არჩევნები – ბედნიერება გერმანიისათვის და უბედურება საქართველოსათვის

23_08_2013_14_54_41gerგერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნების შედეგები ნათლად ადასტურებს, რომ რაც დრო გადის საქართველოს სახელისუფლებო განწყობა კიდევ უფრო სცილდება ევროპას, დასავლეთს. გერმანიაში ლიბერალურმა პოლიტიკურმა ძალამ პირველად ვერ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადალახვა და ბუნდესტაგში ვერ მოხვდა. საქართველოში კი მთავარი ლიბერალები – „რესპუბლიკელები“ ბიძინა ივანიშვილის შემწეობით განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას.

გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატებმა ყველაზე მაღალ შედეგებს მიაღწიეს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, ანუ პუტინის მეგობრის, ანგელა მერკელის პოლიტიკურმა ძალამ წარმოუდგენლად მაღალი შედეგები აჩვენა არჩევნებზე. გერმანია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა რუსეთთან, ახერხებს იმას, რომ არათუ შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები რუსეთთან, არამედ ყველა დონეზე არნახულად უფრთხილდება, რათა არ მოხდეს ამ ურთიერთობების დაძაბვა. ამას აკეთებს ევროპის მთავარი ქვეყანა. ჩვენთან კი ცუდ ტონად ითვლება საუბარი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაზე.

გერმანელებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და იციან რუსეთთან ურთიერთობის ფასი. საქართველოში კი ხელისუფალნი ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსეთის ლანძღვა-გინებასა და მასთან დაპირისპირებაში. მსოფლიოს ეშინია გაღიზიანებული რუსეთის, საქართველოს „ნაციონალური“ ხელისუფლება კი მიზნად ისახავდა რუსეთის გაღიზიანებას, ამისგან თავისუფალი არც „ქართული ოცნება“ არ არის.
მსოფლიო შეაზანზარა იმ ფაქტმა, რომ გერმანიაში სამი თვის წინ შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ „ევროსკეპტიკები“, ამ არჩევნებში 5% მიიღო. დემოკრატიიულმა მსოფლიომ არ იცის ერთი ფაქტიც კი, ასეთ მოკლე დროში ასეთი მაღალი შედეგის მიღწევისა და რამდენად დამაფიქრებელია მსოფლიოსათვის, რომ ამას აკეთებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთიანი ევროპის და ერთიანი ევროპული ვალუტის წინააღმდეგ გამოდის.

გერმანელი ხალხი პრაგმატულია, ხელისუფლებაც პრაგმატული ჰყავს და შედეგიც საუკეთესო აქვს.
ეჭვი არ მეპარება, რომ თავისუფალი არჩევნების პირობებში ქართველი ხალხი ზუსტად იგივე განწყობას დაადასტურებდა, რაც გერმანელებმა გამოხატეს საპარლამენტო არჩევნებში. ზუსტად ასე მოხდებოდა ჩვენთანაც: 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდნენ „რესპუბლიკელები“, როგორც ეს მოხდა გერმანიაში გერმანელ ლიბერალებთან დაკავშირებით. განსხვავება იმაშია, რომ გერმანელები არ ირჩევენ ბელადების ხათრით და არც გერმანელი პოლიტიკოსები აყენებენ შეურაცხყოფას საკუთარ ხალხს – თავისუფალნი არიან ბელადომანიისაგან. ჩვენ მუდმივად ვიღაცის, ძირითადში ბელადის ხათრით ვირჩევთ, ეს კი ნიშნავს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას.
გერმანიაში იმ პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა, რომლებიც უპირველესად საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობენ და აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკა მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით.

საქართველოში „ნაცმოძრაობამ“ შექმნა ქვეყნიდან ძირძველი მოსახლეობის გაყვანის და ქვეყანაში არაქართული ცნობიერების მოსახლეობის შემოყვანის ინდუსტრია. არათუ პატარა, დიდი ქვეყანაც ვერ გაუძლებდა საკუთარი მოსახლობის 30%-ის ქვეყნის გარეთ გასვლას და ქვეყანაში არაბული ქვეყნების, ირანის, თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის წარმომადგენელთა ასეთ მასობრივ შემოდინებას. აშკარაა, რომ ხელისუფალთა უაზრო პოლიტიკით საქართველო მძიმე აზიური განწყობის ქვეყანა ხდება უმძიმესი ურბანული პრობლემებით.

ბედნიერებაა გერმანიისათვის, რომ იქ ხალხი არჩევნების დროს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და უბედურებაა საქართველოსათვის, რომ არჩევნების დროს ხალხი ნაცნობ-მეგობრობით და კიდევ უფრო უარესი, ბელადების ხათრით აკეთებს არჩევანს.

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
23.09.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *