მწერალ როსტომ ჩხეიძის და პოლიტიკოს თეიმურაზ შაშიაშვილის მეგობრული გადაძახილი

მწერალ როსტომ ჩხეიძის და პოლიტიკოს თეიმურაზ შაშიაშვილის მეგობრული გადაძახილი, დაწყებული მწერალთა სახლში, მწერალ ნინო ქუთათელაის შემოქმედებით საღამოზე და დმთავრებული შეთანხმებით, რომ სექტემბრიდან გადავზარდოთ ქვეყნის გადარჩენის დიდ დისკუსიაში

მწერალი როსტომ ჩხეიძე: არჩევანი (შეღიმილებად თემურ შაშიაშვილს)
ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო, – ირწმუნებოდა აკაკი გაწერელია და თვალსაჩინოებისათვის თავის მაგალითს იმოწმებდა:
– აი მე ხომ აღიარებული ვარ დიდ მეცნიერად, ეს კი ნიშნავს, რომ ბელეტრისტიც მაღალი რანგისა ვარ.
და ამაყად მიმოატარებდა მზერას:
– რა, ასე არ არის?
არ ვიცი, რას უნდა წამოეგონებინა ეს ეპიზოდი, ალბათ იმას, ბატონი აკაკის დიდი პატივისმცემელი რომ გახლავთ ნინო ქუთათელაძეც, რომლის საიუბილეო თარიღსაც რუსთაველის საზოგადოება აღნიშნავდა მწერალთა სახლში დავით შემოქმედელის თავკაცობით და დასამახსოვრებელ დღესაც შესძენდა ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებას.
სიტყვის სათქმელად რომ მიიწვევდა თემურ შაშიაშვილსაც, ის გამოსვლას ასე დაიწყებდა:
– ორი გაუგებრობის მოწმენი ვართ.
და დარბაზი სულს განაბავდა განმარტების მოლოდინში, რაც არ დაახანებდა:
– როდესაც როსტომს ვუსმენდი, ვფიქრობდი, რა უნდა ამ კაცს პოლიტიკაში-მეთქი. ეს ერთი გაუგებრობა. მეორე გაუგებრობა კი ის არის, რა მინდა მე პოეზიაზე სალაპარაკოდ.
დარბაზში აქა-იქ გაიცინებდნენ, იმასაც თავშეკავებულად, ალბათ მე თუ მომერიდებოდნენ, არადა თუ ვინმეს მოეხსენება შეხუმრების, იუმორის ფასი, უთუოდ მეც მათ შორის ვიგულისხმები.
რა მინდა მე პოეზიაზე სალაპარაკოდო…
თავმდაბლური ნათქვამი უფრო ჩანს, რადგან საკმაოდ დახვეწილი ლიტერატურული გემოვნება აქვს ბატონ თემურს და კარგადაც ერკვევა ჩვენი მწერლობის ავ-კარგში…
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკოსობას…
გრაფი სეგედისა არ იყოს, სხვა სავარძელშია გადამჯდარი ბატონი თემური და იქიდან შესაძლოა მთლად კანთიელად არა ჩანდეს არც ავანსცენა და არც კულუარები იმ პოლიტიკური სპექტაკლისა, რომლის ბოლო აქტიც თამაშდება და გროტესკული ფერხული უთუოდ უკან უნდა მოვიტოვოთ და ისე გავიდეთ ევროატლანტიკურ სივრცეში, ურომლისოდაც ვაითუ საბედისწეროდაც ჩაგვითრიოს პირდაღებულმა მორევმა, ამდენი ხანია რომ გვემუქრება…
მაგრამ დაგუბებული ეროვნული ენერგია თუ როდისმე, ახლა უნდა ამოიფრქვეს… ამოიფრქვეს და კიდეც გადაწყვიტოს გადასაწყვეტი…
აკაკი გაწერელიას კი ეჭვიც არ ეპარებოდა თავისი სიტყვების უცთომელობაში!..
* * *
ისე მიკვირს და გამკვირვებია:
რატომ ავიწყდებათ ადამიანებს, რომ მწერლობაზე დიდი პოლიტიკა არც არსებულა და არც იარსებებს!..


თეიმურაზ შაშიაშვილის პასუხი მწერალ როსტომ ჩხეიძეს

ბატონო როსტომ,ვნახე თქვენი სერიოზული პასუხი ჩემს მეგობრულ ხუმრობაზე,რომელიც თქვენმა მაღალი გემოვნების გამოსვლამ მათქმევინა. მეგონა, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა და მინდა ვირწმუნო, რომ შევინარჩუნებთ-ყველაფერი გასაგებად ვთქვი,ზოგი ისეთი,მე და თქვენ რომ მივუხვდებოდით ერთმანეთს.. ამაზე სხვა დროს…

რაც ვთქვი ვადასტურებ,თქვენ დღევანდელობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ხართ. მიხარია. გეთანხმებით,რომ მწერლობა ყველაზე დიდი პოლიტიკაა..ვამატებ,მაგრამ არა მწერლის პოლიტიკოსობა,ან გაპოლიტიკოსება,როგორც ამას დღეს პარტიები და პარტიული ლიდერები წარმატებით აღწევენ და ამით მწერლობის გავლენას პოლიტიკაზე და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე,პრაქტიკულად ანულებენ.. კომუნისტურ ეპოქაშიც კი ზანზარებდა მთელი ქვეყანა და შიშშეპყრობილი იყო ხელისუფლება,რას იტყოდა მწერალთა კრება, ყრილობა.

რაც თქვენ გითხარით,იგივე ვუთხარი მუხრან მაჭავარიანს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში,როცა მას,დევნილობაში მყოფს და ხელისუფლებისგან შერაცხულს,დიდი შეხვედრა მოვუწყვეთ. დიდი იყო მუხრანი,დიდი! ამაზე დიდი სიმართლე არავის უთქვამს ჩემთვისო ,ბრძანა სცენიდან და მთხოვა,თუ ფურცელზე გადაიტან შენს ზეპირად წარმოთქმულ სიტყვას,მე ჩემ 100 ლექსს შევარჩევ და წინასიტყვეობად წაუმძღვარებო ასეც მოხდა და ეს წიგნი ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი,ჩვენი ოჯახის დიდი რელიქვიაა…

მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ დიდი მწერალს პარლამენტარობა და ხელისუფლებაში ყოფნა აპატარავებს,მაგრამ ისიც ფაქტია,რომ ქვეყანას ისეთი დეპუტატები უნდა ჰყავდეს,რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ანგარიშს უწევდნეს ,რას იტყვის მწერლობა,დიდი მწერალი..ან თუ მაინც შევა მწერალი პარლამენტში,ზოგადად ხელისუფლებაში,-ხალხი უნდა ხედავდეს,რომ მას, თუნდაც ერთს მიჰყავს პროცესი და მისი სახით ხალხის ინტერესების დამცველს უნდა ხედავდეს..

ბოლოს,გულწრფელად მწყდება გული,რომ პარლამენტში იმ პარტიის სიით ხართ, რომლისგანაც ჩვენ ერთად ვიცავდით ტელევიზიას, რომელსაც არბევდნენ…ასევე დამწყდებოდა გული,რომ ოცნების სიით ყოფილიყავით..თქვენს და ასე ვფიქრობ, ჩემს მეგობრებსაც,რომლებმაც გადაკრულ-გადმოკრული გამოთქმები გამოიყენეს ჩემს საწინააღმდეგოდ და თქვენს მხარდასაჭერად, ერთს ვეტყოდი მეგობრულად: უფრო დიდი რუსული ძალა საქართველოში არ ყოფილა,ვიდრე აბაშიძის “აღორძინება” იყო, არც ერთს ისე არ უთამაშნია რუსეთთან, როგორც ეს ნაციონალებმა გააკეთეს და აკეთებენ,ავავე გზით მიდის “ოცნება”..

რაოდენ სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ქვეყანაა გადასარჩენი..

დიდი პატივისცემით გიწვევ ღია დისკუსიაში, კარგი იქნება,თუ ბატონი ელგუჯაც მიიღებს მონაწილეობას!

პ. ს: დღეს შედგა მეგობრული სატელეფონო საუბარი ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილსა და ბატონ როსტომ ჩხეიძეს შორის და შედგა შეთანხმება რომ სექტემბრიდან დაიწყება დიდი დისკუსია.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *