პროექტი “საქართველო-ჩემი ოჯახია”

tetr
“თეთრი მოძრაობის” ინიციატივის შესახებ, პროექტი “საქართველო-ჩემი ოჯახია”

გამომდინარე იმ ურთულესი მდგომარეობიდან, რომელიც შექმნილია საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გამძლეობია და მოთმინება, “თეთრ მოძრაობას” მიაჩნია აუცილებლად შემდეგი განცხადების გაკეთება:

არსებული ხელისუფლების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და მოწოდებები-დღეს ყველაზე აქტუალური და ქვეყანაში ჩამოყალიბებული სიტუაციიდან გამომდინარე სრულიად გასაგები თემებია. მაგრამ მათთვის, ვინც საქართველოს პატრონის, მის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებლის პოზიციებიდან აღიქვამს, არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი საკოთხები, რომელთა განხილვა,ანალიზი,არსებულ პრობლემათა გადაწყვეტის გზების მოძებნა და განხორციელება მხოლოდ მნიშვნელოვანი კი არა – სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჩვენ მრავალჯერ გვაქვს ნათქვამი და დღეს განსაკუთრებული ხაზგასმით გვსურს გავიმეოროთ: ქვეყანამ უნდა გაარკვიოს, რა მდგომარეობაშია! ქვეყნის მოსახლეობამ, მისმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა ქვეყანაში ცხოვრობენ. კერძოდ:

• რამდენი, ვისი და რა პირობებით აქვს აღებული ვალები ქვეყანას, ანუ თითოეულ ჩვენთაგანს.
• რა ქონების მფლობელია ქვეყანა, ანუ ჩვენ.
• რომელია ის ძირითადი რესურსები-ყველა სახის: -ბუნებრივი, ფინანსური, ინტელექტუალური, პოლიტიკური,გეოსტრატეგიული-რომელთა გამოყენებით შესაძლებელი იქნება კრიზისული სიტუაციის გაუმჯობესება და კონკრეტული, გასაგები და რეალიზებადი სამოქმედო გეგმების შემუშავება.
• რა არის მიმდინარე მომენტისათვის ჩვენი ქვეყნის, ანუ ჩვენი, ჩვენი ოჯახების პირველი რიგის გადაუდებელი ამოცანები, რადგან თუ გადაუდებელ ამოცანებს ვერ გადავწყვეტთ, სხვა ამოცანების გადაწყვეტის საჭიროება, შესაძლოა არც დადგეს დღის წესრიგში.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქეყნისთვის, თუ გინდ ნებისმიერი ოჯახისთვის:

• უსაფრთხოება;
• ჯანმრთელობის დაცვა;
• საკვებით უზრუნველყოფა;
• ენერგეტიკული უზრუნველყოფა;
• აუცილებელი გადათლების მიღება;
• ზრუნვა იმ თანამოქალაქეებზე,ანუ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, რომელთაც ამა თუ იმ მიზეზით დაკარგეს სახლ-კარი, სამუშაო, საარსებო საშუალებები;ზრუნვა სულიერ მემკვიდრეობაზე და მისი დაცვა;
• სამუშაო, რომლის ხარისხიანად შესრულებისათვის მიიღებ იმ გასამრჯელოს, რომელიც ხსენებული საკითხების მოგვარების საშუალებას მოგვცემს.
და ბოლოს, ალბათ მთავარი: შეგრძნება იმისა, რომ ხარ ოჯახის წევრი, რომელიც ზრუნავს ოჯახის კეთილ-დღეობაზე, ხოლო ოჯახი ზრუნავს თითოეულ მის წევრზე, ანუ ხარ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ზრუნავს ქვეყნის კეთილდღეობაზე, ხოლო ქვეყანა ზრუნავს და იცავს თითოეულ მის მოქალაქეს. განზრახული გვაქვს ამ საკითხებზე სერიოზულ, გულწრფელ,რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული მსჯელობის დაშვება საზოგადოების ყველა ფენის და სფეროს, მასმედიის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, ექსპერტეთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთობლივად. შეხვედრებუ ჩატარდება კვირაში ერთხელ, წინასწარ გამოცხადებული დღის წესრიგითა და რეგლამენტით. შეხვედრეს ექნებათ ღია ხასიათი, დასწრება-თავისუფალი. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სიმართლე ჩვენს შესახებ, ჩვენი ქვეყნის შესახებ, გამოვაცხადოთ ეს სიმართლე და ამ სიმართლის საფუძველზე მოვაწყოთ და მოვიწყოთ ის ყოფა და ცხოვრება, რომელიც სიმართლის მაძიებელსა და მომპოვებელს ეკადრება. ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, თითოეულ ჩვენს ოჯახს გაცილებით უკეთესი, გაცილებით უფრო ღირსეული და გაცილებით უფრო ბედნიერი ცხოვრება ეკუთვნის, ვიდრე ის ცხოვრება,რომლითაც დღეს ვცხოვრობთ. ამ პროექტის პარგლებში დაგეგმილი საქმიანობა, არავითარ შემთხვევაში არ გახდება მსჯელობა მსჯელობისათვის, არ გადაიქცევა თვითმიზნად. პრობლემების დაფიქსირების შემდეგ “თეთრი მოძრაობა” სხვადასხვა პარტიებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობის ნებისმიერ მსურველთა აზრის გათვალისწინებით, მოკლე ვადებში გამოაქვეყნებს კონკრეტულ გეგმებს მისი დაძლევისა. ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირთან როგორხ საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ მცირდება ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ინტენსივობა.პირიქით, ის უფრო და უფრო გაფართოვდება და გაღრმავდება, თუმცა ჩვენი კონკრეტული პოლიტიკური მიზნების განხორციელების პარალელურად მოვახდენთ პრობლემების განსაკუთრებით კი იმ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას, რომლებიც როგორც ზევით მოგახსენეთ სასიცოცხლო პრობლემებს წარმოადგენენ

პროექტის რეალიზაცია: “ქართული ექსპერტიზა”
(საექსპერტო-კონსალტინგური კომპანია)

თითქმის 20 წელია გასული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან, რაც საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 9 აპრილის აქტით დაფიქსირდა. განვლილი პერიოდი აღსავსე იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრობლემებით. დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; საქართველოს მოსახლეობის 25 პროცენტი ემიგრანტი გახდა, ხოლო 8 პროცენტი-იძულებით გადაადგილებული, ანუ ლტოლვილი; შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 35 პროცენტი უმუშევარია. 1991 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ხელისუფლების უუნარობის, უკიდურესად დაბალი კვალიფიკაციისა და სერიოზული პოლიტიკური შეცდომების გამო, ქვეყანა დღემდე ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის, მსოფლიოს რიგი წამყვანი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერა, სათუო გახდებოდა საქართველოს ფიზიკური გადარჩენის საკითხიც კი. აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეიმუშავა ქვეყნის განვითარების მეტ-ნაკლებად მისაღები პროგრამა, მოსახლეობის ძირითად სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, სულიერი და კულტურული განვითარების მიმდინარე და პერსპექტიული გეგმები. ყველაფერი ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც მისი ბუნებრივი რესურსების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ხოლო ჰიდრო-და ჰიდროენერგეტიკული რესურსებით, სულაც მსოფლიო ლიდერია; რომელსაც შეუძლია არა მარტო საკუთარი მოსახლეობის, არამედ მთელი რეგიონის უზრუნველყოფა ხილით, ბოსტნეულითა და ამ პროდუქტების გადამუშავებით მიღებული მრავალფეროვანი პროდუქციით; რომლის სანედლეულო ბაზა, თავისი მარაგების მოცულობითა და ხარისხით, უზრუნველყოფს ქვეყნის მსხვილ ექსპორტიორად ჩამოყალიბებას. მაგალითისათვის მხოლოდ წყლის (წლიური ჩამონადენი საქართველოს ტერიტორიაზე 70.000 კუბური კილომეტრი), მერქნის გადამამუშავებელი მრეწველობის (მერქნის მარაგი 440 მილიონი კუბური მეტრი), საშენ მასალათა მრეწველობის ( მოსალოდნელი წლიური ექსპორტი-200 მილიონი აშშ დოლარი) და ელექტროენერგიის გამომუშავების (ჯამური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი-160 მილიარდი კვტ/სთ წელიწადში) მაგალითების მოყვანა საკმარისია. უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის შემცვლელია ისეთი დარგები, როგორიცაა ტურიზმი და საკურორტო მეურნეობა. შეიძლება კიდევ მრავალი დარგის ჩამოთვლა, რომელთა განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვან ამაღლებას შეუწყობს ხელს. სწორედ ამ საკითხებთად დაკავშირებული კონკრეტული პროგრამებისა და ბიზნეს-წინადადებების შემუშავება არის კომპანია “საქართველო-2030”-ის ძირითადი ამოცანა.

კერძოდ, იგეგმება კონკრეტული პროექტების შემუშავება შემდეგ დარგებში:

I ეკონომიკური განვითარება; ეკონომიკური უსაფრთხოება
II ბუნებრივი რესურსების გამოყენება
III სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის ამაღლება
IV მრეწველობის განვითარება
V სოციალური განვითარების მრავალდარგოვანი პროგრამის რეალიზება.

თითოეული მათგანი, თავის მხრივ, რამდენიმე ძირითად საკითხს შეიცავს:

I ეკონომიკური განვითარება, ეკონომიკური უსაფრთხოება

• საბანკო სექტორის სტაბილურობის და საიმედოობის უზრუნველყოფა
• ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნება
• საქართველოს საგარეო ვალების მომსახურება
• საქართველოს ბუნებრივი რესურსების, ძირითად საშუალებათა სრული და საყოველთაო ინვენტარიზაცია-აღწერა
• იძულებით გადაადგილებულთა საფინანსო-ეკონომიკური მხარდაჭერა.
II ბუნებრივი რესურსების გამოყენება

• სასმელი წყლის ექსპორტი
(მეგა-პროექტი “ქართული წყალი”)
• მერქნის რაციონალური და ეფექტური გამოყენება
(მეგა-პროექტი “ქართული მერქანი”)
• სამშენებლო მასალების სანედლეულო ბაზისა და შესაბამისი საწარმოო სიმძლავრეების განვითარება
• სამთომადნო დარგის განვითარება

III სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის ამაღლება

• სოფლის მეურნეობაში დასაქმების მასტიმულირებელი სისტემის შემუშავება
• სოფლის მეურნეობის მანქანა-იარაღებით, სასუქებით და საწვავით უზრუნველყოფა
• უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვა
• მიღებული მოსავლის აღების, დაბინავებისა და სრული გამოყენების უზრუნველყოფა
• მწარმოებლის განთავისუფლება პროდუქციის რეალიზაციისგან
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი ქსელის ჩამოყალიბება
• ეკოლოგიურად სუფთა (საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად) პროდუქციის მძლავრი ბაზის ჩამოყალიბება
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თითეულ სახეობაზე საფინანსო, ტექნოლოგიური და მარკეტინგული პროგრამების შემუშავება

IV მრეწველობის განვითარება

• ელექტროენერგიის გამომუშავების 300 პროცენტით გაზრდა, (გამომუშავებული ელექტროენერგიის 60 პროცენტის ექსპორტის უზრუნველყოფა)
(მეგა-პროექტი “ქართული ელექტროენერგია”)
• მინერალური და სასმელი წყლის საერთაშორისო კორპორაციის ჩამოყალიბება
• სამშენებლო მასალების მეწველობის თანამედროვე სახის საწარმოთა ჰოლდინგის შექმნა
• მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა
• საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშაება
• რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი პოლიგრაფიული ბაზის ჩამოყალიბება
• ტურისტული ინდუსტრიის განვითარება
(მეგა-პროექტი “საქართველო გელით”)
• საკურორტო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანა

V სოციალური განვითარების მრავალდარგოვანი პროგრამის რეალიზება

• განათლების და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროექტების შემუშავება
• მეცნიერებისა და მოწინავე ტექნოლოგიების განვითარების უზრუნველყოფა
• ხელოვნების და კულტურის დარგების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება
• სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება
• მოსახლეობის საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბება
• მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ბაზის გაფართოება და განვითარება
• მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობა
• საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობის პროექტის შემუშავება
კომპანია “ქართული ექსპერტიზა”, უზრუნველყოფს თითოეულ ზემოთხსენებულ მიმართულებასა და საკითხზე ბიზნეს-იდეის, ბიზნეს-სქემის, ბიზნეს-წინადადებისა და საბოლოოდ, კონკრეტული ბიზნეს-გეგმის შემუშავების ორგანიზებას. ბიზნეს-იდეა და ბიზნეს-გეგმა შემუშავდება უშუალოდ კომპანიის თანამშრომელთა მიერ, ხოლო ბიზნეს- წინადადებისა და დეტალური ბიზნეს-გეგმების შემუშავებისათვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კომპანია გაუფორმებს ხელშეკრულებას, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებასთან დაკავშირებით.

გივი თალაკვაძე

თბილისი 2009 წლის ივლისი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *