მეორე წერილი საქართველოს პრეზიდენტს

• ნუთუ მართლა გჯერათ და ნუთუ მართლა არ იცით, ანუ თქვენდამი მორჩილი მედიის ვნებანი და თქვენი მართვის სტილი: იგნორირება, თვალთვალი, ძალადობა, ტყუილი, სოციალური დემაგოგია.

• „მოქკავშირ“-„აღორძინება“-„ნაცმოძრაობის“ და თქვენი პრეზიდენტობის ეპოქაში ადამიანმა ღირსება და პატიოსნება რომ შეინარჩუნოს, ჩამშვები არ გახდეს, თქვენს მონად არ იქცეს – ძლიერი უნდა იყოს.

 

თქვენო აღმატებულებავ,
ბატონო პრეზიდენტო

ასეთი მომართვით რომ ვიწყებ, ვადასტურებ პატივისცემას კანონისადმი და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი.

ბევრს მიაჩნია, რომ თქვენთვის წერილის გამოგზავნა „წყლის ნაყვაა“. ცუდია, ასეთი აზრი, თუნდაც ერთ ადამიანს ჰქონდეს, მაგრამ ამ დღეებმა დამარწმუნა, რომ ეს უმრავლესობის აზრია.

ასეთი ფიქრის საფუძველი მეც მაქვს. გასული წლის 23 ნოემბერს, 2000 -ზე მეტი ადამიანის, რამდენიმე ათეული პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერით ჩავაბარეთ „ღირსების ულტიმატუმი“. თქვენ, პიროვნებამ, რომელმაც უცხოეთში გამოსვლებისას არაერთხელ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლის წინა დღეებშიც კი განაცხადეთ, რომ „ერთ კაცს რომ ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი, ვალდებული ვარ შევხვდე და მოვუსმინოო“ – უპასუხოდ დატოვეთ წერილიც და წინადადებაც, რომ მიმდინარე წლის 5 მარტს თქვენი მონაწილეობით გამართულიყო დებატები „ღირსების ულტიმატუმის“ საკითხებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის წერილის გამოგზავნის თაობაზე ხალხში ასეთი პესიმისტური განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საჭიროდ არ ჩათვალეთ მოსახლეობის სასიცოცხლო საკითხების „ღირსების ულტიმატუმის“ პასუხი, მაინც გადავწყვიტე ამ წერილით მოგმართოთ.

თუ თქვენ ეს საკითხები არ გაწუხებთ, საჭიროდ არ თვლით, ანგარიშვალდებული იყოთ თქვენი ამომრჩევლების წინაშე, ამ წერილის გამოქვეყნებით იმას მაინც შევძლებ, რომ სწორედ ხალხმა, ამომრჩეველმა განსაჯოს, სწორი ვარ თუ არა ამ საკითხების დასმაში და თუ ჩვენ სწორად ვსვამთ საკითხებს, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ თუ არა ამ ხალხის ინტერესების გამომხატველი და უნდა იყოთ თუ არა მათი პრეზიდენტი.

წერილში ვაანალიზებ შემდეგ პრობლემებს:

პირველი: 1998 წლის სამხედრო და 2003 წლის საარჩევნო ამბოხი;
მეორე: პოლიტიკური ლუსტრაცია;
მესამე: „ღირსების ულტიმატუმი“;
მეოთხე: ნუთუ მართლა გჯერათ და ნუთუ მართლა არ იცით, ანუ
თქვენდამი მორჩილი მედიის ვნებანი და თქვენი მართვის სტილი: იგნორირება, თვალთვალი, ძალადობა, ტყუილი, სოციალური დემაგოგია;
მეხუთე: თქვენ უკვე ვერავის მოსთხოვთ (მინისტრის მოადგილის ზემოთ) წესრიგს;

დავიწყოთ პირველით:

I. 1998 წლის სამხედრო და 2003 წლის საარჩევნო ამბოხი
ფილოსოფოსები ამბობენ: ვინც წარსულს აანალიზებს, მომავლით ცხოვრობს, ან ვინც წარსულს უარყოფს, წარსულით და წარსულშიო.
სერიოზული პოლიტიკოსები ჩვენშიც და უცხოეთშიც წარსულს აანალიზებენ, თქვენ და „ნაციონალები“ წარსულს უარყოფთ. სწორედ წარსულის უარყოფა გამსგავსებთ ბოლშევიზმთან და მის ლიდერებთან, რომელთა ძეგლებსაც ებრძვით და ცხოვრების წესით, მართვის სტილით, მოქმედებებით მათი მსგავსი ხართ.
1998 წლის 19 ოქტომბერს, ზუსტად 12 წლის წინ, სენაკის სამხედრო ბაზიდან 30-მდე ტანკი და სამხედრო ტექნიკა დაიძრა თბილისისაკენ. საქართველო დიდი სისხლისღვრის, სამხედრო აჯანყების განწყობამ მოიცვა. იმერეთმა, ქუთაისმა, სამტრედიასა და ხონში შეაჩერა სამხედრო ტექნიკის სვლა და ქვეყანა გადაარჩინა.
მე ამ პროცესების სრული მონაწილე ვარ, როგორც იმჟამად იმერეთის გუბერნატორი. მაშინდელ სამხედრო პროკურატურას ვიდეოჩამწერით ჩვენება მივეცი. იგი თქვენს ხელთაა და აჩვენეთ თქვენი ტელევიზიებით და მოსახლეობა კიდევ ერთხელ დარწმუნდება, თუ რა მასშტაბის სამხედრო ამბოხი იყო. მოსახლეობა მოისმენს ჩემს მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ეს ამბოხი იმართებოდა ბათუმიდან. ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ამ დღეს თქვენც ბათუმში იმყოფებოდით, მთელი დღე ბატონ ასლან აბაშიძესთან ერთად გაატარეთ. ჩემი ანალიზით (ამას უამრავი ფაქტი ადასტურებს), ამბოხის მთელ პროცესს ბატონი აბაშიძე მართავდა რუს გენერლებთან ერთად. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებიდან იმყოფებოდით ბათუმში და სწორედ იმ დღეს და ერთი თვის განმავლობაში არ გამოგიხატავთ თქვენი პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. თქვენ მაშინ „მოქკავშირის“ლიდერი იყავით და ჩემის აზრით, ეს გევალებოდათ.

მინდა დავადასტურო, რომ თქვენ ჩემთან საუბარში არ უარყავით 19 ოქტომბერს თქვენი ბათუმში ყოფნის ფაქტი. მე ეს თქვენ გკითხეთ დეკემბერში, მას შემდგომ, რაც ევროპის რეგიონთა ასამბლეის სხდომიდან დავბრუნდი. კურიოზულია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ფაქტია და ჩვენი ისტორიის ნაწილი, რომ სწორედ ავსტრიაში შევიტყვე აჭარის დელეგაციისაგან, რომ 19 ოქტომბრის ამბოხის დღეს თქვენ ბათუმში იყავით.

როცა ევროპის 300-ზე მეტი რეგიონი მხარს უჭერდა ევროპის ასამბლეაში იმერეთის გაწევრიანებას, ერთადერთი აჭარა იყო წინააღმდეგი. ევროპის რეგიონთა ასამბლეის მაშინდელ პრეზიდენტს აჭარის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასამბლეაში, ქალბატონმა იაგანა აბაშიძემ წარუდგინა ამბოხის და თქვენს მიერ შექმნილი მასწავლებელთა პროფკავშირების 5-კაციანი ჯგუფის გაფიცვის ამსახველი ფოტო და საგაზეთო მასალები. ამ უკანასკნელის მხარდასაჭერად თქვენ ქუთაისში იყავით ჩასული.

„მოქკავშირ-აღორძინების“ ტანდემმა პრობლემები შეგვიქმნა ევროპის რეგიონთა ასამბლეაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ საბედნიეროდ, იგი დავძლიეთ ევროპის ყველა რეგიონის მხარდაჭერით.

საერთოდ, „მოქკავშირისა“ და „აღორძინების“ დაპირისპირება იმიტაცია რომ იყო, ამის შესახებ მაშინაც ვამბობდი. ვამტკიცებდი იმას, რომ თქვენმა მოჩვენებითმა დაპირისპირებამ მოკლა საქართველოში ეროვნული პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პროცესი საერთოდ. ეს დღესაც წარმატებით გრძელდება. იმიტაციაა თქვენი დაპირისპირება. დღეს პრაქტიკულად იგივე „მოქკავშირი“ და „აღორძინებაა“ ხელისუფლებაში, როგორც ეს იყო 2003 წლამდე. თქვენს ფარულ ერთობას ადასტურებს 2003 წლის ოქტომბრის საარჩევნო ამბოხიც, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო ბატონმა გურამ აბსანძემ „აღორძინების“ მხარდაჭერით. ჩვენ ისინიც შევაჩერეთ სამტრედიაში. ძნელი არ არის იმის დამტკიცება, რომ ბატონი აბსანძე თქვენი და ბატონი ასლან აბაშიძის დავალებებს ასრულებდა, რომლებსაც თქვენ ტელეფონით აწვდიდით.

კიდევ ერთი მძიმე ფაქტი: „მოქკავშირს“ და „აღორძინებას“ არ აწყობდათ ცოცხალი ელიავა, რომელიც 1998 წლის ამბოხის მთავარი მამოძრავებელი იყო. მისი არაადამიანური მკვლელობა, მით უფრო იმერეთში, უდიდესი პოლიტიკური მზაკვრობა იყო. ეს მკვლელობის დღეს და მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყველას გასაგონად ვთქვი. თქვენ არც მაშინ არავითარი კომენტარი არ გაგიკეთებიათ.

დარწმუნებული ვარ, ის, რაც ზემოთ ითქვა, ბევრს დააფიქრებს. დააფიქრებს ის, რომ დღემდე სერიოზულად არ არის გამოძიებული არც ერთი ამბოხი (გარდა თქვენი პრეზიდენტობის დროს იმიტირებულისა) და არც ელიავას მკვლელობის ფაქტი. თქვენ იყავით და რჩებით ამ ფაქტებთან დაკავშირებით ტენდენციური, რადგან პრაქტიკულად, პირადად ხართ დაკავშირებული ამ ფაქტებთან, ანუ „მოქკავშირის“ ინტერესების გამომხატველი.

სიმართლის დროც დადგება.

II. პოლიტიკური ლუსტრაცია

ამ წინადადებებით ჩვენ ამ დღეებში ყველა პოლიტიკურ პარტიას მივმართეთ და მოგმართავთ თქვენც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს
ყველამ დავადასტუროთ პოლიტიკური ლუსტრაციის პოლიტიკური ნება. დამოუკიდებელ საქართველოში იყო ორ ათეულზე მეტი სანიშანსვეტო, ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი მოვლენა. საერთო შეთანხმებით გავაკეთოთ ამ მოვლენათა ჩამონათვალი, გავხადოთ იგი საჯარო და ხალხის მონაწილეობით გამოვაქვეყნოთ თითოეული ჩვენგანის პოზიციის დამადასტურებელი კონკრეტული მასალა.
ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არის დღეს:

• როცა, წლების წინ ყაჩაღებად და მკვლელებად წოდებულნი, დღეს ლექციებს გვიკითხავენ წესიერებაზე და სახელისუფლებო ტრიბუნიდან გველაპარაკებიან…

• როცა „მოქკავშირი“ და „აღორძინება“, მათი მემკვიდრე დღევანდელი „ნაციონალური“ ხელისუფლება, ანუ ისინი, ვინც რუსული ფულით, სოროსის მხარდაჭერით, უცხოური გრანტებით იკვებებოდნენ და რევოლუციებს აწყობდნენ, დღეს ყოველგვარი საფუძველის გარეშე სხვას სდებენ ბრალს ასეთ ფულებთან კავშირში…

• როცა ისინი, ვინც დსთ-ში საქართველოს შესვლას მხარი დაუჭირეს, მიიღეს კანონი საბჭოთა კავშირის ქონების გადანაწილების ნულოვან ვარიანტთან დაკავშირებით, დღეს ამის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სხვებს სდებენ ბრალს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილში…

• როცა პარტიები, რომელთა წევრები „მოქკავშირ“-„ნაცმოძრაობა“- „აღორძინებასთან“ ერთად ლამის „ედინაია როსიას“ წევრობასაც ითავსებდნენ, დღეს, ამის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სხვებს სდებენ ბრალს რუსეთთან ანტიქართულ გარიგებებში.

ჩემი აზრით, მხილებაც და ლუსტრაციაც დაწყებულია. მაშინ, როცა ხელისუფლება, რომელიც იგნორირებას უკეთებს მისთვის მიუღებელ თემებსა და პოლიტიკურ პერსონებს, საზოგადო მოღვაწეებს, სახელისუფლებო სატელევიზიო სივრცეს ავსებს მისთვის, (ხელისუფლებისათვის) სასურველი თემებითა და პერსონებით, მათ შორის იმ პერსონებით, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ საკუთარ ოპოზიციონერობას.
დამაფიქრებელია

III. „ღირსების ულტიმატუმი“

ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ. ”ღირსების ულტიმატუმში” ჩამოყალიბებული საკითხები არის უპირველესად მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ღირსების ულტიმატუმი” არის იმ ელემენტარულ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის გამო შელახულია საქართველოს მოქალაქეთა ღირსება და, რომელთა შეუსრულებლობის პირობებში ღირსების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის სირცხვილი იქნებოდა ხელისუფლებაში ყოფნა, მით უფრო პრეზიდენტის სავარძელში ჯდომა.
“ღირსების ულტიმატუმის” საკითხთა ჩამონათვალთან სიტყვა “ელემენტარული” თქვენგან ავიღეთ. მახსოვს, როცა 1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ამ საკითხთა დიდი ნაწილი წარმოგიდგინეთ, მაშინ თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე, თქვენ, როგორც “მოქკავშირის”ლიდერმა მიპასუხეთ, რომ ეს “ელემენტარული საკითხებია” და ჩვენ მათ შესრულებას უახლოეს პერიოდში ვგეგმავთო.

ამ საკითხებს თქვენ, როგორც “მოქკავშირის” ლიდერმა “ელემენტარული” უწოდეთ 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც, მაშინ იმერეთსა და “მოქკავშირს”,მისი პრეზიდენტობის კანდიდატს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც ამ “ელემენტარულ საკითხთა” დიდი ნაწილი შევიდა. ამ საკითხთა დიდი ნაწილი შევიდა იმ ხელშეკრულებებშიც, რომლებიც თქვენ ჯერ 2002 წელს საკრებულოს არჩევნების დროს თბილისელებს და 2003 წელს პარლამენტის არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობას შესთავაზეთ და სწორედ ამის გამო არჩევნებში მათი მხარდაჭერა მოიპოვეთ.

მახსოვს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩემ მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დებატებში მონაწილეობის თაობაზე უარით უპასუხეთ, ხოლო ჩემს პროგრამას, რომელიც ამ საკითხთა დიდ ნაწილს შეიცავდა, კვლავ “ელემენტარული” უწოდეთ და მათ შესრულებას მოსახლეობას ერთ წელიწადში დაპირდით.

ბატონო პრეზიდენტო,

2010 წელი იწურება. თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ საარსებო მინიმუმის და “ღირსების ულტიმატუმის” საკითხთა უმეტესობის შესრულებას “ელემეტარულს” უწოდებთ, უფრო მეტიც, 2002 წელს დაგვპირდით, რომ თუ ელენერგიაზე, გაზზე, წყალზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები გაიზრდებოდა და თუ პენსიები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით არ დაინიშნებოდა, თანამდებობიდან გადადგებოდით. თქვენ არც დანაპირები შეასრულეთ, თანამდებობის დატოვებაც გიჭირთ, ეს საკითხები კი კვლავ მძიმედ აწევს მოსახლეობის სულ მცირე 80 პროცენტს. ამას ადასტურებს “ვარდების რევოლუციის” ექვსი წლისთავზე დაწყებული ხელმოწერა. სამი დღის განმავლობაში “ღირსების ულტიმატუმს” 5000-ზე მეტმა ადამიანმა, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, 14-მაპარტიამ, 100-ზე მეტმა უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი.

ამ წერილით კიდევ ერთხელ გახსენებთ თქვენც და საქართველოს მოსახლეობასაც „ღირსების ულტიმატუმს“. ხალხმა განსაჯოს, რას ვითხოვთ ისეთს, რაც არ გევალებოდათ და შეიძლება თუ არა, საკუთარ თავს უწოდებდე პრეზიდენტს, როცა გადაწყვეტილი არ არის ეს, მართლაც „ელემენტარული საკითხები“, რომელთა მოგვარებასაც 12 წელია სოციალური დემაგოგიის არნახული პრინციპებით პირდებით საქართველოს მოსახლეობას.

IV. ნუთუ მართლა გჯერათ და ნუთუ მართლა არ იცით,

თქვენდამი მორჩილი მედიის ვნებანი და თქვენი მართვის სტილი: იგნორირება, თვალთვალი, ძალადობა, ტყუილი, სოციალური დემაგოგია
თქვენდამი კეთილგანწყობილმა საინფორმაციო საშუალებებმა ბრალი დამდეს ვალერი გელაშვილისაგან 150 ათასი დოლარის აღებაში (მისგან დახმარება რომც მიმეღო, ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ), შეურაცხოფა მიაყენეს ბატონ გოჩა ძასოხოვს, პიროვნებას, რომელსაც თქვენ თავის დროზე ეროვნული გმირი უწოდეთ, რომლისგანაც დარწმუნებული ვარ, არაერთი ფინანსური დახმარება გაქვთ მიღებული, პიროვნებას, რომელსაც ნამდვილად ქართული განწყობა აქვს, რომელმაც ამ დღეებში გამოსვლაც გააკეთა: „საქართველო გაბრწყინდება, იცოდეთ!“, რომელმაც მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: „გვაცადეთ რუსეთის და ამერიკის ხელისუფლებებმა და ოსები, აფხაზები და ქართველები შევქმნით ისეთ ქართულ სახელმწიფოს, რომლითაც მელი მსოფლიო იამაყებს.“

ბატონო პრეზიდენტო,

ჩემს მიმართ გამოთქმული ამ უაზრო ბრალდების გარკვევას თქვენ არ გთხოვთ. ეს რომ მზაკვრული სიცრუეა, თქვენივე „ჯიბის სასამართლოშიც“ კი შევძლებ ამის დამტკიცებას და საკუთარი ღირსების დაცვას.

იმავე საინფორმაციო საშუალებებმა მე სიხარბესა და გაუმაძღრობაში დამადანაშაულეს, რომ მიღებული თანხის დიდი ნაწილი პირადი ინტერესებისთვის როგორც ჩანს თქვენს ჟურნალისტებს ისეთივე ვგონივარ, როგორიც თქვენ იყავით და ხართ, როგორიც თქვენი პარტიის ლიდერთა და „ნაციონალური“ მთავრობის წევრთა უმრავლესობა იყო და არის.

ამ წერილს არც ამ მიზნით გიგზავნით. წერილს თან ახლავს ჩემი ხელწერილი, რომელსაც ათ წელზე მეტია, რეგულარულად ვაქვეყნებ და ათ წელზე მეტია, თქვენც გთხოვთ იმავეს გაკეთებას. მე, თემურ შაშიაშვილი, თქვენი ჟურნალისტების მიერ ხარბად და გაუმაძღრად შერაცხული პიროვნება, რომელსაც დედამიწის ზურგზე მამა-პაპისეულის გარდა არაფერი გამაჩნია საკუთრებაში, მოგმართავთ თქვენ,უწესიერეს, უკეთილშობილეს და პატიოსან პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს: გამოაქვეყნეთ ასეთივე შინაარსის ხელწერილი.

ამასთან, გულწრფელად გილოცავთ, რომ თქვენ აღისრულეთ თქვენი დიდი სურვილი, იგნორირება გაუკეთოთ თქვენთვის მიუღებელ თემებს და თქვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ პერსონებს, საზოგადო მოღვაწეებს და შეძელით ის, რომ მთელი სატელევიზიო სივრცე უჭირავს თქვენთვის სასურველ თემებს და თქვენთვის მისაღებ პერსონებს, მათ შორის იმათ, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ საკუთარ ოპოზიციონერობას.

ბატონო პრეზიდენტო,

თქვენს (სწორედ რომ თქვენს) ტელეარხებს რომ ვიყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, მე სხვა ქვეყანაში ვარ, მაგრამ მერე, როცა „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“ გადავრთავ, ნაწილობრივ მაინც ვბრუნდები საქართველოში.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ 6% ცხოვრობს სიღარიბეში… ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ საარსებო მინიმუმი 100-130 ლარის ფარგლებშია… ნუთუ ფიქრობთ, რომ ქვეყანაში რომელიმე რეფორმა გატარდა ან განათლების, ან საგადასახადო, ან ეკონომიკური, ან სასამართლოა თავისუფალი, ან ციხეებშია კარგი მდგომარეობა… ნუთუ გჯერათ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის, ნუთუ არ იცით, როგორ ცხოვრობენ თქვენი ხელისუფლების წევრები: რა სასახლეები და აგარაკები აიშენეს, როგორ მოაწყვეს, როგორი ფუფუნებით ცხოვრობენ, სად და როგორ აგარაკებზე ისვენებენ… ნუთუ თქვენ, ის პიროვნება, სხვისი სახლების სურათებს რომ უფრიალებდით შევარდნაძეს, ვერ ხედავთ სად ცხოვრობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, რა ქონებას ფლობენ კოდუები, ახალაიები, ბეჟუაშვილები, ბოკერიას ოჯახი, კეზერაშვილი, უგულავას ოჯახი, მერაბიშვილი და საერთოდ თქვენი მინისტრები, დეპუტატები, გუბერნატორები, მერები, გამგებლები, ნუთუ ვერ ხედავთ, რა გამომწვევად იქცევიან ხელისუფალთა მეუღლეები, მთელი უცხოური გრანტები რომ ხელში ჩაიგდეს, ნუთუ არ იცით, რომ ქვეყანაში არ არის ბიზნესი, სადაც წილი თქვენი ხელისუფლების წევრებს არ ჰქონდეთ… ნუთუ არ იცით, რომ ყველა ტენდერს მხოლოდ ხელისუფალთა ოჯახის წევრები იგებენ. ხარაგაულში წყლის სისტემის რეაბილიტაციაც და ახმეტაში ქუჩის გაყვანაც კი არავის დაუთმეთ – პირველს პარლამენტის თავმჯდომარის, ბაქრაძის, მეორეს უმრავლესობის ლიდერის, ცისკარიშვილის სიმამრები დაეპატრონენ…. ნუთუ არ იცით, როგორ თავხედობენ რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები. ნუთუ მართლა არ იცით, რომ ყველა, ვინც დიდი თუ პატარა ტენდერი მოიგო, ყველამ გაიღო სერიოზული ხარკი პირადად თქვენი და „ნაციონალების“ არჩევნებისათვის.
ასე უსასრულოდ შემიძლია დაგისვათ კითხვა: „ნუთუ არ იცით?“ მთელი უბედურება იმაშია, რომ იცით, ყველაფერი ძალიან კარგად იცით, მაგრამ ასე გაწყობთ და რომ მოინდომოთ, მაინც ვეღარ მოერევით შექმნილ სიტუაციას, რადგან ყველამ იცის, რა ქონებას, რა ბიზნესებს ფლობენ თქვენი ოჯახის წევრები: დედა, ძმები, მამა და მამობილი, ბებიაც ზომაზე მეტად აქტიურია… ეს ხალხის დიდმა ნაწილმაც იცის… ბათუმში მოსახლეობის უმრავლესობა ზუსტად გეტყვით, რომელი ბიზნესის და რომელი ახალმშენებლობის უკან ვინ დგას, როგორ მონაწილეობენ ამ საქმეში დედათქვენი და მისი თურქი ნაცნობ-მეგობრები…

V. თქვენ უკვე ვერავის ვერ მოსთხოვთ (მინისტრის მოადგილის ზემოთ) წესრიგს
თქვენს ირგვლივ ყველამ იცის, რომ ქვეყანაში მოქმედებს ფულის გათეთრების სისტემა, საქართველო გახდა ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობის მძლავრი ტრასა. საქართველო იქცა ნარკოტიკულ ქვეყნად – ყოველივე ეს კი თქვენი პირადი მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.

მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ გრძნობთ ამას და ცდილობთ სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. ამაში პოლიციის მაღალჩინოსანთა მეუღლეებიც გეხმარებიან თავისი სატელევიზიო გადაცემებით – ყაჩაღები და მკვლელები გმირებად და მეძავები ქართველი ქალის სახედ რომ სურთ წარუდგინონ მოსახლეობას. ერთობა გაჭირვებული ხალხი, ისინი ყველაზე იაფს ყიდულობენ და საქართველოში ყველაზე იაფი აგრესიაა, თქვენი აგრესიული გამოსვლები და აგრესიული ქმედებებია. საქართველოს უბედურება მოუტანა, თქვენ კი ცხინვალის ომის გამო შემოსულმა დახმარებებმა გადაგარჩინათ, პოსტი შეგანარჩუნებინათ. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალ ომზე და მის შემდგომ მილიარდებზე ფიქრობთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ კავკასიელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. გულდასაწყვეტია, რომ თქვენ ყოველივე ეს გაგდით, ხალხი გპატიობთ, და რაც მეტად გპატიობთ, მით მეტი თავხედი ხდება ხელისუფლება. რა გაეწყობა, მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება კი ერთ „ნაციონალურ“ სახელისუფლებო მუშტადაა შეკრული. ისტორიულად ცნობილია, რომ მშიერი ხალხის მართვა ადვილია და თქვენც მართავთ, მაგრამ ამას, ქართულად, ქართული სახელმწიფოს სასიკეთოდ რომ აკეთებდეთ, კიდევ კარგიო, იტყვის კაცი, მაგრამ რომელ ქართულზეა საუბარი, როცა ეკლესიების მნგრეველებს აწინაურებთ, აწინაურებთ ბიჭების მკვლელებს, თქვენთვის არაფერს ნიშნავს საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პირველკლასელს სხვა ენის სწავლას აწყებინებთ (ამას ანალოგი არ აქვს მსოფლიოში), სესხებს იღებთ, ეს მომავალი თაობების გადასახდელია და ამ ფულს განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, სოფლის გაძლიერებაში, ბიზნესის განვითარებაში კი არა, მოჩვენებით რამეებში დებთ (ხიდები და შადრევნები, სახელისუფლებო სასახლეები). ტაში გიყვართ და სამწუხაროდ, ხალხიც ტაშს გიკრავთ, უფრო სწორად, საკუთარი ქვეყნის დაღუპვას უკრავს ტაშს, ბევრ ქვეყანაში კომპიუტერს პირველ კლასებში არ აჩვევენ, წიგნს აყვარებენ, „ინტერნეტის მამად“ წოდებული ბილ გეიტსი საკუთარ შვილს 45 წუთის მეტს არ სვამს კომპიუტერთან დღე-ღამის განმავლობაში – ავნებსო, თვლის იგი… თქვენ ყველაფერი გადაატრიალეთ და საწინააღმდეგოს თქმას ვერავინ გიბედავთ.
მშიერი და დაუძლურებული ხალხი ვერ გიბედავთ კითხვასაც კი, რატომ იღებთ რეფერენდუმის გარეშე ასეთ კონსტიტუციას, რატომ ებრძვით პარტიების შეთანხმებულ დოკუმენტს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. რატომ იღებთ სესხებს და რაში ხარჯავთ. არათუ გიბედავთ ვინმე კითხვის დასმას, თქვენი ტელევიზიები სიტყვასაც ვერ ძრავენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, იმის თქმაც კი ვერ გაბედეს, რომ გამოქვეყნდა თქვენდამი უნდობლობის ტექსტი, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით ცნობილმა იურისტებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მოაწერა კიდეც ხელი თქვენდამი უნდობლობას… ვერ ბედავენ გადასცენ სიუჟეტებიც კი „ხალხის სასამართლოში“ განხილულ საქმეებზე, მათ სრულ გადაცემაზე საუბარიც ხომ ზედმეტია.
დღეს ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია თქვენი მართვის სტილი:
„იგნორირება, თვალთვალი, ძალადობა, ტყუილი, სოციალური დემაგოგია“
დღეს ხომ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია ფორმულა, რომლითაც თქვენ ზიხართ პოლიტიკურ ტანკზე:

„დამშევა, გათითოკაცება, ღირსების შელახვა“

დღეს ხომ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის ცნობილია ყველაფერი, ამის თუნდაც სოციალური შედეგი; საქართველოში ლუკმაპურის თანხა რომ იშოვო, ღირსება უნდა დაკარგო და მილიონერიც ღირსების დაკარგვით ხდები.
გესმით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მმართველობის დროს ლუკმაპური შოვნაც და მილიონერად გახდომაც ღირსების დაკარგვით ხდება. ეს კატასტროფაა. დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. ადამიანი, რომელსაც ღირსება გააჩნია, მეეჭვება თქვენ პრეზიდენტად გთვლიდეთ. თქვენდამი უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაადასტურებს, რამდენი ღირსეული ადამიანი ჰყავს საქართველოს. ქვეყნის ღირსება თავისუფალი ადამიანია და თქვენ გინდათ თავისუფალი ადამიანები შებოჭოთ და მათ ღირსება დაუკარგოთ.

დიდი მადლობა, რომ ჩემი გვარი საკუთარი ხელით ამოშალეთ იმ ოპოზიციონერთა სიიდან, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ სახელისუფლებო არხზე ამერიკის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს. როგორც ჩანს, ეს ყველასთვის დიდი ნიშანი იყო, გადაკეტილიყო ჩემთვის სატელევიზიო სივრცე. დიდი სიამოვნებით გთავაზობთ ინტერნეტ-ტელევიზია „თეთრებს“ თქვენი გამოსვლებისათვის. სასურველი იქნება დაავალოთ საზოგადოებრივ არხს, მოგვაწოდოს თქვენი და ჩემი 2001 წლის აპრილის დებატების ჩანაწერები ინგა გრიგოლიას გადაცემაში. გახსოვთ ალბათ, ჩემი ბოლო ფრაზა: „საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში!“ მაშინ იუსტიციის მინისტრი იყავით, დღეს პრეზიდენტი ხართ. ხალხმა განსაჯოს, სწორი იყო თუ არა ჩემი მაშინდელი შეფასება. აჩვენეთ მთელი გადაცემა და მაშინ უფრო გაუადვილდებათ დასკვნის გაკეთება.

დარწმუნებული ვარ, თქვენ მიიღებთ ჩემს ამ მარტივ წინადადებებსაც და თუ თქვენ და თქვენი ხელისუფლების ყველა წევრი ამ ხელწერილს გამოაქვეყნებთ, გარწმუნებთ, რომ ერთი ხიზანი არ დარჩება უსახლკაროდ, პენსიები გაორმაგდება, პედაგოგთა ხელფასები გაოთხმაგდება, და იქნება იმდენი, რამდენიც თქვენ ერთი თვის წინ თქვით (მინდა ვიფიქრო, შეცდით და არ გითქვამთ გამიზნული ტყუილი) ინტერვიუში უკრაინულ გამოცემასთან – 400-600 დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ვაკეთებ დასკვნას, რომელსაც ეჭვი არ მეპარება, თქვენ არ გაიზიარებთ, მაგრამ, ხალხმა განსაჯოს.

დასკვნა კი ასეთია
„მოქკავშირ“-„აღორძინება“-„ნაცმოძრაობის“ და თქვენი პრეზიდენტობის ეპოქაში ადამიანმა ღირსება და პატიოსნება რომ შეინარჩუნოს, ჩამშვები არ გახდეს, თქვენს მონად არ იქცეს – ძლიერი უნდა იყოს.

ძლიერია ის, ვინც საკუთარი თავით დადის და გარედან არ იმართება. ასეთი ადამიანების ხელისუფლების საქართველო იქნება ძლიერი სახელმწიფო.

პატივისცემით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)
19 ოქტომბერი, 2010 წელი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *