მიწა – ქვეყნის ძირითადი რესურსი

.

miwaაგრარული სექტორის ართ–ერთი უმთავრესი და განმსაზღვრელი საკითხი არის მიწის, ანუ ქვეყნის ძირითადი რესურსის საკითხი.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 2004 წლის მონაცემებით შეადგენდა 3025.8 ათას ჰა-ს. ხოლო საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით აღრიცხულია მხოლოდ 838.0 ათას ჰა.

სად დაიკარგა 2187.6 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დღემდე გაურკვეველია.

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე რესურსული პოტენციალის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული.
რესურსულ პოტენციალში მიწას, როგორც უვადო ეკონომიკურ აქტივს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მისი წილი ქვეყნის მთლიან ნივთობრივ სიმდიდრეში დამოკიდებულია, ერთი მხრივ, მიწის რაოდენობრივ-ხარისხობრივ მახასიათებლებზე, ხოლო მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში არსებული კაპიტალის ოდენობასა და სტრუქტურაზე.

საქართველოში, გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ აშშ-ის დოლარის ტოლფასი იყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა.

უდავოა ისიც, რომ სხვა თანაბარ პირობებში, რაც მეტი ნივთობრივი სიმდიდრე გააჩნია ქვეყანას, უფრო მეტი ერთობლივი შიგა პროდუქტის წარმოება შეუძლია ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

აღნიშნულის გამო, მიწის რესურსები ყველგან და ყოველთვის მოიაზრებოდა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელი დოვლათის წარმოების მყარ ეკონომიკურ საფუძვლად.

მართალია, დღეს მიწა, როგორც წარმოების ძირითადი საშუალება, აღარ განიხილება ერთადერთ “სიმდიდრედ“, მაგრამ ის არის და, ჩვენი აზრით, დიდხანს დარჩება “არსობის პურის” მოპოვების უალტერნატივო საშუალებად.
სურსათით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი საქართველოში კრიტიკულ ზღვრამდე მიჩნეულ ნიშნულზე (0.5) ბევრად ქვემოთაა და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულების დონე შემცირების ნაცვლად, პერმანენტულად იზრდება.

ამ კონტექსტში გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ქვეყნის ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრიდ მიმართ, რომელიც სრულიად არაადეკვატურია მსოფლიოში უახლოეს წლებში პროგნოზირებული სასურსათო კრიზისისა და სხვა გლობალური გამოწვევების მიმართ.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სოფლად დღეს არსებული უმძიმესი კრიზისული სიტუაცია და არასახარბიელო სოციალური ფონი, ძირითადად, აგრარულ საკითხებში მთავრობის მონაწილეობის პასიური როლითაა განპირობებული.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიწის რეფორმის გატარების შემდეგ ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საოჯახო მეურნეობისათვის საკუთრებაში უფასოდ გადაცემული მიწა ეკონომიკური თვალსაზრისით რეალიზებადი ყოფილიყო, ანუ, მიწის მესაკუთრისათვის მოეტანა ეკონომიკური მოგება.
ეს კი მაშინ მოხდებოდა, თუ მთავრობა მცირეოდენ დახმარებას მაინც გაუწევდა რეფორმის შედეგად წარმოშობილ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ახალ ფენას ფეხზე დადგომისათვის. მხედველობაში გვაქვს მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული მიწის კონსოლიდაციისათვის ხელშეწყობა, ტექნიკური, ფინანსური და სხვა არსებითი ხასიათის პრობლემების მოგვარება.
პირიქით, კეთდებოდა ყველაფერი მიწაზე კერძო მესაკუთრეების დისკრედიტაციისათვის.
ნაცვლად იმისა, რომ მიწის ახლად ფეხადგმული წვრილი მესაკუთრეებისათვის მიეცათ რამე არსებითი შეღავათები, პირიქით, ისინი დაიბეგრნენ მიწის გადასახადის საკმაოდ მღალი განაკვეთებით (მაშინ როცა აღნიშნული გადასახადი ჩვენს მეზობელ ქვეყანებში, პრაქტიკულად, სიმბოლურ ხასიათს ატარებდა).

2010 წლის ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი: “სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასაყიდი საწყისი ნორმატიული ფასი საგრძნობლად გაზრდილია, ხოლო ახალი საგადასახადო კოდექსით, რომელიც ძალაში შევა 2011 წლიდან, იზრდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი.

დღემდე მოუგვარებელია სოფლად საქონელმწარმოებელთა საჭირო კრედიტების ხელმისაწვდომობის, წარმოებული პროდუქციის გარანტირებული რეალიზაციის და სხვა ხასიათის პრობლემები.

აგრარული წარმოება, როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან იდენტიფიცირდება, რადგან აქ მიწის რესურსია ძირითადი და წარმოების მთავარი ფაქტორი.
ამდენად, იმის მიხედვით, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოში არსებული მიწის ფონდის მართვისადმი, შედარებით ადვილად პროგნოზირებადია შედეგიც.

აგროსექტორის დეგრადაციის ათვლის წერტილად 2004 წელი უნდა ჩაითვალოს, ანუ წელი, როცა ქვეყანაში ლიკვიდირებული იქნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მართლია, მისი ფუნქციები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდა (იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების), მაგრამ ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას – მიწის აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შედგენისას, რომელსაც საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი ასრულებდა _ დღემდე არცერთი სამინისტრო არ ასრულებს.

მიწის აღრიცხვისა და მიწის ბალანსის შდეგენის ფუნქციები ჯერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ ფუნქციების მიღებაზე, შემდგომ იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, თუმცა შედეგი აქაც სავალალოა.

2004 წლიდან საქართველოში შეწყდა ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი სიმდიდრის – მიწის (ერის განსაკუთრებული ინტერესის საგნის) _ ერთიანი ბალანსის (ანუ, მიწის აღრიცხვის და კონტროლის) შედგენისა და დამუშავების აპრობირებული პრაქტიკა, რასაც დეპარტამენტი რაიონებიდან და ავტონომიური წარმონაქმნებიდან მიღებული პირველადი მასალების დამუშავების და განზოგადების საფუძველზე აკეთებდა.

ძნელად წარმოსადგენია სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც მთავრობას მხოლოდ პრივატიზებული (ან საპრივატიზაციო) მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მონაცენები აინტერესებდეს და არ იცოდეს:

როგორ იცვლება ქვეყანაში მიწის კატეგორიები (სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლა, რაც აქტუალური გახდა სავარგულის თითოეულ სახეზე გადასახადის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო),

რა საზღვრებში რჩება საქართველო (ოთხი მოსაზღვრე ქვეყნიდან სამთან დღემდე არ გვაქვს დადგენილი სახელმწიფო საზღვარი) და მისი ცალკეული მხარეები და რაიონები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რა რაოდენობა წავიდა ქალაქმშენებლობის, გზებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის და ა.შ., რაც მიწის მართვისა და რაციონალური გამოყენების საფუძველთა საფუძველია.
დღეს უცნობია, რა ცვლილებები მოხდა მიწათსარგებლობაში 2004 წლიდან განვლილ პერიოდში:

– როგორ გამოიყენება მიწის სავარგულები,
– აქედან, რამდენია დაქვემდებარებული ქარისმიერ თუ წყლისმიერ ეროზიას,
– რა უნდა გაკეთდეს მიწის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით,
– რატომ ან რა მოტივით, გააუქმა ხელისუფლებამ მიწის მართვის სამსახური და მიწის ბალანსის შედგენის ყოველწლიური პრაქტიკა.

ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

საქართველოს ძირითადი ნივთობრივი სიმდიდრის ყოველწლიურ ბალანსში მიწა აღირიცხებოდა დანიშნულებისა და კატეგორიების, აგრეთვე საკუთრებისა და სარგებლობის ფორმების მიხედვით.

მასში აისახებოდა წლის განმავლობაში მიწის კატეგორიებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში და საკუთრება-სარგებლობაში მომხდარი რაოდენობრივ-ხარისხობრივი ცვლილებები.

მიწის ბალანსი განიხილებოდა დაინტერსებული სამინისტროებისა და უწყებების მიერ და მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწების უფრო რაციონალური მართვის რეკომენდაციები.
დღეს ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიწის ფონდის უკანასკნელი ბალანსის მიხედვით ქვეყნის საერთო მიწის ფონდიდან (7.6 მლნ ჰა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეადგენდა 3771.2 ათასი ჰა-ს, საიდანაც 3025.8 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მოდიოდა (მათ შორის სახნავი 802.1 ათასი ჰა. მმრავალწლიანი ნარგავები _ 263,5 ათასი ჰა, სათიბი _ 149.5 ათასი ჰა, საძოვარი _ 1796.6 ათასი ჰა.

კერძო საკუთრებაში გაცემული იყო 767.3 ათასი ჰა, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა 447.2 ათასი ჰა ინტენსიური სავარგული.
ამასთან, სავსებით უცნობია, 2004 წლის შემდგომ პერიოდში რა ხასიათის რაოდენობრივი ცვლილებები მოხდა მიწის სერთო ფონდის სტრუქტურაში, რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა დარჩა ქვეყანაში.
და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც:

ვინ არიან საქართველოს მიწის – როგორც სასოფლო–სამეურნეო, ასევე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნელების მფლობელები?

რამდენია მათ შორის რეზიდენტი და რამდენია არარეზიდენტი?

როგორია მათი თანაფარდობა და ამ თანაფარდობის დინამიკა.

1997 წელს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი: “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას, სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ”, რომელიც ნებას რთავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მეპატრონეს, სურვილისა და სათანადო თანხის გადახდის შემთხვევაში, მიწა გადაეყვანა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში).

ასევე საინტერესოა, რა რაოდენობის ინტენსიური სავარგულია დღეს საქართველოში, მათგან რამდენია პრივატიზებული, რამდენი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და ა.შ.

თანამედროვე მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება ქვეყანა, სადაც მიწის ყოველწლიური ბალანსი ან მსგავსი რამ არ კეთდებოდეს, ანუ არ აკონტროლებდნენ მიწის რესურსების მოძრაობას (დინამიკას), ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით არ აანალიზებდნენ მიწის კატეგორიებში მომხდარ რაოდენობრივ ცვლილებებს და არ სახავდნენ ქმედით ღონისძიებებს მიწის რესურსების რაციონალური მართვის მიზნით.

საქართველოს დღემდე არ გააჩნია მიწის სრულყოფილი სახელმწიფო კადასტრი, რომელიც მიწის რაოდენობრივ აღრეცხვასთან ერთად უნდა მოიცავდეს მიწის ხარისხობრივ აღრიცხვას, მიწის ეკონომიკურ შეფასებას და მიწათმოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციას.

ჩამოთვლილი კომპონენტებიდან დღეს საქართველოში მხოლოდ მიწათმოსარგებლეთა სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემაა მოწესრიგებული, რომელიც ბაზარზე მიწის ყიდვა გაყიდვის, ჩუქების და მიწის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტებს აღრიცხავს.

რაც შეეხება მიწის ხარისხობრივი ნიშნით აღრიცხვას (რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას– რამდენად ღირებულია ესა თუ ის მიწის ნაკვეთი, როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების საშუალება) – მასზე მუშაობა დღემდე დაწყებულიც არ არის.

იგივე შეიძლება ითქვას მიწის ეკონომიკური შეფასების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს მიწის შეფარდებითი ღირებულება ცალკეული რაიონის თუ მხარის ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით.

მიწის ეკონომიკურ შეფასებაში მოიაზრება მიწის როგორც წარმოების ძირითადი საშუალების შემოსავლიანობის დონე, მიწის ხარისხი და პროდუქციის გასაღების ბაზრის მიმართ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა.
მიწის სახელმწიფო კადასტრის ბოლო ორი კომპონენტი (მიწის ხარისხობრივი აღრიცხვა და ეკონომიკური შეფასება), აუცილებელია მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, მიწაზე გადასახადის დადგენის, მიწის იპოთეკით დატვირთვის და სხვა სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის.

მიუხედავად ამისა, როგორც მიწის ხარისხობრივი აღრიცხვის, ისე ეკონომიკური შეფასების საკითხები დღემდე მოუგვარებელია, (ამიტომაცაა, რომ დღემდე სოფლად საქონელმწარმოებელი გადასახადს იხდის: “კარგ მიწაზე”, “საშუალო მიწაზე” და “ცუდ მიწაზე”.

მაგრამ რას ნიშნავს კარგი, საშუალო და ცუდი მიწა, ვერავინ დაგისაბუთებთ.
და ბოლოს, მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე მსჯელობა უაზროა, როცა არ არსებობს მიწის ფონდის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგი, ანუ მიწაზე დაკვირების ორგანიზაციული სისტემა.
მან უნდა გამოავლინოს მიწასთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური პროცესი და მოვლენა, რათა გატარდეს შესაბამისი ზომები მათი დროული აღმოფხვრისათვის.
საყურადღებოა, რომ ყველა ქვეყანაში მიწის მონიტორინგის ობიექტს წარმოადგენს როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

მიწაზე მონიტორინგი ხორციელდება სახელმწიფო სტრუქტურის მიერ და ის, პრაქტიკულად, უზრუნველყოფს მიწის სახელმწიფო კადასტრის ინფორმაციულ მომსახურებას და შესაბამის კონტროლს მიწის გამოყენებასა და დაცვაზე.

მიწის მინიტორინგმა პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:

– როგორია მიწათსარგებლობის საერთო მდგომარეობა ქვეყანაში,
– რა არასასურველი ცვლილებებია მოსალოდნელი მიწის ნაყოფიერებაში და რა პრევენციული ზომებია მისაღები მის აღსაკვეთად,
– როგორია ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიული პროცესების დინამიკა,
– როგორია ნიადაგში ჰუმუსის ბალანსი,
– მიმდინარეობს თუ არა მიწის დაჭაობების ან გაუდაბნოების პროცესი,
– როგორია პესტიციდებით, მძიმე მეტალებით და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურების დონე და ა.შ.

ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხების მოძიება დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არ არსებობს მონიტორინგის შესაბამისი სამსახური.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2003 წლის მონაცემებით, საქართველოში ეროზიულ პროცესებს ექვემდებარებოდა 350 ათას ჰა-მდე ინტენსიუირი სავარგული (უნდა ვივარაუდოთ, რომ დღეს ეროზირებული ფართობების რაოდენობა მნიშვნელოვნად მეტი იქნება).

კოლხეთის დაბლობზე შეიმჩნევა მეორადი დაჭაობების პროცესი (სულ დაშრობილი იყო 140 ათასი ჰა), გარე კახეთში _ გაუდაბნოებისა, დიდი პრობლემაა ბიცობი და დამლაშებული ნიადაგები, რომელთა ფართობი 220 ათას ჰა-მდეა და ა.შ.
ექსპერტული შეფასებით, დღეისათვის ეროზიის შედეგად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ყოველწლიურად იკარგება ერთი მლნ აშშ დოლარის ღირებულების მინერალური სასუქების ეკვივალენტური რაოდენობის საკვები ელემენტები.

ჰუმუსისა და საკვები ელემენტების ბალანსი, პრაქტიკულად, ყველა ტიპის ნიადაგში უარყოფითია, რაც არ უნდა იყოს მოულოდნელი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ 1 ჰა-ზე, არც თუ შორეულ წარსულში, ყოველწლიურად 160-170 კგ მინერალური სასუქი შეიტანებოდა, დღეს კი – მხოლოდ 12-15 კგ.

ყოველივე ზემოაღნიშნული იმის შედეგია, რომ მიწის მართვის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან ერთად, გაუქმდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამიწათმოწყობო ინსტიტუტები და ლაბორატორიები, გაჩერდა ნიადაგების კვლევის და სხვა მიმდინარე სამუშაოები.

სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში (ამ დარგის ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელში), შეწყდა ინჟინერ-მიწათმომწყობთა კადრების გამოშვება.
როცა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების გზებზე ვისაუბრებთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ინტენსიური სავარგულების განსახელმწიფოებრიობის საკითხს (მათი საერთო ფართობი 400 ათას ჰა-ს აღემატება), რომელთა პრივატიზება ვერ ხერხდება, ძირითადად, იმის გამო, რომ დღეს საქართველოში მიწაზე და აგრარულ შრომაზე არ არის მოთხოვნა (მიწის პრივატიზება უნდა განხორციელდეს გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის ფორმით).

როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტორის მიწოდება ბევრად აღემატება მათზე მოთხოვნას, რის გამოც როგორც მიწას, ასევე აგრარულ შრომას არა აქვს ჯეროვანი ფასი.

აღნიშნულ ფაქტორებზე მოთხოვნა, მათი მონაწილეობით შექმნილ პროდუქციაზე მოთხოვნის გადიდებაზეა დამოკიდებული, რაც სხვა თანაბარ პირობებში, გამოიწვევს მიწისა და აგრარული შრომის ზღვრული სარგებლობის გაზრდას და მათზე, შესაბამისად, მოთხოვნის გადიდებას.

მაგრამ ეს რომ ასე მოხდეს, საჭიროა პრინციპულად ახალი აგრარული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც რეალურად არსებობს აგროწარმოების წინაშე.

ბოლო პერიოდში, საქართველოში მეტად შემაშფოთებელი მაშტაბი შეიძინა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების მასობრივმა გაყიდვამ.
ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე 680 000 ლარად 3 700 000 კვ. მ. მიწა აქვს გასაყიდად გამოტანილი.
დღეისთვის, სამინისტრომ 3 600 000 ლარად უკვე გაყიდა 65 000 000 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა.

სპეციალისტების განცხადებით, ხელისუფლება ქართველი გლეხის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და ჩვენს მიწას უცხოელებზე ყიდის.
ხელისუფლებამ სასოფლო–სამეურნეო მიწების იჯარით გაცემა აკრძალა და ამით, ქართველ გლეხებს მიწების იჯარით დამუშავების შესაძლებლობაც წაართვა.
კახეთის გარდა, დანარჩენ საქართველოში 1 კმ.მ. მიწა ძირითადად, ერთ ლარად იყიდება. მიწები ისე იყიდება, რომ მათი აღრიცხვა არ ჩატარებულა. შესაბამისად, მიწების ფასი არარეალურია.

მთავრობა მიწებს ისევე ყიდის, როგორც რამდენიმე წლის წინ ტყეები გაასხვისა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვის უმთავრესი მიზანი–ბიუჯეტში შემოსული თანხის მობილიზებაა, მაგრამ უმთავრესი პრობლემა კი ის არის, რომ საუკეთესო მიწის ნაკვეთებს უცხოელები ყიდულობენ და ქართველ გლეხს „ხელის ბიჭობა“ ელის საკუთარ მიწაზევე.

მას შემდეგ რაც გაერომ სურსათის მოსალოდნელი დეფიციტის შესახებ კვლევები გამოაქვეყნა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს მიწების შეძენა გაანვითარებად ქვეყნებში.

საქართველოშიც ხელისუფლება ქართული მიწების დასაპატრონებლად ინდოელებს, ჩინელებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს იწვევს.
კახეთსა და შიდა ქართლში ჩინელმა, ინდოელმა, არაბმა და ებრაელმა ინვესტორებმა რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა უკვე იყიდეს.

სასოფლო–სამეურნეო მიწებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ. ეს არის დიდი პოლიტიკური შეცდომა. შესაძლოა, დანაშაულიც. მსოფლიოში მსგავს პროცესს არც ერთ ქვეყანაში არა აქვს ადგილი, რადგან მიწების უცხოელებზე გაყიდვა ეროვნულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც მიწის მართვის დეპარტამენტი გაუქმდა, შვიდი წელია, საქართველოში მიწის აღრიცხვა არ ჩატარებულა.

საქართველოში, ტრადიციულად, სულ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 3 მილიონი ჰექტარი მიწა არსებობდა.

აქედან, 900 000 ჰექტარი სახნავ–სათესად გამოიყენება, მრავალწლიანი ნარგავები 260 000 ჰექტარს ითვლიდა. 400 000 ჰექტარი საძოვრებისთვის გამოიყენებოდა. დიდი წილი ეჭირა ალპურ სათიბებსაც.
ამჟამად, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია საძოვრების, სახნავი მიწების შესახებ. უცნობია, როგორ ხდება მათი ტრანსფორმაცია.

არსებულ რთულ, პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაში, მიწების გაყიდვა სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს. უმჯობესია, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების გრძელვადიანი იჯარით გაცემა.

მართალია, უცხოელი მყიდველი მიწას საქართველოდან ვერ წაიღებს, მაგრამ წაიღებს მიწის შედეგს. გლეხები კი იმდენად გაჭირვებულები არიან, რომ მათ მფლობელობაში არსებულ მიწებსაც ჩალის ფასად ყიდიან.
დღეისთვის, საქართველოშ სოფლის მეურნეობის ძირითადი მწარმოებლები მცირე და საშუალო ზომის ოჯახური შიდამეურნეობებია, რომელთაც არ აქვთ კრედიტის აღების შესაძლებლობა, ხოლო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოამარაგებს მათ თესლით, სასუქებით, შხამქიმიკატებით – სრულიად განუვითარებელია.
უმრავლეს შემთხვევებში, გლეხებს არ აქვთ სწორი და სრული ცოდნა აგროტექნიკურ და ზოოვეტერინარულ საკითხებთან დაკავშირებით.
ხელისუფლებას სწორი პოლიტიკური ხედვა რომ ჰქონოდა, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში გლეხები სოფლის მეურნეობას თვითონ ააყვავებდნენ.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სასურველსა და შესაძლებელ მიმართულებაზე სერიოზული მსჯელობის კონტექსტში, ცხადია მხოლოდ ორი რამ.
პირველი: როგორი არ უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა;
მეორე: რომელია და როგორია საქართველოს ეკონომიკური მომავლის ყველაზე სასურველი სახე.

სასურველია საქართველოს გარდაქმნა მაღალ განვითარებულ აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად (შემდგომში ინდუსტრიალ-აგრარულ ქვეყნად), რომელიც თვითონ დაიკმაყოფილებს თავის სასურსათო და სხვა საარსებო მოთხოვნილებებს, ექნება დადებითი სალდო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობაში და ექსპორტზე გაიტანს მეცნიერებატევად სამრეწველო, მეცნიერულ და მაღალი ხარისხის (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

ეს სასურველი მიმართულება გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოებასაც, ანუ მისი ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გარანტირებულ შენარჩუნებას, გარე ძალების ნებისგან დამოუკიდებლად.

ბოლო ათწლეულთა ტენდენცია იყო მსოფლიოში საკვების ფასის შემცირება. 1985-2005 წლებში ეს ფასები სამი მეოთხედით დაეცა, ახლა კი განუხრელად იზრდება.
ხორბლის ფასი 2010 წლის გაზაფხულიდან 2011 წლის გაზაფხულამდე გაორმაგდა (400 დოლარი გახდა).

სახელდება ამ მოვლენის ორი ძირითადი მიზეზი.

ერთია ცვლილება მოხმარებაში: რიგმა ქვეყნებმა (ჩინეთი, ინდოეთი) თავისი ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის წყალობით, მეტის მოხმარება დაიწყეს, ვიდრე ადრე იხმარდნენ, მაგრამ ეს მიზეზი არც ერთადერთია, არც წამყვანი.
ასე რომ ყოფილიყო, მაშინ საკვების ფასების ზრდა თანდათანობითი იქნებოდა და არა უეცარი.

წამყვანი მიზეზია – საკვების გამოყენება ენერგეტიკული მიზნით, რასაც, თავის მხრივ, მუდმივმოქმედი ფაქტორი აქვს – კაცობრიობის სტაბილური ენერგეტიკული გასაჭირი.

ამერიკელები მზარდი ტემპით მოიხმარენ უკვე ყველაზე იაფ მარცვლეულს–სიმინდს – საწვავის (ეთანოლის) დასამზადებლად, რომელიც შიდაწვის ძრავებში ბენზინს ცვლის.
იგივე ხდება ლერწმის შაქრის მიმართ ბრაზილიაში.
სიმინდის ფასის ზრდა იწვევს სხვა მარცვლეულის, აგრეთვე ხორცის გაძვირებასაც (1კგ საქონლის ხორცის მიღებას სჭირდება 8კგ მარცვალი, ღორის ხორცისას – 3კგ) და ა.შ.

საკვების გაძვირება პრობლემებს უქმნის ქალაქის, განსაკუთრებით – ღარიბი ქვეყნის ქალაქების ღარიბ მოსახლეობას და წელში მართავს აგრომწარმოებელს, რომელიც ამის წყალობით იმ დონემდე მიდის, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდიებს აღარ საჭიროებს იაფი საკვების წარმოების სტიმულირების მიზნით.

მით უმეტეს, რომ ქრება მეორე სუბსიდიის საჭიროებაც – სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისთვის ფულის გადახდა იმაში, რომ ესა თუ ის პროდუქტი არ მოიყვანოს (ორივე სახის სუბსიდიებსზე, ერთად, განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა უკვე მრავალი ტრილიონი აშშ დოლარი დახარჯეს).

უფრო ფართოდ და ზოგადად თუ შევხედავთ საკვების გაძვირების დღევანდელ ტენდენციას, მას აუარებელი სიკეთის მოტანაც ძალუძს და აუარებელი ბორტებისაც, თუმცა ზოგადი პერსპექტივები, საკმაოდ დამაფიქრებელია.

მისი უარყოფითი მხარეებია:
– გადასახადების გადამხდელთა დიდი დატვირთვა სუბსიდიების გამო (განვითარებულ ქვეყნებში);
– საკვების ხარისხის გაუარესება;
– მონოკულტურების გაბატონება მოცემული ქვეყნების მეურნეობაში;
– ჭარბწარმოების განვითარება, რაც ლახვარს სცემს ღარიბი ქვეყნების სოფლის მეურნეებს;
– წარმოების ნაყოფიერების ზრდის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მუშაკთა მზარდი ნაწილის დარჩენა დასაქმების გარეთ;
– ტყეების მოსალოდნელი გაკაფვა სახნავ-სათესად და ამით აუნაზღაურებელი ეკონომიკური ზარალის გამოწვევა;

დადებითი მხარეებია:
– სოფლის მეურნეთა ფართო მასის სტიმულირება წარმოებისთვის, ამ დარგში დაბანდებათა შემოსვლა და სათანადო ინფრასტრუქტურის (მაგ. სარწყავი სისტემების) განვითარება;
– პრობლემის გადაჭრაში თუ ვერა, შემსუბუქებაში მაინც (ცალსახად და უჭოჭმანოდ), მთავრობების გადამწყვეტი როლი (რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ არაკვალიფიციური და კორუმპირებული მთავრობა თავის ქვეყანას და ხალხს ვერ დაიცავს ამ პროცესის ვერცერთი მინუსისაგან და ვერ მოუპოვებს მას ვერცერთ შესაძლებელ პლუსს);

მოსახლეობის ამათუ იმ ფენის შველა საკვების გაძვირების პირობებში უნდა ემყარებოდეს არა მისთვის საკვების სუბსიდირებას (ანუ საკვების ხელოვნურ გაიაფებას), არამედ მისი შემოსავლის ზრდას.

ღარიბ ფენაზე ამ დარტყმის შესუსტება მხოლოდ მთავრობას ძალუძს.
ამიტომაც:

– სასურსათო უსფრთხოება ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა (საქართველოს მთავრობისთვის ეს ამოცანა უპირველესი უნდა იყოს);
– მთავრობის კომპეტენტურობა და ამ პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება, გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისაგან გადარჩენაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების იდეოლოგია გამორიცხავს მთავრობის ჩარევას ეკონომიკურ პროცესებში, როგორც კონკრეტული ღონისძიებების სახით, ისე ეკონომიკური “თამაშის წესების” განსაზღვრაში ამა თუ იმ, რაგინდარა გონივრული, მაგრამ არასტანდარტული (მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყნისაგან განსხვავებული) ნაბიჯის გადადგმის სახით.

საკვების გაძვირების ხსენებული მსოფლიო პროცესი შეუქცევადია სამომავლოდაც, რადგანაც:

1. სიმინდის მსოფლიო ფასი (150დოლარი/ტონა) 50%-ით აღემატება 2006 წლისას.
ეს აისახება ყველა სხვა მარცვლეულის ფასზე.
მკვეთრად შემცირდა (150 მილიონი ტონით) მარცვლის მსოფლიო მარაგთა რაოდენობა (ანუ მოთხოვნამ მკვეთრად გადააჭარბა შეთავაზებას). განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ეს მოხდა სარეკორდო მსოფლიო მოსავლის (1,66 მილიარდი ტონა) პირობებში. მაშასადამე, გაძვირება გაგრძელდება.
2. საქონლის საკვები (ხორცის საწარმოებლად) მარცვლეულის მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება სტაბილურად 1-2%-ით წლიურად. შეუდარებლად უფრო მკვეთრია, როგორც ითქვა ზემოთ, მარცვლეულის ხარჯის ზრდა ენერგეტიკული მიზნისათვის. 2000 წელს ამერიკაში ეთანოლის (ანუ საწვავის) საწარმოებლად მოიხმარეს 15 მილიონი ტონა სიმინდი, ბოლო წლებში – 85 მილიონზე მეტი. ამერიკის მთავრობა ყიდულობს მარცვლეულის მთელი შიდა მოსავლის ერთი მესამედს.
3. ჩვენი ქვეყნისთვის არსებითია ვითარების კიდევ ერთი პარამეტრიც: ამერიკული ოჯახის ხარჯში საკვებს დღეს უკავია ერთი მეშვიდედი, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაში – ნახევარზე მეტი.
საქართველოში 60-70%.
4. მთავრობები მოსახლეობის სასურსათო დახმარების ღონისძიებებში იყენებენ:
ექსპორტის შეზღუდვას (“ჩემი მოსახლეობის საკვებს სხვას არ მივყიდი”) და საშინაო ფასების შეზღუდვას.

საშინაო ფასების შეზღუდვას (“არ შეიძლება პური ღირდეს ამა და ამ თანხაზე მეტი!”).
ზოგი ქვეყანა ერთ საშუალებას მიმართავს, ზოგი (რუსეთი, არგენტინა) – ორივეს, რასაც ხშირად პოპულისტური ხასიათი აქვს.
ზოგი ამ მეთოდით იგებს კიდეც (ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი ქვეყნებს ეხება). მაგალითად, ამერიკელ ფერმერთა შემოსავალი გაიზარდა 50%-ით და 90 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საქართველოსთვის ეს ვითარება დამატებით ნეგატივსაც შეიცავს:

ამ პროცესში იზრდება კეთილდღეობის სხვაობა სოფელსა და ქალაქს შორის ქალაქის სასარგებლოდ.

ადვილი მისახვედრია, რა პერსპექტივა აქვს ამ მიმართულებით საქართველოს, რა მნიშვნელობის ფაქტორი იქნება ეს საქართველოს სოფლის დაცლისთვის, ანუ მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციისთვის.

და ბოლოს, მსოფლიოს თითქმის 7 მილიარდიან მოსახლეობაში, ნახევარი ღატაკია, 2,5 მილიარდი სოფლის მეურნეობაშია ჩართული.

მაგრამ აგრარული პროდუქციის გაძვირებით ყველანი როდი მოიგებენ, ანუ მათი შემოსავლის ზრდა მათი საკვები ხარჯის ზრდას გადაფარავს ან გაუტოლდება.
წააგებს ყველაზე მეტად ის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ყველაზე ცუდად ორგანიზებული ექნება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *