი ტემპით მოხდა სურსათის გაძვირება წლის ბოლო ხუთი თვის მანძილზე (საშუალოდ 4.5 პროცენტით ყოველთვიურად).

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთგავარი „ჩანაცვლება“ მოახდინეს ფულადმა გზავნილებმა, რომლის უდიდესი ნაწილი საქართველოდან გასული შრომითი მიგრანტების მიერ ხორციელდება.

ყოველთვიურად შრომითი მიგრანტები სამშობლოში 150 მილიონ ლარზე მეტის ექვივალენტურ თანხას აგზავნიან, რაც საქართველოში 250–260 ათასი დაქირავებით მომუშავის საშუალო თვიური ხელფასის ტოლია.

2010 წელს ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა 940 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩარიცხულმა საშუალო წლიურმა თანხამ (2006–2010 წწ.) – 840.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალოგიურ მაჩვენებლის 70 პროცენტია, მათ შორის ბოლო ორი წლის მიხედვით – 141 პროცენტი.

ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიურად მოქმედებს მაღალი საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო რესურსებზე.

2010 წლისთვის მან ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 22% შეადგინა, რაც დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთზე 2.2–ჯერ მაღალია.

ბანკების მიერ მოზიდულ სახსრებსა და გაცემულ სესხებზე მარჟის მაღალი დონე (12 პროცენტული პუნქტი) არა მარტო სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბიზნესს, არამედ ეკონომიკის არასაკმარისი მდგრადობისა და მაღალი ინფლაციური მოლოდინის არაპირდაპირი ინდიკატორიცაა.

2010 წელს გრძელდება საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დანარჩენ მსოფლიოსთან.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.7 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 58%–ის ექვივალნტურია.
ექსპორტმა 2010 წელს დაძლია წინა წლის ჩავარდნა და 5.8 პროცენტით გადააჭარბა 2008 წლის დონეს.

რაც შეეხება იმპორტს, მისი მატების ტემპი 2.4–ჯერ დაბალი იყო ექსპორტის ზრდაზე, რის შედეგად შენარჩუნდა ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენცია ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებლის ზრდისა, თუმცა 2000–იანი წლების დასაწყისის მდგომარეობამდე მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია.

გრაფიკი N 2

gr3

2010 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიცტმა მთლიან შიდა პროდუქტთან –11.2 პროცენტი შეადგინა.
იგი ძირითადად უარყოფითი სავაჭრო ბალანსით (–22.4%) ყალიბდება. მომსახურების ბალანსი დადებითია და მან 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის გავლენა სუსტად, მაგრამ მაინც დაეტყო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. შობადობის დონემ 2010 წელს გადააჭარბა წინა წლისას და 63.5 ათასს ბავშვს მიაღწია.

ამასთან, არის რიგი ნეგატიური პროცესებისა რომელთა აღმოფხვრისა ან, თუნდაც, განვითარების ტემპების არსებითი შენელების გარეშე არა მარტო საქართველოს მდგრად და უსაფრთხო განვითარებას სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას, არამედ საქართველოს სახელმწიფრიობის შენარჩუნების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

პირველი – ეს არის არასაკმარისი ეკონომიკური ზრდა.

2010 წელს 2003 წელთან შედარებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა დაახლოებით 48 პროცენტით, თუმცა ეკონომიკური ზრდა მეზობელ ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი) რამდენადმე უფრო მაღალი იყო, რის გამოც ეკონომიკურად საქართველოს ჩამორჩენა ამ ქვეყნებთან საგრძნობი გახდა.
ზრდის ტემპის მნიშვნელობას და ღირებულებას – ეკონომიკურადაც და ფიგურალურადაც – განსაზღვრავს თითოეული პროცენტის წონა.
მაგალითად, აბსოლუტური სიდიდით აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთპროცენტიანი ზრდა დღეისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6–პროცენტიან ზრდას უდრის.
აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა საშუალოდ 8.35 პროცენტით, საქართველოსი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, 1.6 პროცენტით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამჟამად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მატების აბსოლუტური სიდიდე კოლოსალურად – თითქმის 24–ჯერ ჩამორჩება აზერბაიჯანის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგი – სახეზეა: საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო 15 წლის მანძილზე შემცირდა 2-ჯერ და მეტად – 1995 წლის 33.9 პროცენტიდან 2010 წლის – 15.6 პროცენტამდე.
„სამაგიეროდ“, გაიზარდა აზერბაიჯანის წილი სამხრეთ კავკასიაში. – დღეს ამ ქვეყანაზე მოდის მთელი სამხრეთ კავკასიის მთლიანი შიდა პროდუქტის 72.2 პროცენტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტი.
დღეისათვის აზერბაიჯანი ეკონომიკური განვითარების დონით მნიშვნელოვნად უსწრებს თავის სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს. ამ ქვეყანაში საშუალოდ ერთ სულზე იწარმოება სამხრეთ კავკასიის საშუალო მაჩვენებელზე 1/3–ჯერ მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, მაშინ როდესაც საქართველოსა და სომხეთში – 1.7–1.7–ჯერ ნაკლები თითოეულში.

გრაფიკი N3

gr2

საქართველოსათვის ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, ეკონომიკური ჩამორჩენა უშუალო მეზობლებთან მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი მიმდინარეობს:
სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის უფრო სწრაფი ზრდისა (2010 წელს სომხეთის მოსახლეობა 20010 წელს 2003 წელთან შედარებით გაიზარდა 2.7%–ით, აზერბაიჯანისა – 7.4%–ით, საქართველოსი – მხოლოდ 2.1%–ით), და – სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების ეთნიკური ჰომოგენურობის საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი დონის პირობებში (სომხების წილი სომხეთში – 98%, აზერბაიჯანელების წილი აზერბაიჯანში – 91%, ქართველები წილი საქართველოში – 84%).

2010 წელს, წინასწარი ინფორმაციით, შინამეურნეობათა ნომინალური შემოსავლები განაგრძობდნენ ზრდას. ამასთან, ფასების ზრდის გამო შემოსავლების რეალური ზრდა ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა.

საქართველოს ეკონომიკის მოწყვლადობას გარე ნეგატიური ფაქტორებისაგან და მსოფლიო კრიზისისაგან ამძიმებს კიდევ ორი მნიშვნელოვანი გარემოება:
რეალური სექტორის წილის დაცემა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსა და სოფლის მეურნეობის ქრონიკული ჩამორჩენილობა.

ეს კი ღრმა აგროკრიზისად უნდა შეფასდეს და თუ სასწრაფოდ არ იქნა მიღებული რადიკალური, დასაბუთებული და ეფექტური ზომები, მაღალი გახდება იმის ალბათობა, რომ მან შეუქცევადი სახე მიიღოს.
რეალური სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შემცირდა 2010 წელს 2003 წელთან შედარებით 16.3 პროცენტული პუნქტით – 43.4 პროცენტიდან 27.1 პროცენტამდე.
გრაფიკი N 4

gr1

ამ პერიოდში რეალური ზრდის ტემპი დაახლოებით 2.5–ჯერ ჩამორჩებოდა დანარჩენი ეკონომიკის ზრდის ტემპს.

რეალური სექტორის და საერთოდ, მთელი ეკონომიკის ხარისხობრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს აგრარული სექტორის მძიმე მდგომარეობა.

დარგი, რომელზეც მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0 პროცენტი, დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, “თვითდასაქმებული” მოსახლეობის 81.5 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულების 30.5 პროცენტი, წლიდან წლამდე კარგავს პოზიციებს და დღეს მის წილად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მხოლოდ 7.2 (!!) პროცენტი (2010 წლის პირველი სამი კვარტალის მიხედვით; 2009 წელს – 8.1%).
2003 წელთან შედარებით ამ დარგში არათუ რეალური ზრდა, არამედ 15–პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა.

აღნიშნული გარემოების ერთერთი მიზეზი ამ დარგში შრომის დაბალი მწარმოებლურობაა, რომელიც საშუალო ეროვნულის მხოლოდ 13 პროცენტია (2003 წ. – 30%), ხოლო თუ საშუალო ეროვნული მაჩვენებლიდან სოფლის მეურნეობას გამოვრიცხავთ, მაშინ კიდევ უფრო ნაკლები – მხოლოდ 5.3 პროცენტი.
ამჟამად, შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე – დამატებული ღირებულების სიდიდე საშუალოდ ერთ დასაქმებულზე – შეადგენს 10.8 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში – თითქმის 27.0 ათასი ლარი.

ამჟამად, სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 80 აშშ დოლარის ექვივალენტური დამატებული ღირებულება, რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე საგრძნობლად ნაკლებია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეის მდგომარეობით დღევანდელ პირობებში ერთ დასაქმებულს საშუალოდ თავისი გამოკვებაც კი არ ძალუძს და რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში, ვაჭრობა, მომსახურება), სოფლად ტოტალურ შიმშილთან და მის სრულ დაცლასთან გვექნებოდა საქმე.

დღეისათვის ადგილობრივი წარმოების წილი გამოყენების საერთო მოცულობაში შეადგენს:
–ხორბალი – 7.2%,
– სიმინდი – 76%,
–კარტოფილი – 82.8%,
– ბოსტნეული – 67.1%,
–ხორცი – 45.7%,
–რძე – 88.7%,
–კვერცხი – 96.4%.
„სამაგიეროდ“ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2/3–ს, ხოლო თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5–ს შეადგენს.

იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად უშლის ხელს ადგილობრივი სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებას, ფაქტობრივად, დაუცველს ხდის მოსახლეობას მსოფლიო სასურსათო კრიზისის გავლენისაგან და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ხარისხი მეტად სახიფათო დონემდე დაჰყავს.

არ იზრდება (ყოველ შემთხვევაში, ასეა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით) სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რიცხოვნობა სოფლის მეურნეობაში.
ამ დარგში ასეთთა რიცხვი 2010 წლის პირველი სამი კვარტალის მიხედვით შეადგენდა მხოლოდ 4853 კაცს, რომელიც, მართალია, აღემატებოდა 2008 წლის მაჩვენებელს 11.6 პროცენტით, მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩებოდა წინა, 2009 წლის მაჩვენებელს (დაახლოებით 20.0 პროცენტით).
ამჟამად ამ სექტორის წილად მოდის მეწარმეთა საერთო რაოდენობის 1.3 პროცენტი, ანუ ფაქტობრივად 2001–2005 წლების საშუალო წლიურ რაოდენობაზე ოდნავ ნაკლები, მაშინ როდესაც მთლიანად სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რაოდენობა ქვეყანაში იმავე პერიოდში 12.4 პროცენტით (324.8 ათასიდან 365.2 ათასამდე) გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის წილად მოდის ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების მხოლოდ 0.7 პროცენტი. შედარებისათვის შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ასიგნებების საერთო მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე (სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნაციები) მხოლოდ 0.82 პროცენტი მოდის.

ბოლო სამი წლის მანძილზე, საქართველოს აგრარულ სექტორში შემოვიდა მხოლოდ 45.6 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ ინვესტიციების საერთო მოცულობის (4237.2 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ 1.08 პროცენტი.

შედარებისათვის იმავე პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს უძრავ ქონებაში შეადგინეს არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 10–ჯერ მეტი თანხა – 455.7 მლნ. აშშ დოლარი.

ამგვარი პროპორციები სერიოზული დაფიქრების და განსჯის საბაბს უნდა იძლეოდეს – უპირველეს ყოვლისა ასეთი პოლიტიკის უშუალო გამტარებელთა მოტივებისა და ინტერესების გათვალისწინებით.

ამჟამად, საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მხოლოდ 1.0 პროცენტია, ხოლო მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (1017.9 მლნ. ლარი) 18.5–ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემული სესხების მოცულობას.

გასათვალისწინებელია, რომ ნათესი ფართობების 97.2 პროცენტი მოდის ოჯახურ მეურნეობებზე და მხოლოდ 2.8 პროცენტი – სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე.
ბოლო დროს, ხელისუფლება ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ მას გაცნობიერებული აქვს ის რეალური საფრთხე, რაც ემუქრება ქვეყანას და მის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის ამგვარი ჩამორჩენისა და უკუსვლის გამო.
დეკლარირებულია დახმარების აღმოჩენა და საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდა, თუმცა, გარდა იმისა, რომ გაუგებარია დასახული დახმარების (150 მილიონი აშშ დოლარი) დაფინანსების წყარო, ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ნეგატიური პროცესების შეჩერების და მოვლენების განვითარების ვექტორის პოზიტიური მიმართულებით წარმართვა, გაცილებით მეტ რესურსებსა და უფრო ნათელ და მტკიცე პოლიტიკურ ნებას საჭიროებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *