„ღირსების ულტიმატუმი“

 

საკითხები, რომელთაც პრეზიდენტი ცამეტ წელზე მეტია უწოდებს ელემენტარულს და პრაქტიკულად კი არ ასრულებს

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ღირსების ულტიმატუმი” არის იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის გამო შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ღირსების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის სირცხვილი იქნებოდა ხელისუფლებაში ყოფნა, მით უფრო პრეზიდენტის სავარძელში ჯდომა“.

ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც 2009 წლის 23 ნოემბერს, ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან „ღირსების ულტიმატუმზე“ ხელმომწერთა დავალებით გაუგზავნა თემურ შაშიაშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმავე წლის 25 ნოემბერს.

ახალი პოლიტიკური ძალის “თეთრი მოძრაობა” (“თეთრები”) ინიციატივით და მეცნიერთა აქტიური მონაწილეობით, პოლიტიკურ პარტიებთან ხანგრძლივი კონსულტაციებით შედგენილი „ღირსების ულტიმატუმი” ასე მთავრდება: „თუ ხელისუფლება არ შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნება ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებას წაუყენოს ”კონსტიტუციური ულტიმატუმი” ანუ გამოაცხადოს უნდობლობა“.

ასეთი აქტი შედგა კიდეც. 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის არჩეულმა „სახალხო წარმომადგენლობითი კრების“ 11 ათასზე მეტმა დელეგატმა 2010 წლის 25 ნოემბერს, ანუ პრეზიდენტისათვის „ღირსების ულტიმატუმის“ გადაცემის წლისთავზე უნდობლობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტს.

„ღირსების ულტიმატუმზე“ ხელმოწერის ორი წლისთავზე ჩვენ უარს ვამბობთ მიხეილ სააკაშვილისათვის წერილის გაგზავნაზე, რადგან როგორც დრო ადასტურებს, ეს „წყლის ნაყვაა“. საააკშვილმა, რომელმაც უცხოეთში გამოსვლებისას არაერთხელ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლის წინა დღეებში და შემდგომ არაერთგზის განაცხადა, რომ „ერთ კაცს რომ ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი, ვალდებული ვარ შევხვდე და მოვუსმინოო“ – უპასუხოდ დატოვა 2009 წლის 23 ნოემბერს, 2000 -ზე მეტი ადამიანის, რამდენიმე ათეული პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერილი წერილიც და წინადადებაც, რომ 2010 წლის 5 მარტს მისი მონაწილეობით გამართულიყო დებატები „ღირსების ულტიმატუმში“ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.

ვადასტურებთ რა პატივისცემას იმ ხალხისადმი, ვინც ხელი მოაწერა „ღირსების ულტიმატუმს“, ვინც მხარი დაუჭირა მას, ვინც თვლის, რომ, მართალაც, უხერხულია იყო ხელისუფლებაში, მით უფრო იჯდე პრეზიდენტის სკამზე და არ გქონდეს გადაწყვეტილი ხალხისათვისათვის სასიცოცხლო ეს საკითხები და ვადასტურებთ რა მხარდაჭერას საქართველოში ერთი თვის წინ დაწყებული პოლიტიკური პროცესისადმი, რომელმაც უიმედობის ქვეყანაში დიდი იმედი შემოიტანა, ხალხის სამსჯავროზე გამოგვაქვს „ღირსების ულტიმატუმიც“, პრეზიდენტისადმი მაშინ გაგზავნილი წერილიც.
ხალხმა განსაჯოს, სწორი ვართ თუ არა ჩვენ ჩვენს მოთხოვნებში და შეიძლება თუ არა ქვეყანას ჰყავდეს ის პრეზიდენტი, რომელიც უკვე 13 წელზე მეტია „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს „ელემენტარულს“ უწოდებს და პრაქტიკულად არ ასრულებს.

გადაწყვეტილი გვაქვს, 24 ნოემბერს გავმართოთ სპეციალური პრესკონფერენცია: „საქართველო „ვარდების რევოლუციის“ რვა წლისთავზე“. კიდევ ერთხელ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ იმას, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იშენებს სასახლეებს, ცხოვრობს უკეთ, ვიდრე არაბი შეიხები, იღებს ამერიკულ ხელფასს, ხოლო მასწავლებელს, კულტურის, მედიცინის მუშაკს, სტუდენტს, სპორტსმენს, პენსიონერს აძლევს იმაზე ნაკლებს, ვიდრე გაეროს მიერ ყველაზე ცუდად შეფასებული ნიგერიის ხელისუფლება… რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად საკუთარ ხალხს უწყობს გენოციდს.

საქართველოში ყოველი შეხვედრის დროს ტრივიალურად იქცა შეკითხვა: გვეშველება?
ჩვენი პასუხი მარტივია და იმედიანი: დავიბრუნოთ ღირსება და გვეშველება!
ღირსება აქვს იმ ხალხს, ვინც არ ითმენს იმ ხელისუფლებას, რომელიც უღირსად ექცევა საკუთარ ხალხს.
დუმილი დღეს ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ (თეთრები)
დამფუძნებლები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *