„თეთრების“ პოზიცია. ეროვნული კრება – სახალხო წარმომადგენლობითი კრება

პოლიტიკური ეკლექტიზმი, ანუ პოლიტიკური დაქსაქსულობა…

 

gerbi1

 

პოლიტიკური ეკლექტიზმი, ანუ პოლიტიკური დაქსაქსულობა სწორედ მაშინ, როცა ხალხს და ქვეყანას სჭირდება დიდი პოლიტიკური ერთობა „ნაციონალური“ ოკუპაციისაგან ქვეყნის გათავისუფლებისათვის.

პოლიტიკური ეკლექტიზმი, რომელიც ქვეყნისთვის ცუდია, ხელისუფლებისთვის კარგი, ასამარებს პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში.

პოლიტიკური ეკლექტიზმის ანატომია კარგად ჩანს ეროვნული კრების, სახალხო წარმომადგენლობითი კრებისადმი დამოკიდებულებაში.

ისტორიულად კრება აერთიანებდა და ცვლიდა ქვეყნის სვლაგეზს სასიკეთოდ.

დღეს კრება გვაპირისპირებს და კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ქვეყანაში.

როგორია კრებისადმი დამოკიდებულება:
• ხალხში
• ხელისუფლებაში
• ოპოზიციაში
• ახალგაზრდობაში

• ხალხში – დიდი მოლოდინის
• ხელისუფლებაში – შიშის
• ოპოზიციაში – გაურკვეველი, ვიწრო პარტიული, ამბიციური
• ახალგაზრდობაში – ინდიფერენტული

ის, რომ ხალხში დიდი მოლოდინის განწყობაა და ხელისუფლებაში შიშის – ეს ძალიან კარგია;

ის, რომ ახალგაზრდებში კრებისადმი ინდიფერენტული განწყობაა და ოპოზიციაში – გაურკვეველი, ვიწროპარტიული, ამბიციური – ეს ძალიან ცუდია.

აშკარაა, რომ:

ხალხს ასე ცხოვრება აღარ შეუძლია,

ხელისუფლებას სხვაგვარად მართვა აღარ ძალუძს,

ოპოზიციას ეეჭვება, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია,

ახალგაზრდობა ინდიფერენტიზმით ერთდროულად წინაპართა ტრადიციასაც ებრძვის და საკუთარ მომავალსაც.

ასეთ დროს, ხალხი ეძებს უნივერსალურ გზას, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის შეცვლა. აშკარაა, რომ ერთ-ერთი ასეთი უნივერსალური გზა არის ეროვნული კრება – სახალხო წარმომადგენლობითი კრება, ყველასა და ყველაფერზე აღმატებული.

ერთადერთი, რაც განსაკუთრებულად ამუხრუჭებს, არის პოლიტიკური ოპოზიციის ამბიციურობა და მის ნიადაგზე დაქსაქსულობა – დაპირისპირება.

პოლიტიკური ოპოზიცია (ნამდვილი) გაიყო.

ერთნი ამბობენ, რომ დაველოდოთ 2013 წელს, ანუ არჩევნებს, მეორენი კი ვერც დალოდებაში ვერ ხედავენ გამოსავალს და იციან, რა ვერაგ, საკუთარ წარსულსა და ქმედებებზე შეშინებულ ხელისუფლებასთან აქვთ საქმე, ითხოვენ სწრაფ მოქმედებას.

აშკარაა, რომ ხალხს ლოდინი მართლაც აღარ შეუძლია. ისიც აშკარაა, რომ ძალისმიერი რადიკალიზაცია აწყობს მხოლოდ ხელისუფლებას.

გამოსავალი არის არა სოციალურ გამოსვლებში, არამედ პოლიტიკური პროცესის ინტელექტუალურ რადიკალიზაციაში.

ეროვნული – სახალხო წარმომადგენლობითი კრება არის პოლიტიკური პროცესის არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ მისი ყველაზე მაღალი და განსაკუთრებული მდგენელი.

ასეთია ჩვენი პოზიცია. ასეთი იყო და არის.სწორედ ეს იყო 2006 წელს ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი, დაგვეწყო მზადება ეროვნული კრებისათვის.

2006 წლის ეროვნული კრების დეკლარაცია არის ნიმუში ინტელექტუალური რადიკალიზაციის.

ჩვენი პოზიცია იყო, არის და არც საბოლოოდ ვაპირებთ მის შეცვლას, რომ გამოსავალი არის ნამდვილი, ეროვნული, სახალხო წარმომადგენლობითი კრება.

არ ვიცი, ვინ როგორ გაიზიარებს ნამდვილ ოპოზიციაში ჩვენს მიდგომას, მაგრამ ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს მოსახლეობის რეალური გენოციდი, იგი მიმდინარეობს ხელისუფლების ყალბი ეროვნული პათოსის, დემოკრატიის თამაშის, პოლიტიკური კორუფციისა და სოციალური დემაგოგიის ფონზე და თუ იგი არ შევაჩერეთ, არჩევნების ჩატარებაც აღარ დაგვჭირდება 2013 წელს, საქართველო აღარ იქნება, ხალხი აღარ გვეყოლება, ქვეყანაში მონური ფსიქოლოგია დამკვიდრდება, დამარცხებული იქნება მოაზროვნე და რეალურად გვექნება 21-ე საუკუნის ბატონყმობა.

ბატონისა და ყმის პრობლემა არ დამთავრებულა საქართველოში… ხელისუფალნი ცხოვრობენ ბატონებივით და მოსახლეობას ექცევიან, როგორც ყმებს. ამას ადასტურებს ჩვენი მოკლე ანალიზი „მოსახლეობის სოციალური გენოციდი“ . ამის კიდევ ერთი მაგალითი არის ქალბატონ ნანა ლეჟავას ფილმი „დიღმის სასახლეები“ „სიხარულის ქუჩაზე“ (მართლაც ხელისუფალთა გახარებული ოჯახები საქართველოს გამწარებული მოსახლეობის ფონზე.

ნამდვილი ოპოზიციონერები კი არ უნდა გავექცეთ პრობლემს, გავექცეთ თუნდაც კრებას, არამედ ვიფიქროთ ნამდვილ ეროვნულ, სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე.

ხელისუფლებას არ აწყობს კრებაში გაერთიანებული ნამდვილი ოპოზიცია… ხელისუფლებას აწყობს კრებასთან დარჩენილი ერთი პარტია, რადგან თავისთავად ეს კრების დისკრედიტაციაა.

ბევრ პოლიტიკოსსაც აწყობს ოპოზიციაში კრებასთან ერთის დატოვება, ფიქრობს, რომ ამით ხდება მისი პოლიტიკური გაკოტრება.

ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს, არ ვითამაშოთ ხელისუფლების თამაში ჩვენი დაქსაქსულობით, კრებისადმი დამოკიდებულებით და კრება არ შევწიროთ ერთი, თუ რამდენიმე პოლიტიკოსის წინააღმდეგ ბრძოლას. კრებასთან დღეს რეალურად დაკავშირებულმა პოლიტიკოსებმაც ისე უნდა იმოქმედონ, რომ არ გახდნენ კრების დისკრედიტაციის მონაწილენი და ხალხის განწყობა, კრება არ გამოიყენონ პირადი პოლიტიკური მიზნებისა და ამბიციებისათვის.

დღეს ძალა სჭირდება არა იმას, რომ პოლიტიკოსი, პოლიტიკური ძალა გაიქცე პრობლემიდან, იგნორირება გაუკეთო კრებას, არამედ იმოქმედო ისე, რომ:

• კრებამ უპასუხოს ხალხის მოლოდინს და ეროვნული კრება – სახალხო წარმომადგენლობითი კრება აქციოს დიდ ნიშანსვეტად ქვეყნის ცხოვრებაში, ან გადაარჩინოს ეროვნული კრების იდეა;

• .გააცნობიერო, რომ ნამდვილი ეროვნული – სახალხო წარმომადგენლობითი კრების არჩატარებით, ან კრების ჩატარებით ამ იდეის დისკრედიტაცია აწყობს მხოლოდ პრეზიდენტს, მხოლოდ ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
• გააცნობიერო, რომ კრება არის გაცილებით დიდი და აღმატებული, ვიდრე რომელიმე პარტიის, ან პოლიტიკოსის ამბიცია, რომ კრება ებრძვის არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთელს ქვეყანასა და ქვეყნის მეგობრებს სთავაზობს ქვეყნის ხსნის და მისი დემოკრატიული განვითარების პროგრამას;

• ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ ჩვენ, პოლიტიკოსებს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება, ქვეყნის ბედს ერთპიროვნულად განსაზღვრავდნენ პარტიული ლიდერები, რომლებმაც ვერ შეძლეს, ამაღლებულიყვნენ ვიწროპარტიულ და ვიწროჯგუფურ ინტერესებზე, ან უარი ეთქვათ ამ კრების ჩატარებაზე…

• ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ წარმომადგენლობითი კრება მხოლოდ ის ხალხი კი არ არის, ვინც კრებას ფიზიკურად ესწრება, არამედ კრების წევრია ყველა, ვინც იზიარებს კრების იდეას, მის პრინციპებს და დეკლარაციას.

„თეთრების“ კონკრეტული სურვილები „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ საინიციატივო ჯგუფისადმი:

1. პატივისცემით მოვეკიდოთ 2006 წლის დეკლარაციას „ეროვნული ყრილობის მოწვევის თაობაზე“, მის ხელმომწერებს და შედგეს დიდი ერთობა.

2. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ინიციატივით დაწყებული პოლიტიკური პროცესებისაგან (კონსტიტუცია, „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, „საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება“, „პრეზიდენტის უნდობლობა“ – შევქმნათ ერთი დიდი მეგაპროექტი, სახელწოდებით „ხალხთან ერთად“;

3. კრების დღის წესრიგიდან მოიხსნას ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები და დღის წესრიგში დარჩეს მხოლოდ პრეზიდენტის უნდობლობა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

4. ჩვენ ვთვლით, რომ კრების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უნდა იყოს „მოსახლეობის რეალური გენოციდი“ – ჩვენ მზად ვართ, რომ წარმოვადგინოთ როგორც მოხსენება, ასევე ვიდეო და სხვა თვალსაჩინო მასალები (სტენდები);

5. კრების წევრთა განსაზღვრისათვის დადგინდეს პრინციპი: ყველა, ვინც იზიარებს ეროვნული, სახალხო წარმომადგენლობითი კრების პრინციპებსა და დეკლარაციას – კრების წევრია;

6. კრების დელეგატად საკუთარი თავის წარმოდგენის უფლება მიეცეს ყველას, ვინც დამოუკიდებელ საქართველოში არჩეული იყო პარლამენტის წევრად, ყველა დონის საკრებულოების წევრებად, გამგებლებად, მერებად… საერთოდ ყველას, ვინც იყო არჩეული როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად, ასევე არჩეულია მეცნიერებისა და ხელოვნების ხაზით (აკადემიკოსი, პროფესორი, შემოქმედებითი კავშირის წევრი);

7. შეიქმნას ეროვნული სახალხო წარმომადგენლობითი კრების მართვის ეფექტური სისტემა;

8. აღიარებული იქნას, რომ კრება არ არის ერთჯერადი აქტი, რომ ის არის მუდმივმოქმედი ორგანო, ვიდრე საქართველო არ გახდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტების ქვეყანა;

9. შეიქმნას ერთიანი ფონდი (მთელი მეგაპროექტისათვის), და იგი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე: ხალხს ჰქონდეს როგორც შემოწირულობის უფლება, ასევე შემოწირული თანხების კონტროლის უფლება;

10. 7 ნოემბერი, ანუ ის დღე, როდესაც ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი დაარბია და საკუთარ ხალხს ესროლა, ვაქციოთ ეროვნული ღირსების დღედ: მოვაწყოთ მოძალადე ხელისუფლების პოლიტიკური გასამართლება.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“ )

წარედგინა ბრიფინგს თემურ შაშიაშვილის მიერ 2010 წლის 26 ოქტომბერს.

ბრიფინგი გადაიცემოდა ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრების“ (www.tetrebi.org) პირდაპირ ეთერში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *