ორიოდ სიტყვა ორი მოდელის შესახებ

 

konsქვეყნის პოლიტიკური მართვის სისტემა რომ შესაცვლელია, ამაზე დღეს აღარავინ დავობს. სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ორი ათეული წლის მანძილზე ვერ იქნა და ვერ ჩამოყალიბდა მოდელი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნებოდა ქართული საზოგადოებისათვის, პოლიტიკური პალიტრისათვის და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, დასავლელი „დიდი ძმებისათვის“ . მაგრამ ეს უკანასკნელი უკვე სულ სხვა, ძალიან მტკივნეული თემაა და ცალკე განხილვას იმსახურებს.

ცხარე კამათი მიმდინარეობს უკვე აპრობირებულ და კარგად ნაცად მოდელებს შორის არჩევანის გაკეთებაზე. სამწუხაროდ, ცოტა ვინმე თუ ამბობს, რომ მთავარია არა თავად მოდელი, არამედ კონკრეტულად აღებულ ქვეყანაში, ჩვენს შემთხვევაში, საქართველოში, ამა თუ იმ მოდელის მუშაობის ხარისხი. რომელიმე მოდელის მომხრეები ნაკლებად იწუხებენ თავს მათვის მისაღები სისტემის სამართლებრივი, პოლიტიკური, ზნეობრივი, ეთნიკური, სხვა ასპექტების და თავისებურებების გაანალიზებით.

არათუ ანალიზი არ კეთდება, უმეტეს წილად კითხვებიც არ ისმება – რისი ბრალია ოცწლიანი პოლიტიკური კრიზისი, სისტემის თუ სისტემის შემადგენელი ნაწილების? რატომ არ იმუშავა ეფექტურად საპრეზიდენტო მოდელმა? ვინ დაუშალა პარლამენტს საპრეზიდენტო საქმიანობაზე ეფექტური კონტროლის განხორციელება?

ამ კითხვებზე პასუხისგაცემის გარეშე, მეტიც თავად კითხვების დასმის გარეშე, ყველა მხარე მართალი ჩანს ზედაპირულად. აი, სიღრმისეულად, მეცნიერული შეფასებების დონეზე კი არავინ ეშვება. ამის გარეშე საუკეთესო მოდელიც კი ვერ აღმოფხვრის არსებულ უსერიოზულეს პრობლემებს. ძნელი დასაჯერებელია, რომ სხვადასხვა სისტემების მომხრე ჯგუფებს არ ჰყოფნით ინტელექტუალური პოტენციალი სიღრმისეული ანალიზის გაკეთებისა და მათი ხალხამდე მიტანისათვის. არსებული მდგომარეობა უფრო იმაზე მიუთითებს, რომ აქცენტი კეთდება ცალკეული პოლიტიკური ძალებისათვის ხელსაყრელი მოდელის გატანაზე და არა ქვეყნისათვის უკეთესის გამოძებნაზე.

ჩვენ გვთავაზობენ მზა მოდელებს კონკრეტული სოციალური და ისტორიული კონტექსტის გაუთვალისწინებლად. ახალი მოდელის შეთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს იგი, ვერ იქნება სერიოზული, ვიდრე არ გაკეთდება წინა მმართველობის მოდელის სრული ანალიზი. სწორედ არსებული რეალობის სრულყოფილი შესწავლა უნდა გახდეს საფუძველი სამომავლო სახელმწიფოებრივი შენობის მშენებლობისა,

მხოლოდ ხალხმა უნდა გააკეთოს მოდელის არჩევანი და არა პოლიტიკოსებმა, რომელთა ერთი ნაწილი ემხრობა იმ მოდელს, რომელიც მათ აწყობთ პირადად, და არა ქვეყანას, არა ხალხს, არა სახელმწიფოს. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ბატონი ალასანია, როგორც გამორჩეული ლიდერი გამოდის საპრეზიდენტო მართვის მოდელის შენარჩუნების მოსაზრებით. ხოლო ულიდერო რესპუბლიკური პარტიის გუნდი საპარლამენტო მმართველობის სისტემას იცავს კბილით.

ამ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ აიღოს კონსტიტუციური მოწყობის ის ფორმატი, რომლისთვისაც მზად არის საზოგადოება და არა ცალკეული პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური ძალა.
საზოგადოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება აისახება ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე. სწორედ ავად სახსენებელი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კონსტიტუციის დარბევამ განაპირობა ის კრიზისი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში, რომელიც დაუვიწყარ სახსოვრად დაგვიტოვა ნეონაცისტურმა რეჟიმმა. არა მოდელის შეცვლამ, არამედ არსებული მოდელის მორგებამ, მისი არსის დამახინჯებამ განაპირობა მაშინ ახალგაზრდა რეფორმატორების დეგრადირება ტირანული სახელმწიფოს დაუნდობელმ მართველებად.

და მაინც, რამდენად არის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები?

– დღევანდელი საკონსტიტუციო რისკებიდან გამომდინარე – სასწრაფოა.
– პრეზიდენტის ძალაუფლებიდან გამომდინარე – სასწრაფოა.
– პარალმენტის განვლილი მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე – სასწრაფოა.

ასეთ პირობებში, საკითხთან დაკავშირებული ყველა შემოთავაზება დღემდე არის კოსმეტიკური ხასიათის, ზედაპირული, მეტიც, ემსახურება ერთი რომელიმე პოლიტიკოსის, ან პარტიის ინტერესებს. მათში აბსოლუტურად არ ჩანს საქართველოს ხალხის ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, სახელწმიფოებრივი კულტურის თავისებურებათა გათვალისწინების მცდელობაც კი. არ ჩანს ყველაზე მთავარი – იქნება თუ არა მომავალი მოდელი ეროვნული თანხმობის გარანტი. დღემდე არ არსებობს ხელისუფლების შტოების ურთიერთგაწონასწორების მექანიზმი.

იქმნება რეალური ეჭვი, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ სიჯიუტესთან და არა იურიდიულ ნორმებზე დაყრდნობილ პოლიტიკურ ნებასთან

მომავალი ბუნდოვანი მოდელებისადმი უნდობლობას აძლიერებს ის მომენტიც, რომ პარალამენტი დღემდე არ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომელსაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს: 21 იანვარს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უნდა მიეღო დადგენილება ვადაგასული პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

წორედ საერთო სახალხო მხარდაჭერით არჩეული პარლამენტი დღეს უფლებას აძლევს პრეზიდენტადყოფილს, ისარგებლოს მითვისებული ძალაუფლებით. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო პარტია, რომლის ლიდერი ვერ ბედავს გამოიყენოს მასზე დაკისრებული ძალაუფლება, ვერ ბედავს გადადგას ნაბიჯი, რომელსაც ავალდებულებს არსებული კონსტიტუცია, ვერ ბედავს დროებით იკისროს ქვეყნის პირველი პირის მძიმე უღელი, ბედავს და ითხოვს ქვეყნის საპარალმენტო მმართველობაზე გადაყვანას.

დღეს რას აკეთებს, ხვალ – რას ველოდოთ?!

P.S.. კლასიკოსები ალბათ იმით გამოირჩევიან მოკვდავთაგან, რომ მათი ნახელავია უკვდავი. სად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა და სად კრილოვის კვარტეტი… არადა, როგორ გვანან ერთმანეთს…

პრობლემაზე მუშაობისას ჩემთვის სასიამოვნო იყო პარტიის ანალიტიკური ჯგუფის მეცნიერებთან და ექსპერტებთან მუშაობა, რომელთა ნააზრევის მეტად კომპაქტური ვარიანტი შევეცადეთ გადმოგვეცა მოცემულ წერილში. პრობლემაზე მუშაობა გრძელდება.

თეიმურაზ შაშიაშვილი
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

2013 წლის 25 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *