ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენელი წარმატებით ებრძვის საკუთარ თავს

temiriრაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დაცილდა მის მიერვე დეკლარირებულ მიზნებს. მისი დღევანდელი პრესკონფერენცია ამის დასტური იყო. ვერ გეტყვით, ეს მისი გარემოცვის გავლენაა, თუ გაუმართლებელი თვითკმაყოფილების, უფრო მეტიც, სხვებისთვის შეურაცხმყოფელი თვითდაჯერებულობის. ფაქტი ერთია, ხალხის, განსაკუთრებით მოაზროვნე ადამიანების და მისი პირადი შეფასებები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან, პრემიერი თვლის, რომ „წარმატებული მთავრობაა“, „ყველაფერს სწორად აკეთებენ“, „აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ“.

შთაბეჭდილება რჩება, რომ პრემიერს რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული. არც შევადარებთ ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს. პრემიერის უპირატესობა იმდენად გამოკვეთილია, რომ ეს განხილვის საგანიც არ არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ თუ სააკაშვილი ტყუილებში გვაცხოვრებდა და ეს იყო კატასტროფა, ივანიშვილი ილუზიებით გვკვებავს. სამწუხაროა.
ადამიანურად განვიცდი და ეს განწყობა ბევრს აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენელი წარმატებით ებრძვის საკუთარ თავს.

ვინ დაიჯერებს, რომ მან და მისმა მთვრობამ შეუძლებელი შეძლო, როცა უამრავი ძლიერი სპეციალისტი, უამრავი მაღალერუდირებული ადამიანი პრაქტიკულად უსაქმოდ და უყურადღებოდაა დატოვებული.

ვინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია – დაღუპულა ქვეყანა, თუ ქვეყნის დამანგრეველი იდეოლოგიის ინსტიტუტების: „სოროსის ფონდის“, „თავისუფლების ინსტიტუტის“ და ენ-დი-აი-ს შექმნის სათავეებთან მდგომ და დღესაც მათ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს ასე უჭერს ხალხი მხარს. იმედია, მარგველაშვილის ასეთი მაღალი შეფასებით არ გამინაწყენდებიან მისი მეგობრები: ლევან რამიშვილი, თემურ იაკობაშვილი, გიგა ბოკერია, გია ნოდია, თეა თუთბერიძე, ნიკა რურუა, გოკა გაბაშვილი და სხვები.

ნუთუ მართლა ვინმეს სჯერა, რომ მარგველაშვილი წარმატებული მინისტრი იყო, მითუმეტეს წარმატებული პრეზიდენტი იქნება. ვინ დაიჯერებს, რომ საქართველო დემოკრატიის გზით მიდის, რომ ევროპულ ფასეულობებს ნერგავს პრემიერი, როცა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი – საკრებულოს რიგითი წევრით დაწყებული, გამგებლით, მერით, დეპუტატით, მინისტრით გაგრძელებული და პრეზიდენტით დამთავრებული – ერთი კაცის ხათრით უნდა შეირჩეს.

ვინ დაიჯერებს, რომ სწორია რესპუბლიკელების და მათი ლიდერის ასეთი ქება – დიდება, როცა გამანადგურებელ ეპითეტებს გამოიყენებს პარლამენტს გარეთ მდგომი არაერთი ლიდერის მიმართ.

მინდა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ პრემიერი გადიდკაცდა, საკუთარ თავზე კარგავს კონტროლს. სამწუხაროა, რომ ეს ემართება ქვეყნისთვის აშკარად საჭირო კაცს, უდაოდ ნიჭიერს, რომლისთვისაც მისივე პოლიტიკური გუნდი ხდება ხელშემწყობი სწორედ გადიდკაცების. პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოაზროვნე ადამიანებისთვის უკვე პოლიტიკურ ჭაობს ემსგავსება და ითრევს ჯანსაღ ნაწილსაც, პრემიერის ჩათვლით.

სხვა შეფასება ვერ მიეცემა იმპერატიულ მოთხოვნას ბატონ მარგველაშვილის გამარჯვებისა. უფრო მეტიც, სარგებლობს რა, ხალხის კეთილი განწყობით და მიიჩნევს რა, რომ რადაც  არ უნდა დაუჯდეს, შეასრულოს დავალება მარგველაშვილის გაპრეზიდენტების თაობაზე, მიდის დემოკრატიული აზროვნებისა და დემოკრატიულ პრონციპებისათვის აბსოლუტურად მიუღებელზე, როცა ამბობს, რომ თუ მისი პროტეჟე პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვებს, მან მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.  ეს უკვე შანტაჟის გზაა,რაც შეურაცხმყოფელია საქართველოსათვის, საქართველოს მოსახლეობისათვის, ქართული აზროვნებისათვის.

დამაფიქრებელია, რომ ამ ანტიდემოკრატიულ გამოთქმას მყისიერი შეფასება არ მოჰყვა ამერიკაში, საერთოდ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. გავიხსენოთ როგორი მყისიერი და მკვეთრი შეფასებები მოყვა ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს პრეზიდენტ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის  20 იანვარს დასრულებასთან დაკავშირებით. კანონიერ მოთხოვნას დასავლეთის პროტესტი მოჰყვა, უკანონო და ანტიდემოკრატიულ განცხადებას, ოფიციალური წრეების სრული დუმილი. სწორედ ეს ადასტურებს, რომ მარგველაშვილის გაპრეზიდენტება – დიდი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ.

ამ აზრს გვიძლიერებს ნიუ–იორკის საიტზე chictopia.com გამოქვეყნებული ამერიკელი პოლიტტექნოლოგების სკანდალური ინსტრუქცია “ნაციონალურ მოძრაობას” ენ-დი-აის მომავალ კვლევებთან დაკავშირებით: ნახეთ, რა მზაკვრული რჩევა და ჩანაწერია: “…გთავაზობთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა „NDI“-დან გამოაქვეყნონ კვლევის ისეთი შედეგები, რომელიც არ დაუშვებს დაეჭვებას:1. მეორე ტურის პერსპექტივაში; 2. დავითი ბაქრაძის მეორე ადგილში; 3. ბურჯანაძის პოზიციების სრულ უპერსპექტივობაში..“

შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეთრების“ პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან, მით უფრო, „ნაციონალების“ დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციიდან და უნდა დავიწყოთ დიდი სახალხო მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად “ოცნებისა” და “ნაცების” გარეთ – ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული მიზნების გადარჩენაც იქნება!

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე
თემურ შაშიაშვილი
17.10.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *