პარტია “თეთრების” წესდება

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
(პარტია) ”თეთრები” 

წესდება

 

თავი პირველი
ზოგადი დებულებანი

1.1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) – “თეთრები” (შემდგომში პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი, დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების ფარგლებში;

1.2. პარტია – ”თეთრები” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონს. აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, უფლებამოსილია შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში;

1.3. პარტია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

1.4. პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში;

1.5. პარტიის შექმნას და მის საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

1.5.1. პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

1.5.2. დამოუკიდებლობა, თვითმართველობა და კანონის წინაშე პარტიების თანასწორობა;

1.5.3. არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

1.5.4. პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა;

1.5.5. დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პრინციპების დამკვიდრება;

1.6. პარტიის სიმბოლა: მეწამული ფერის ფარი დაშვებული მახვილითა და ვაზი აღმავალი თეთრი გამოსახულებით. ფარის ზედა ნაწილზე განთავსებულია თეთრი წარწერები – ”თეთრები” და ინგლისურენოვანი წარწერა ”WHITES”.

1.7. პარტიის იურიდიული მისამართია – საქართველო, 0179, ქ. თბილისი, ღამბაშიძის ქ. №4. ტელ. +995 (32) 2 443 446; +995 (32) 2 443 447; 790 99 70 50; ელექტრონული ფოსტა: tetrebigeorgia@gmail.com; forwgeo@gmail.com;

თავი მეორე

პარტიის მიზნები

2.1. პარტიის მიზნები:

2.1.1. პარტიის საქმიანობის მიზანია თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი, გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა;

2.2. დასახული მიზნების მისაღწევად და პარტიის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაწყვეტად პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლისათვის იყენებს საქართველოს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დაშვებულ ყველა საშუალებას;

2.3. პარტია, ასევე, ამყარებს კონტაქტებს, როგორც ეროვნული სახელმწიფოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სუბიექტებთან;

თავი მესამე

პარტიის წევრობა

3.1. პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას და საპროგრამო დოკუმენტებს, არ არის სხვა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) წევრი, იხდის პარტიის საწევრო შენატანს და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს პარტიას დასახული მიზნების განხორციელებაში;

3.2. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

3.3. პარტიის წევრობას ადასტურებს მოწმობა, რომელიც გაიცემა პარტიის შესაბამისი სტრუქტურების მიერ;

3.4. პარტიის წევრად მიღებას ახორციელებს პარტიის პოლიტიკური საბჭო (შემდგომში პოლიტსაბჭო), რომელსაც პარტიაში შესვლის მსურველი პირადად მიმართავს განცხადებით და წარუდგენს პარტიის არანაკლებ ორი წევრის წერილობით რეკომენდაციას. განცხადების რეგისტრაციიდან არაუმეტეს ორი კვირისა პოლიტსაბჭო განიხილავს პარტიის წევრობის მსურველი პირის განცხადებას და დაკმაყოფილების შემთხვევაში გადასცემს მას პარტიის წევრის მოწმობას, ან/და აცნობებს უარს გაწევრიანების შესახებ;

3.5. პარტიის წევრად მიღების მსურველმა პირმა წერილობით განცხადებას უნდა დაურთოს ორი ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის ან პასორტის) ასლი, ხოლო განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ არის სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი, რომ არ არის სხვა ქვეყნის მოქალაქე და რომ მის მიმართ არ არსებობს პარტიაში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემზღუდველი გარემოებები;

3.6. პარტიაში წევრად მიღებაზე უარი დასაბუთებას არ საჭიროებს;

3.7. პარტიიდან გასვლა თავისუფალია. პარტიის წევრი პარტიიდან გასულად ითვლება მის მიერ პოლიტსაბჭოში, ან პარტიის თავმჯდომარის სახელზე განცხადების წარდგენის დღიდან;

3.8. პარტიის წევრობა შეიძლება შეწყვეტილი იქნეს პარტიიდან გარიცხვით, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს პარტიის წევრად მიმღები ორგანო (პოლიტსაბჭო) და პარტიის წევრთა კონგრესი (შემდგომში კონგრესი);

3. 9. პარტიის წევრს უფლება აქვს:

3.9.1. მონაწილეობა მიიღოს პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ, აღმასრულებელ და მაკონტროლებელი ორგანოს არჩევნებში;

3.9.2. აირჩიოს და არჩეულ იქნას პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში;

3.9.3. მონაწილეობა მიიღოს პარტიის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში;

3.9.4. იღებდეს ინფორმაციას და მონაწილეობდეს პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

3.9.5. მიმართოს პარტიის შესაბამის ორგანოს წინადადებით, განცხადებით, საჩივრით და მათ შესახებ გონივრულ ვადაში მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია;

3.9.6. თავისუფლად გავიდეს პარტიიდან პირადი განცხადების საფუძველზე;

3.9.7. შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს მის მიმართ პარტიული დისციპლინარული ზომების გამოყენების საკითხის განხილვაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებანი და მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ზემდგომ პარტიულ ორგანოში (გარდა კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა);

3.10. პარტიის წევრი ვალდებულია:

3.10.1. დაიცვას პარტიის წესდება;

3.10.2. შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;

3.10.3. მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობაში;

3.10.4. გაუფრთხილდეს პარტიის სახელს, ავტორიტეტს, ქონებას და თავისი ქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია;

3.10.5. გადაიხადოს პარტიის საწევრო;

3.11. დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მათი სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით, პარტიის წევრის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი სახის დისციპლინარული ზომები:

ა) გაფრთხილება;

ბ) პარტიიდან გარიცხვა.

3.12. პარტიის წევრისათვის დისციპლინარული ზომების გამოყენების უფლებამოსილება გააჩნია პოლიტსაბჭოს და კონგრესს;

3.13. პარტიის წევრი, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდებით დადგენილ მოთხოვნებს, არ ასრულებს პარტიის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს გადაწყვეტილებებს, ან ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო, პარტიის სახელისა და ღირსების შემლახავ ქმედებას, პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელი ორგანოს წერილობით დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გარიცხულ იქნას პარტიიდან. გადაწყვეტილებას პირის პარტიის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იღებს პოლიტსაბჭო და კონგრესი;

3.14. პარტია იღებს პასუხისმგებლობას თავისი წევრის მხოლოდ იმ ქმედებაზე, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული პარტიულ საქმიანობასთან;

თავი მეოთხე

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა

4.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა კონგრესი (კონგრესი), აღმასრულებელი ორგანო – პარტიის პოლიტიკური საბჭო (პოლიტსაბჭო), ხოლო მაკონტროლებელი ორგანო – პარტიის სარევიზიო კომისია (სარევიზიო კომისია);

4.2. პარტიას შეიძლება გააჩნდეს ტერიტორიული სტრუქტურული ქვედანაყოფები და ახალგაზრდული ორგანიზაცია იურიდიული პირის უფლების გარეშე. მათი შექმნისა და გაუქმების წესი განისაზღვრება პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე;

4.3. პარტიის ტერიტორიული ქვედანაყოფი და ახალგაზდული ორგანიზაცია ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს პარტიის პოლიტიკური კურსისა და ამ წესდების შესაბამისად;

თავი მეხუთე

პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა კონგრესი

5.1. პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის წევრთა კონგრესი (კონგრესი), რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც.

5.2. რიგგარეშე კონგრესი შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტის თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოს ან/და პარტიის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით და იგი ტარდება მოთხოვნიდან 2 თვეში წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით (გარდა ამ წესდების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

5.3. კონგრესის გამართვის თარიღსა და დღის წესრიგს ადგენს პოლიტსაბჭო;

5.4. კონგრესის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება და შესაბამისად მისი გამართვის თარიღი და დღის წესრიგი პარტიის წევრებს ეცნობებათ კონგრესის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, მასობრივი ინფორმაციის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით;

5.5. კონგრესში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით კონგრესში მონაწილეობის უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეულ წარმომადგენლებს (დელეგატებს), რომლის კვოტებს ადგენს პოლიტსაბჭო, მაგრამ კონგრესში მონაწილეთა საერთო რაოდენობა არ შეიძლება იყოს 200-ზე ნაკლები;

5.6. კონგრესი უფლებამოსილია თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან/და წარმომადგენელთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

5.7. კონგრესი გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;

5.8. თუ კონგრესი არ იქნება უფლებამოსილი, ასეთ შემთხვევაში კონგრესი განმეორებით შეიძლება მოწვეულ იქნეს ორი თვის ვადაში;

5.9. კონგრესს ხსნის და თავმჯდომარეობს პარტიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის უფლებამოსილების შეუძლებლობის შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი, ან/და პოლიტსაბჭოს უხუცესი წევრი.

5.10. კონგრესი:

ა) იხილავს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების ანგარიშს და სათანადო შეფასებას აძლევს მათ მუშაობას;

ბ) განსაზღვრავს პარტიის მიმართულებებს;

გ) ოთხი წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, (რომელშიც შედიან პარტიის თავჯდომარე და პარტიის გენერალური მდივანი) და მაკონტროლებელ ორგანოს – სარევიზიო კომისიას.

დ) იღებს პარტიის წესდებას, შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე იღებს გადაწყვეტილებას პარტიის საქმიანობის შეწყვეტის (რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის) შესახებ;

ე) ამტკიცებს პოლიტიკურ და საპროგრამო დოკუმენტებს;

ვ) უფლებამოსილია გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით და ამ წესდებით მიეკუთვნება პარტიის საქმიანობას, გადაწყვიტოს პარტიის ნებისმიერი ორგანოს გამგებლობაში მყოფი საკითხები და გააუქმოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

ზ) კონგრესის გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების, მიმართვის, განცხადების და სხვა ნებადართული ფორმით. მიღებულ გადაწყვეტილებას ხელს აწერს პარტიის თავმჯდომარე ან/და სხვა უფლებამოსილი პირი;

თ) კონგრესის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და პარტიის წევრისათვის;

ი) იღებს გადაწყვეტილებას პარტიის წევრისათვის დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

თავი მეექვსე

პარტიის აღმასრულებელი ორგანო

პოლიტსაბჭო

6.1. კონგრესებს შორის პერიოდში პარტიის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ორგანოა – პარტიის პოლიტიკური საბჭო (პოლიტსაბჭო);

6.2. პოლიტსაბჭო ირჩევა კონგრესის მიერ 4 წლის ვადით და მისი შემადგენლობა განისაზღვრება 15 წევრით. პოლიტსაბჭოში თანამდებობრივად შედიან პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და კონგრესზე ღია კენჭისყრით არჩეული 13 წევრი;

6.2.1. პოლიტსაბჭო:

6.2.2. წესდებით განსაზღვრული პროცედურის და ვადების დაცვით განიხილავს პარტიის წევრობის მსურველი პირის განცხადებას და ღებულობს გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მისი მიღების, ან/და მიღებაზე უარის თქმის შესახებ;

6.2.3. ამტკიცებს პარტიის წევრის მოწმობის ფორმას და გასცემს მათ პარტიის წევრებზე. ირჩევს და ამტკიცებს საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით და ადგილობრივ თავითმართველობის ორგანოებში წარსადგენ კანდიდატებს;

6.2.4. შეიმუშავებს და ამტკიცებს პარტიის სტრატეგიასა და საპროგრამო დოკუმენტებს;

6.2.5 ადგენს კონგრესის გამართვის თარიღს, განსაზღვრავს კონგრესის დღის წესრიგს, იღებს გადაწყვეტილებას პარტიის წევრთა ან/და წარმომადგენელთა მონაწილეობით კონგრესის გამართვასთან დაკავშირებით და განსაზღვრავს წარმომადგენელთა კვოტებს ამ წესდებით დადგენილი წესით;

6.2.6. ამტკიცებს პარტიის სიმბოლიკას;

6.2.7. აღასრულებს კონგრესის გადაწყვეტილებებს;

6.2.8. იღებს გადაწყვეტილებას პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის შესახებ და ამტკიცებს მათ დებულებებს. საჭიროების შემთხვევაში კი აუქმებს მათ;

6.2.9. თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის პარტიის სამდივნოს. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარტიის სამდივნოს შემადგენლობას და სტრუქტურას. სამდივნოს კი უშუალოდ ხელმძღვანელობს პარტიის გენერალური მდივანი;

6.2.10. ამტკიცებს პარტიის სტრუქტურული ერთეულების და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით;

6.2.11. აჩერებს ან აუქმებს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების და ახალგაზრდული ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს;

6.2.12. განიხილავს პარტიის წევრისათვის დისციპლინარული ზომების გამოყენების საკითხს და ამ წესდების საფუძველზე ღებულებს გადაწყვეტილებას;

6.2.13. განსაზღვრავს საწევროების გადახდის წესსა და ოდენობას. ამტკიცებს პარტიის ბალანსსა და ხარჯთაღრიცხვას, იღებს გადაწყვეტილებას საერთო პარტიული, ან/და რეგიონურ თემატური კონფერენციების, პოლიტსაბჭოს გამსვლელი სხდომების ჩატარების თაობაზე;

6.2.14. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის შესაბამის კომისიებს/სამუშაო ჯგუფებს და ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს;

6.2.15. ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ღებულობს გადაწყვეტილებას, რომლებიც არ განეკუთვნება კონგრესის დისკრეციულ/განსაკუთრებულ უფლებამოსილებას;

6.2.16. პოლიტსაბჭოს სხდომებს ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე. მისი არ ყოფნის შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი ან პოლიტსაბჭოს უხუცესი წევრი;

6.2.17. პოლიტსაბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც, სხდომათა დღის წესრიგს ადგენს პოლიტსაბჭო;

6.2.18. პოლიტსაბჭოს რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, ან/და პოლიტსაბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3 -ის მოთხოვნით და სხდომა ტარდება 5 დღის ვადაში. გარდა დღის წესრიგით განსაზღრული საკითხისა, პოლიტსაჭო უფლებამოსილია განიხილოს პარტიის საქმიანობისათან დაკავშირებული სხვა არაგეგმიური საკითხებიც;

6.2.19. პოლიტსაბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება პოლიტსაბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით;

6.2.20. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის წევრებისა და სტრუქტურული დანაყოფებისათვის;

6.2.21. პოლიტსაბჭოს წევრის პარტიის წევრობიდან გარიცხვა, ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით პარტიის წევრობის შეწყვეტა ავტომატურად იწვევს პოლიტსაბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;

თავიმეშვიდე

პარტიის თავმჯდომარე

7.1. პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც ღია კენჭისყრით 4 წლის ვადით ირჩევს კონგრესი და მოქმედებს კონგრესის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად;

7.2. პარტიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს სხდომებს;

ბ) წარმართავს პარტიის ყოველდღიურ და მიმდინარე საქმიანობას;

გ) წარმოადგენს პარტიას მესამე პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობებში;

დ) საჭიროებიდან გამომდინარე ნიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს და განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებს;

ე) პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს – პარტიის სამდივნოს შემადგენლობას და სტრუქტურას. ასევე, პარტიის სტრუქტურული ერთეულების და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს;

ვ) პოლიტსაბჭოს წინაშე აყენებს საკითხს შესაბამისი კომისიების/სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით და ასეთის შექმნის შემთხვევაში პოლისაბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად მათ ხელმძღვანელებს;

ზ) პარტიის სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და მიმართვებს;

თ) ხელს აწერს კონგრესის, პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, განცხადებებს და ასევე პარტიის საარჩევნო დოკუმენტაციას;

ი) გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს და განკარგულებებს;

კ) ასრულებს ამ წესდებით, კონგრესისა და პოლიტსაბჭოს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

7.3. პარტიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პარტიის გენერალური მდივანი;

7.4. პარტიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან;

7.5. პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი 5 სამუშაო დღის ვადაში ნიშნავს რიგგარეშე კონგრესს პარტიის თავჯდომარის ასარჩევად, რომელიც უნდა გაიმართოს მოწვევიდან არა უადრეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღისა და არა უგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში;

თავი მერვე

სხვა ხელმძღვანელი თანამდებობის პირები

8. პარტიის გენერალური მდივანი;

8.1. პარტიის გენერალურ მდივანს ღია კენჭისყრით, 4 წლის ვადით ირჩევს კონგრესი;

8.2. პარტიის გენერალური მდივანი თანამდებობრივად შედის პოლიტსაბჭოში და ხელმძღვანელობს პოლიტსაბჭოს მიერ შექმნილ პარტიის სამდივნოს;

8.3. პარტიის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფების (როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი) კოორდინირებულ საქმიანობას;

8.4. გენერალური მდივანი ასრულებს ამ წესდების მოთხოვნებს, კონგრესის, პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს და თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია მათ წინაშე;

8.5 გენერალური მდივანი, პარტიის თავჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

თავიმეცხრე

პარტიის მაკონტროლებელი ორგანო – სარევიზიო კომისია

9.1. პარტიის მაკონტრლებელი ორგანოა – პარტიის სარევიზიო კომისია (სარევიზიო კომისია), რომელსაც ღია კენჭისყრით, 5 (ხუთი) წევრის შემადგენლობით ირჩევს კონგრესი;

9.2. სარევიზიო კომისია თავის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით და დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს სარევიზიო კომისიის თავჯდომარეს, სარევიზიო კომისიის თავჯდომარის მოადგილეს და სარევიზიო კომიისიის მდივანს.

9.3. სარევიზიო კომისია უფელბამოსილია თუ მას ესწრება მისი შემადგენლობის ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

9.4. სარევიზიო კომისია აკონტროლებს პარტიის წევრებისა და სტრუქტურული ერთეულების მიერ წესდების დაცვას, ამოწმებს პარტიის საფინანსო საქმიანობას და ატარებს საფინანსოსაბუღალტრო დოკუმენტების რევიზიას;

9.5. სარევიზიო კომისია თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია კონგრესის წინაშე, ხოლო წელიწადში ერთხელ ანგარიშს წარუდგენს პოლიტსაბჭოს;

თავი მეათე

პარტიისქონება, ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი

10. პარტიის ქონების ფორმირების წყაროებია:

10.1. კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, მოქმედი კანონმდედბლობის ფარგლებში ფიზიკურ პირთა და საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულობანი. აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

10.2. პარტიის ფულადი სახსრებისა და სხვა ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კონგრესი. ხოლო კონგრესებს შორის პერიოდში პოლიტსაბჭო;

10.3. ქონებისა და სახსრების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პარტიის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად და მათი სხვა წესით განაწილება არ დაიშვება;

10.4. პარტიას საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს უძრავ-მოძრავი ქონება, მატერიალური და არამატერიალური აქტივები, გამომცემლობა, სტამბა, ბეჭვდითი და ელექტრონული გამოცემები, სატრანსპორტო საშუალებები, ფულადი სახსრები და სხვა ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად;

10.5. პარტიის ქონების ფორმირება და განკარგვა ხორციელდება მხოლოდ პარტიის მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თავი მეთერთმეტე

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები

11.1. მხოლოდ კონგრესია უფლებამოსილი მიიღოს პარტიის წესდება და შეიტანოს მასში ცვლილებები და დამატებები;

11.2. პარტიის წესდება, აგრეთვე მასში განხორციელებული ცვლილებები და დამატებები მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კონგრესის დამსწრეთა უმრავლესობა;

11.3. პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის კანონითა და ამ წესდებით დადგენილი წესით;

თავი მეთორმეტე

ბეჭედი, დროშა და ემბლემა

12.1. პარტიის ბეჭედი არის მრგვალი ფორმის, რომლის გარეთა ორ წრეში მითითებულია პარტიის სახელწოდება: ”თეთრები” ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხოლო ცენტრში განთავსებული პარტიის ემბლემა;

12.2. პარტიის დროშა არის 1,5X 1.0 მ. სიგრძისა და სიგანის შეფარდების თეთრი ფერის მატერია, რომლის შუა ნაწილში გამოსახულია პარტიის ემბლემა.

12.3. პარტიის ემბლემაზე გამოსახულია მეწამული ფერის ფარი დაშვებული მახვილითა და ვაზი აღმავალი თეთრი გამოსახულებით. ფარის ზედა ნაწილზე განთავსებულია თეთრი წარწერები – ”თეთრები” და ინგლისურენოვანი წარწერა ”WHITES”.

თავი მეცამეტე

საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

(რეორგანიზაციადათვითლიკვიდაციის წესები)

13.1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პარტიის საქმიანობის შეწყვეტა ხდება რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საფუძველზე;

13.2. გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციის შესახებ იღებს მხოლოდ კონგრესი. იგი უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა (წარმომადგენელთა) საერთო რაოდენობის არანაკლებ 2/3, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა 2/3-ზე მეტი;

13.3. პარტიის თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონგრესი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ამ წესდების 13.2 პუნქტში აღწერილი წესით;

13.4. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა იწვევს მისი ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფისა და ორგანოს საქმიანობის შეწყვეტას;

13.5. სხვა პარტიასთან შერწყმის შემთხვევაში პარტიის ქონება გადაეცემა შესაბამის ახლად წარმოქმნილ (სუბიექტს) პარტიას. სხვა პარტიასთან/პარტიებთან შეერთების შემთხვევაში პარტიის ქონება შეუერთდება ამ პარტიის/პარტიების ქონებას. პარტიის გაყოფის შემთხვევაში ქონების განაწილების საკითხსა და წესს განსაზღვრავს კონგრესი;

13.6. პარტიის თვითლიკვიდაციის შემთხვევაში კონგრესი ქმნის სალიკვიდაციო კომისიას, რომელიც ახორციელებს სალიკვიდაციო პროცესს. დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას;

13.7. პარტიის აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *