ღირსების ულტიმატუმი

დუმილი დღეს ქვეყნის ღალატის, საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

 

gerbi1ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ. ”ღირსების ულტიმატუმში” ჩამოყალიბებული საკითხები არის უპირველესად მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი :

1. 2010 წლის პირველი იანვრიდან –

• პენსია ;
• მინიმალური ხელფასი;
• ლტოლვილთა შემწეობა;
• უმუშევართა შემწეობა;
• სტიპენდია

გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;

2. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;

3. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება;

4. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:
განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-ს.
უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .
მოსახლეობის სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.
სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.
მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10% – ის გამოყოფა

5. აღიარებული იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნება.

6. საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს საზოგადოებას, ტელეკომპანია ”იმედი” – მის ნამდვილ მეპატრონეს.

7. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .

8. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

9. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პურზე, შაქარზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია და შეიძლება ფასების განახევრება).

10. გაანალიზდეს (ოპოზიციის მონაწილეობით) კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

11. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა.

12. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების შედეგები.

13. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულ “ქუჩის მკვლელობათა” საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია.

14. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული და მიცემული პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.

15. თანამდებობიდან იქნას გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში(მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა).

16. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა.

17. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერებული იქნას 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.

18. გამოქვეყნდეს სუკ – ის აგენტების სიები.

19. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

20. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

21. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

22. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

23. გაანალიზდეს მეწარმეთა – იურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში.

24. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

25. პრეზიდენტმა შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც გაპრეზიდენტების შემდგომ გააუქმა და ამის თაობაზე არ ჰქონია გამოცხადებული წინასაარჩევნო პერიოდში.

”ღირსების ულტიმატუმის” მოთხოვნათა შესრულება შეჯამდეს 2010 წლის მარტში ეროვნულ კრებაზე. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნება ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებას წაუყენოს ”კონსტიტუციური ულტიმატუმი” ანუ გამოაცხადოს უნდობლობა.

ახალი პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაობა“ (,,თეთრები“)

დიმიტრი ყიფიანის საზოგადოება

თავისუფლებისა და მშვიდობის ფონდი

პარტია ,,ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“

კონსერვატიული პარტია

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის

საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრაიული კავშირი

ქალთა პარტია

პარტია ,,ჩემი საქართველო“

მოძრაობა ,,გადავარჩინოთ სიცოცხლე“

,,თბილისელი დედების კავშირი“

მოძრაობა ,,7 ნოემბერი“

ორგანიზაცია ,,რატომ?!“

,,სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისათვის“

,,საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი“

პროფესორები, მეცნიერების წარმომადგენლები:

მერაბ ჯიბლაძე, თემურ გუგუშვილი, გია ჭუბაბრია, ოთარ ჟორდანია, რეზო ბალანჩივაძე, ჰამლეტ მელაძე, გიგა ბათიაშვილი, სულხან ქემოკლიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით გოცირიძე, გივი თალაკვაძე, რობერტ ბაბლიძე, მარიამ ცაცანაშვილი, ოთარ გამყრელიძე…

ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლები:

დიმა ჯაიანი, რეზო ესაძე, ლევან ღვინჯილია, არჩილ გოგელია, მამუკა ღლონტი, მალხაზ გულაშვილი, ჯაბა ხუბუა, მამუკა ვაშაკიძე, რუსლან რუსია…

უცხოეთში მცხოვრები ქართველები:

მანუჩარ კაჭახიძე – ამერიკა

შოთა ჯიქია – თურქეთი

ქეთი კრებსები – შვეიცარია

გია სიგუა – უკრაინა

მაია ჩემია – რუსეთი

გიგა ლიპარტელიანი – რუსეთი

გულიკო წიკლაური – ამერიკა

მოკლული ბიჭების მშობლები:

იური ვაზაგაშვილი

სოსო რობაქიძე

ია მეტრეველი

ჯამბულ გამცემლიძე

სულ 23 ნოემბერს ხელი მოაწერა 1000-ზე მეტმა მოქალაქემ.ორი დღის განმავლობაში – 2000-ზე მეტმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *