პატარა დენის დიდი ნააზრევი

+ნაციონალურმა მოძრაობამ მორიგი ნონსენსი გააჟღერა – საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსის უცვლელობის თაობაზე კანონი უნდა მივიღოთო.

ჯერ ერთი,საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკის (ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ა.შ.) კანონის ჩარჩოებით შებოჭვა თავის თავში გულისხმობს საკითხის განვითარების შეზღუდვას, მასზე მუშაობისას შემოქმედებითი მიდგომის შეუძლებლობას, გარე პირობების შექმნის შემთხვევაში მიმდინარე ისტორიული რეალობის შესაბამისად მოქმედების თავისუფლების ხელყოფას;

მეორეც, თუ ასეთი კანონი სასიცოცხლოდ საჭირო იყო საქართველოსათვის, სად იყვნენ 1996 წლიდან, როდესაც სააკაშვილი – ბარამიძე – მაჭავარიანი – გოგორიშვილის გუნდმა დაიკავა ქვეყნის მართვის, განსაკუთრებით კანონშემოქმედებითი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი სავარძელი, სად იყვნენ 2003 წლიდან, როდესაც პრაქტიკულად ერთპარტიულ სახელმწიფოში მოახდინეს ხელისუფლების სრული უზურპაცია, ხოლო 2008 წლიდან კანონშემოქმედებაში და სახელმწიფო მართვის სისტემაში აშკარად გამოჩნდა ტირანიის ნიშნები. რა ან ვინ უშლიდათ ხელს ასეთი კანონის მიღებაში;

მესამეც, მსგავსი კანონის მიღება საგარეო უწყებას, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომლის მუშაობაში საგარეო საქმიანობას რაიმე ასპექტით მაინც სერიოზული ადგილი უჭირავს, ხომ არ შეუკრავს ხელ-ფეხს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანობაში საქართველოს სასარგებლოდ დათმობებისა და კუთვნილი უპირატესობების მისაღებად გამართულ დებატებში, კამათში, ყოველდღიურ საქმიანობაში, თუნდაც – პოლიტიკურ ვაჭრობაში.

ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება და თუ საჭირო გახდა, კვლავ მივუბრუნდებით საკითხს. ამჯერად ორი მეტად საჭირბოროტო მინიშნებით შემოვიფარგლებით:
– პირველი – პარალმენტის თავმჯდომარემ საკითხის კომენტირებისას სრულიად სამართლიანად გამორიცხა ასეთი სულელური დოკუმენტის მიღების შესაძლებლობა. მაგრამ, სამწუხაროდ იქვე აღნიშნა, გამორიცხულია რაიმე ცვლილება საგარეო პოლიტიკაშიო. თითქოს 20 წლის მანძილზე უსირცხვილოდ არ გვატყუებდნენ ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეული და სრულუფლებიანი წევრის ადგილის დაკავებით; თითქოს სწორედ ევროატლანტიკური ქვეყნების პოლიტიკოსები არ მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისაგან ტირანთან, ნეოფაშისტთან, საკუთარი ხალხის გენოციდის მომწყობთან კოჰაბიტაციას; თითქოს სწორედ ევროატლანტიკური ქვეყნების ემისრები არ ავრცელებდნენ ტყუილ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერის მიერ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული აღმშენებლობის თაობაზე; თითქოს სწორედ მათი ძალადობით პრეზიდენტის სავარძელში დარჩენილი ექსპრეზიდენტი არ იყოს ქართველი ხალხის სირცხვილი და თავლაფდასხმა.

ქართველი ხალხი ვერასდროს ჩათვლის მეგობრად უცხოელ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ ძალას, საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალკეულ სახელმწიფოს, რომელიც არად აგდებს საქართველოს კონსტიტუციას, მის კანონებს, აბუჩად იგდებს ქვეყნის მოსახლეობის სურვილს საბოლოოდ გაათავისუფლოს სამშობლო 21 -ე საუკუნის ქართველ ნაცისტთა ჭირისაგან, თვითმარქვია პრეზიდენტისაგან, საგარეო პოლიტიკის ერთპოლუსოვანი განვითარების მეტად საშიში პერსპექტივისაგან.

P.S. დიდ ჩინელ ხალხს მეოცე საუკუნეში ჰყავდა ბრძენი ლიდერი და შეუვალი ავტორიტეტი, ტანმორჩილი აზროვნების გიგანტი დენ სიაო პინი, რომელმაც თავის დროზე ბრძანა: ბალღმა ჩინეთმა რიგრიგობით უნდა გამოწველოს საბჭოთა და ამერიკელი ძროხაო.

დავიჯეროთ, ჩინეთი იყო ბალღი და საქართველოა ბაყბაყ-დევი?!

პარტია „თეთრების“ ანალიტიკური ჯგუფი
31.01.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *