პოსტრევოლუციური საქართველოს ეკონომიკური განვითარების სკანდალური ციფრები

tem.1მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის შემდეგ საქართველოში ინსტიტუციური ცვლილებები განხორციელდა, გაიზარდა ბიჯეტის შემოსავლები, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამის წარმოჩენას ქართული მედია და ხელისუფლება ცდილობს. უფრო მეტიც, მდგომარეობა შემაშფოთებელია. ეს ჩანს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზითაც.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად ჩამორჩა მისი უშუალო მეზობლების ეკონომიკურ ზრდას. ასე, მაგალითად, 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მთლანი შიდა პროდუქტი გაიზარდა მხოლოდ 2,1 პროცენტით, მაშინ, როდესაც სომხეთისა – 6,8 პროცენტით, ხოლო აზერბაიჯანისა – 10,8 პროცენტით. მთლიანად, 2008 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წელთან შედარებით გაიზარდა: საქართველოში 45 პროცენტით, აზერბაიჯანში – 160 პროცენტით, სომხეთში კი – 72 პროცენტით. ყოველივე ამის შედეგად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური განვითარებით (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) 2003 წლისთვის პირველ ადგილზე მყოფი საქართველო, 2006 წლიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აუტსაიდერია. ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით აზერბაიჯანი საქართველოსთან მიმართებაში თუ 2003 წელს შეადგენდა 95,8 პროცენტს, 2009 წელს, წინასწარი მონაცემებით – უკვე 169,5 პროცენტს; სომხეთი, შესაბამისად, 95,1 და 113, 2 პროცენტს.

აღნიშნული ეკონომიკური ჩამორჩენა მიმდინარეობდა იმავე პერიოდში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით, დემოგრაფიული მდგომარეობის შეფარდებითი გაუარესებით: 2009 წელს, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა, 2003 წელთან შედარებით, მხოლოდ 1,6 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანის მოსახლეობა გაიზარდა 5,7 პროცენტით, ხოლო სომხეთისა – 13,0 პროცენტით.

მოსახლეობის აბსოლუტური მატება (რისი მონაცემების ობიექტურობაშიც სერიოზული ეჭვის შეტანის საფუძვლები არსებობს) რევოლუციის შემდეგდროინდელ ექვსწლიან პერიოდში მაინც იმაზე ნაკლებია, რამდენიც იყო საქართველოს მოსახლეობის ყოველწლიური საშუალო მატება 1970-1980 წლებში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ავქტოქტონური მოსახლეობის მატების მხრივ, მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო არასახარბიელოა, რადგან სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც ამგვარი მოსახლეობის წილი გაცილებით მაღალია საქართველოსთან შედარებით ( შესაბამისად, 98%, 91% და 84%).

საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში 2009 წელს შემცირდა 2003 წელთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით – 27,4 პროცენტიდან 26,2 პროცენტამდე; იმავე პერიოდში საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიაში წარმოებულ მთლიან შიდა პროდუქტში თითქმის განახევრდა – შემცირდა 37,4 პროცენტიდან 18,9 პროცენტამდე.

ამჟამად საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის ეკონომიკურ პოტენციალში 7,3 პროცენტული პუნქტით დაბალია მისსავე წილთან სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში.

2003-2008 წლებში საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა 11,5-დან 16,5 პროცენტამდე. აბსოლუტურ გამოსახულებაში – 236,6 ათასიდან 315,8 ათას კაცამდე (34%-ით). უმუშევართა რაოდენობა იმავე პერიოდში ყოველ 1000 დაქირავებით დასაქმებულზე გაიზარდა 1,5-ჯერ – 381-დან 572-კაცამდე.

თემურ შაშიაშვილი,
ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” (“თეთრები”)

FactNews

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *