(რეზონანსი) რა პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება პროფესიონალთა საპარლამენტო გუნდი, ვინ ქმნის, ვინ შეიძლება იყოს მისი წევრი და ვისთვის არის დაკეტილი მისი კარები.

ვინ ვერ მოხვდება პროფესიონალთა საპარლამენტო სიაში

მეცნიერთა კონგრესის საქმიანობამ დაგვარწმუნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საკადრო პოლიტიკის ამოსავალი არ არის ქვეყნის პოტენციალი. რეალობა მწარეა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყნის შესაძლებლის 7-10 პროცენტზე მეტის მოქმედებაში მოყვანა, დღევანდელი ბიუჯეტითაც, რამდენჯერმე მეტის გაკეთება შეიძლება, მეტიც, ათწლეულებია, საქართველოში ბიუჯეტის 1 ლარი 15-25 თეთრის საქმეს აკეთებს. დამკვიდრდა პირადი ერთგულებით კადრების შერჩევის ავადმყოფური სისტემა, რომელიც ებრძვის ძლიერს და, რომელსაც ხელისუფლებაში მოჰყავს სუსტი. ამ სისტემის დამკვიდრებას ხელი შეუწყო პოლიტიკის ქუჩაში გადატანამ. ფაქტიურად, 30 წელია, ქვეყანა ქუჩით იმართება და ხელისუფლებაში დომინირებენ ქუჩის პოლიტიკოსები.

შედეგად, პარტიებში არის პროფესიონალიზმის, წესიერების, ქვეყნისადმი ერთგულების და, რაც მთავარია, ზნეობის დეფიციტი. ხოლო პროფესიონალებს, ზნეობრივ ადამიანებს აქვთ პარტიების მიუღებლობა. ანუ ისინი ერიდებიან არა მარტო პარტიის წევრობას, არამედ პარტიებთან თანამშრომლობასაც კი. კანონმდებლობა კი მხოლოდ პარტიის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, იყოს ხელისუფლებაში. მწარე სიმართლეა, საქართველოში სუსტი ხელისუფლების არსებობა კანონმდებლობითაა გარანტირებული, რომლის გარღვევის გარეშე, შეუძლებელია ქვეყანაში რეალური პოზიტიური პროცესების განვითარება, ქვეყნის მუშაობა შესაძლებლის მაქსიმუმზე.

ზუსტია მეცნიერთა შეფასება, რომ ჩვენ გაცილებით მეტად ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც სახალხოდ და საჯაროდ იბრძვიან თანამდებობებისთვის, პარლამენტარობისთვის, მაგრამ გაცილებით მეტი სიმდიდრეა ის ადამიანები, რომლებიც აშკარად უკეთესნი იქნებოდნენ ქვეყნისა და ხალხისთვის, გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ე.წ. თანამდებობისთვის მებრძოლებს,  „პროფესიონალ პატრიოტებს“და „ქუჩის დემოკრატებს“. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ აჰყვებიან ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ ქუჩის პოლიტიკას, სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანებს ხალხიც და ხელისუფლებაც ნაკლებად იცნობს.

ორი მწარე შეფასება მომავლისთვის:

პირველი – აშკარაა, რომ დღეს პარტიებს გარეთ გაცილებით საინტერესო და საჭირო ხალხია მომავლის საქართველოსთვის, ვიდრე პარტიებში.

მეორე – ჩვენში უფრო აფასებენ მყვირალა, გამოგონილ და თვითმარქვია პოლიტიკოსს, ზოგჯერ უცნობს, ვიდრე აკადემიურ, დარბაისელ, ხატოვნად რომ ვქვათ, „წყნარ“ ნაცნობს. მაშინ როდესაც სრულიად საპირისპირო პროცესებია ევროპისა და საერთოდ, მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში: თუ 15 -20 წელი ვერ ხედავენ პოლიტიკოსის საქმიანობის შედეგებს, მას არ ირჩევენ. ე.ი. დემოკრატიულ ქვეყნებში არ ირჩევენ უცნობს, საქართველოში კი, არ ირჩევენ ნაცნობს.

სწორედ ამიტომ იყო, რომ მეცნიერებმა თავიდანვე გამოკვეთეს პრინციპული პოზიცია, რომ ეჭვით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტისკენ გარბის, მაგრამ შევეხვეწოთ ყველას, ვინც ამისთვის არ იბრძვის, მაგრამ საქმის კეთების დიდი რესურსი აქვს.

ამას ეყრდნობა მეცნიერთა მიერ რეკომენდირებული მთავარი პრინციპი: ვერც ერთი არჩევნები ვერ მოგვცემს ისეთ შედეგს, როგორც სოფელში, ქალაქში, რაიონში ხალხთან ღიად სასაუბროდ ჩასული ავტორიტეტული ადამიანების შეხვედრა-საუბრები ხალხთან. სოფელზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ამ სოფელში ყველაზე ავტორიტეტული. აქვე ვთქვათ, ტრაგედიაა, რომ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ საქართველოზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც ათწლეულებია, სოფელსაც კი არ ენდობიან თავიანთი თავკაცის არჩევას და ზემოდან უნიშავენ. ეს მახინჯი სისტემა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ხალხში გასვლით  საქართველოს ყოველ კუთხე-კუნჭულში და მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებში უნდა ვეძებოთ ქვეყნისთვის განსაკუთრებულად საჭირო ადამიანები. სწორედ ასეთ ხალხს შეუძლია სასწაულის მოხდენა, რადგან ასეთ ადამიანებს ხალხის სიყვარული აქვთ და პასუხისმგებლობას უფროსის კი არა, სწორედ ხალხის წინაშე გრძნობენ.

ამასვე ეყრდნობოდა მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული ორი პრინციპული ხაზგასმა:

პირველი – ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები. ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასლან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა  ივანიშვილთანაც, ირაკლი ღარიბაშვილთანაც, გიორგი კვირიკაშვილთანაც არიან დღევანდელ – გახარიას ხელისუფლებაშიც.

ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების გამოკვეთა, მათი ხელისუფლებაში შენარჩუნება, თუ სახელისუფლებო არენაზე დაბრუნება.

მეორე –იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა თითქმის ნახევარზე მეტი გასულია ქვეყნის გარეთ და ეს ის ადამიანები არიან, ვისაც დიდწილად უნდა ვუმადლოდეთ, რომ თუნდაც უარეს მდგომარეობაში არ ვართ –მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება საქართველოს პარლამენტში ჰყავდეთ თავისი წარმომადგენლები. დიდი მუშაობა უნდა გავწიოთ,  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, რათა მოვიძი  ადამიანები, რომლებსაც   კარგი ურთიერთობა აქვთ იმ ქვეყნების მოსახლეობასთანაც,   ხელისუფლებასთანაც  და  დიასპორაში  დიდი  ავტორიტეტით  სარგებლობენ. ამ პროცესში ჩართვა ყველას შეუძლია.

სწორად ამბობენ მენციერები, უბედურება ის კი არ არის, რომ ხალხს არ უყვარს ან კრიტიკულად არის განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ, არამედ ის, რომ პოლიტიკოსებს არ უყვართ ხალხი. რომ პოლიტიკოსებს არ ესმით ხალხის, რომ პოლიტიკოსებისთვის ხალხი საარჩევნო მასაა. ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს!

დღეს ქვეყანას აქვს უმძიმესი პრობლემა: მართვის სისტემაა ავადმყოფი და ის არა უბრალოდ უნდა შეიცვალოს, არამედ უნდა დაინგრეს. ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, სუფთა ადამიანებს და პროფესიონალებს., რომელთაც საქმით აქვთ დადასტურებული ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულება და არასდროს მხარი არ დაუჭერიათ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში მიდიან თავგანწირული შრომისთვის და არა ფულისა  და ბიზნესისთვის.

მეცნიერებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მართვის სისტემაში ყველაზე არასაიმედო ადამიანია და საქვეყნოდ მომართულია ის,  ვისაც ეს გაცნობიერებული აქვს და უპირატესობას ანიჭებს მდგრადი მართვის სისტემის შექმნას. ამის გაკეთება არ შეუძლიათ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს. მით უფრო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილთ.

სწორედ ეს შევთავაზეთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას. რომ შეგვექმნა „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ – პიროვნებათა პარლამენტი და ერთი საარჩევნო პერიოდი უარი გვეთქვა პარტიულ პარლამენტზე, რადგან ქვეყანა მაშინ ინგრევა, როცა მართვის სისტემა აგებულია პიროვნებაზე,  როცა პარტიები ერთიანდებიან ვინმეს წინააღმდეგ და არა ქვეყნის ინტერესებისათვის. როცა ქვეყნის ერთგულებას ანაცვალებენ უფროსისადმი ერთგულებას; როცა მყარდება ფულის ძალაუფლება, უგულვებელყოფილია ნიჭიერება და პოლიტიკაში მოდიან ფულისა და ფულიანებისადმი მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, როცა პოლიტიკოსებს ხალხის აზრი კი არ აინტერესებთ , არამედ უცხოელი პატრონების, როცა  ქვეყნის გარეთ პატრონებს ვეძებთ და არა მეგობრებს, როცა პოლიტიკური დაპირისპირება სცდება პოლიტიკური სიძულვილის ფარგლებსაც კი და ბიოლოგიურში გადადის.

დღეს, საქართველოში რეალურად ეს მდგომარეობაა. ჩვენ არ ვიცვლით პოზიციას. გადარჩენა პროფესიონალებშია. ზნეობრივ ,სუფთა და  რწმენის ადამიანებშია. ხალხის მიერ შერჩეულ ადამიანებშია და არა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით დაკომპლექტებულ გუნდებში. ამას უკვე 30 წელია, ვხედავთ, რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღატაკდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება. რეალურად მივიღეთ: ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში, სოციალური დემაგოგია და ელიტარული კორუფცია…   ვცხოვრობთ სიყალბეში, ბატონობს პოლიტიკური მაფია.

ჩვენი სურვილია, შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც მოგვცემს ხელისუფლებას მყვირალა, თვითმარქვია და ქუჩის პოლიტიკოსების გარეშე. შექმნის პროფესიონალთა საარჩევნო გუნდს, რომლის შემადგენლობა ხალხიდან უნდა წამოვიდეს და ამ გუნდის ყველა წევრმა უნდა იცოდეს, რომ ის ხალხის და ქვეყნის წინაშეა პასუხისმგებელი და არა პარტიის, პოლიტიკოსის, თუნდაც, ხელისუფლების წინაშე.

ამ სიაში ვერ მოხვდება ვერც ერთი, ვინც:

  • მხარი დაუჭირა ქართული მიწის, სტრატეგიული ობიექტების, ეროვნული სიმდიდრის გაყიდვას;
  • მხარი დაუჭირა პასპორტიდან ეროვნების ამოღებას, რითაც პრაქტიკულად ეროვნება გაუთანაბრა მოქალაქეობას. .. მხარი დაუჭირა პასპორტიადნ  მამის სახელის ამოღებას და პრაქტიკულად, უთვისტომოდ გვაქცია.
  • მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ანუ ისეთ კანონების მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრადიციულ ფასეულობებს;
  • 2005 წელს მხარი დაუჭირა განათლების კანონს, სადაც სიტყვა „მშობელი“ამოღებულია მაშინ, როცა ეს საერთაშორისო კონვენციაშიც კი არის ჩაწერი;ლი  და სადაც განათლების უპირველეს ამოცანად მიჩნეულია: „ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე  დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება“  და 2019 წელს,  მხარი არ დაუჭირა იმ შესწორებებს, რომელიც მენციერებმა, მეცნიერებათა აკადემიამ შესთავაზა (პრაქტიკულად, საქართველოში უგულებელყოფია ცივილიზებული სამყაროს ლიბერალიზმი და გაბატონებულია მახინჯი, ველური ლიბერალიზმი, ლიბერტარიანიზმი, მემერჯვენე ანარქიზმი, რომელიც ნაციონალიზმზე უარესია).
  • მხარი დაუჭირა საფინანსო და ეკონომიკური სისტემების ცენტრალიზაციას და უუფლებოდ დატოვა ქვეყნის რეგიონები.
  • მიიღო გადაწყვეტილება,  თბილისსა და ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლების  დემონტაჟთან დაკავშირებით, შეეძლო იმ ადგილზე მათი დაბრუნება სადაც თავის დროზე დაიდგა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა – კურთხევით, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

ასევე პრინციპულად ვთვლით და მიგვაჩნია, რომ ამ სიაში არ უნდა  იყოს არც ერთი პიროვნება, ვინც:

  • დააფუძნა საქართველოში სოროსული ორგანიზაციები;, „თავისუფლების ინსტიტუტი“,
  • ფინანსდებოდა ან ფინანსდება რუსეთიდან, სოროსიდან, ვისაც პირადად, ან მის პარტიას აქვს  მიღებული მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფული
  • მომთაბარეობს პარტიიდან პარტიაში, მისი „პატრონის“ ჯერ ქებით მოდის პოლიტიკაში, და მერე მისი ლანძღვით რჩება;
  • თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს უცხოეთის სპეცსამსახურებთან (ჩვენ ვითხოვთ ლუსტრაციის კანონის მიღებას თუნდაც იმ ხალხისთვის, ვინც არის ხელისუფლებაში ან აპირებს ხელისუფლებაში მისვლას);
  • გამდიდრდა სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროს, ანუ მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბდებოდა.
  • ვინც მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის (ანუ ხალხის ფულის) თუნდაც ერთი ლარიც კი.

დასკვნის სახით:

საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ – ეს ქვეყნის ოქროს ფონდია. და სწორედ ეს ხალხი უნდა იყოს წარმოდგენილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მთელ ვერტიკალში.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ერთად ვეძებოთ და ვიპოვოთ  ასეთი ადამიანები.  ერთად შევადგინოთ პროფესიონალთა საარჩევნო გუნდი. დავუჭიროთ მას მხარი არჩევნებზე. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ საქართველოს მთავარი პარადოქსის – მდიდარ ქვეყანაში ღარიბად რომ ვცხოვრობთ, დაძლევას… ეს არის გზა, რომ ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

 

მეცნიერთა კონგრესის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

 

ამირან აფციაური – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორიი

რეზო ბალანჩივაძე  – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ჯუმბერ ბოლღაშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ გახოკიძე – ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ანზორ თოთაძე  – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ჯუმბერ კოპალიანი – ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

მანუჩარ მაჩაიძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი

რამაზ ნამიჭეიშვილი – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ლუარა ნიჟარაძე –  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

ლევან ოდიშარია –  ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

გია სიგუა – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი

ვახუშტი ფარცვანია – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი

პაატა შავაძე – სამართლის დოქტორი

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

ვახში ჟვანია – კიბერნეტიკოსი,  მართვის სისტემების მეცნიერებათა დოქტორი

პ.ს. გაზეთ რეზონანსის შემდეგ ნომერში გამოქვეყნდება “ქვეყნის გადარჩენის პროექტის” მეორე ნაწილი, სადაც მოცემულია თუ ვინ შეიძლება მოხვდეს მეცნიერთა მიერ შედგენილ პროფესიონალთა გუნდში.

იხ. ქვეყნის გადარჩენის პროექტი (PDF)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *