წერილი საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს

 

ertsulovnebaგვაქვს პატივი ჩვენი კოალიციის სახელით დაგიდასტუროთ კეთილი განწყობა, მოგილოცოთ ახალი წლის დღესასწაული და გისურვოთ პირადად თქვენ, საელჩოს მთელ შემადგენლობას, თქვენს ქვეყანასა და ხალხს სიკეთე და ბედნიერება.
ჩვენ დიდი კმაყოფილებით ვადასტურებთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერასა და უდიდეს წვლილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და მისი შემდგომი დემოკრატიული განვითარების პროცესებში.
ამჯერად ჩვენი წერილის მიზანია გაგიზიაროთ ჩვენი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის გამო შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ერთის მხრივ კონსტიტუცია აღიარებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით და მეორეს მხრივ, არჩევნები უნდა ჩატარდეს 2013 წლის ოქტომბერში, ანუ 10 თვის შემდგომ პრეზიდენტის ხუთ წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან.
საქართველოს მოსახლეობისათვის, ისე როგორც ყოველი დემოკრატიული, თუ დემოკრატიის გზით მიმავალი ქვეყნისათვის, მიუღებელია მოსაზრება, რომ დაირღვეს კონსტიტუციით განსაზღვრული საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა და მისი ამოწურვის შემდგომ არასდროს არავის არ ჰქონდეს უფლება თუნდაც ერთი დღით მიითვისოს საპრეზიდენტო ხელისუფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით. ორი თვის განმავლობაში საქართველოს ერთ მილიონამდე (1 000 000) ამომრჩეველმა ხელი მოაწერა მემორანდუმს 20 იანვარს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ხელმოწერით გამოხატა თავისი ნება და ამცნობს მსოფლიო თანამეგობრობას, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 21 იანვრიდან აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი (ხელმოწერები გრძელდება).

ჩვენ ვთვლით, რომ ეს ღირსების საკითხია. ისე როგორც ყოველი დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე, ჩვენც ვთვლით, რომ ღირსება აქვს იმ ხალხს და ქვეყანას, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციას, არ უშვებს ძალაუფლების უზურპაციას და მიტაცებას.

ზემოაღნიშნულის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 20 იანვარს 1300 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ორგანიზებას ვუკეთებთ და ვიწყებთ ქვეყნისა და ხალხის ღირსების დაცვის მშვიდობიან შეკრებებს.
ჩვენ ვთვლით, რომ ასეთ სიტუაციაში შეხვედრებსა და კონსულტაციებს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებთან და საელჩოების წარმომადგენელებთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთვის მოსახერხებელ დროს შეგხვდეთ და ამ საკითხზე გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები.

გთხოვთ ჩვენი მომართვის შესახებ საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება.

პატივისცემით,
პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 60-ზე მეტი ორგანიზაციის სახელით

ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, ჯანო ბაგრატიონი, გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ზაზა ხატიაშვილი, რეზო ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, თამაზ ჭეიშვილი, ომარ მხეიძე, პაატა ცნობილაძე, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ოთარ ვარსიმაშვილი, ელგუჯა ბურდული, იური ვაზაგაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, გიორგი ჟორჟოლიანი, ანზორ ბაბუხადია, ალექსი კობაიძე, ავთანდილ იოსელიანი, კობა არაბული, რომან რურუა, ლაშა კალანდაძე, გელა სულუაშვილი, ჯემალ ჯიქია, მარინა კაჟაშვილი, შოთა ჩხეიძე, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი, დიმა ჯაიანი, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი, გია კორკოტაძე,ზურაბ ცინცქილაძე, ზურაბ მანჯავიძე.

საკონტაქტო პირები:
1. რეზო ჩხეიძე – მშვიდობის მსოფლიო ელჩი;
2. მიხეილ ანდღულაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ თავმჯდომარე.
3. თეიმურაზ შაშიაშვილი – პოლიტიკური პარტია ,,თეთრები“ თავმჯდომარე;
4. პაატა ცნობილაძე – პროფესორი, იურისტთა საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი;
5. ზაზა ხატიაშვილი – პროფესორი, ადვოკატთა კავშირის თავმჯდომარე;
6. რამაზ ყურაშვილი – პროფესორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, სამედიცინო ჟურნალის ,,დიაბეტი და ჯანმრთელობა“ დამაარსებელი და რედაქტორი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *