უსამართლოდ გამარჯვებული სამართლიანი ვერ იქნება. ეს პრინციპული საკითხია!

პარტია „თეთრების“ მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან და ზოგადად, არჩევნებთან დაკავშირებით

 

მისასალმებელია ასეთი შეხვედრა, მაგრამ სასურველია რომ გამართულიყო გაცილებით ადრე და რეგულარულად რათა იგი არ ატარებდეს მხოლოდ ინფორმაციულ -საორგანიზაციო ხასიათს და გავლენას ახდენეს საარჩევნო საკანონმდებლო პროცესზე.

პარტია „თეთრები“ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში არა მანდატებისა და პოსტებისათვის ბრძოლაში, არამედ იმისათვის რომ მომავალში საერთოდ შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა. – იმისათვის რომ საქართველოში არასოდეს გაჩნდეს ცდუნება “ყველას ბრძოლისა ერთის წინააღმდეგ” — იმისათვის რომ ხალხს მიეცეს თავისი უმთავრესი უფლების რეალიზაცია – აირჩიოს და იყოს არჩეული ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე და ამით გზა გაუხსნას გზა მეცნიერების მიერ შემოთავაზებული პროფესიონალური პარლამენტის შექმნის იდეას. იმისათვის რომ სამართლიანი არჩევნების გზით რეალური გახადოს კოალიციური მმართველობის იდეა. –იმისათვის რომ ევროპისთვისაც კი ყურადსაღები გახდეს საქართველოს ინოვაციური საარჩევნო სისტემის მოდელი. და ბოლოს იმისათვის რომ მთავრობა გახდეს ხალხის მსახური და არ იყოს მბრძანებელი. სიკეთით გამარჯვება უნდა დღეს საქართველოს.

აქვე წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ უკანასკნელი 15 -20 წლის მანძილზე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლებსაც წარვუდგენდით შესაბამის ხელმძღვანელ ორგანოებს. ყოველთვის და ყველა დონეზე დარჩა უყურადღებოდ, მეტიც, როცა ოპოზიციაში იყვნენ, მხარს გვიჭერდნენ. იგივე მოსაზრებები ჰქონდათ თვითონაც, მაგრამ მიდიოდნენ რა ხელისუფლებაში, პრაქტიკულად არაფერს ცვლიდნენ. ამის კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა დროის პოლიტიკური გაერთიანებები (ე.წ. „პოლიტიკური ექვსეული“, „პოლიტიკური რვიანი“ და ა.შ), რომლის საკვანძო პოლიტიკური ფიგურები, შემდგომ ხელისუფლების უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მეტიც პარლამენტის თავმჯდომარედაც მოგვევლინენ, თუმცა რასაც თხოვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და რის გამოც უმწვავესად აკრიტიკებდნენ და ჩატარებულ არჩევნებს ანტიდემოკრატიულად მიიჩნევდნენ, თავად ა რაფერი შეცვალეს. ბევრ ნაწილში, გააუარესეს არსებული სისტემა. ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ არაპარტიული ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნაზე და პარტიათა ასამბლეაში პარტიების მოღვაწეობით კონსტიტუციისს და სხვა ფუნდამენტური კანონების პროექტების შემუიშავებაზე იგივე წესით, როგორც ეს გააკეთეს აშშ ფუძემდებლებმა (კონსტიტუცია შექმნეს მანამდე, ვიდრე ხელისუფლებაში მივიდოდნენ). ჩვენ სხვა გამოსავალი არც გვაქვს, თუ არ გვინდა, რომ ყოველი გამარჯვებული პარტია საკუთარ ინტერესებზე არგებდეს კონსტიტუციას და სხვა კანონებს და ამით უდიდეს დარტყმას აყენებდეს ქვეყნის როგორც დემოკრატიულ განვითარებას, საერთოდ, მის მომავალს.

კონკრეტული მოსაზრებები

ჩვენ ვფიქრობთ, მთავარია არა ის, თუ არჩევნები რა სისტემით ჩატარდება, არამედ. უმთავრესია, რომ ის ჩატარდეს სამართლიანად.ხოლო სამართლიანად შეიძლება ჩატარდეს მაჟორიტარული სისტემითაც და პროპორიულითაც. არასამართლიანად შეიძლება ჩატარდეს ორივე სისტემით. სამართლიანი არჩევნებისთვის კი აუცილებელია უმოკლეს დროში გატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

პარადოქსია რომ არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობისათვის არსებული საარჩევნო სისტემა პრინციპულად მიუღებელია . მიუხედავად ამისა თუ მაინც იღებს მონაწილეობას არჩევნებში ელემენტარული უფლებები მაინც უნდა იყოს დაცული. ყველა არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ რომ “არჩევნები მთლიანად კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა” . თუ გვინდა რომ ეს მტკიცებულება როგორ აქამდე იყო ამომრჩეველთა უმრავლესობისადმი მიუღებელი არ გახდეს,  მოდით ამისათვის ელემენტარული საკითხები მაინც გადავწყვიტოთ, რომელთაგან ჩვენი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი.

1. • დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს ამომრჩეველთა სიები, რომელიც აბსოლუტურად შორსაა რეალობიდან; (ყოვლად წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობა, როცა ამომრჩეველთა სიები და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ერთმანეთს ემთხვევა და ასე მოდის ათწლეულებია).

2. არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო და მასში მონაწილეობდნენ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. სამარცხვინოა, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ იძულებული გახად დაეტოვებინა სამშობლო მათ პრაქტიკულად გადაარჩინეს საკუთარი ოჯახებიც და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, საქართველოც და ამ დროს, ჩვენ მათ ვართმევთ პოლიტიკურ უფლებას – აირჩიოს და თავად იყოს არჩეული! . რა პასუხი გავცეთ თუნდაც ქართველი ემიგრანტების ყრილობის დელეგატებს, რომლებიც -ხმის მიცემის უფლებას ითხოვენ. iT ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მთავრობის არგუმენტი – ყველა ქალაქში საარჩევნო პუნქტს ვერ გავხსნით , არგუმენტი არაა.

3. უნდა გადავიდეთ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე. თუნდაც იმიტომ, რომ 2 მილიონზე მეტ ქვეყნის გარეთ გასულ ჩვენს თანამემამულეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არავითარი გამართლება არ ჰქონდა დღემდე და არ აქვს სამომავლოდაც, მისი გაჭიანურების, თუ მასზე არგადასვლის სახელისუფლებო განმარტებებს.

4. პერსპექტივაში, მიგვაჩნია,  რომ უნდა გაუქმდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც არჩევნების გაყალბების და მასზე ზეწოლის მთავარი ბერკეტი. მითუმეტეს რომ მსგავსი ორგანო არ არსებობს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში როგორიცაა ამერიკა, გერმანია და სხვა. თუმცა პირველ ეტაპზე აუცილებლად ვთვლით გადაიხედოს ცესკოს შემადგენლობის და ადგილობრივი კომისიების დაკომპლექტების წესი… 30 წელია, ვსაუბრობთ, რომ არჩევნები ყალბდება, არაერთგზის ეს მიზეზი საფუძვლად დაედო რევოლუციებსაც და იგივე ხალხს ვანდობთ არჩევნების ჩატარებას. ეს სრული ნონსენსია.

5. უმოკლეს პერიოდში, უნდა მოხდეს კანონის მიღება „სახელმწიფო მოხელის შესახებ“, რომელიც ერთის მხრივ უნდა იცავდეს სახელწმიფო მოხელეს, მეორეს მხრივ, უნდა გამორიცხავდეს სახელმწიფო მოხელის რაიმე ფორმით წინასაარჩევნო ბატალიებში მონაწილეობას და რომელიმე პარტიის ან კანდიდატის ლობირებას. ჩვენ უნდა წავიდეთ ცივილიზებული სამყაროს გზით და სახელმწიფო მოხელეს უნდა აეკრძალოს პარტიის წევრობა და პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა. ისევე, როგორც ახლადარჩეულ მერს, გამგებელს, თუ მინისტრს, არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო აპარატის დათხოვნის უფლება. სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან უნდა თავისუფლდებოდეს მხოლოდ მისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.
არჩევნმებში მონაწილე სუბიექტების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა არის სამართლიანი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი წი ნაპირობა ამისთვის კი აუცილებლად მიგვაჩნია:

6. ბოლო უნდა მოეღოს საარჩევნო სუბიექტების დაყოფას კვალიფიციურ და არაკვალიფიციურად. ყველა სუბიექტის უკან ერთიანი უფლების ამომრჩეველი დგას და მათი დაყოფა პირველ და მეორეხარისხოვნად დაუშვებელია.

7. შევუქმნათ ყველა პარტიას არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობები განსაკუთრებით განისაზღვროს მედია საშუალებების გამოყენების სარგებლობის წესი არჩევნებში მონაწილეთა ინტერესების თანაბარწილად დაცვის მიზნით სააგიტაციო, საინფორმაციო სივრცის გამოყენების მხრივ, საარჩევნო სუბიექტებს მივცეთ ყველას ტელევიზიებში თანაბარი დრო. მივცეთ ყველას თანაბარი სარეკლამო სივრცე. მოვახდინოთ ამ პროცესის რეგლამენტირება მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე. (მაგალითად გერმანიაში კანონით იკრძალება სარეკლამო ბანერის განთავსება ზომით არა უმეტეს 90×60 სანტიმეტრზე და ის არ უნდა მეორდებოდეს 1 კილომეტრზე ახლოს.)

აქვე , განსაკუჯთრებულად შევეხები ე.წ. სიხლიანი ბანერების პრაქტიკას, რომელიც უნდა ჩავაბაროთ წარსულს! ან მივცეთ ყველას საშუალება ანალოგიური გააკეთოს მმართველი პარტიის შეცდომებზე და მანკიერ მხარეებზე. თუმცა სჯობია თუ აგიტაციის ამ მეთოდს საერთოდ მოვსპობთ.

თანაბარ საარჩევნო პირობებში ასევე იგულისხმება ყველა პარტიისთვის თანაბარი წინასაარჩევნო პირობების შექმნა ხოლო არჩევნების დღეს გარჩევების, აყალმაყალის და კრიმინალის გამორიცხვა! . ვაჩვენოთ დემოკრატიულ სამყაროს და უპირველესად, საქართველოს მოსახლეობასწ, რომ საქართველოს პოლიტიკურ კლასს ამისი უნარი და მონდომება აქვს.!

8. ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა აიკრძალოს პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება. პარტია მისი წევრების საწევრო ანარიცხებით და შემოწირულობებით და არა ხალხის ბიუჯეტით უნდა ფინანსდებოდეს. საქართველოს ბიუჯეტიდან გაცილებით მეტად ფინანსდებიან პარტიები, ვიდრე მეცნიერები და ეს ხდება ტრადიციულად ძლიერი მეცნიერების ქვეყანაში, სადაც ბოლო გადაწყვეტილენებით, მეცნიერებათა აკადემიაც კი კლუბად აქციეს.

9. ცალკე პუნქტად გამოგვაქვს • რ ომ დეპუტატის გაწვევის სისტემის უნდა დაკანონდეს. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მაჟორიტარულად არჩეული დეპუტატის და პარტიას მისი სიით არჩეული დეპუტატის გაწვევის უფლება. ამავე დროს, უნდა დაკანონდეს ცივილიზებული გადადგომის ინსტიტუტი: მინისტრობიდან, დეპუტატობიდან საკუთარი ნებით წასული პიროვნება საპარლამენტო ვადის პერიოდში უნდა ინარჩუნებდეს ყველა პირობას მისი პოლიტიკური აქტივობისთვის, ანაზღაურების შენარჩუნებით.

10. უკვე წინასწარაა ცნობილი არსებულ პოლიტიკურ სისტემაში საარჩევნო ბარიერის გადალახვა პარტიების უმრავლესობისათვის არა რეალურია. ეს მარტო იმ პარტიებისთვის კი არ არის პრობლემა, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, არამედ საქართველოსთვის. რადგან ბარიერგადაულახავი პარტიების პროცენტი ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე ე.ი,. ისინი იღებენ იმას, რაც მათი არ არის, და ამით უკვე დავადექით უსამართლობის გზას! პარადოქსია, რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა რეალური 20-25 პროცენტიანი პოლიტიკური ძალების ქვეყნის თუ ცალკეულების სათავეში მოსვლა. (პროცენტი გამოგვყავს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან) ეს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რადგან უსამართლოდ გამარჯვებული სამართლიანი ვერ იქნება. ეს პრინციპული საკითხია!

ჩვენ ვადასტურებთ, რომ დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა. საქართველოში, სადაც არ არსებობს კანონი ოპოზიციის შესახებ, სადაც სოფლად ხალხს წაართვეს უფლება თავისი გამგებლის არჩევის, სადაც გუბერნატორი ინიშნება ცენტრიდან, სადაც ასეა ზეცენტრალიზებული ეკონომიკა და საფინანსო სისტემა, სადაც ასე უუფლებოა საქალაქო და რაიონული ინსტიტუციები – დემოკრტიულ არჩევნებზე ფიქრი ილუზია და საკუთარი თავის მოტყუებაა. სასწრაფოდაა შესაცვლელი ყველაფერი ეს.

ვადასტურებთ ჩვენს განსაკუთრებულ პოზიციას: მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, გამოიყენება როგორც მაჟორიტარული, ასევე პროპორციული სისტემები.. ორთავეს აქვს დადებითიც და უარყოფითიც. ჩვენ ვემხრობით მაჟორიტარულ სისტემას, რადგან მიგვაჩნია,რ ომ ამ წესით ირჩევენ დეპუტატებს ამერიკის კონგრესში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარლამენტებში. გერმანიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში არის შერეული სისტემა. ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს ის, რომ საქართველოში, ხალხის სახელით ებრძვიან ამომრჩევლის პერსონიფიცირებულ ნებას, ანუ ხალხს არ ენდობიან პერსონიფიცირებული არჩევანის გაკეთებას და იგივე ხალხს თხოვენ, რომ მხარი დაუჭირონ პარტიის არჩევანს. პირდაპირ ვამბობთ, რომ მოსახლეობის 80-მა პროცენტმა კარგად არ იცის არც მაჟორიტარული და არც პროპორციული არჩევნების შესახებ. ჩვენ გვინდა, ეს გავაგებინოთ და მხოლოდ შემდგომ, ჩავატაროთ რეფერენდუმი. რათა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი სისტემით ჩატარდეს არჩევნები. შეგვედავებიან,რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეგვიძლიაო. ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური უბედურება, რომ ყველა წინა ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარების ისეთი წესი მიიღო, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება. პლებისციტს კი საკანონმდებლო ძალა არ აქვს. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხალხისთვის მისაწვდომი და ქვეყნისთვის საჭირო რეფერენდუმის კანონს, რომელიც მეცნიერთა მონაწილეობით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით სასწრაფოდ უნდა მივიღოთ.

ბატონებო, მე წარმოგიდგინე მეცნიერთა ანალიტიკური ჯგუფის მოსაზრებები. ჩვენ ამ საკითხებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. ვმუშაობდით ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ პარალელურად. მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან ვთვლით, რომ უბედურება მაჟორიტარულ ან პროპორციულ სისტემაში კი არა, სწორედ იმ საკითხების მოუგვარებლობაშია, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.
ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა წინადადებას საარჩევნო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით და როცა მას მივცემთ საბოლოო სახეს, გამოვაქვეყნებთ პრესაშიც, ინტელიგენციის ჯგუფის მონაწილეობით გადავცემთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას.

თეიმურაზ შაშიაშვილი
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
22 იანვარი, 2024 წელი

პ.ს. ამ მოსაზრებებს გადავცემთ როგორც საარჩევნო კომისიას, ასევე მმართველ პარტიას და საპარლამენტო პარტიებს, ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელებში (უკვე განთავსებულია პარტია „თეთრების“ ვებ.გვერდზე www.tetrebi.org), ვუგზავნით მედიასაშუალებებს და ვთვლით, რომ ამ საკითხებზე ღირს დისკუსიის გამართვა სატელევიზიო სივრცეში. იქნებ ამით დაახლოებაც შევძლოთ რაც ჰაერივით სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეს, მოსახლეობამაც გვნახოს, ვინ ვინ ვართ და დავძლიოთ სამარცხვინო დაყოფა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებად. იქნებ რომელიმე ტელევიზიას ეყოს გამბედაობა და ყველა პარტიას ერთნაირი დრო დაუთმოს არჩევნების პერიოდში. კარგ ნაბიჯს გადადგამს პოლიტიკაში დაბრუნებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ ის და მის მიერ დაფუძნებული პარტია „ქართული ოცნება“ იქნებიან იმის გარანტი, რომ ყველას ერთნაირი სასტარტო პირობები ექნებათ ამ არჩევნების პერიოდში.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *