„ათი ციფრი

„ათი ციფრი საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მეგობართა გასაგონად“.

 

ბოლო პერიოდში გახშირდა და გამწვავდა თავდასხმები „სახალხო კრებაზე“ და მის ერთგულ შემადგენელ პოლიტიკურ პარტიებზე, მათ შორის- პოლიტიკურ მოძრაობაზე „თეთრები“. თავდასხმებს, რომელთაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, მავანნი ხშირად ამართლებენ სხვადასხვა ინსინუაციებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტებით და ხშირად ჩვენგან ნათქვამის ისეთ სახეცვლილებით, რომელსაც საერთო არაფერი აქვს არათუ კონკრეტულ გამონათქვამთან, ჩვენს მსოფლმხედველობასთანაც კი.

აღნიშნული და სხვა მრავალი მიზეზის გამო იძულებულნი გავხდით გამოვაქვეყნოთ ანალიტიკური მასალა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი ვებ.გვერდის მკითხველთა შორის.

შესრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ინაუგურაციის 8 წელი.  8 წლის წინ მეც, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, მოსახლეობას ვეუბნებოდი: ვიცი, რომ გადაწყვეტილია, ვინ უნდა იყოს დანიშნული პრეზიდენტი, მაგრამ იცოდეთ,  რომ შეცდომას უშვებთ.

მაშინ ვერავინ  გაბედა პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო. ყველა დაიმალა. დღეს რომ ხმამაღლა საუბრობენ.

მაშინ, სიმართლე ძნელი სათქმელი იყო. მახსოვს მძიმე და რთული შეხვედრები  კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთს თავისთავად ვიცნობდი და ვიცოდი ხალხის დამოკიდებულება. აჭარაშიც კი ჩავედი და პირველი შეხვედრა შედგა მაშინ ასლან აბაშიძესთან. მასაც კი ვთხოვე ეყარა კენჭი. კენჭისყრა ვთხოვე ბატონ აკაკი ასათიანს, ბატონ შალვა ნათელაშვილს, ბატონ  გოგი თოფაძეს,  ახლებს. ყველას ვუთხარი, რომ  ხალხთან ვიყოთ მართალი. გარკვეული პერიოდის შემდეგ გვეტყვიან, რომ ჩვენ ვიყავით მაშინ სწორი.

მე დღეს  საკამათოდ ვიწვევ ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს: ჩვენ მაშინ ვიყავით პრეზიდენტობის ორი კანდიდატი. თქვენ მაშინ არ მიიღეთ მონაწილეობა დებატებში, შემოგთავაზეთ და დაიმალეთ. თქვენ ყოვეთვის გიყვართ თქვენს გარემოში საუბარი. სადაც ჩადიხართ, გახვედრებენ თქვენს აუდიტორიას, გიკრავენ ტაშს, გაიძახიან „მიშა-მიშას“. აი, ერთხელ სადაც წახვალთ, წამიყვანეთ მეც და გამოვალ იმ მოსაზრებებით, რაც ხდება დღეს რეალურად საქართველოში. მე არ მინდა შეხვედრა იმ ხალხთან ვინც იცის მიხეილ სააკაშვილი. მინდა, შეხვედრა მათთან, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი – ანუ თქვენს მომხრეებთან.

ყველა პოლიტიკურ პარტიას ვეუბნები: რომ დადიხართ რაიონებში და ხვდებით თქვენს წარმომადგენლებს, მხარდამჭერებს. გააკეთეთ პირიქით, შეხვდით იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილს. ნუ დაემგვანეთ ერთმანეთს. სააკაშვილი ხვდება თავის მომხრეებს , რომლებიც  უკრავენ ტაშს,  ოპოზიციური პარტიებიც ჩადიან, ხვდებიან თავის წარმომადგენლებს და უკრავენ ტაშს.  შევცვალოთ ეს. ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მარტო რომ დადიხართ,  წავიდეთ და ცოცხლად დავილაპარაკოთ ხალხის წინაშე. ხალხმა ნახოს ცოცხლად  მოპაექრე პოლიტიკოსები სოფელში, ქალაქში, რაიონში. ნუ ჩავიკეტეთ ჩვენს აუდიტორიებში, ჩვენს მხარდამჭერებში. ქვეყანას სჭირდება დიდი გარღვევა. გარღვევა მოხდება მხოლოდ ხალხთან ურთიერთობით. დაეშვით მიწაზე, გაამარტივეთ ურთიერთობები. ნუ გავართულებთ ურთიერთობებს, ბევრს ნუ გვაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც შექმნა მიხეილ სააკაშვილი, ვინც მოიყვანა და ტაშს უკრავდა მას.

ვინც  მლანძღავდა და მაგინებდა, დღეს ამ გვარებს არ ვახსენებ, ჩემზე უფრო მწარედ ლაპარაკობენ დღეს მიხეილ სააკაშვილზე. მაშინ რატომ არ იჯერებდით, გატყუებით? ის მაინც თქვით, რომ შეცდით. მე დღესაც გთავაზობთ გავიდეთ რაიონებში, ქალაქებში, ვილაპარაკოთ ხალხის წინ. ხალხმა შეაფასოს, ვინ-ვინ არის.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ანალიტიკურ მასალებში 8000-ზე მეტი ციფრია, რომელიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის ურთულესი მდგომარეობა. 200-300 ციფრია, რომელშიც არის დადებითი ტენდენცია. ვიმეორებ, ასეთი შეფარდება დღეს მსოფლიოში აფრიკაშიც კი არ არის, რომ 8000 ციფრიდან 200-300-ში ჩანდეს დადებითი ტენდენცია, დანარჩენში – უარყოფითი. მე ხომ არ ვმალავ?! ეს არის ნაკვლევი მასალები.  ეს ეხება არა მარტო რვა წელს, „მოქკავშირის“ დამანგრეველი საქმიანობის ანალიზიცაა მოცემული.

შეფასებაში, რომელსაც ვაკეთებით წინასაარჩევნო შეხვედრებზე, სამი სიტყვით შემოვიფარგლებოდით: სააკაშვილი არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში.

პირველი მთავარი შეფასება – ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა და მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა.

მეორე – გაყიდულია მიწაც, მიწაში და მის ზემოთ არსებულიც. ეს არის ძირითადად იმ ქვეყნების ხელში და მათ უკან მდგომი ხელისუფლების წრეების ხელში, რომლებიც ითვლებიან არადემოკრატიულ ქვეყნებად.

საქართველოს შემდგომი უბედურება არის ის, რომ პარლამენტმა დაკარგა პოლიტიკური ფუნქცია საქართველოში. პარლამენტი არის პრეზიდენტის  ოჯახის მეგობარ ბიზნესმენთა კლუბი.

ქვეყნის ტრაგედია არის ის, რომ თავისუფალი ბიზნესმენი არ ჰყავს და თავისუფალი ბიზნესი არ არის. ქვეყნის ტრაგედიაა, რომ დღეს საქართველოში არიან დანიშნული ბიზნესმენები. ვიღაცას ეტყვიან, შენ იქნები ბიზნესმენი. დიას,  საქართველოში დღეს ხელისუფლება ნიშნავს ბიზნესმენებს. ასეთი რამ მსოფლიომ არ იცის და ამ კუთხითაც უნიკალურები ვართ.

მეოთხე –  პოლიტიკური ფუნქცია რადგან დაკარგა პარლამენტმა, ვიღაცას ის უნდა ჰქონდეს. პოლიტიკური ფუნქცია საქართველოში აიღო პოლიციამ, უშიშროებამ, პროკურატურამ, საგადასახადომ და დამაგვირგვინებელი არის სასამართლო.

ქვეყანა იმართება გარედან და მას მართავს კოსმოპოლიტთა ჯგუფი. თავისთავად კოსმოპოლიტი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ანტიეროვნული მოვლენა, ანუ ეს ანტიქართული მოვლენაა. ჩვენთვის ესენი ძირითადად არიან სოროსელები. ოპოზიციაშიც ძალიან ბევრი ემზადება ამ განწყობით ხელისუფლებაში მოსასვლელად.

საქართველოში არ არსებობს ეკონომიკა. სოფელი დაემსგავსა საკონცენტრაციო ბანაკს. მთავარი დარტყმის ობიექტად გადაიქცა განათლება, კულტურა, მეცნიერება. ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი მილიონი, ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ნორმალურად ცხოვრობს. საზღვარგარეთ წასული ყოველი ადამიანი  ორ-სამ ადამიანს არჩენს ქვეყანაში. ეს არის დღეს რეალობა.

დღეს საქართველოში მოსახლეობის 50%-ს არ გააჩნია: სიცოცხლისათვის საჭირო საარსებო კალორიების ნახევრის მიღების საშუალებაც კი. ეს ტრაგედიაა. ჩვენ ვართ პარადოქსების ქვეყანა. რა პარადოქსებზეა საუბარი :

მსოფლიოში ხელისუფლებაში ვინც შედის, ვისაც ირჩევენ, ის ხდება გამჭირვალე. საქართველოში ხელისუფლებაში მოდიან იმისათვის, რომ გადაარჩინონ თავისი ბიზნესი ან იშოვონ ფული. ვინც ცალ-ცალი კალოშით დადიოდა 8-10 წლის წინ, დღეს ის არის ზემდიდარი ადამინი. ხელისუფლებიდან წავიდა ბატონი კეზერაშვილი, რომელიც  დღეს წარმოუდგენელი ქონების პატრონი გახდა. წლების წინ ის დაცვა და ყარაული იყო გარკვეული პიროვნების.

ჩვენს ხელისუფლებას უყვარს მდიდარი უცხოელები. ის კლავს ან ებრძვის საკუთარ მდიდრებს. ვისაც დიდი ფული ჰქონდა, ზოგი მკვდარია, ზოგს პრაქტიკულად,  სულს აძრობენ. პარადოქსია ის, რომ საქართველოში ნიგერიული პენსია აქვს პენსიონერს, მასწავლებელს აქვს ნიგერიული ხელფასი, მაშინ როცა ხელისუფლებას აქვს ამერიკული ხელფასი.

ამერიკაში ხორცი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ამერიკაში ბენზინი 30-40%-ით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ტელეფონი და ტრანსპორტი გაცილებით იაფია ვიდრე საქართველოში, ელექტროენერია 16,5 თეთრი ღირს ამერიკაში. ამავდროულად იგივე ამერიკაში მეწარმეს უკეთდება შეღავათი და ის მხოლოდ 11 თეთრს იხდის ერთ კილოვატ ელექრტო ენერგიაში. აი, ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია ბიზნესზე. რას ნიშნავს, როდესაც საქართველოში 21 თეთრს აღწევს გადასახადი, ეს ნიშნავს ვკლავთ ქვეყანას! ურწმუნო თომამაც უნდა დაიჯეროს.

ამავე დროს უნდა  გითხრათ, რომ პირველ ადგილზე რეალურად ბევრ რამეში ვართ. უფრო სწორად, საქართველოში ლაპარაკობენ იმაზე რომ მაგრები ვართ.რაში ვართ პირველ ადგილზე?  საქართველოში 2 600 დოლარის ეროვნული პროდუქტი იწარმოება ერთ კაცზე გაანგარიშებით. ანალოგის მოძებნა  ძნელია აფრიკის ქვეყნებთან შედარებითაც კი. ევროკავშირის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელია 45000-დან 125000-მდე. ჩვენთან – 2600. და ჩვენ მაინც პირველზე ვართ?! სააკაშვილი რომ ტრაბახობს, მსოფლიო ბანკის ანალიზით პირველ ადგილზე ვართო, ეს სინამდვილეში რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც ყველაზე კარგად (იაფად) ყიდის ქვეყანას, ამ მხრივ ის პირველ ადგილზეა.

ერთმა გერმანელმა მითხრა,  მერკელი გერმანიში ვერ შემოვა, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილი კი არა, ათეულში რომ ვიყოთ ჩვენო.

პირველ ადგილზე ვართ ქვეყანაში შემოსული პროდუქტების გაძვირებით. როდესაც ბენზინი ამერიკაში  შედის, მისი აქციზი 8 თეთრია, საქართველოში – 31 თეთრი, ანუ ბენზინს ვინც ყიდულობს საქართველოში, მან უნდა იცოდეს, რომ 31 თეთრი გადაიხადა მხოლოდ აქციზის, სხვა გადასახადებზე აღარ არის ლაპარაკი. ანუ ქვეყანას ეკონომიკა აღარ აქვს. მდიდარ ქვეყანაში აქციზზე 8 თეთრს აწესებენ და ჩვენთან კი 31 თეთრია. ამის მერე ლაპარაკობენ, ქვეყანაში ბიუჯეტი გაიზარდაო. გაიზრდება ბატონებო ბიუჯეტი, აბა რა იქნება, როდესაც ძარცვავ საკუთარ მოსახლეობას.

გაზი მაქსიმუმ 5 თეთრი უნდა ღირდეს, მაშინ, როცა 51 თეთრი ღირს.

როდესაც შენს ხალხს ამ მდგომარეობაში აყენებ, როდესაც თურქეთში ელექრტოენერგიას 2 თეთრად ყიდი , ხოლო საკუთარ მოსახლეობაზე – 16 თეთრად. მაშინ, როცა გაზი პრაქტიკულად 2003 წლამდე დადებული ყველა ხელშეკრულებით საქართველოში 5 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს.

ხელშეკრულებები ხელმისაწვდომი არ არის. მე ვთხოვე ამერიკის ელჩს, მომეხმარეთ იმის გარკვევაში, თუ  რა ხელშეკრულებაა გაფორმებული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაზის შემოტანასთან დაკავშირებით. ვერც აშშ-ის ელჩმა გააკეთა ეს.  და ვერც ერთმა ექსპერტმა ვერ გაიგო, რა ფასად ვყიდულობთ  გაზს აზებაიჯანში, რატომ ღირს გაზი ჩვენთან 51 თეთრი, მაშინ როცა 6 თეთრზე მეტი არ შეიძლება ღირდეს დღეს რეალურად. აი ეს არის მოსახლეობის ძარცვა. აი ასე იქცევა ის კაცი, რომელიც 8 წლის წინ ძალიან დიდი ტაშით აირჩიეთ, დღეს კიდევ ტაშს უკრავთ და მონებივით უდგახართ გვერდით.

პირველ ადგილზე ვართ პატიმართა რაოდენობის მიხედვით,.

პირველ ადგილზე ვართ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მიხედვით,

პირველ ადგილზე ვართ მასწავლებლისა და ექიმის ხელფასის პროცენტული ჩამორჩენით მსოფლიო დონესთან.

პენსიების სიმცირით ირველ ადგილზე ვართ.

ორ სიტყვას გეტყვით, რომელიც არის გადამწყვეტი: „ლომბარდი“ და „გადამცვლელი პუნქტი“. რას ნიშნავს „ლომბარდი“? „ლომბარდი“ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას უჭირს და აბარებს რაღაცას და ეს ძირითადში გადის ქვეყნის გარეთ. რას ნიშნავს „გადამცვლელი პუნქტი“? ნებისმიერ ქვეყანაში არის ჩასული ტურისტებისათვის. დადექით ნებისმიერ გადამცვლელ პუნქტთან, იქ უცხოელი არავინ არ ახურდავებს ფულს, ახურდავებენ  ქართველები. ესე იგი საქართველოს გარეთ წასული ქართველები აგზავნიან ფულს, ვახურდავებთ ჩვენ აქ. ლომბარდების რაოდენობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ და გადამცვლელი პუნქტების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ. მოგმართავთ დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს: სად არის ლომბარდებისა და გადამცვლელი პუნქტების ასეთი რაოდენობა? როგორ ცხოვრობს დღეს ქვეყანა. პრაქტიკულად ამ ხელისუფლებამ მილიონნახევარი შრომისუნარიანი ადამიანი გაუშვა საზღვარგარეთ, რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში. ეს მილიონნახევარი არჩენს დღეს სამმილიონნახევარს. რეალურად ქართველები ვუყურებთ საკუთარ სიკვდილს. ჩვენ აფთიაქების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ მკურნალობა გახდა ბიზნესი. დაბერების მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე. ეს ძალიან სერიოზული მონაცემია.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფალის ფუნქცია არც ტრაქტორების დარიგება, არც ასფალტის დაგებაა. ხელისუფლება – ეს არის თანამედროვე ეკონომიკა. თანამედროვე ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ქმნის კონკურენტულ გარემოს. კონკურენტულ გარემოში ჭკვიანი ადამიანი მიდის წინ, გაჩერებულს უნდა დაეხმაროს ხელისუფლება, ანუ  უნდა იყოს სოციალური სამართლიანობა. ეს იქნება ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა, ჩვენ გვინდა ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა და არა რომელიმე ხელისუფალის.

ნებისმიერ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის არა პიროვნება, არამედ  სისტემა. კონკურენტული გარემო  სიჯანსაღის დამამკვიდრებელია. საქართველოში  ბიზნესის 95% კონტროლდება პარლამენტში, პრეზიდენტისგან და მისი ოჯახის წევრებისგან. იმ ქვეყანაში, სადაც დანიშნული ბიზნესმენები არიან, დამთავრებულია კონკურენცია. კონკურენცია უნდა იყოს ყველგან, კონკურენცია უნდა იყოს პოლიტიკურ პარტიებშიც. ჩვენთან ასე არ არის. ვისაც თავად უნდათ, იმას იწვევენ ტელევიზიებში. რა თქმა უნდა, ვისაც ეს ანალიზები აქვს, იმას არ მოიწვევენ ტელევიზიაში.

ამ ანალიზების ხელისუფლებას ეშინია, ხელისუფლებას ეშინია ორი რამის: ფულის და ხალხის. ევროპაში ხალხი ქირაობს ხელისუფლებას და ეუბნება: მე გიხდი ხელფასს და მოდი და მემსახურე. ჩვენთან კი შებრუნებულია ყველაფერი. ხელისუფლებამ გაიხადა მოსახლეობა მონებად.

ეხლა რაც შეეხება ციფრებს:

პირველი ციფრი არის 5X

X  არ ვიცით რამდენი მოსახლეა საქართველოში დღეს.

X არ ვიცით რამდენი ამომრჩეველია საქართველოში.

X არ ვიცით რამდენი ადამიანია გასული ქვეყნის გარეთ.

X არ ვიცით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი.

X არ ვიცით უმუშევარ ადამიანთა რიცხვი.

ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველოში საქსტატის მონაცემებით 4469200 ადამიანი ცხოვრობს. როცა სჭირდება ხელისუფლებას გამოდის და ამბობს, რომ თურქეთში 500 000 საქართველოს მოქალაქე  არის, რუსეთში მილიონი ცხოვრობს, ევროპაში –  200 000(უფრო მეტია). ეს მონაცემები რომ დააჯამოთ, გამოდის, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ექსპერტებიც ამას ადასტურებენ. ამ ხელისუფლებას აღწერა ჯერ არ ჩაუტარებია. სომხეთსა და აზერბაიჯანში კი, იმავე პერიოდში უკვე 2-2 ჯერ ჩაატარეს აღწერა, აფხაზეთშიც კი კი მოახერხეს  მოსახლეობის აღწერა.

ამ ხელისუფლებას არ აწყობს დაადგინოს, თუ რამდენი ადამიანი არის ზუსტად საქართველოში. რატომ არ აწყობს? რეალურად საქართველოში დღეს არის 2,7 მილიონი ამომრჩეველი, ხელისუფლება ამბობს, რომ 3,7 მილიონია. ასე რომ, გვატყუებს ხელისუფლება. ხელისუფლება ამბობს, რომ  16,3 %  უმუშევარი არის დღეს საქართველოში.  იტალიაში და ესპანეთში – 24%ზე მეტი, ევროპაში -20% ზე მეტი. ექსპერტთა დასკვნით კი საქართველოში დღეს რეალურად უმუშევართა რიცხვი 67-68% ის ფარგლებშია.

ხელისუფლება ამბობს, რომ 1,6 მილიონია დასაქმებული. რას ნიშნავს ეს? – 300 000 კაცი ხელფასს იღებს, სტატისტიკის მონაცემებით, სულ საქართველოში  600 ათასია, ვისთანაც ხელშეკრულებაა გაფორმებული. აქედან 300 ათასი კაცი ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. ამ ციფრით ჩვენ მართლა პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ხელისუფლება ამბობს ერთი მილიონი თვითდასაქმებული არისო , ანუ სოფელში მიწა რომ აქვს ადამიანს,  თვითდასაქმებული არისო. სოფლად მცხოვრები ერთი ადამიანი ქმნის 95 ლარის ღირებულების ეროვნულ პროდუქტს თვეში. ანუ სოფელში მცხოვრები ადამიანი  საქართველოში დაწესებული საარსებო მინიმუმის 1/3 ს ვერ იღებს. 90-იანი წლების ბოლოს საქსტატის მონაცემებით 2200000 კაცი იყო ხელშეკრულებით გაფორმებული, რომელიც იღებდა ხელფასს,დღეს საქართველოში – 0,6 მილიონია.

მეორე ციფრი – ეს არის 2- რას ნიშნავს ეს.  მეოცე საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისის ორი ყველაზე დიდი ტყუილი და ორი ყველაზე დიდი აფიორა… ორივე ეკუთვნის „მოქკავშირ-აღორძინება-ნაცმოძრაობას“. პირველი ტყუილი იყო მაშინ,  როდესაც სააკაშვილი იყო მოქკავშირის გენერალური მდივანი. ეს იყო „მილიონი სამუშაო ადგილი“, მეორე – 2003 წელს თქვა, რაც 2004 წელს ინაგურაციის დროს დაადასტურა: „საქართველო სიღარიბის გარეშე“. ოფიციალური სტატისტიკითაც კი ამის შემდეგ, ერთი მილიონი სამუშაო ადგილის ნაცვლად მივიღეთ ერთი მილიონი ქვეყნისგარეთ გასული და ერთი მილიონი ქვეყნის შიგნით უმუშევარი, ხოლო სიღარიბის ლიკვიდაციის ნაცვლად – მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საარსებო საჭირო აუცილებელი მინიმუმის ნახევარიც კი.  ორი ყველაზე დიდი ტყუილი და ყველაზე დიდი აფიორა, რომელიც შეეხო ყველა ოჯახს.

მესამე ციფრი –  1,6 ჯერ.  რა არის ეს ციფრი?

საქართველოში უჯეტი წესრიგის დაცვაზე, თავდაცვაზე და უშიშროების დაცვაზე 1,6-ჯერაღემატება განათლების, მედიცინის და მეცნიერების ბიუჯეტს. ხელისუფალი იზომება იმით, თუ როგორია საგადასახადო სისტემა, როგორია ბიუჯეტი, როგორია განათლების სისტემა და როგორია ჯანდაცვა. ჩვენთან : სოციალური ხარჯები არის ბიუჯეტის 1/3,  ევროპაში –  ¾.

განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ევროპასთან შედარებით 2-ჯერ, სახელმწიფო ბიუჯეტში კი თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია.  ჯანდაცვაზე შესაბამისად – 3,3-ჯერ და 2,3-ჯერ. სოციალურ დაცვაზე  – 1,9 ჯერ და 2,1ჯერ

მეოთხე ციფრი – ეს არის 95. საქართველოს ნაერთბიუჯეტში 95,2% ეკუთვნის ცენტრალურ ბიუჯეტს, ხოლო დარჩენილი 4,8% ეკუთვნის ყველა რაიონს ერთად აღებულს. ასეთი რამ მსოფლიომ არ იცის. იგივე ამერიკაში 60% ია ცენტრალური ბიუჯეტი, ხოლო 40% –  რეგიონალური

შემდეგი ციფრია 1700-1800. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ერთ ადამინზედახარჯული ელექტროენერგია არის 1700-1800. სადაც 8000 კილოვატსაათზე ნაკლებია ერთ კაცზე ელექტროენერგიის მოხმარება  წლის განმავლობაში,  არის დაქცეული ქვეყანა. ამერიკაში 25000 კილოვატსაათი იხარჯება ერთ კაცზე, საქართველოში  – 1700-1800კლ/სთ. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ერთი კვტ/სთ ელექროენერგია იძლევა 3 დოლარის პროდუქტს, აქედან გამომდინარე ერთიანი შიდა პროდუქტი საქართველოში უნდა იყოს 30 მილიარდი დოლარი და არა ის 12-13 მილიარდი რაც გვაქვს დღეს.

რეალური სექტორის წილი ბოლო 8 წელიწადში 43-დან 27%-მდე შემცირდა. ეს არის იმის შედეგი, რომ ეკონომიკა ფაქტიურად არ არსებობს

შემდეგი ციფრია ნული. ეს ნიშნავს, რომ „მოქკავშირ-ნაცმოძრაობის“ხელისუფლებაში ყოფნის დროს სოფლის მოსახლეობის არც ერთ მცხოვრებს არ აუშენებია იმაზე უკეთესი სახლი, ვიდრე ჰქონდა მანამდე. 5000 სოფელია საქართველოში და ერთ მოსახლესაც კი არ აქვს  აშენებული მამაპაპისეულზე უკეთესი  სახლი ამ წლებში.

შემდეგი ციფრია 3110. როგორც გითხარით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს საშუალება  მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი. ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება: 157 ლარია საკმარისი ერთმა ადამინმა რომ იცხოვროს ერთი თვის განმავლობაში და, 4 სულიანმა ჯახმა –  265 ლარი. ხოლო 5 -სულიანს – 285 ლარზე მეტი არ სჭირდებაო. 2005 წელს ერთსულიანის ანალოგიური მონაცემი 267ლარი იყო, ეხლა –  175ლარი. გერმანელებმა მოთხოვეს სტატისტიკის დეპარტამენტს, რომ ჩაეტარებინათ კვლევა იმ პროდუქტების სიის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს ადამიანმა. ამ კვლევის მიხედვით ადამიანმა 3110 ლარის კვების პროდუქტი უნდა მიიღოს.

მერვე ციფრი  – ბედნიერების ინდექსი. საქართველო ამ ინდექსის მიხედვით 208 ქვეყანას შორის 170-ე – 190-ე ადგილზეა.

მეცხრე ციფრია  – 50 – 2025 წელს საქართველოს მოსახლეობა იქნება ნახევარზე ნაკლები. დღეს რა მდგომარეობაა:

1950-1960 საქართველოში ბუნებრივი მატება იყო 551405 კაცი  წელიწადში. 2000 წლიდან 10 წლის  განმავლობაში იყო 53000. 10-ჯერ არის შემცირებული! გურიაში,იმერეთში, კახეთში,მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში – ყველგან კლება

აჭარაში ჩამოსული 20 ათასი თურქის ხარჯზე არის გაზრდილი ზუსტად 20 ათასით

ყველაზე დიდი ზრდაა დაფიქსირებული ქვემო ქართლში და ჯავახეთში.

ამ ფონზე საქართველოში არის ერთადერთი ქართული რაიონი,  სადაც არის მატება 501 ერთეულით, და ეს არის საჩხერე. მარტო ამისთვის ეკუთვნის  ბიძინა ივანიშვილს არა მარტო საქართველოს მოქალაქეობა, არამედ მთელი საქართველოსაგან დიდი მადლობა.

მეათე ციფრი –  ეს არის 12 მილიარდი. რა ციფრია ეს? ეს არის იძულებითი ბეგრა . ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ზედმეტად ამოღებული ფული. რომ გაიანგარიშოთ, რა უნდა ღირდეს და რა ღირს 1700-1800 კილოვატ საათი,  გამოდის, რომ 200 ლარს თითოეულ ადამიანს უღებენ ჯიბიდან. საქართველოში დენის ტარიფი არის 21 თეთრი ხოლო: რუსეთში – 11 თეთრი, აზერბაიჯანში – 9 თეთრი, უკრაინაში  – 5 თეთრი, ბელორუსში  – 5 თეთრი, სომხეთში – 11 თეთრი, ყაზახეთში -7,5 თეთრი, მოლდოვაში  – 11,4 თეთრი. აქედან გამომდინარე 10 თეთრით მაინც შეიძლება შემცირება დენის ტარიფის. ანუ 200 ლარს, როგორც მინიმუმ ზედმეტად იღებენ თითოეული ადამიანისაგან წლის განმავლობაში. გაზზე 100-150 ლარს. საქართველოში არ შეიძლება ბენზინი ერთ ლარზე მეტი ღირდეს. 1 მილიარდის ფარგლებშია რასაც ართმევენ და ვინ ართმევს ამას? სააკაშვილის ძმა და მისი ოჯახია მთელ ამ ბიზნესში ჩართული. ოფიციალური მონაცემებით 1 მილიარდ 800 მილიონი  შედის საავადმყოფოებში და აქედან 80% არის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი ფული. ერთი მილიარდი წაართვეს ავადმყოფ ხალხს ზედმეტად. მონები ვართ ამას რომ ვითმენთ? ეს ყველაფერი რომ არ გაგრძელებულიყო საქართველოს ბიუჯეტი  3-4 – ჯერ მეტი იქნებოდა ვიდრე არის დღეს.

საქართველოში კვების პროდუქტები 30%-ით ზედმეტი ღირს. ტელეფონებზე რაიმე ტექნოლოგია შეიცვალა, 28 თეთრი რომ ღირდა და დღეს 5 თეთრი რომ ღირს? საათნახევარი შეგიძლია ილაპარაკო 1 ლარად უკრაინაში, რუსეთში, აღარ ვლაპარაკობ უკვე სხვა ქვეყნებზე.

საერთაშორისო სტანდარტებით  ნებისმიერი სტუდენტი არ შეიძლება იხდიდეს სწავლის გადასახადს 10 % ზე მეტს,  ვიდრე ღირს სწავლება. მაჩვენეთ ის ადამიანები, რომლებიც იხდიან 10%-ს. ერთი და ორის გარდა, რომლებსაც  პროპაგანდისთვის იყენებს ეს ხელისუფლება

კიდევ ტრანსპორტი და მრავალი სხვა. 12 მილიარდია დამატებითი ბეგარა, ხარჯი, რომელსაც დამატებით იღებს საქართველოს მოსახლეობიდან ხელისუფლება წელიწადში. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტია.

 

26 იანვარი, 2012 წელი

 

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *