წერილი ეროვნული სააღსრულებლო ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის უფროსს, ბატონ ირაკლი ჭედიას
საქართველოს ეროვნული სააღსრულებლო ბიუროს
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის უფროსს,
ბატონ ირაკლი ჭედიას
ასლი აღმასრულებელს,
ქალბატონ თამთა ხურცილავას
ბატონო ირაკლი,
დიდი მადლობა, თქვენი ბიუროს საშუალებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკანასკნელ პერიოდში არნახულად გააქტიურდნენ ის იურიდიული პირები, რომელთა მოთხოვნითაც სასამართლოს მიერ დაყადაღებული იქნა ჩემი ქონება.
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 18 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ბაჟის თანხის დაფარვის თაობაზე მე დამაკისრებდნენ. თუნდაც, იმ სიტყვიერ შეთანხმებას, დაარღვევდნენ, რომელიც მაშინ უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილისგან მოდიოდა და დღეს განაახლებდნენ. მით უფრო, როცა სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საბანკო ოპერაცია ვაწარმოე, სესხებსაც ვიღებდი და ვფარავდი, ეს შეთანხმება არ დარღვეულა და არასდროს ჩემი ანგარიშებიდან ერთი თეთრიც კი არ მოხსნილა.
ამას ვერ წარმოვიდგენდი, მით უფრო იმის შემდგომ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთმა მთავარმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა ამ სასამართლო გადაწყვეტილებიდან მოკლე პერიოდში რუბრიკით „პოლიტიკური კონიუქტურის გავლენა“, გამოაქვეყნა ექსპერტულ – ანალიტიკური სტატია: „თანამედროვე ქართული სასამართლოების პრაქტიკაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი კურიოზული გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლომ თეიმურაზ შაშიაშვილის მიმართ გამოიტანა“.
დიდი სურვილი მაქვს, გაეცნოთ ამ მასალას, რომელსაც ჩემს წერილთან ერთად გაახლებთ.
ტრაგედიას 5 000 ლარში კი არ ვხედავ, რომელიც თავისთავად დიდი თანხაა, არამედ უსამართლობაში და იმაში, რომ საქართველოში 30 წელია, წესიერებაა დასჯილი. ეს მეხება არა მარტო მე, არამედ ზოგადად, ხელისუფლებების განწყობას წესიერი და პატიოსანი ადამიანების მიმართ.
გაბედულება უნდოდა იმას, რომ მას შემდეგ, რაც ზესტაფონში, საბჭოთა პერიოდში დასაწყობებული 130 მილიონ დოლარად შეფასებული სილიკო-მანგანუმი იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სანაგვედ და ხელში ჩაუგდო პრეზიდენტ შევარდნაძის ძმისშვილებს, სააკაშვილის ბიძას და ოქრუაშვილის იურიდიულ ბანდას, მე გამოვსულიყავი მთავრობის სხდომაზე და მეთქვა, როგორც პრეზიდენტის, ასევე იუსტიციის მინისტრისა და მისი მოადგილისთვის, რომ გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნებული სტატიის უკან სწორედ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები იდგნენ. პირდაპირ ვთქვი, რომ თუ დადასტურდებოდა, მე ზესტაფონის „ფერო“ – ში მქონდა 2 % წილი (როგორც ამას სტატიის ავტორები ადასტურებდნენ), მაშინ მზად ვიყავი, ეს 2 % მათთვის მეჩუქებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეროშენადნობის ქარხნის ღირებულების 2% -ს ეკვივლენტი თანხა გადმოეცათ ჩემთვის, რომლის ერთ თეთრსაც კი არ მივიღებდი, არამედ, დაიხარჯებოდა ბაგრატის ტაძარზე, ზესტაფონის, ქუთაისის, იმერეთის განათლების, კულტურის, მეცნიერების სპორტის მიმართულებით.
შედგა ორი სასამართლო პროცესი. ორივე მოვიგე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ჩაიწერა: „განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“. შემდგე კი მოხდა ე.წ. „ვარდების რევოლუცია“. 20 იანვარს შედგა სააკაშვილის ინაუგურაცია, დააკვირდით, 1 თვის შემდეგ კი, ჩაინიშნა სასამართლო, რომლის თაობაზე 19 თებერვალს შევიტყვე. გავაგზავნე დეპეშა, თხოვნით, ჩემს გარეშე არ შემდგარიყო საქმის განხილვა. წინადადება არ მიიღეს, სასამართლოზე არც იმერეთის ახლადდანიშნული გუბერნატორი მუმლაძე გამოცხადდა, არც მეორე მხარე, საქმე ანულირებულად გამოცხადდა და, როგორც ქ-ნი კინწურაშვილი აღნიშნავს, ბუნდოვნად ჩაიწერა, თუ ვის ეკისრებოდა ბაჟის გადახდა.
სრულიად გაურკვეველია, მე თუ სასამართლო წამაგებინეს იმის გამო, რომ სარჩელი შევიტანე, როგორც გუბერნატორმა, რაც თავისთავად ტყუილია (ეს სარჩელიდანაც ჩანს და ამას კინწურაშვილიც ადასტურებს) მაშინ, რატომ მეკისრება ბაჟის გადახდა მე და არა გუბერნატორ მუმლაძეს, ან გუბერნიას? მეტიც, მე ხომ ე.წ. მეწარმეებს 1 300 000 დოლარზე მეტი მოვუგე და რატომ დაუკარგა ჩემს შემდგომ მოსულმა გუბერნატორმა ეს თანხა იმერეთს?
ამას იმიტომ კი არ ვყვები, რომ თქვენ რამე გთხოვოთ. არამედ მე თვითონ მინდა გავერკვე, ვის მიერ და რატომ დაირღვა მაშინდელი შეთანხმება და რატომ დაირღვა ის ამ პერიოდში, როცა ვამბობ, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ქვეყნის უბედურებაა და ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია ორთავესგან თავის დახსნასთან. სულ ქუჩაში რომ დავრჩე, ამ ბრძოლას არ შევწყვეტ. მე თქვენგან მხოლოდ ვითხოვ გარკვეულ დროს, რომ იურისტების მონაწილეობით, სხვა მასშტაბის სარჩელი მოვამზადო, როგორც ამ, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს რეალურად თქვენთვის ისიც კი არ არის ცნობილი, რატომ არ არის გაყოფილი ჩვენი ქონება მამის გარდაცვალების შემდეგ. დედაჩემის სურვილი იყო, რომ მამაპაპისეული ქონება მარტო ძმებზე კი არა, სამთავე დედმამიშვილზე გადანაწილებულიყო და დღეს ნებისმიერისთვის არათუ შეუძლებელია, დიდი უკანონობა იქნება ეს ქონება ორ ძმაზე გაყოს და ჩემი წილი აუქციონზე გაიტანოს, მიღებული თანხით კი უკანონობა დაფინანსდეს.
თქვენ მკითხავთ, პირველი გასაგებია, მაგრამ მეორე რატომ არის უკანონობაო. გპასუხობთ – ამას სასამართლო დაადგენს. მაგრამ მანამდე, მინდა გითხრათ, რას ნიშნავს სტამბა „კოლორის“ ვალი. იცოდეთ ისე, თქვენთვის, არა კანონიდან გამომდინარე, არამედ მორალის და წესიერების თვალსაზრისით.
„ქართული ერთობის დარბაზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულიყო სახელგანთქმული სპორტსმენის, მამულიშვილის რომან რურუას 75 წლის იუბილე. სამწუხაროდ, ამისთვის სახელმწიფომ და ხელისუფლებამ ვერ მოიცალა. შეიქმნა საიუბილეო კომისია, რომლის თავმჯდომარედ მე დავინიშნე, რაც ჩემთვის დიდი პატივი იყო. იმ პერიოდისთვის ფორმალურად, ბატონი რეზო ჩხეიძე გახლდათ „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე, რომლის გარდაცვალების შემდგომ დებულებაში ცვლილებები ვერ მოხერხდა. ოპერატიულობისთვის გადაწყდა, რომ სტამბაში შეკვეთა გაფორმებულიყო ჩემზე, როგორც ფიზიკურ პირზე. მნიშვნელოვანი თანხა გადავუხადეთ სტამბას. გამოვიდა წიგნი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ და მომზადდა კალენდარი ბატონი რომან რურუას ცხოვრების ისტორიით და დასურათებული იმ სასწაულით, რომელიც მან ქვა-ღორღსა და რიყეზე უდიდესი სამეურნეო ცენტრის სახით შექმნა. იუბილე აღინიშნა მასშტაბურად, უცხოელი სტუმრების მონაწილეობით… თანხის უდიდესი ნაწილი დავფარეთ, დარჩა მცირე ნაწილი, რომლის დაფარვა შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ სტამბამ კალენდარი არ გადმოგვცა. მას ვადა გაუვიდა. უდიდესი კურიოზია, როგორადაც სტამბა მოექცა ამ დიდ სპორტსმენს და მომექცა მე, თუნდაც იურიდიული სიმართლე მათ მხარეს იყოს. 5 წლის წინანდელი კალენდრის ფულია, ბატონებო ის თანხა რომელიც მეკისრება. ეს კალენდარი დღესაც სტამბაში დევს.და თანხა რომც დავფარო და გამოვიტანო, გადასაყრელია.
დაუჯერებელია, რასაც ვწერ, მაგრამ ეს არის სინამდვილე და ამას სასამართლო დაადასტურებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ერთი ცალი კალენდარიც კი არ შესულა სავაჭრო ქსელში. ის უსასყიდლოდ დავარიგეთ ბიბლიოთეკებში, მოსახლეობაში… აქვე აღვნიშნავ გულისტკივილით რომ მათგან, ვისაც წილობრივად უნდა გაგვეღო თანხა, გაჭივრებულმა მეცნიერებმა უფრო მეტი გაიღეს, ვიდრე იმ ფულიანებმა, რომელთაც ათასგზის გამოიყენეს პოლიტიკურად რომან რურუას სახელი. თუმცა, ეს ცალკე საუბრის თემაა. ჩვენ კი, ყველანაირად შვეცდებით და ვფიქრობ შევძლებთ, რომ სასამართლომდე მივიტანოთ ეს ფაქტიც, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაფერი გახდეს ცნობილი: სტამბით დაწყებული, იმ ფულიანი პიროვნებებით დამთავრებული, რომელთაც არ შეასრულეს პირობა და ერთი ლარითაც არ მიეხმარნენ ამ საქვეყნო საქმეს.
თანხის ნაწილის დასაფარად, მე იძულებული გავხდი, რომ როგორც ჩემი დისშვილისგან ასევე ძმისშვილისგან და ერთი მეგობრისგან სესხად ამეღო თანა.. ამის თაობაზე იციან როგორც სტამბის იურისტებმა, ასევე დირექტორმა, ბატონმა გიორგი ჟორჟოლიანმა, რომელიც არც ტელეფონის ზარებს პასუხობს, და არც იმის შესახებ ვიცოდი, როგორი პასუხი გაუცია მას სააღსრულებლო ბიუროში ჩემს მიერ შეტანილი განცხადებისთვის. დიდი მადლობა, რომ ეს ეხლა გახდა ჩემთვის ცნობილი თქვენი საშუალებით.
კიდევ ერთ დაკონკრეტებას გავაკეთებ. მეგონა ჩემი სადეპუტატო ანაზღაურებიდან (560 ლარი, მე პენსია არ მაქვს) ყოველთვიურად ჩამოჭრილი თანხა სტამბის დავალიანების დაფარვას ხმარდებოდა, ვფიქრობდი, ვალის მთლიანად დაფარვის შემდეგ, გამოვიტანდი კალენდარს, რათა მთელი საქართველოსთვის მეცნობებინა იმ საძაგლობის შესახე რაც სტამბამ ჩაიდინა. აღმოჩნდა ჩამოჭრილი თანხის დიდი ნაწილი მიდიოდა ბაჟის დასაფარად.
რაც შეეხება მესამე სესხს, ამის თაობაზე თავის დროზე უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენსა და ქველმოქმედს ესაუბრა ბატონი რეზო ჩხეიძე და ეს სესხიც გაფორმდა ჩემზე, რადგან არავის ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ის დიდი ეროვნული საქმე შედგებოდა და თანხა დაიფარებოდა. ეს პრობლემაც მე მეწერება. ათზე მეტი ადამიანი არსებობს, რომლებიც დაადასტურებენ, სესხის აღებისთანავე, ვის და რატომ გადაეცა ეს თანხა და ის პიროვნება, რომელიც მაშინ იყო სს „ქართულის“ მთავარი ფიგურა, ამჟამად ამერიკაშია, იქ ეწევა ინტელექტუალური მიმართულების ბიზნესს და არსებობს რეალური შანსი, რომ თანხა დაიფაროს. ამის თაობაზე ინფორმირებულია ორგანიზაცია, ვისგანაც სესხი ავიღეთ და დარწმუნებული ვარ, მათგან რაიმე პრობლემა არ შეგვექმნება. ამის თაობაზე მექნება მათთან შეხვედრა. აქვე ვამბობ, აღსრულების ბიუროს შუამდგომლობით სიამოვნებით გავაფორმებდი მათთან შესაბამის ხელშეკრულებას.
დიახ, ბატონო ირაკლი, ამ თანხების 1 ლარიც კი,, ჩემთან და ჩემს ოჯახთან არ არის დაკავშირებული, არამედ დაკავშირებულია კარგ ეროვნულ საქმეებთან. ვისჯები მე, პიროვნება, რომელსაც დედამიწის ზურგზე მამაპაპისეულ სახლის გარდა არაფერი გამაჩნია და 1997 წლიდან, ვწერ ხელწერილს, რომელსაც ამ წერილთან ერთად გაახლებთ და რომლის განახლებასაც ყოველი წლის დასაწყისში ვაკეთებ. არასდროს ჩვენი ქონება იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა. ჩვენ რომ გვეცხოვრა, ჩემი მერობისა და გუბერნატორობის პერიოდში, სახლმწიფოს მიერ მოცემული ორი სახლი გავყიდეთ. ჩემი ოთახნახევრიანი ბინა თბილისში, საბურთალოს N40 – ში და ჩემი მეუღლის ოროთახნახევრიანი ბინა საბურთალოსN 7-ში. ორი ბინა, რომელიც ქუთაისში გადმომეცა, ერთი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ კოსტავას, და მეორე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს, მაგალი თოდუას გადავეცი, რომ დარჩენილიყვნენ ქუთაისში და ჩვენს უნივერსიტეტებს რექტორებად ძლიერი მეცნიერები ჰყოლოდა. ვამაყობ ამ გადაწყვეტილებებით. დღეს მე მებრძვიან სწორედ ის პიროვნებები, რომლებმაც სიმდიდრე აგროვეს, სასახლეები აშენეს თანამდებობებზე ყოფნის დროს და გაუხარდებათ, თუ თქვენ აღასრულებთ იმას, რაც მომწერეთ.
ჩემი გადაწყვეტილება მყარია. ვიბრძოლებ, თუნდაც ვიცოდე, რომ ამ ბრძოლით, უსახლკაროდ დარჩენილი ერთადერთი მერი და გუბერნატორი ვიქნები, როგორც ჩანს, არა მარტო საქართველოში.
ეს წერილი თქვენთან ჩემი თანამშრომლობის წერილია. ამ წერილით მე ხაზგასმით ვამბობ, ამ ეტაპზე ჩემთვის კანონზე მაღლა წესიერება დგას და მინდა თქვენთან თანამშრომლობით მომეცეს იმის საშუალება, რომ ყოველივე ეს მოვაქციო კანონმდებლობის ფარგლებში.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს წინადადება, შეგიძლიათ უარყოთ. მე მხოლოდ ვითხოვ გონივრულ ვადას, რომ ასეთი მასშტაბური სასარჩელო განცხადებები მოვამზადო და თუ ამას ვერ შევძლებ, 1 სექტემბრისათვის დავფარო ის თანხები, რომლის შესახებაც შეთანხმებას ვერ მივაღწევ იმ იურიდიულ პირებთან, რომელთაც თანხა ერგებათ.
ბატონო ირაკლი, დიდი სურვილი მქონდა, დღეს ჩამოვსულიყავი ქუთაისში. ეს შეთანხმება გარკვეულწილად არსებობდა ქალბატონ თამთა ხურცილავასთან. მაგრამ იმის გამო, რომ ტრამვა მივიღე ფეხზე, ერთი თვეა, კლინიკაში ვმკურნალობ, დღეს მკურნალმა ექიმმა მირჩია, რომ მინიმუმ, 10 დღე თავი შევიკავო ფეხზე ხანგრძლივი დატვირთვისგან, ამიტომ ვერ ჩამოვედი, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.
აქვე ვიტყვი, რომ ფეხის პრობლემაც რომ არ მქონდეს, იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დღეს ევროსაბჭოს კომისიამ მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით, მაინც შევცვლიდი გადაწყვეტილებას და არ ჩამოვიდოდი. მე კარგად ვხედავ, როგორ იძაბება მდგომარეობა ხელოვნურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარედან და დღეს საკუთარ სახლზე კი არა, ქვეყნის გადარჩენაზე უფროა საფიქრალი. ამის შესახებ დღეს მეცნიერთა კონგრესის საგანგებო სხდომა გვაქვს დანიშნული , რომელიც პირდაპირ იქნება გადაცემული ფეისბუქზე და ხვალ 22:00 საათზე, სხდომის ჩანაწერი გავა ტელეკომპანია „ქართული TV“ -ს ეთერში.
დარწმუნებული ვარ, საქართველო, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდის ღირსეულად გადატანას.
პატივისცემით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
597 57 04 19
17 ივნისი, 2022 წელი