ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ

IMG_5763საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებისას, თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ გემოქმედნათ ქართველი ერისა და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, კეთილსინდისიერად აღგესრულებინათ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობა და ყველაფერი გეღონათ საქართველოს კონსტიტუციის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, თქვენი კონსტიტუციური ფიცის გატეხვით შერყვენით პრეზიდენტის სამსახურის ღირსება და ძირი გამოუთხარეთ მისდამი ხალხის ნდობას, რაც გამოიხატა შემდეგით:

1. თქვენ მოახდინეთ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია და მონოპოლიზაცია, თქვენს ხელში მოაქციეთ განუზომელი ძალაუფლება, დაამყარეთ ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანის და არა სამართლის მმართველობა; უგულვებელჰყავით საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, ხელისუფლების გადანაწილება, ხელისუფლების განშტოებათა კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რითაც საფუძველი გამოაცალეთ კონსტიტუციურ რესპუბლიკურ მმართველობას საქართველოში;

2. თქვენ დაამცირეთ და დააკნინინეთ სასამართლო ხელისუფლება, არარად აქციეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ხელისუფლების განმტკიცებისა და გაძლიერების, და მასთან ერთად – სამართლიანი მართლმსაჯულების დამკვიდრების ტენდენცია შეუქცევადად უნდა განვითარებულიყო. იმის მაგივრად, რომ ყოველივე გეღონათ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, სასამართლო თქვენ აღმასრულებელი ხელისუფლების პირისფარეშად დაიყენეთ; მოსამართლეთა დევნის, დაშინების, ტერორის, მოსყიდვის სხვა ხილული თუ უხილავი მეთოდებით, ისინი გაბატონებული პოლიტიკური ელიტის მაამებელ გადაწყვეტილებათა მორჩილ აღმსრულებლად გადააქციეთ; ჩაკალით მათში დამოუკიდებლობის ყოველგვარი განცდა და მოთხოვნილება, რითაც ნიადაგი გამოაცალეთ საქართველოში სამართლიან მართლმსაჯულებას, სასამართლოსადმი ხალხის ნდობას, აღუკვეთეთ ადამიანებს მართლზომიერი მოლოდინი სამართლის და სამართლიანობის მიღწევისა, გასწირეთ ისინი უკანონობის, დაუცველობისა და უსამართლობისათვის;

3. თქვენ შექმენით ხელისუფლების კორუფციული სისტემა, რომელშიც საზღვარი არ ჰქონდა განუკითხაობასა და ჩინოვნიკების თვითნებობას, სადაც ყველაფერს განსაზღვრავდა მმართველი პარტიის ეგოისტური მისწრაფებანი, ჟინი და ახირება, არათუ საერთო ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები; სადაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღებაზე ზეგავლენის მოსახდენად (სულერთია, საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროს შეეხება – ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და სხვ.) სრულიად ამაო იყო ყოველგვარი ძალისხმევა საზოგადოებრივი აზრისა, სადაც იდევნებოდა ქართული, ეროვნული ცნობიერება და სულიერება, სადაც არასოდეს ხდებოდა ხელისუფლებისაგან განსხვავებული და მით უმეტეს, უმცირესობის აზრის გათვალისწინება, საზოგადოების განსხვავებული ფენების, ინტერესთა ჯგუფების, მათი მოსაზრებების, ინტერესებისა და სამართლიანი მოთხოვნების თანაზომიერი გათვალისწინება, რის გარეშეც შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ქვეყანაში მშვიდობის, ჰარმონიისა და თანხმობის დამკვიდრება.

4. თქვენ, თქვენს მიერვე დანერგილი მართვის მანკიერი სისტემით და ფორმებით შებღალეთ ადამიანის ღირსების უფლება, ადამიანთა თანასწორობა, დაამკვიდრეთ ნეპოტიზმი და დისკრიმინაციული გარემო პოლიტიკური შეხედულებების, ასაკობრივი ცენზის და ცხოვრების თითქმის ყველა სხვა სფეროში; საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც დიდი სარგებლობის მოტანა შეეძლო სამშობლოსათვის, ჩამოაშორეთ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას და უმოწყალოდ მოისროლეთ სანაგვეზე, „უსარგებლოებისა და „ჩარეცხილების“ მორალურად დამთრგუნველი სტატუსით; ამით წაართვით მათ ღირსეული ცხოვრების უფლება, პროფესიული დასაქმების, წინსვლის, პიროვნების განვითარების შესაძლებლობათა რეალიზაციის, ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება და გასაქანი;

5. თქვენ თქვენივე მოქმედებითა თუ უმოქმედობით ფეხქვეშ გათელეთ ადამიანის ძირითადი უფლებები – სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფალი არჩევნების უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და სხვა. მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები და მის მიერ მართვადი მედიასაშუალებები გამოიყენეთ თქვენივე პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დევნის, შევიწროვებისა და ანგარიშსწორებისათვის, დეზინფორმაციის მეშვეობით საზოგადოების დატერორებისათვის თქვენივე არაგონივრულ და უკანონო ქმედებათა გასამართლებლად. თქვენ შექმენით უკანონობისა და განუკითხაობის ატმოსფერო, სადაც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ხელისუფლების ბოროტად გამოყენებითა თუ ხელისუფლების გადამეტებით, ადამიანის უფლებათა აღმაშფოთებელი დარღვევები, მათ შორის – ადამიანთა მკვლელობა, მათი ფიზიკური, თუ სულიერი დასახიჩრება, უკანონო პატიმრობა, ტუსაღთა ცემა, წამება, თუ უტიფარი მოპყრობა, უდანაშაულობის პრეზუმფციის უტიფარი დარღვევა, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების დაუზოგავი დარბევა, ადამიანთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის, ან მისი უსაფუძვლო გამოყენება, საქმეთა გამოუძიებლობა სახელისუფლებო კრიმინალის დასაფარავად, ტელეკომპანიების დარბევა, მედიის საშუალებებზე პოლიტიკური ცენზურა და კონტროლი, საკუთრების თვითნებური ჩამორთმევა, ადამიანთა დაშინება, შანტაჟი, მუქარა, პროვოკაცია და სხვა ათასგვარი დანაშაული, ხრიკი, მზაკვრობა, შენიღბული თუ შეუნიღბავი უკანონობა.

თქვენს სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს უახლესი ისტორიის სამი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა: საკუთარი ხალხის დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს; საკუთარი ტერიტორიების დაბომბვა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის დროს და საკუთარი ხალხის სისხლიანი დარბევა 2010 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყოველივე ამით თქვენ არარად აქციეთ პიროვნების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, კანონი და სამართალი, აბუჩად აიგდეთ საკუთარი ქვეყანა და ხალხი;

6. თქვენ შექმენით სახელმწიფო რეკეტის კორუფციული სტემა, არაკონკურენტული გარემო, ნიადაგი გამოაცალეთ თავისუფალ მეწარმეობას, გაასხვისეთ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტები. ყოველივე ამით გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეთ ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სიცოცხლისუნარიანობას, დიდი ხნით დააბრკოლეთ მისი აღმავლობა და განვითარება.

7. თქვენ ხელისუფლებას ხარბად დაწაფებულმა, არაერთგზის, უკანონოდ და არამიზნობრივად გამოიყენეთ სახელმწიფოებრივი სახსრები და მოახმარეთ იგი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებას, მმართველი ოლიგარქიის ინტერესებს, გარეგნულ ეფექტებსა და არაჯანსაღ სახელისუფლებო ამბიციებს, ძვირადღირებულ საპრეზიდენტო რეზიდენციებს, პირად კეთილდღეობას, ხელისუფლებით ტკბობასა და განცხრომას და, საკუთარი მაგალითით საქვეყნოდ დაადასტურეთ, რომ „ხელისუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად“;

8. თქვენ თქვენივე უპასუხისმგებლო და უგუნური მოქმედებით შეგნებულად აჰყევით რა, რუსეთის გარკვეული წრეების პროვოკაციას – საქართველო ჩააბით უაზრო, დამღუპველ ომში, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს დიდძალი ტერიტორიის ოკუპაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება, ათასობით ადამიანის სიკვდილი, უსახლკაროდ და უსასოოდ დარჩენა, უზარმაზარი მატერიალური და აუნაზღაურებელი ეკოლოგიური ზიანი.

ყოველივე ამით თქვენ კიდევ უფრო გაართულეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, პოლიტიკური საშუალებებით აღდგენის პროცესები; საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე საქართველო წარმოაჩინეთ არასერიოზულ და არასაიმედო პარტნიორად, დააბრკოლეთ საქართველოს ინტეგრაცია ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სამხედრო უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემებში.

ყოველივე ამით, თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შელახეთ პრეზიდენტის სამსახურის სიწმინდე; შებღალეთ პრეზიდენტობა, უღალატეთ თქვენდამი, როგორც პრეზიდენტისადმი გამოხატულ ნდობას, იმოქმედეთ საქართველოს კონსტიტუციის, სამართლის უზენაესობის, სიმართლისა და სამართლიანობის საწინააღმდეგოდ, ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოსათვის აშკარად საზიანოდ.

ყოველივე ზემოთაღნიშნული ეხება თქვენს საქმიანობას 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. სამწუხაროდ, 1 ოქტომბრის შემდგომ თქვენ საბოლოოდ დაჰკარგეთ რეალობის შეგრძნება, დაუპირისპირდით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას, თავი გამოაცხადეთ ოპოზიციის ლიდერად, მაშინ, როცა დღემდე, კონსტიტუციის შესაბამისად, ითვლებით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდლად. თქვენი უკანასკნელი პერიოდის ყველა ქმედება არის ქვეყნის და ხალხის საზიანო და მკაფიოდ ადასტურებს, რომ თქვენ ხართ არაადექვატური და სრულიად უუნარო ქვეყნის მართვაში. ფაქტია ისიც, რომ თქვენივე “საახალწლო მილოცვით” საერთოდ გახვედით საკონსტიტუციო სივრციდან, გაემიჯნეთ ქართველ ხალხს და თავადვე დაადასტურეთ, რომ ამ ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი აღარ ხართ!

თქვენი ასეთი საქციელისათვის, რომლის მიზანია ბრძოლა სავარძლისათვის და არა ქვეყნისათვის, საქართველოს ხალხი სრულ უნდობლობას გიცხადებთ და მიიჩნევს რომ თქვენ ვეღარ გამოდგებით თავისუფალი ქართველი ერის მმართველად.
ქართველმა ხალხმა გამოხატა თავისი უდრეკი ნება და არჩევნებით გადაწყვიტა თავისი შემდგომი პოლიტიკური ბედი, რათა ერთხელ და სამუდამოდ, მყარად და საიმედოდ დაამკვიდროს თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა საქართველოში.
თუ თქვენ იგნორირებას გაუკეთებთ ხალხის ნებას, და საქართველოს კონსტიტუციას, არ მიიღებთ ქვეყნისათვის აუცილებელ გადაწყვეტილებას და, 2013 წლის 20 იანვარს, თქვენი არჩევიდან ხუთი წლის ვადის გასვლისთანავე, არ გადადგებით, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შექმნიან ისეთ მდგომარეობას, რომ თქვენ ვერ მოახერხებთ ხელისუფლების ძალადობრივ მიტაცებას!

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით თქვენ – მიხეილ სააკაშვილი, 2013 წლის 21 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ ხართ, რაც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეთა ნებასთან და დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით და უმრავლესობის ხელმოწერებით.

 

 “გაერთიანების მემორანდუმში” წარმოდგენილი ორგანიზაციების სახელით

 

რეზო ჩხეიძე  არასამთავრობო ორგანიზაცია     “ერთსულოვნება  საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კინო რეჟისორი, მშვიდობის მსოფლიო ელჩი.

რეზო ამაშუკელი – საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“-ს თავმჯდომარე

მიხეილ ანდღულაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია
“ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისათვის” თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი –  პარტია  ,,თეთრები’’-ს თავმჯდომარე

ფერდინადნდ ლორთქიფანიძე – ქართულ-ოსური მისიის’’ თანათავმჯდომარე

ელგუჯა ბურდული – არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ნანა შარაშიძე  -ასოციაცია  “ქალი, ბავშვი და სოციუმი”

ნუგზარ კახნიაური –  ავღანეთის და სხვა ომების  მონაწილეთა კავშირის თავმჯდომარე

ტიტე ლეფსაია – საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების
ვეტერანთა კავშირი

ანზორ ბაბუხადია – ჩოხოსან რაინდთა დასი

ავთანდილ იოსელიანი – სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის თანათავმჯდომარე

იური ვაზაგაშვილი –  სამოქალაქო ერთობის თავმჯდომარე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *