“თეთრები” , მართლაც, იქნება თქვენი ერთობა თავისუფლების რეალური იდეით

ადამიანო, ნუ იქნები ადამიანის მონა!

მეგობარო, კრიტიკული თვალით წაიკითხე ჩვენი თერთმეტი წლის წინანდელი პროგრამული განაცხადი.

აი, რას არ დაუჭირეს მხარი პარტიებმა!
აი,რისი თანადგომის შეეშინდათ ბიზნესმენებს!
აი,რისი მიტანა გაგვიჭირდა ხალხთან, გაყიდული საინფორმაციო საშუალებების და ჩვენი უსახსრობის გამო! მოხდა უარესიც, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამაზე ძირითადად ის მეცნიერები მუშაობდნენ, რომელთა იდეებზე დაყრდნობით და უშუალო მონაწილეობით შედგა ჩვენი პროგრამული დოკუმენტები, „ქართული ოცნებისა“ და „თეთრების“  პროგრამების ფუძემდებლური პრინციპები პრაქტიკულად, იდენტურია. ჩვენ სრულად ვენდეთ „ქართული ოცნების“ პროგრამას ზემოაღნიშნულის და იმის გამოც, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა იყო ფინანსები და მოვიდა პიროვნება, რომელსაც ის (ანუ ფინანსები) ჭარბად ჰქონდა. ეს განვაცხადეთ კიდეც „ქართული ოცნების“ პროგრამის გასაჯაროებისთანავე და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის მთავარია პროგრამის რეალიზაცია და არა  სახელისუფლებო სკამები, გარკვეული პერიოდით, შევაჩერეთ კიდეც პარტიის აქტიური საქმიანობა.

დრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის მომავალი არც ე.წ. ბელადებთან და არც მილიარდერებთანაა დაკავშირებული, მით უფრო, იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. საქართველო გახდა ქუჩის მიერ შექმნილი ყალბი ბელადებისა და ხელოვნურად შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონის გამო, ხალხის იმედად გამოჩენილი მილიარდერების და საერთოდ, ფულიანების მსხვერპლი.

ვთქვათ პირდაპირ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ღარიბი საქართველოს ყველა მდიდარი, ხალხის გაღატაკების ხარჯზეა გამდიდრებული. ქვეყანას არ ჰყავს ზნეობრივი პრინციპების დაცვით, ნიჭითა და გონებით გამდიდრებული ერთი მილიონერიც კი. ეს კატასტროფაა! მით უფრო, რომ ისინი არათუ გრძნობენ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის ამ მდგომარეობის გამო, არამედ თავზე დაასხდნენ მშიერ და დაუძლურებულ ხალხს. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ უზნეო მდიდრებს აწყობთ ხალხის ასეთი მდგომარეობა, ადვილად ყიდულობენ მათ საარჩევნოდ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არჩევნების დროს ერთ ამომრჩეველზე გაანგარიშებით, იმდენი ფული არ ი ხარჯება, რამდენიც საქართველოში!

დრო ადასტურებს, რომ რაც მეტი ფული იხარჯება არჩევნების დროს, მით უფრო  ცუდად ცხოვრობს  ხალხი, მით მეტი კორუფციაა ქვეყანაში. დრო იმასაც ადასტურებს, რომ უბედურებაა ხმის გამყიდველიც, მაგრამ ქვეყნისთვის საშიშზე საშიშია ხმის მყიდველი. ისინი გვიყიდიან ქვეყანას და ამის ხარჯზე ინარჩუნებენ ძალაუფლებასაც და სიმდიდრესაც.

ჩვენი სამშობლო, 30 წელზე მეტია, სიყალბეში ცხოვრობს, ქვეყანას 30 წელზე მეტია, პოლიტიკური მაფია მართავს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერდება. პოლიტიკურმა მაფიამ მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება  – „ვაშენოთ და ავშენდეთ“, შეცვალა დამანგრეველი რეალობით: „დავაქციოთ და გავმდიდრდეთ“. ანალიზი ადასტურებს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეშიც კი, საქართველო არის ქვეყანა, სადაც უფსკრული მდიდრებსა და ღარიბებს შორის ყველაზე ღრმაა –  რეალურად უზნეო უმცირესობა ბატონობს ზნეობრივ უმრავლესობაზე – ეს ჩიხია, რომელშიც შეგვიყვანეს „მოქკავშირ-აღორძინების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველმა წრეებმა (და არა რიგითმა წევრებმა, რომელთა დიდი ნაწილი კარგად ხედავს, რა დამანგრეველი პროცესის მონაწილედაც აქციეს მათმა ლიდერებმა), ვინც ფულს და ძალაუფლებას შეს წირა სამშობლო და ხალხი. მათ კონსტიტუციებიც კი საკუთარ თავზე მოირგეს: საქართველოს დღემდე ჰქონდა მხოლოდ ამ პარტიების მსახური კონსტიტუციები და ჯერ არ ჰქონია ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამომხატველი,  დამცველი კონსტიტუცია.

ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა დასკვნას, რომ ამ სიტუაციაში მყოფი ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია ზნეობრივ და განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებას და  ქვეყნის განვითარების მეცნიერულ პროგრამებს.

ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობართა დასკვნას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული მდებარეობის და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ შეიძლება ვცხოვრობდეთ.  ჩვენ სრულად ვიზიარებთ აშშ – სა და საერთოდ, წარმატებული დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას,  რომ იმ ქვეყანას აქვს მომავალი, სადაც არც ხალხი ირჩევს და არც კონსტიტუციითა და კანონმდებლობითაა შეუძლებელი, რომ ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ძალაუფლებისა და ფულის მოყვარული პოლიტიკური გუნდები.

უფრო მეტიც, აბსოლუტურად რეალურად ვთვლით დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებას, რომ ხელისუფლება არის ის, რომელიც უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის ღვთისგან ბოძებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისთვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა, განათლების მიღება. ყველაფერი ეს  კონსტიტუციურად უნდა იყოს განმტკიცებული, როგორც ეს  აშშ – სა და მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებშია.

მიუხედავად მრავალი სიძნელისა, წინააღმდეგობითა და განსაცდელით სავსე რეალობისა, „თეთრები“,. დაარსების დღიდან აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, არსებობის ყველა ეტაპზე ვიყავით პრინციპული და უკომრომისო, პირნათელი სამშობლოსა და საკუთარი სინდისის წინაშე.

ჩვენ ვიდექით „ეროვნული ყრილობისმოწვევის სათავეებთან 2006 წელს, იმ ყრილობის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“  ერთპიროვნული და ძალადობრივი მმართველობის ჟამს, ლამის თავისუფლების ერთადერთ გამონათებად რჩებოდა ქვეყანაში.  სამწუხაროდ, მმართველმა რეჟიმმა შეძლო იმ პერიოდში  მეტად პროგრესული მოძრაობის დაქსაქსვა და განადგურება.

თეთრები” არის ავტორი მნიშვნელოვანი პროექტისა “თავისუფალი აზრის სახლი”, რომელიც  2009 წელს დაარსდა და თავი მოუყარა მეცნიერებსმ ინტელექტუალებს, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს და  რეალურად იქცა ბრწყინვალე ინტელექტუალთა კრებულად, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა თუ პროექტი შემუშავდა, დაიგეგმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.  მათ შორის, 2011 წლის 7 ნოემბერს ღირსების დღე.

პროექტიხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”, რომელსაც 2009 წელს დაედო სათავე, ასევე ერთ-ერთ პროექტთაგანია, რომელიც “თეთრების”  ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. პროექტმა   მსოფლიოში გამორჩეულ იურისტებს მოუყარა თავი მინდია უგრეხელიძის მეთაურობით. ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, “ხალხის სასამართლო” გახდა პრაქტიკულად  ერთადერთი ადგილი, პროექტის ფარგლებში განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საქმეები: გვირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, აფრასიძეების.  პროცესებს ინტერნეტტელევიზია “თეთრების” საშუალებით მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალს ,ეს პროექტი დღემდე რჩება უნიკალურად და ვერავინ შეძლო მსგავსის განხორციელება. 

მხილების მუზეუმი”  – მუზეუმი ღია ცის ქვეშ,  რომლის ექსპონატები  „ ნაციონალური მოძრაობისრეჟიმის კორუმპიებულ ჩინოვნიკებს ამხელდა. “თეთრების” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი  პროექტია,  რომელმაც მთელი საქართველოს რეგიონები მოიარა და იმდენად მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მმართველ რეჟიმს, რომ 26 მაისის აქციების დარბევისას, ეს ექსპონატები დააპატიმრეს. 

თეთრები” გახდა “სახალხო კრებისერთ-ერთი დამფუძნებელი და მისსაქმიანობიაქტიური მონაწილე.  26 მაისის აქციების ორგანიზატორი, რომლიც რეალურად იქცა 2012 წლის 1 ოქტომბრის ცვლილებების მნიშვნელოვან წინაპირობად.  

2012 წლის ბოლოს კი, “თეთრები”, დიდ ხელოვან და მოღვაწესთან, რეზო ჩხეიძესთან, ერთად “ღირსების აქციების” ორგანიზატორი გახდა. აქციების მიზანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილისთვის იმპიჩმენტის მოწყობა და ბრძოლა კოჰაბიტაციის მავნე მოვლენის წინააღმდეგ. 

გვეამაყება, რომ ვართ ინიციატორი და მონაწილე ეროვნული სულისკვეთებით გაჟღენთილი   უნიკალური დოკუმენტის, „მოქმედების მანიფესტი“, რომელიც  შეიქმნა დიდი   მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში და ხელი მოეწერა ცნობილ მოღვაწეთა მიერ მეორე დიდი ქართველის, რეზო ჩხეიძის სახლში.

ჩვენი ინიციატივით შეიკრა  მეცნიერთა მძლავრი გუნდი,  რომელმაც შექმნა და წიგნად გამოსაქართველოს განვითარების პროგრამა „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, ხოლო  2019 წლის გელათის კონგრესზე მიღებული საპროგრამო დოკუმენტი,  „ახალი განზომილება, რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“  

20014 წლიდან მოყოლებული, ვართ ინიციატორი გელათის კონგრესის ყველა სესიისა. აქტიურად ვართ ჩართული  გელათის მეცნიერთა და მოღვაწეთა წლევანდელ კონგრესზე უმნიშვნელოვანესი „ქართული დოქტრინის“ შემუშავებაში.

დრომ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა.  

დღეს ჩვენთვის მთავარია, ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი ტიპის პარტიის შექმნის პრინციპები. ამ პროცესში მონაწილეობა ავტომატურად პარტიის წევრობას კი არ ნიშნავს, არამედ ფიქრს მომავლის საქართველოზე. ქვეყნის მომავალს კი ხალხის ინტერესების გამომხატველი და ხალხის მსახური პარტია სჭირდება.

ერთად შევქმნათ  და ერთად ვიმოქმედოთ!

ვიწყებთ დიდ პროცესს, უკეთილშობილესი სურვილით  ხალხისადმი, რომელიც ნათლად და ადამიანობის რაობის გათვალისწინებით ჩამოყალიბებულია ბიბლიურ შეგონებაში:

თავისუფლებისათვის,  საკუთარი სისხლის ფასად, გაგათავისუფლათ მაცხოვარმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები.

მართლაც, ღვთიური და დღევანდელი საქართველოსთვის ჰაერივით საჭირო სიტყვებია: ადამიანო, ნუ იქნები ადამიანის მონა. მით უფრო არ უნდა გავხდეთ ფულის მონათა მონები. დღეს, საქართველო რეალურად არის ქვეყანა, სადაც არც მდიდარია კარგ დღეში და არც ღარიბი. არც მდიდარია თავისუფალი და არც ღარიბი. ქვეყანაში არ არის გაცნობიერებული, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობაა. რომ „ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში“, რომ „თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშია.“ ეს გენიოსთა, ცხოვრებით დადასტურებული გამონათქვამებია. პირველი,   უილიამ ფოლკნერს, მეორე კი  ფიოდორ დოსტოევსკის   ეკუთვნის. გენიოსი იყო დიმიტრი უზნაძე, რომლის “განწყობის თეორია“ საქართველოში დაივიწყეს, მსოფლიოში კი მისი აღიარება   ძლიერდება. აი, რა გენიალურად გვეუბნება დღევანდელობის მთავარ სათქმელს: გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი, არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!“

მართლაც, მთელი ცხოვრების ფილოსოფიაა გენიოსთა ამ ტკივილიან, მაგრამ დღევანდელობის ზუსტად განმსაზღვრელ ამ გამონათქვამებში. სიძულვილით, გაბოროტებით დაპირისპირებით, ლანძღვა-გინებით საქმე წინ ვერ წავა. ჩვენ ერთგული ვართ იმის, რაც დიდმა შოთა რუსთაველმა გვიანდერძა: „სიყვარული აგვამაღლებს“. ჩვენ ერთგული ვართ იმის, რაც  ქართულმა და კაცობრიობის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მოგვცა: გამარჯვების ყიდვა არ შეიძლება. ეს დამარცხების ტოლფასია. დამანგრეველია ქვეყნისთვის. საქართველო ამის მაგალითი.  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა ხელისუფლებამ იყიდა გამარჯვება. შედეგი – მარცხდება საქართველო! მხოლოდ სიკეთით გამარჯვებას აქვს ქვეყნისა და მისი მომავლისთვის ფასი. ეს ურთულესი გზაა. ზოგჯერ უტოპიური,მაგრამ სწორი და მართალი. ეს მორალური ადამიანების გზაა. ჩვენ, სწორედ ამ გზას გთავაზობთ და ხმამაღლა ვამბობთ: დღეს, როცა საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ პოლიტიკურ მუშტად შეკრული, ჩვენ გვინდა გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა, ასე მომძლავრებული სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად.

ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე ვართ, თანამშრომლობისა საქართველოსთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ.

წინასააღდგომო დიდი მარხვა იწყება. ჩვენ შენდობას და პატიებას ვთხოვთ ყველას, ვინც საწყენად მიიღო ჩვენი პოზიცია. ანალოგიურს არ ვითხოვთ არავისგან, ვისგანაც  არაერთი გულსატკენი რამ მოვისმინეთ.  ამ ქვეყნის მომავალი ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობაშია, რაც არ ნიშნავს ერთ აზრზე ყოფნას. ჩვენ აქაც ბიბლიური პრინციპის ერთგულნი ვართ:

მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“!

ამოცანა სიძულვილის დამარცხებაშია. მომავალი სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე გამარჯვებაშია. ჩვენი პროგრამები, სწორედ ამ პრინციპებს ემყარება. ამიტომაც არ ვიზიარებთ ქუჩის პოლიტიკას, მიგვაჩნია, ქვეყნისათვის მიუღებლად ქუჩის პოლიტიკოსები. სიძულვილი თავისთავადაა აგრესიული, მით უფრო ქუჩაში გადატანილი… ჩვენ, აკადემიური, დარბაისლური, გონიერებაზე დამყარებული პოლიტიკის მომხრე ვიყავით და ასეთად ვრჩებით.

სწორედ ამიტომ ვთავაზობთ ყველას მონაწილეობას ამ დისკუსიაში. აზრთა გაცვლის და თათბირის ვადა გაგრძელდება ორ თვეს და გამოქვეყნდება პარტიის ფუძემდებლური პრინციპები. ხალხთან ერთად შევადგენთ პარტიის პროგრამას და  ჩავატარებთ ყრილობას,რომელიც საქართველოში პარტიების მიერ ხალხის მოსატყუებლად გადაქცეული პომპეზურობით კი არ იქნება დეკლარირებული, არამედ წარვდგებით შთამბეჭდავი პროგრამით და დელეგატთა შემადგენლობით….

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩაერთვება!

 

იხ. „თეთრები“ – ჩვენი პოლიტიკური ბიოგრაფია 2009 წლის 7 აპრილს იწყება

ჩვენ თეთრები – პოზიცია

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *