ვოცნებობ ეროვნული იდეით გაბრწყინებულ საქართველოზე

shashiashvili2-150x150

 ტკივილით ნათქვამი

(აუდიოჩანაწერის სტენოგრამა)

 

დღეს შაბათია, 2013 წლის 26 ოქტომბერი, არჩევნების წინა დღე. ჩვენ დღეს მხოლოდ პროგნოზზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

  • რა გვჭირდება ჩვენ? – ეროვნული იდეა.
  • რა იყო ქართველთათვის, საქართველოსათვის ეროვნული იდეა ისტორიულად?-ეროვნული იდეით გაბრწყინებული სამშობლო.
  • რა ძალას მოყავს მოქმედებაში ეროვნული იდეა? -ნიჭის ძალაუფლებას.
  • შედეგი ? – ინტელექტით გაბრწყინებული საქართველო -აი, ეროვნული იდეის გზა.

ინტელექტი პირდაპირ არის  დაკავშირებული ბუნებასთან, სადაც ადამიანი, ერი, ქვეყანა ცხოვრობს. ინტელექტი პირდაპირ არის დაკავშირებული  ჰაერთან, წყალთან, მიწასთან.

  • როდის ხდება ნიჭზე ორიენტაცია, ნიჭის ძალაუფლებით გაბრწყინება?  – როდესაც ქვეყნის პირველი პირი, ხელისუფლება აერთიანებს და არ ანაწევრებს, კონსოლიდაციას უკეთებს და არ აპირისპირებს, როცა პრეზიდენტი ანგრევს იდეოლოგიურ საზღვრებს, ლეწავს პარტიულ საზღვრებს, რაც დღემდე ვერავინ შეძლო. სიტყვით დეკლარირება გააკეთა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 29 ოქტომბერს არჩევნების მეორე დღეს. ჰქონდა ეს სურვილი, ეს განწყობა, მაგრამ გარემოცვამ არ მისცა ამის რეალიზაციის საშუალება.

როცა სუსტები გიდგას გვერდით, ძლიერისკენ არ გიშვებენ, თუ  თვითონ არ ხარ ძალიან ძლიერი.

საქართველო ერთიანი იქნება მაშინ, როდესაც უმაღლესი ხელისუფლება შეძლებს შიგა  პოლიტიკური საზღვრების მოშლას. სხვანაირად  ერი ვერ შეძლებს ისტორიულ ფარგლებში საქართველოს ვერც აღდგენას და მით უფრო, ვერც მის გაბრწყინებას.

ასე  მივადეგით  ჩვენ ეროვნულ იდეას:

  • ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო.

ეროვნული იდეა ჩვენს შემთხვევაში სრულიადაც არ ნიშნავს მხოლოდ ქართულს. ჩვენ ევროპული გზით წავიდეთ, როგორც ეს დიდი ისტორიის დემოკრატიულ ქვეყნებშია, სადაც ეროვნული იდეა აერთიანებს ყველას და ეროვნულ იდეაში იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ეთნოსი, რომელიც კი წარმოდგენილია ამა თუ იმ მრავალეროვან სახელმწიფოში.

ისტორიულ საზღვრეში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო – ეს შეუძლიათ სულით ხორცამდე  ქვეყანაზე შეყვარებულ ადამიანებს, პრეზიდენტს, რომელიც გარედან არ იმართება, პრეზიდენტს, რომლისთვისაც მისი ქვეყანა და მისი ქვეყნის ინტერესები არის უმთავრესი, და ამავე დროს აზროვნებს პლანეტარულად.

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი სწორედ ეროვნული იდეით და მისი რეალიზების მთავარი მექანიზმებით წარმდგარიყო ქვეყნის წინაშე. ეროვნული იდეა ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო და მისი რეალიზებაა, ნიჭის ძალაუფლებაა. პრეზიდენტი, რომელიც ამისათვის დალეწავს პარტიულ საზღვრებს. აი, ასეთ პრეზიდენტზე ვოცნებობ, რომელიც აერთიანებს და არ ანაწევრებს, ამას ხშირად ხშირად მინდა გავუსვა ხაზი. ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს. ერის გონებაში, პრეზიდენტი ღმერთის მსახურია და არა ეშმაკის.

სათქმელი უამრავია. .. ნიჭის ძალაუფლება, ეს უმნიშვნელოვანესია, რომელიც აშინებს სუსტს და მოტივს აძლევს ძლიერს… აშინებს სუსტს და მოტივს აძლევს ძლიერს.

ვოცნებობ ისეთ ხელისუფლებაზე,. რომელიც საქართველოში დაამთავრებს თითოეულის და ყველას დამამცირებელს – ბრძოლას არსებობისათვის. ხელისუფალთა ქმედება დღემდე  ხალხს აცხოვრებს არსებობისათვის, მაშინ როცა ხელისუფლებაა ის, რომელიც თითოეულს და მთელ ხალხს აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა – ნიჭზე ორიენტირებული და ნიჭის რეალიზაციის მექანიზმებით სავსე.

ქვეყანაში, რომელსაც სურს ნიჭზე იყოს ორიენტირებული, პირველი ხელისუფალის სალაპარაკო ლექსიკონიდანაც კი უნდა ამოვიდეს ის სიტყვები, რომლებიც თუნდაც ორ ადამიანს აპირისპირებს, აღარ ვსაუბრობ უარესზე.  ხელისუფალი, რომელიც ლანძღვით, გინებით და დაპირისპრებით არის სავსე, ის სიძულვილს აძლიერებს ქვეყანაში. ვიმეორებ, სიძულვილს აძლიერებს ქვეყანაში.  ხალხს მაღლიდან კი არ უნდა უყურებდეს, არამედ ხალხი მიჰყავდეს სივრცეში, სადაც ბრძოლა არსებობისათვის შეცვლილია ბრძოლით ნიჭის რეალიზაციისათვის. ეს არის გონების ქვეყანაში დაბრუნება ემოციის და აგრესიის ქვეყნიდან. სადაც ემოცია ჭარბობს, იქ აგრესიაა ძლიერი, სადაც გონება ჭარბობს, იქ სიმშვიდეა, იქ  სიწყნრეა. იქ ადამიანი გონით მუშაობს.

ვინმე იტყვის, მაშინ როგორ აღვადგინოთ სამართლიანობა? სამართლიანობა არ უნდა აღვადგინოთ, სამართლიანობა უნდა იყოს.  როგორ უნდა იყოს მაშინ სამართლიანობა, თუ პასუხს არ მოვთხოვთ? პასუხს უნდა ვთხოვდეთ, მაგრამ აქაც ფუნქციებია განაწილებული: ხელისუფლება წარსულს აანალიზებს და მომავლით ცხოვრობს – ესაა ქვეყანა და მას წარსულის ანალიზი სჭირდება, რომ სწორედ შეხედოს მომავალს. მაგრამ თუ წარსულში იყო შავი წერტილები? ამისთვის ქვეყანას ჰყავს პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო… წარსულის შეცდომებისათვის ეს რგოლები აგებინებენ პასუხს ნებისმიერს. პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამაზე არ უნდა ფიქრობდეს. მთავრობა ფიქრობს მხოლოდ მომავალზე.

დაპირისპირების არსებული სისტემების ნგრევით მაღალი რანგის ხელისუფალის ნებისმიერი სიტყვა და ქმედება უნდა იყოს მომავლით ცხოვრება, მომავლის საქართველოს ხალხისათვის დანახვება.

 

* * *

 არ მინდა უფრო ღრმად შევიდე ამ მსჯელობაში, მაგრამ ყველას ვთხოვ, გაიხსენეთ პოლიტიკოსთა ბოლო გამოსვლები, განსაკუთრებით ქვეყნის პირველ პირთა ბოლო გამოსვლები. სააკაშვილის ნებისმიერი გამოსვლა, საუბარი, ქმედება, ჟესტიკულაცია დაპირისპირებაზე იყო ორიენტირებული.

რა კარგი იყო ბატონი ბიძინა პირველ პერიოდში! მომავლის პროგრამებზე ღიად საუბრობდა, არ იყო ჩაფლული პოლიტიკურ ინტრიგებში. ბრწყინვალე იყო… კარგი იყო… სრულიად სხვანაირად ჩანდა…

როგორც კი შეითრიეს უკადრის ომში, მისი ყველა გამოსვლა გახდა ვიღაცის ლანძღვა, ვიღაცის გინება, ვიღაცასთან დაპირისპირება…,

ეს კატასტოფაა ქვეყნისათვის. ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის… ქვეყნისათვის, რომლის ეროვნული იდეაა ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო. ასეთი ქვეყნისათვის ბრძოლაში ერთი ქართველიც კი დიდი ფიგურაა, ერთი მოქალაქეც კი ჩვენი ქვეყნის დიდი ფიგურაა…

გაშალეთ პრესა, გაშალეთ გაზეთები. ის ასახავს რეალურ ცხოვრებას … და რაც წერია, თუ ასეთია რეალური საქართველო, ეს არის ქვეყანა, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის.

ბრძოლა ყველა ყველას წინააღმდეგ უნდა შეცვალოს ბრძოლამ – ყველა საქართველოსათვის. პრეზიდენტს შეიძლება ეპატიოს ყველაფერი, გარდა ერთისა – ეროვნული იდეის უარყოფა და ქართული ცნობიერებისადმი წინააღმდეგობა.

პრეზიდენტი შეიძლება იყოს კაცი, ვისაც სიძულვილის გრძნობა აქვს დაკარგული.

ეს არის ჩემი ფიქრები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. იმ არჩვენებამდე, რომელზეც ჩემი პროგნოზი ეყრდნობა ხალხის განწყობას, მაგრამ ვერ თავსდება ხელისუფლების და მათი უცხოელი დამკვეთების ინტერესებში. ხალხის განწყობა არის ორიენტირებული ქართული ცნობიერების პატივისმცემელზე. გარე ინტერესი კი,  გარე ინტერესების დამცველზე. დიდი წინააღმდეგობაა… გარე ინტერესი ებრძვის ეროვნულს. გარე ინტერესი ეროვნულს წარმოადგენს, როგორც კარჩაკეტილობას.  დიდი შეცდომაა ეს. არ შეიძლება ეროვნული ინტერესი კარჩაკეტლობას ნიშნავდეს.

მე როცა ვამბობ, რომ ჩემი პროგნოზი ემთხვევა ხალხის განწყობას, ის ასეთია:ბედნიერი იქნება საქართველო, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. დემოკრატიის მამები ამბობდნემ, რომ დემოკრატია გახლავთ არა არჩევნები, არამედ არჩევანის თავისუფლება. ჩვენ არ ვართ ამ არჩევნებზე თავისუფალნი არჩევანში. არჩევანში  მაშინ ხარ  თავისუფალი, როცა ყველაფერი იცი  კანდიდატის შესახებ, როცა არ ხარ საინფორმაციო და მერკანტელური ინტერესების წნეხის ქვეშ. შენ შეკრებულობის მწვერვალზე ხარ. როგორც გენიოსები ამბობენ, გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი უნდა იყოს შეკრებულობის მწვერვალზე, ანუ მას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და სრულად იყოს თავისუფელი. როცა  უნდა აირჩიო ვინმეს ხათრით… ეს არ არის თავისუფლება.. ეს არ არის არჩევანის თავისუფლება. პრეზიდენტი, თუნდაც დანიშნული, უნდა აღმოჩნდეს ეროვნული იდეის დონეზე, დალეწოს პარტიული, პოლიტიკური საზღვრები.

 

* * *

ფიქრებში ისტორიული პარალელი ტივტივებს:

ჭყონდიდელი ბაგრატის ტაძარში 16 წლის მეფეს ადგამს გვირგვინს.  მეფე ეკითხება: რა გავაკეთო ისეთი, რომ ხალხი გავაერთიანო? ბრძენი ჭყონდიდელი პასუხობს: ღირსება დაუბრუნე ხალხს.

გენიალურია!!! თვით დავით აღმაშენებელი ეყრდნობოდა ძლიერს და იცავდა სუსტს. უნიკალურია. დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო მიისწრაფვის ამ იდეის რეალიზაციისაკენ.

დააკვირდით, ღირსებადაბრუნებული ადამიანი და მეფე – ორიენტირებული ძლიერზე!!! საყრდენად  – ძლიერი, დასაცავად- სუსტი. აი ქვეყანა! აი, ეროვნული იდეით გაბრწყინებული სახელმწიფო… აი, გზა, რომელიც ისტორიულ საზღვრებში აღადგენს და გააბრწყნებს საქართველოს. ღირსებადაბრუნებული ადამიანი. ადამიანი, რომელიც იბრძვის არა არსებობისთვის, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ნიჭის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. აი, ქვეყანა! ქვეყანა, სადაც პირველი პირი ეყრდნობა ძლიერს, პირველ პირს უყვარს ძლიერი, არ ეშინია ძლიერის და იცავს სუსტს. ზოგადსაკაცობრიო ფორმულაა!

ეს არის, რაზეც დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა იმსჯელა და თქვა, რომ მსოფლიოს მომავალი არის კაპიტალიზმის უმაღლესი მიღწევის ანუ კონკურენციის, შეერთება ევროპული სოციალიზმის საუკეთესოსთან, ანუ   ადამიანის დაცულობასთან. მას კონვერგენციის თეორია ეწოდა.

ჩვენმა მეფემ ათი საუკუნის წინ თქვა ეს. რაც თავისთავად ნიშნავს ადამიანისათვის ღვთით  ბოძებული უფლების  პატივისცემას. მე ასეთი საქართველო მინდა.

ყველაფრისთვის მზად ვარ – ოღონდ მწამდეს და ვიცოდე, რომ ხელისუფლება ეროვნული იდეით არის სავსე; მწამდეს და ვიცოდე,  რომ ხელისუფალი ღირსებას კი არ ართმევს, ღირსებით აცხოვრებს კაცსაც და ერსაც და ქვეყანასაც; მწამდეს და ვიცოდე, რომ ხელისუფალი ძლიერს კი არ ებრძვის, ეყრდნობა, მხარს უჭერს, გვერდით უდგას და სუსტს იცავს.  სწორ არჩევანს, თავისუფალ არჩევანს ეს შედეგი მოაქვს.

 

* * *

თუ ორშაბათს მართალი არჩევნებით იქნება დასრულებული ერთი ეტაპი, თუ მთელი პროცესი, ეს იქნება უკვე გზა გაბრწყინებული საქართველოსაკენ, ეროვნული იდეით გაბრწყინებული საქართველოსაკენ. იდეით, რომელსაც ქვია ისტორიულ საზღვრებში აღდგენილი და გაბრწყინებული საქართველო. მაგრამ ვაი, თუ ეს დონ კიხოტის განწყობის ფიქრებია და ხელისუფალთა თუ ხელისუფლებისათვის მებრძოლთა სიტყვები – „ერი“, „ეროვნულობა“, „სამშობლო“, „საქართველო“ – სატყუარაა  ხალხისათვის გადაგდებული. როგორ არ მინდა ეს! როგორ არ მინდა ეს იმ ქვეყანაში, რომელსაც ღმერთმა ასეთი ბუნება უბოძა.იმ ქვეყანაში, რომელსაც ღმერთმა ასეთი წყალი უბოძა, იმ ქვეყანაში რომელსაც ღმერთმა უთხრა, რომ ივერია გაბრწყინდება! იმ ქვეყანაში,სადაც ღმერთმა უპირველესად ინტელექტი აქცია…

ბევრი მაქვს სათქმელი…

აი ეხლა, ჩემი სახლიდან ვხედავ მამა დავითს, სადაც სწორედ ის სულია, რომელიც საქართველოს ამოძრავებდა, სადაც ღმერთია და ის ადამიანები არიან დაკრძალული, რომლებმაც იცხოვრეს ეროვნული იდეით და წავიდნენ ამ ქვეყნიდან ეროვნული იდეით…  ეხლა ზეცაში არიან.

დღეს ასე მესახება მე ეროვნული იდეით სავსე კაცი: მიწაზე მაგრად დგას და მიდის ზეცისკენ.  ეს არის მიწის და ზეცის – ქართული მიწის და ქართული ზეცის გაერთიანება. ქართული სულებით სავსეა ზეცა და მათი ღირსნი უნდა ვიყოთ მიწაზე, რაც შეიძლება ვუახლოვდებოდეთ მათ სულიერად, ინტელექტუალურად, აზრობრივად…

სიკეთე, ძლიერება ჩვენს ქვეყანას… დავით აღმაშენებლის გზა ჩვენს ქვეყანას. დავით აღმაშენებელის გზა, ანუ ქვეყანა, სადაც ადამიანი ღირსებით ცხოვრობს; სადაც ძლიერს ეყრდნობიან, სუსტს ეხმარებიან; ქვეყანა, რომელიც ნიჭით არის გაბრწყინებული; ქვეყანა, სადაც არის მხოლოდ ერთი ძალაუფლება  – ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

შაბათი დღე, 26 ოქტომბერი, 2013 წელი, საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღე

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *