გაზის ფასი-მოსახლეობის ძარცვა

ჩვენ ეს ანალიზი ორი წლის წინ გამოვაქვეყნეთ,განსაკუთრებული სიმწვავით ვთქვით გასული წლის თებერვალში,პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ.

პრეზიდენტმა გამოსვლის დასკვნით ნაწილში უპასუხა რა ოპონენტების პოზიციას გაზის ფასის ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით, აღნიშნა: მისი დამსახურებაა, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფად ყიდულობს გაზს.

საქართველოში ბუნებრივი აირის ფასი ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სამომავლოდ საკვლევი საკითხია თუნდაც იმიტომ,რომ თუ ყველაზე იაფად ვყიდულობთ, რატომ ვყიდით საკუთარ მოსახლეობაზე ასე ძვირად..მეორე,,პრეზიდენტი ტყუის (ზუსტად რომ ტყუის), როცა ამ საკითხში მის დამსახურებაზე საუბრობს და, რაც მთავარია , რატომ არის ასე გასაიდუმლოებული აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ გაფორმებული ხელშეკრულება და გაზის ასეთი მაღალი ფასი ხომ არ არის დიდი სახელმწიფო კორუფციის მიმანიშნებელი?

ჩვენი სახელმწიფო ვერ იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელიც მიიღო ადრინდელი სახელმწიფოებრივი ხელშეკრულებებით. საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ სწორედ აზერბაიჯანული გაზის შემოსვლამ და ტრანზიტმა საქართველოს ტერიტორიაზე, შახ-დენიზის პროექტის პირველი ეტაპის განხორციელებამ და საქართველოს გაზის უწყვეტად მომარაგებამ (ეს დღევანდელი მთავრობის დამსახურება ნამდვილად არ არის) უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყანაში ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებაში. როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ მიიღო ისეთი შესაძლებლობები, რომელთა გონივრულ გამოყენებას უნდა უზრუნველეყო ბუნებრივი გაზის რეალურად შეღავათიანი ფასი, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე წარმოებისათვის, რაც მძლავრი ბიძგი უნდა გამხდარიყო ეკონომიკის განვითარებისათვის. კერძოდ:

1. საქართველოს მიეცა უფლება გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ შეიძინოს 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სპეციალური ტარიფით – 55 აშშ დოლარად და ეს 2002 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და არა სააკაშვილის მთავრობის მონაწილეობით.

2. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 10%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ჩრდილოეთის მარშრუტით რუსეთიდან საქართველოს გავლით მიეწოდება სომხეთს. ეს დაახლოებით საშუალოდ 200 მილიონი კუბური მეტრია. ესეც ე.წ „ვარდების რევოლუციამდე“ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე ხდება.

3. საქართველო ტრანზიტის გასამრჯელოდ უფასოდ იღებს 5%-ს იმ გაზის მოცულობისას, რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით მიეწოდება თურქეთს – ეს დაახლოებით 330 მლნ კუბური მეტრია (იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი პირველ ეტაპზე ამ მილსადენით იღებს 6,6 მლრდ კუბურ მეტრ გაზს აზერბაიჯანიდან ყოველწლიურად) ესეც ასევე შევარდნაძის მთავრობის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მარტივი არითმეტიკით, საქართველოს აქვს დაახლოებით 500 + 330 + 200 = 1030 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შეღავათიან ფასად, ესე იგი, საქართველოს დაახლოებით 1 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უჯდება დაახლოებით 27,5 მლნ აშშ დოლარი, ე.ი. 1 კუბური მეტრის ფასია 2,7 ცენტი, რაც დაახლოებით 5 თეთრია.

ცხადია, გაზის ეს მოცულობა საკმარისი არ არის საქართველოსთვის. მაგალითად, 2008 წელს (სხვათა შორის, ეს ინფორმაციაც გასაიდუმლოებულია ჩვენს „ღია საზოგადოებაში“ ) ქვეყანამ მოიხმარა 1, 471 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, ე.ი. საბაზრო ფასად დამატებით უნდა შეეძინა დაახლოებით 471 მლნ. კუბური მეტრი.

2009 წელს დაახლოებით 1,188 მლრდ კუბური მეტრი ე.ი. საბაზრო ფასად შეიძინა დაახლოებით 188მლნ. კუბური მეტრი.

სამწუხაროდ, 2010 წლის მონაცემებით, ასევე გასაიდუმლოებულია დადამატებით შესაძენი მოცულობა, საფიქრალია, ალბათ 200- 470 მლნ. კუბური მეტრის დიაპაზონში იქნება.

აქ იმალება სწორედ ძაღლის თავი, რა ფასად ყიდულობს, ან უფრო სწორად რა „უჯდება“ ქვეყანას გაზის ეს დამატებითი მოცულობა. რამდენია შესაძლებლობის გათვალისწინებით? როდესაც მომხმარებელს ეუბნებიან ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, რომ გაზის შეწონილი ფასი 167 – 169 აშშ დოლარიაო, მაშინ გამოდის, რომ ქვეყანა დამატებით გაზში დაახლოებით 500 მლნ კუბურ მეტრში არნახულად მაღალ ფასს იხდის. დაახლოებით 400 დოლარზე მეტს კუბურ მეტრზე და მისი ღირებულება საგრძნობლად აღემატება რეგიონში გაზის არმქონე ქვეყნების ფასებს: სომხეთის (რომელსაც მისი მოძმე რუსეთი გაზს 180 დოლარად აძლევს) და თურქეთის, რომელიც აზერბაიჯანიდან გაზს საქართველოს გავლით ჯერჯერობით მხოლოდ 120 დოლარს იღებს და მომავალში პირდება 2008 წლის აპრილიდან გადაანგარიშებას ახალი ფასით. (ადრეულ პერიოდში, 2008 წლის აპრილამდე, ფასი 120 დოლარითაა დაფიქსირებული, ახლა დაახლოებით 300 დოლარს ითხოვს აზერბაიჯანიდან. მოლაპარაკებები დღესაც რთულად გრძელდება). დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი გაზი რომ 250 დოლარი ღირდეს, 1 000 კუბური მეტრი გაზის მთლიანი მოცულობის 1 500 მლნ კუბურ მეტრი შეწონილი გაზის ფასი დაახლოებით 102 დოლარი – 1 000 კუბური მეტრი იქნება, ხოლო მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრის ფასი გახდებოდა 18,8 თეთრი. გამანაწილებელი კომპანიის და დღგ – გათვალისწინებით თითოეულ კუბურ მეტრზე ექნებოდა გადასახდელი 36,58 თეთრი, ნაცვლად დღეს არსებული 51 თეთრისა მოსახლეობისათვის (ეს არის მოსახლეობაზე ზრუნვა?) და 76 თეთრისა – მეწარმეებისათვის. ნორმალურ ქვეყნებში მეწარმეებს მოსახლეობაზე იაფად აძლევენ გაზს და ელექტროენერგიას, რომ სხვა ქვეყნების ეკონომიკებს გაუწიონ კონკურენცია და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან საკუთარ ქვეყანაში. აქაც ჩანს, რომ საქართველოში ყველაფერი თავდაყირაა დაყენებული. საქართველოს მოსახლეობა 1 000 კუბურ მეტრ გაზში იხდის 510 ლარს, 292 აშშ დოლარს, რაც ძალიან გაბერილი თანხაა!!!

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: საქართველოს გაღატაკებული მოსახლეობა არნახულ და გაზრდილ ტარიფს იხდის ბუნებრივ გაზში და ესაა დამსახურება სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებული საიდუმლო გარიგებების

ქვეყანამ ვერ მიიღო ვერ გამოიყენა და ვერ იყენებს იმ დიდ შესაძლებლობებს რომელიც უნდა მიეღო ისეთი მეგაპროექტის განხორციელების შემდეგ როგორიც ბაქო თბილისი ერზრუმის გაზსადენია.
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ საჯარო გახდეს გაზის შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება, გაფორმებული აზერბაიჯანულ მხარესთან ნაცმოძრაობის ხელისუფლების მიერ.

„ავი ხმები“ ამბობენ, რომ ქვეყანამ ბუნებრივ გაზში მის ხელთ არსებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპციონები აზერბაიჯანულ „სოკარს“ გადასცა და გაზის და ნავთობის კორპორაცია ე.ი. ქართული მხარე გაზის შესყიდვაში აღარ მონაწილეობსო. თუ ეს მართალია, აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა ამ უფლების გადაცემა, ვისი ინიციატივით მოხდა ეს, ვინ ლობირებდა ამ აშკარად ქვეყნისთვის არასარგებლიან გარიგებას?

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *