სიყვარული აგვამაღლებს!
მეგობრებო,ეს 20 წლის წინ დაიწერა და გამოქვეყნდა გაზეთ “იმერეთის მოამბეში”, დაეგზავნა ,როგორც უმაღლეს ხელისუფალთ,ასევე ხელისუფლების ყველა შტოს მთელი ვერტიკალის წარმომადგენლებს . არაფერი შეცვლილა, გაუარესება კი მოხდა და კატასტროფული სიჩქარით მიდის… მე.ამ განწყობით ვცხოვრობდი და ასევე ვაპირებ გაგრძელებას!დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე წაიკითხავს!დარწმუნებული ვარ,ეს წერილი, ბოლოში მინიშნებულ მეორესთან
ერთად მოგცენთ პასუხს ბევრ კითხვაზე,რომელიც ჩემთან,ჩემს აქტივოვასთან,ჩემს დღევანდელ პოზიციასთან დაკავშირებით გიჩნდებათ!სწორედ ეს განწყობაა მთავარი ,დღეს რომ ვსაუბრობ მორალურ ადამიანთა ერთობასა და განახლებულ ეროვნულ მოძრაობაზე!
თეიმურაზ შაშიაშვილი
2021წ”
შეხვედრა ახალ წელთან ყოველთვის დიდ ადამიანურ განცდებთანაა დაკავშირებული. ზნეობრივი ადამიანი ამ დროს ინანიებს შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდის ყველას ვისაც აწყენინა, ფიქრობს ქვეყნაზე, მამულზე, ოჯახზე ამქვეყნიურ ყოფაზე, ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულებსა და უპოვრებს – როგორც ჩვენში იტყვიან, უშურველია. კაცისთვის ეს პერიოდი ზნეკეთილობით არის სავსე.
ამ განწყობას ამძაფრებს ის, რომ ჩვენ ვხვდებით არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ ახალ საუკუნეს, ახალ ათასწლეულს. განსაკუთრებულია ამ დროს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობა მისი არსებობის, მისი ყოფნის გამო. ზომა არა აქვს ამ დროს ხელისუფლებაში ყოფნისთვის პასუხისმგებლობას. ეს მართლაც, უმძიმესი ტვირთია.
უმძიმესია იმის გამო, რომ ქვეყანა მშიერი და დაუძლურებულია. მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში კი სიკეთე გათითოკაცებულია, ხოლო ბოროტება ერთ მუშტად არის შეკრული და კუჭი იმარჯვებს გონებაზე. ეს უკვე აზროვნების სიძნელეა.
სწორედ რომ გაუსაძლისი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, ხელსუფლება ამ დროს უნდა ინანიებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს, ბოდიშს უხდიდეს ხალხს ამ ყოფისთვის, უნდა ინანიებდეს თავის შეცდომებსა და ცოდვებს ყოველი ადამიანიც, ორთავე კი უნდა იკრებდეს ძალას – მადლიერებით აცილებდეს მეორე ათასწლეულს, მეოცე საუკუნეს, და იმედით ხვდებოდეს მესამე ათასწლეულს, ოცდამეერთე საუკუნეს, 2001 წელს!
რით არის საამაყო ეს საუკუნე და რა გვაძლევს ძალას გავუძლოთ გაუსაძლისს?
უპირველესად ჩვენი გენეტიკური კოდი, ტრადიციული სიბრძნე და გპონიერება. რაც მთავარია შეგრძნება და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ყველამ, ვინც დღეს ცოცხლები ვართ, შევძელით ახალ ათასწლეულში საქართველოს შეყვანა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისა.
კაცობრიობის განვლილი პერიოდი, მეორე ათასწლეული, მეოცე საუკუნე და მისი ბოლო ათწლეულები გამორჩეულია იმით, რომ მეცნიერულად დასაბუთდა სულის უკვდავება. სასწაულია ის, რომ რელიგია უფრო დიდი მეცნიერება აღმოჩნდა, ვიდრე საკუთრივ მეცნიერება.
სად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი მომავალი?
საქართველოს სიძლიერე, მისი მომავალი მის ისტორიულ ფესვებში, წინაპართა ტრადიციებისადმი ერთგულებაშია, ჩვენს სარწმუნოებასა და ეკლესიურობაშია, ჩვენს ენაშია, ჩვენს ოჯახში და ოჯახიშვილობაშია.
ვინ ვიქნებით ჩვენ, თუ ჩვენი წინაპრების რელიგიას ვუღალატებთ, ჩვენს წინაპრებს არ დავაფასებთ, ჩვენს ბებიას და ბაბუას არ ვცემთ პატივს, თუ ჩვენს ენაზე – ქართულ ენაზე არ ვისაუბრებთ? (ადამიანი ენობრივი არსებაა – დიდი სიბრძნეა ამ თქმაში).
ჩვენს ვიქნებით წარსულის ქვეყანა — ისე დაკარგული და განადგურებული, როგორც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ბევრ ხალხს დაემართა.
რა ვქნათ, ჩავიკეტოთ?
ცივილიზებულ სამყაროში ყოფნას თითოეული სახელმწიფოსათვის, ყოველი ერისა და ხალხისათვის სამი საყრდენი აქვს: ისტორიული ფესვი, ინტელექტი, ეკონომიკა. მსოფლიოს ინტელექტი და ბიზნესი აერთიანებს – არც ერთს აქვს ეროვნება და არც ერთი არ (ვერ) იკეტება სახელმწიფო საზღვრებში.
ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერი ვართ ჯანსაღი და ძლიერი ისტორიული ფესვით. ჩვენ ძლიერი გენეტიკური კოდის, დიდი ინტელექტის ერი და ქვეყანა ვართ, ასეთი წარსულისა და მსოფლიო გონის ქვეყანას არ ეკადრება ასეთი ეკონომიკა და ბიზნესი – დაბინძურებული, კორუმპირებული, უინტელექტო და ძირითადში, გაუნათლებელი, სიხარბით სავსე ადამიანთა ხელში. სახელმწიფო კი არ უნდა ებრძოდეს მდიდარს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის გამდიდრებას, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს კანონიერად და არა ძარცვა – გლეჯვით, და არა ხალხის გაღატაკების ხარჯზე.
უბედურებაა, როცა მდიადრი ხარ, მაშინ, როცა უღარიბესად ცხოვრობს წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი, როცა შიმშილობს მასწავლებელი.
ამ ეპოქას უზნეო მდიდართა ეპოქა ჰქვია. ეს ის ეპოქაა, როცა ხელისუფლებამ უზნეო გაამდიდრა, მის ფეხქვეშ გაეგო. ეს ის ეპოქაა, როცა სახელმწიფო არ ებრძვის უზნეო მდიდარს, არამედ უზნეო მდიდრები ებრძვიან სახელმწიფოს, ქვეყანას, ერს, მომავალს.
ფული გაუნათლებელი,ურწმუნო და უზნეო ადამიანების ხელში დამანგრეველია ქვეყნისათვის, ხრწნის ერსა და ხალხს.
ფულს მაშინ აქვს ძალა, როცა იგი ზნეობრივი ინტელექტუალის ხელშია.
აი, სად უნდა მოხდეს სასწაული. იგი ჩვენმა ისტორიულმა ფესვმა და გენმა უნდა მოახდინოს. განმსაზღვრელი ამ ბრძოლაში საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის პოლიტიკური ნებაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი ჯერ არ ჩანს.
ახალ ათასწლეულში სასწაული მოხდება სამყაროში – კაცობრიობას ერთი მეფე ეყოლება – განათლება .
განათლებული კაცი, მართლაც მეფე იქნება, გაუნათლებელი – მონა. ჩვენ განათლებულთა, მეფეთა ქვეყანა უნდა ვიყოთ – ქვეყანა, სადაც ადამიანი , მისი თავისუფლების ხარისხი იქნება ზომა.
არც ერთი ტყვეობა არ ვარგა, მაგრამ არაფერი არ სჯობს ზნეობის ტყვეობაში ცხოვრებას. სწორედ ზნეობის ტყვეობაში ცხოვრება იქნება ადამიანის თავისუფლების მწვერვალი.
● ბედნიერია ერი, სადაც ბავშვია პრიორიტეტი, მადლიერება და პატივისცემა უფროსი თაობებისადმი, მხარდაჭერა და კეთილი განწყობა ინვალიდის, შრომისუუნაროს, მიუსაფარისადმი, სადაც აფასებენ და მხარს უჭერენ ნიჭიერს, ძლიერს, კაი კაცს, პატიოსნებას, სადაც ჭეშმარიტებას აქვს სიმაღლე ყველა სხვა ღირებულებაზე, სადაც ადამიანობა უფრო ფასობს, ვიდრე თანამდებობა, სადაც თანამდებობა სულგრძელთ, გონიერთ, რწმენის ადამიანებს, ოჯახიშვილებს, ქვეყნისა და ხალხის ერთგულთ უჭირავთ.
● ბედნიერია ერი, ქვეყანა, მხარე, ქალაქი, რაიონი, სადაც მასწავლებელს ეფერებიან, ხელისგულზე ჰყავთ, სადაც არ ებრძვიან მწერალს, მეცნიერს, ხელოვანს, კულტურის მოღვაწეს, სპორტსმენს, სადაც მართვა მეცნიერებასს ეყრდნობა, სადაც მეცნიერებს, სიბრძნით სავსე ადამიანებს ეთათბირებიან, სადაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდობას, სტუდენტობას, და, სადაც იზრდება საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე ახალგაზრდობის, მეცნიერების ზეგავლენა, სადაც არ ებრძვიან პრესას და ტელევიზიას, სადაც ძლიერია სამოქალაქო ინსტიტუტები, სადაც ხელისუფლება მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებს – თმობს მთელ რიგ ძალაუფლებას მათ სასარგებლოდ, სადაც არ ფასობს ცინიზმი და ცინიკოსი, სადაც ადამიანებს კი არ უხარიათ ერთმანეთის ნაკლოვანებები, არამედ ტკივათ, სადაც მართლმსაჯულებას თემიდას სასწორი უჭირავს , სადაც კანონმორჩილებაა, და სადაც ხელისუფლების უმთავრესი ფუნქციაა კონკრეტული გარემოს შექმნა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, სადაც სახელმწიფო მოღვაწეს, პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოხელეს, მოსამართლეს, საკრებულოს, თუ პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე.
ადვილია ნგრევა, ძნელია შენება.
ადვილია ნგრევით, სხვისი ლანძღვით ავტორიტეტის მოპოვება – მით უფრო, როცა არაფერზე პასუხს არ აგებ, ძნელია იყო თანამდბობაზე დიდი გაჭირვების ჟამს, აგებდე პასუხს და აშენებდე.
ადვილია საზოგადოების დემორალიზება, სასოწარკვეთაში ჩაგდება – მით უფრო, როცა ხალხი და ქვეყანა მშიერია და ისედაც დემორალიზებული და სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ძნელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს იმედი მისცე, დაარწმუნო, ძალა შთაუნერგო, აამოძრავო, და გაიყოლიო.
რაც ადვილია – სუსტები ეტანებიან, რაც ძნელი – ამას ძლიერები, სულიერებით სავსე ადამიანები.
ისტორიულად ძლიერი ადამიანების კრედო იყო – უმჯობესია რამდენიმე პროგრესული ადამიანი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ბრმად გიკრავდნენ ტაშს.
ბრწყინვალეა. ძლიერმა იცის, რომ უმადურობაა ნგრევა, მადლიერება – შენება. ხალხი და ქვეყანა იხრწნება, როცა უმადურობით ივსება, ხალხს, ქვეყანას, ერს, რომელსაც მადლიერების გრძნობა გააჩნია – დიდი მომავალი აქვს.
ერთსაც გავიხსენებ: უმჯობესია შეეჭიდო მართალ საქმეს, თუმცა შეუძლებელს და დამარცხდე, ვიდრე შეეგუო სიბილწეს, ან სათავეში ჩაუდგე უმადურთა ბრბოს და იბელადო.
„ – ომი გქონიათო, გივარგილ, ომი;
– ომი ვქენითო დედფალ, ომი;
– წაგიგიათო ომი, გივარგილ;
– წავაგეთ ომი, დედფალ;
– მაშ, რაღა აზრი აქვსო ბრძოლას, გივარგილ;
– ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, დედფალ“.
საუკუნეებს გაუძლო დიდ სვანეთში დაბადებულმა ამ სიბრძნემ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, სიმართლისა და სამართლიანობისათვის.
ბრძოლას მაშინ აქვს განსაკუთრებული აზრი, როცა ქვეყანას, ხალხს, გაცნობიერებული აქვს, რომ ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას სამი რამე სჭირდება: სისხლი, ცრემლი და ოფლი. სისხლი დავღვარეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო. ეს წმინდა სისხლია – საქართველოს სიძლიერის სისხლი. ცრემლი დავღვარეთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო. ჩვენი ქვეყნისათვის ოფლის დაღვრის დროოა, აღარ გვინდა მეტი სისხლი და მეტი ცრემლი. გვეყოფა დაპირისპირება. დაპირისპირება სუსტების მოგონილია.
სამწუხაროა, რომ ადამიანი სხვის მორევაზე ფიქრობს. მთავარია სხვას კი არა, საკუთარ თავს მოერიო. ეს მხოლოდ ძლიერთა ხვედრია. ღირს დაფიქრებად ყოვლივე ეს. ჩვენს ქვეყანას ძლიერ, განათლებულ ადამიანთა ოფლი სჭირდება. სწორედ წიგნიერებით სავსე ოფლი.
ჩვენ ძლიერი ტრადიციის ხალხი და ქვეყანა ვართ. პირველი ათასწლეულის დასაწყისსი ქართველებმა ქრისტიანობა მივიღეთ, მეორე ათასწლეულის დასაწყისი „ოქროს ხანად“ არის წოდებული ჩვენს ისტორიაში.ეჭვი არ მეპარება, მესამე ათასწლეულის დასაწყისი, სულ მოკლე პერიოდში გაუსაძლისი ყოფიდან ქვეყნის აღმავლობის ეპოქაში გადავა.
ეს არის ჩვენი სიძლიერე და ისტორიული კოდი.
ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა – ის გამორიცხავს სიძულვილს და ეფუძნება სიყვარულს.
● არ გძულდეს – ეს ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს,
● მოინანიო – ნიშნავს მოერიო საკუთარ თავს,
● აღიარო შეცდომები – ეს ნიშნავს სძლიო საკუთარ თავს,
● მოიხადო ბოდიში, როცა მართალი არ ხარ, ეს ნიშნავს, მოერიო სკუთარ თავს,
● გიყვარდეს – ეს ნიშნავს იყო სრლყოფილების მწვერვალზე.
სიყვარულს ერთადერთს შეუძლია შექმნას ადამიანი, როგორც სამყარი და მთელი სამყარო მოათავსოს ამ ადამიანის გულში.
სიყვარულს მაშინ აქვს ძალა, როცა „ადამიანი პასუხისმგებელია სიზმარისათვისაც კი“.
რა სიბრძნე და რა დიდი განზომილებაა, როგორი მსოფლშეგნებაა: „შენ ადამიანი, პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიზმარზეც.
ეს სიტყვები მეოთხე საუკუნის დიდ თეოლოგს, გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის და, როგორც მეისტორიე ამბობს – ამ გავლენით არის დიდი მეფის მიერ დაწერილი „გალობანი სინანულისანი’“.
უპასუხისმგებლობით სავსე ეპოქაში როგორ სჭირდება საქართველოს ყოველი ადამიანის, უპირველესად ხელისუფალის ცხოვრება ამ განწყობით.
ბედნიერია ადამიანი, რომლის ცხოვრების წესია, ვისაც შეუძლია თქვას:
„ სხვისი ყოფილა, თუ ყოფილა ჩემს თვალზე ცრემლი,
ვყოფილვარ სხვისი მწუხარებით მე ბევრჯერ ავად;
ყოვლადძლიერო გახარება თუ გინდა ჩემი,
უნარი სხვისი გახარების მიბოძე უმალ.“
მართლაც, დიდი ადამიანური სრულყოფილებაა, როცა გაქვს სხვისი გახარების უნარი და როგორც დიდი ილია იტყოდა , შეგიძლია იცხოვრო საკუთარი აზრებით და სხვისი ცხოვრებით.
კონსტანტინე გამსახურდია ამბობს:
„ სამი რამ უნდა აღეკვეთოს ვაჟკაცთაგანს ყოველს:შიშის, შიმშილის და სიკვდილის ხსენება.მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.“ ეს ძლიერთა ხვედრია. ჩვენ ძლიერების ქვეყანა უნდა ვიყოთ.
დიდი წმინდანი, იოანე ოქროპირი ქადაგებს: „ოქრო განიწმინდება ცეცხლით, ხოლო სული – განსაცდელით და მწუხარებით. განსაცდელი ბოროტება კი არა სიკეთეა.“ მისივე ქადაგებაა: „უბედურება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ შენ დაეცი, არამედ იმაში, რომ დაცემის შემდგომ არ დგები“.
ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია, მაგრამ იგი, რომ სიკეთედ გვექცეს, უნდა ვაღიაროთ რომ დავეცით და ჩვენვე უნდა ვიცოდეთ, რომ ხსნა ადგომაშია.
მესამე ათასწლეული სწორედ დაცემულის ადგომის დიდი სურვილითა და განწყობით უნდა დავიწყოთ. სხვანაირად არ ეკადრება ხალხს, რომელზეც ჯერ კიდევ სოკრატემ თქვა“ დედამიწა დიდზე დიდი რამ არის, მაგრამ მხოლოდ მის უმცირეს ნაწილში ვცხოვრობთ ფასისიდან მოკიდებული ჰერაკლეს სვეტებამდე“.
ეს სიტყვები პლატონის „ფედრაშია“ მოტანილი აქ ძველი დროის კულტურული სამყაროს მიჯნად ჰერაკლეს სვეტებთან (გიბრალტარის სრუტე) ერთად ფასისის (რიონი) აღიარება მრავლისმთქმელი ფაქტია.
ჩვენი დიდი წარსულისა და კიდევ უფრო დიდი მომავლის ქვეყანა ვართ.
ჩვენ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის განსაკუთრებული ყურადღებით ვართ მოცული. ეს დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ბედი ქვეყნის შიგნით წყდება და ქვეყანა მით უფრო წინ მიდის, რაც ნაკლები ჰყავს უგულო და ორგული და რაც მეტი ერთგული.
უგულობაც და ორგულობაც ქვეყნის მტრობაა. ქვეყნის და ხალხის მოყვარე მხოლოდ ერთგული შეიძლება იყოს!
რაში გამოიხატება დღეს კონკრეტულად მტრობა შენი ქვეყნის და ხალხის?
● იმაში, რომ ზიხარ სხვის კაბინეტში, ზიხარ იმ თანამდებობაზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის და სხვას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია ამ თანამდებობაზე.
● მტრობს ქვეყანას ის ხელსუფალი, რომელმაც შენ დაგნიშნა ამ თანამდებობაზე და დაგსვა სხვის კაბინეტში. ● მტრობს ქვეყნას და საკუთარ თავს ხალხი, ვინც უკეთური გზებით აგირჩია.
● იმაზე რომ მწარე სიმართლეს ამჯობინე ტკბილი ტყუილი, ხარ მლიქვნელი, დამსმენი, ან გიყვარს და გზას აძლევ მლიქვნელს და დამსმენს.შენი ქვეყნისა და ხალხისთვის
● იმაზე მეტი მტრობა რა უნდა იყოს, როცა ამრავლებ დიპლომიან უცოდინრებს. რაც გვჭირს, იმის გამო გვჭირს, რომ ყველა დონეზე, სოფლის გამგებლითა და საკრებულოთი დაწყებული, უმაღლესი ეშელონებით დამთავრებული – ჭარბობს გაუნათლებელი, უწიგნური, უცოდინარი. მართლაც რომ ქვეყნის სასუნთქ არტერიას კეტავს მრავალდიპლომიანი უცოდინრობა.
● დღეს ქვეყნის დიდი მტრობაა პოპულიზმი, როცა პრაქტიკულად, ადამიანი ხალხის სახელით ხალხსვე ებრძვი, როცა წინ კი არ აღუდგები აზვირთებულ უკანონობას, არამედ სათავესი ჩაუდგები მას. შენ თვითონ იცი, რომ სწორად არ იქცევი, მაგრამ გირჩევნია ტყუოდე და პოპულარული იყო, ვდრე მართალი და არაპოპულარული.
ეს არის პოლიტიკური პროსტიტუცია.
ჩვენი ეპოქა არის პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა. სწორედ ამ მარტივი ფორმულის გამოა დღეს ყველა ნამდვილი, ხაზს ვუსვამ, ნამდვილი რეფორმატორი დამარცხებული და გამარჯვებულია თვითმარქვია რეფორმატორები.
● მტრობაა შენი ქვეყნისადმი, როცა თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებ პანტას.
● იაგოს როლი უკვე მტრობაა შენი ქვეყნისა და ხალხისადმი, რადგან იაგოები ყოველთვის თიშავენ, აპირისპირებენ – გათიშულობა და დაპირისპირება კი ოდითგანვე დიდი უბედურება იყო ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.
ღმერთო, ისეთი ახალი წელი გაუთენე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ქართველთ, ყველა ოჯახს, რომ შეგვეძლოს ვთქვათ:
„ისეთი დილა გათენდა, მტერს რომ შევყროდი, ალალ ძმასავით გავუღიმებდი.“(რ ა)
ღმერთო, უმრავლე ქართველ კაცს სათნოების დღეები, შურზე და მტრობაზე ამაღლების დღეები.
ამ განწყობით ვულოცავ ყოველ ქართველს, საქართველოში მცხოვრებთ, მთელს იმერეთს ახალ წელს, მადლობა ყველას თანადგომისათვის,თანამშრომლობისათვის.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ვაწყენინე ხელისუფალის ბედი ასეთია – რაც კეთდება კარგი, სხვისი გაკეთებულია, რაც ცუდი – ხელისუფალის. მძიმეა ამის გაცნობიერებაც კი, მაგრამ მთავარია, ადამიანი ღმერთთან და საკუთარ თავთან იყოს მართალი. ეს ხალხთან სიმართლესაც ნიშნავს. დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
ძლიერია ის კაცი, ვისთვისაც დრო მუშაობს.
– ზრდილი იმერი“ – ასეა ისტორიულად ქართველთა ცნობიერებაში იმერელი კაცი. სწორედ „ზრდილი იმერი“, ე.ი. თითოეული იმერეთში მცხოვრები, ქუთაისი და იმერეთის ყველა ქალაქი და რაიონი ახალ ათასწლეულს, ახალ საუკუნეს, 2001 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს – აფხაზეთსა და აჭარას, ქართლს, კახეთს, გურიას და სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთს, ისტორიულ სამაჩაბლოსა და სამცხე – ჯავახეთს, საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მეგობარ და ნათესავ რუსებს, ებრაელებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ერის წარმომადგენლებს, ჩვენს ისტორიულ ძმებს, აფხაზებსა და ოსებს, ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს – ჩვენს დედაქალაქ თბილისსა და თბილისელებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებს.
შობა – ახალ წელს ულოცავს იმერეთი საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ ზურაბ ჟვანიას, სახელმწიფო მინისტრს, ბატონ გია არსენიშვილს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ხელმძღვანელებს, საქართველოს ყველა მხარის, ყველა ქალაქისა და რაიონის თავკაცებს – პრეზიდენტის რწმუნებულებს, მერებს, გამგებლებს, საკრებულოთა თავჯდომარეებს და წევრებს.
ჩვენ ყველას ერთად ქვეყნისათვის სასწაულის მოხდენა შეგვიძლია, თუ ავმაღლდებით მტრობასა და შურზე. დიდი გამოგონება ხომ არ უნდა იმას, რომ საქართველო გამოგონილი ბელადების – ძველაზიური ბელადების პოლიტიკურ დაჯგუფებების – კრიმინალებითა და კორუმპირებულებით გაჯერებულის და ამ დაჯგუფებათა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეწირება.რომ არა ეს სიმახინჯე – საქართველოში მდგომარეობა 3-ჯერ და 4 -ჯერ უკეთესად იქნებოდა.
ხალხს უნდა სწამდეს, რწმენა უნდა ჰქონდეს ხელისუფლების – ხელისუფლების, მისი უმაღლესი ეშელონების წევრები ბიოლოგიური სინაზით კი არ უნდა იყვნენ ერთმანეთისადმი განწყობილნი (ეს ფაქტიც ხელისუფლების გახრწნას ნიშნავს), არამედ, გულით, რწმენით და უღალატობით.
საჭიროა სინდისი. მას ასე განმარტავს დიდი სულხან-საბა: „ სინდისი, ეს არის გონებაი მამხილებელი“ ..
რა ბედნიერები ვიქნებით, როცა საქართველოში სინდისი აიღებს სიმაღლეს, ხელისუფალნიც სინდისიერები ვიქნებით და ხელისუფლებაც.
ეს მართლაც დიდი სასწაული იქნება საქართველოსათვის და მართლაც, ახალი ოქროს ხანის დასაწყისიც.
დიდმა ჭყონდიდელმა, როცა თავზე გვირგვინი დაადგა დავით მეოთხეს, შემდგომში დავით აღმაშენებელს, ასე დალოცა: „ დიდო მეფეო, საქართველოს ძლიერება მის სულიერ ერთიანობაშიაო“
დღეს საქართველოს სულიერი ერთიანობაა დარღვეული, ამიტომაც ვართ სუსტები.
მწამს და მჯერა ახალ საუკუნეს, ახალ ათასწლეულში საქართველოში დიდი მოძრაობა დაიწყება სულიერი ერთიანობისათვის .
ბაგრატის ტაძარი საქართველოს სულიერი ერთიანობის დიდი სიმბოლოა. 2003 წელს 1000 წელი სრულდება ტაძრის აგებიდან.
ვისურვებდი, ახალი ათასწლეულის, ახალი საუკუნის, ახალი წლის პირველ დღეებში (ძველი სტილით) საერო და სასულიერო პირებს – საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ ედუარდ შევარდნაძესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ხელი მოეწერათ გადაწყვეტილებაზე – 2003 წელს ბაგრატის ტაძრის 1000 წლის აღნიშვნის თაობაზე.
უდიდესი სურვილი მაქვს საქართველოს პრეზიდენტმა მოიკრიბოს საკუთარ თავში ძალა და განეწყოს სასწაულის მოხდენისათვის. შეუძლია მას ეს, სჭირდება საქართველოს დღეს ეს. ძლიერ, დემოკრატ პრეზიდენტს ხელისუფლების უმეტესი ნაწილის და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უღალატო გვერდით დგომა ექნება.
მართლაც სასწაული იქნება ამის მოხდენა მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში და დიდი გამარჯვების დასაწყისიც.
„ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“ დღევანდელი საქართველოსთვის დიდი ძალა აქვს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ამ სიტყვებს, წარმოთქმულს ბაგრატის ტაძარზე 1994 წელს.
ღმერთმა ქნას, ახალი ათასწლეული ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნისათვის სიკეთით და ერთ მუშტად შეკვრით, ბოროტზე კეთილის გამარჯვებით დაიწყოს.
სიყვარულმა აღგვამაღლოს!
თეიმურაზ შაშიაშვილი
ქუთაისი, იმერეთი,
იანვარი, 2001 წელი.
● ჩვენ დიდი მომავლის ქვეყნიდან ვართ!ნუ კითხულობ, რას გვაძლევს საქართველო,იკითხე ,რას აძლევ
საქართველოს!
1 იანვარი,2002 წელი