პრეზიდენტ სააკაშვილისადმი საქართველოს ხალხის უნდობლობის საფუძვლები

IMG_5763

ულტიმატუმი

საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას, მიხეილ სააკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედნა ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, კეთილსინდისიერად აღესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ყველაფერი ეღონა საქართველოს კონსტიტუციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, თავისი კონსტიტუციური ფიცის გატეხით შერყვნა პრეზიდენტის სამსახურის ღირსება და ძირი გამოუთხარა მისდამი ხალხის ნდობას, რაც გამოიხატება შემდეგით:

1. მან მოახდინა სახელმწიფო ხელისუფლების აბსოლუტიზაცია და მონოპოლიზაცია, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, დაამყარა ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანის და არა სამართლის მმართველობა; უგულვებელჰყო საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ხელისუფლების გადანაწილება, ხელისუფლების განშტოებათა კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რითაც საფუძველი გამოაცალა კონსტიტუციურ რესპუბლიკურ მმართველობას საქართველოში;

2. მან დაამცრო და დააკნინა სასამართლო ხელისუფლება, არარად აქცია სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებისა და გაძლიერების, და მასთან ერთად – სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების ტენდენცია შეუქცევადად მიგვაჩნდა. იმის მაგივრად, რომ ყოველივე ეღონა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო მან აღმასრულებელი ხელისუფლების პირისფარეშად დაიყენა; მოსამართლეთა დევნის, დაშინების, ტერორის, მოსყიდვის სხვა ხილული თუ უხილავი მეთოდებით, იგი გაბატონებული პოლიტიკური ელიტის მაამებელ გადაწყვეტილებათა მორჩილ აღმსრულებლად გადააქცია; ჩაკლა მათში დამოუკიდებლობის ყოველგვარი განცდა და მოთხოვნილება, რითაც ნიადაგი გამოაცალა საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას, სასამართლოსადმი ხალხის ნდობას, აღუკვეთა ადამიანებს მართლზომიერი მოლოდინი სამართლის და სამართლიანობის მიღწევისა, გასწირა ისინი უკანონობის, დაუცველობისა და უსამართლობისათვის;

3. მან შექმნა ხელისუფლების კორუფციული სისტემა, რომელშიც საზღვარი არა აქვს განუკითხაობასა და ჩინოვნიკების თვითნებობას, სადაც ყველაფერს განსაზღვრავს მმართველი პარტიის ეგოისტური მისწრაფებანი, ჟინი და ახირება, არათუ საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები; სადაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებაზე ზეგავლენის მოსახდენად (სულერთია, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება – ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და სხვ.) სრულიად ამაოა ყოველგვარი ძალისხმევა საზოგადოებრივი აზრისა, სადაც იდევნება ქართული, ეროვნული ცნობიერება და სულიერება, სადაც არასოდეს ხდება ხელისუფლებისაგან განსხვავებული და მით უმეტეს, უმცირესობის აზრის გათვალისწინება, საზოგადოების განსხვავებული ფენების, ინტერესთა ჯგუფების, მათი მოსაზრებების, ინტერესებისა და სამართლიანი მოთხოვნების თანაზომიერი გათვალისწინება, რის გარეშეც შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ქვეყანაში მშვიდობის, ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრება.

4. მან, მის მიერ დანერგილი მართვის მანკიერი სისტემით და ფორმებით შებღალა ადამიანის ღირსების უფლება, ადამიანთა თანასწორობა, დაამკვიდრა ნეპოტიზმი და დისკრიმინაციული გარემო პოლიტიკური შეხედულებების, ასაკობრივი ცხოვრების თითქმის ყველა სხვა სფეროში; საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია სამშობლოსათვის, ჩამოაშორა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და უმოწყალოდ მოისროლა სანაგვეზე, „უსარგებლოებისა და „ჩარეცხილების“ მორალურად დამთრგუნველი სტატუსით; ამით წაართვა მას ღირსეული ცხოვრების უფლება, პროფესიული დასაქმების, წინსვლის, პიროვნების განვითარების შესაძლებლობათა რეალიზაციის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება და გასაქანი;

5. მან, თავისი მოქმედებითა თუ უმოქმედობით ფეხქვეშ გათელა ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი არჩევნების უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა. მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები და მის მიერ მართვადი მედიასაშუალებები გამოიყენა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნის, შევიწროვებისა და ანგარიშსწორებისათვის, დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების დატერორებისათვის თავის არაგონივრულ და უკანონო ქმედებათა გასამართლებლად. მან შექმნა უკანონობისა და განუკითხაობის ატმოსფერო, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებითა თუ ხელისუფლების გადამეტებით, ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევები, მათ შორის – ადამიანთა მკვლელობა, მათი ფიზიკური, თუ სულიერი დასახიჩრება, უკანონო პატიმრობა, ტუსაღთა ცემა, წამება, თუ უტიფარი მოპყრობა, უდანაშაულობის პრეზუმფციის უტიფარი დარღვევა, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების დაუზოგავი დარბევა, ადამიანთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის, ან მისი უსაფუძვლო გამოყენება, საქმეთა გამოუძიებლობა სახელისუფლებო კრიმინალის დასაფარავად, ტელეკომპანიების დარბევა, მედიის საშუალებებზე პოლიტიკური ცენზურა და კონტროლი, საკუთრების თვითნებური ჩამორთმევა, ადამიანთა დაშინება, შანტაჟი, მუქარა, პროვოკაცია და სხვა ათასგვარი დანაშაული, ხრიკი, მზაკვრობა, შენიღბული თუ შეუნიღბავი უკანონობა. ყოველივე ამით მიხეილ სააკაშვილმა არარად აქცია პიროვნების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, კანონი და სამართალი, აბუჩად აიგდო საკუთარი ქვეყანა და ხალხი;

6. მან შექმნა სახელმწიფო რეკეტის კორუფციულისი სტემა, არაკონკურენტული გარემო, ნიადაგი გამოაცალა თავისუფალ მეწარმეობას, გაასხვისა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნე- ლობის მქონე ობიექტები. ყოველივე ამით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სიცოცხლისუნარიანობას, დიდი ხნით დააბრკოლა მისი აღმავლობა და განვითარება.

7. მან, ხელისუფლებას ხარბად დაწაფებულმა, არაერთგზის, უკანონოდ და არამიზნობრივად გამოიყენა სახელმწიფოებრივი სახსრები და მოახმარა იგი თავისი ძალაუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებას, მმართველი ოლიგარქიის ინტერესებს, გარეგნულ ეფექტებსა და არაჯანსაღ სახელისუფლებო ამბიციებს, ძვირადღირებულ საპრეზიდენტო რეზიდენციებს, პირად კეთილდღეობას, ხელისუფლებით ტკბობასა და განცხრომას და, თავისი მაგალითით საქვეყნოდ დაადასტურა, რომ „ხელისუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად“;

8. მან, თავისი უპასუხისმგებლო და უგუნური მოქმედებით შეგნებულად აჰყვა რა, რუსეთის გარკვეული წრეების პროვოკაციას – საქართველო ჩააბა უაზრო, დამღუპველ ომში, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს დიდძალი ტერიტორიის ოკუპაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, ათასობით ადამიანის სიკვდილი, უსახლკაროდ და უსასოოდ დარჩენა, უზარმაზარი მატერიალური და აუნაზღაურებელი ეკოლოგიური ზიანი.

ამით მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაართულა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, პოლიტიკური საშუალებებით აღდგენის პროცესები; საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველო წარმოაჩინა არასერიოზულ და არასაიმედო პარტნიორად, დააბრკოლა საქართველოს ინტეგრაცია ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემებში.
ყოველივე ამით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შელახა თავისი სამსახურის სიწმინდე; შებღალა პრეზიდენტობა, უღალატა მისი, როგორც პრეზიდენტისადმი გამოხატულ ნდობას, იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის, სამართლის უზენაესობის, სიმართლისა და სამართლიანობის საწინააღმდეგოდ, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოსათვის აშკარად საზიანოდ.

ყოველივე ზემოთაღნიშნული ეხება სააკაშვილის საქმიანობას 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. სამწუხაროდ, 1 ოქტომბრის შემდგომ მან საბოლოოდ დაკარგა რეალობის შეგრძნება, დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას, პრეზიდენტმა თავი გამოაცხადა ოპოზიციის ლიდერად, მაშინ, როცა დღემდე, კონსტიტუციის შესაბამისად, რჩება ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად. დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კაზუსი უნიკალურია კონსტიტუციის მქონე ქვეყნებისათვის. პრეზიდენტის უკანასკნელი პერიოდის ყველა ქმედება არის ქვეყნის და ხალხის საზიანო და მკაფიოდ ადასტურებს, რომ ის არაადექვატურია და სრულიად უუნაროა ქვეყნის მართვაში. ფაქტია ისიც, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი “საახალწლო მილოცვით” საერთოდ გავიდა საკონსტიტუციო სივრციდან, გაემიჯნა ქართველ ხალხს და თავადვე დაადასტურა, რომ იგი ამ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი აღარ არის!

სააკაშვილის ასეთი საქციელისათვის, რომლის მიზანია ბრძოლა სავარძლისათვის და არა ქვეყნისათვის, საქართველოს ხალხი სრულ უნდობლობას უცხადებს მას, მიიჩნევს რომ ის ვეღარ გამოდგება თავისუფალი ქართველი ერის მმართველად.

ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი უდრეკი ნება და არჩევნებით გადაწყვიტა თავისი შემდგომი პოლიტიკური ბედი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, მყარად და საიმედოდ დაამკვიდროს თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა საქართ- ველოში.

თუ სააკაშვილი იგნორირებას გაუკეთებს ხალხის ნებას, და საქართველოს კონსტიტუციას, არ მიიღებს ქვეყნისათვის აუცილებელ გადაწყვეტილებას და, 2013 წლის 20 იანვარს, მისი არჩევიდან ხუთი წლის ვადის გასვლისთანავე, არ გადადგება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შექმნიან ისეთ მდგომარეობას, რომ სააკაშვილი ვერ მოახერხებს ხელისუფლების ძალადობით მიტაცებას!

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 21 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეთა ნებასთან და დადასტურებულია უმრავლესობის ხელმოწერით.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *