(ალია)დამირეკეს, თბილისში თურქებს ან მათ ბიზნესს რაიმე რომ დაუშავდეს, აქ ერთ ქართველს არ დაგვტოვებენ ცოცხალსო»

«ალიას» პოლიტიკური მოძრაობა «თეთრების» ლიდერი, თემურ შაშიაშვილი  ესაუბრება:

– ქვეყანაში ბევრი ასეთი ჩინელი, თურქი და არაბია, მაგრამ მე მათ რატომ უნდა ვერჩოდე? მათ რატომ უნდა მოვუწყო აქცია? მე პასუხი უნდა მოვთხოვო ხელისუფლებას, რომელიც ამ უკანონობას ვერ აკონტროლებს, ვერ აღკვეთს და სრულიად უუნაროა ამ საკითხში. აღმაშენებლის გამზირზე თურქი ბიზნესმენები თავისით არ მისულან და არ გაუხსნიათ იქ ბარები და სხვა ობიექტები. მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას, თავად სააკაშვილი და დედამისი, გიული ალასანია ეხვეწებოდნენ თურქ ბიზნესმენებს, რომ აღმაშენებლის გამზირზეც და სხვაგანაც, დაეწყოთ ბიზნესი. ხელისუფლება რას აკეთებს მოძალებული არალეგალი უცხოელების შესაკავებლად? პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რომ გამოვიდა, ვიფიქრე, რაღაც შეიცვლება-მეთქი. არაფერი შეცვლილა, რამდენიმე ბორდელს დაესხა პოლიცია და სულ ეს იყო. გადაიხდიან ჯარიმას იმ ბორდელების მეპატრონეები და კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ან სხვაგან გახსნიან ახალს, აქ მუდამ ასე ხდება. ყველა ფეხის ნაბიჯზე ბორდელია და ამას მარში უშველის? ამას უნდა წესრიგი. მე თურქეთიდან დამირეკეს მეგობრებმა და მითხრეს, მანდ რაიმე რომ მოხდეს, თურქებს და მათ ბიზნესს რაიმე რომ დაუშავდეთ, აქ შეიძლება არც ერთი ქართველი არ დაგვტოვონ ცოცხალიო. რაღაცას რომ იწყებ, ბოლოში ყველაზე უარესი რა შეიძლება დაგხვდეს, ეს წინასწარ უნდა განჭვრიტო. კი, გათამამებულები არიან თურქები საქართველოში, გათამამებულები არიან ირანელები, არაბები და ყველა უცხოელი გათამამებულია, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, ისინი იქამდე გათამამდებიან და წავლენ თავს, რამდენის ნებასაც მათ მისცემს ხელისუფლება. თუ რომელიმე უცხოელი აშავებს რამეს, ამის უფლებას მას აძლევს ხელისუფლება. ამიტომ ამ ხალხს თავი უნდა დავანებოთ და ხელისუფლებას უნდა მოვუბრუნდეთ. კიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი და ვისაც ეკუთვნის, ის მიიღებს საკუთარ თავზე. თუ მე ხელისუფლებაში ვიყავი და ამ და სხვა პრობლემების შესახებ არაფერს ვამბობდი, აღარ ვარ ხელისუფლებაში და ახლა ამოვიღე ხმა, ეს უკვე სკამისთვის ბრძოლაა და არა ქვეყნისთვის.

– ბატონო თემურ, ხელისუფლება არაფერს რომ არ აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, იმიტომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში.

– კი, ბატონო, გამოვიდა, მაგრამ არა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ეს იყო უცხოელების წინააღმდეგ მიმართული აქცია. ხელისუფლების ვერტიკალში რომ უსაქმურობაა, მსგავსი არც მინახავს და არც გამიგონია. სრული უუნარობაა. ხელისუფლებაში არიან ბანკირის ფსიქოლოგიით შეპყრობილი ადამიანები. აქ არ არის მხოლოდ ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი, უამრავია ასეთი. ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება ქვეყანა და და ვისია ბანკი? – ბანკირის! აქ დამთავრდა ყველაფერი, ქვეყანა აგებულია ბანკის პრინციპებზე. ახლახან გავიგე, რომ სუპერმარკეტების ქსელი «სმარტი» იხურება და ის შეიძინა «კარფურმა». ამაზე ხმამაღლა ვერავინ ლაპარაკობს, რადგან ერიდებიან, მთავარ ბანკირს, ბიძინას არ ეწყინოსო… კიდევ ერთი – ეს რომ არ ვთქვა, არ შეიძლება. დღეს პოლიტიკოსები იმას კი არ აკეთებენ, რაც ხალხს სჭირდება, რაც ხალხს მოსწონს, იმას აკეთებენ. რა სჭირდება ხალხს, ეს არც იციან, რა მოსწონს, ეს კარგად იციან. ხალხს დღეს, სამწუხაროდ, მოსწონს აგრესია, ლანძღვა, გინება. გადახედეთ «ფეისბუკს», რა ხდება. ეს არის საშინელება… აგრესიამ წალეკა ლამის მთელი ქვეყანა. ჰოდა, ეს პოლიტიკოსებიც ხალხზე იმას ყიდიან, რაც მათ მოსწონთ – აგრესიას. აგრესია კი აგრესიას იწვევს, აქ არქიმედეს კანონი მოქმედებს, არის წინააღმდეგობა? ადეკვატურია საპირისპირო წინააღმდეგობის ძალა. ამ მარშების შემდეგ, ეს ვითომ ლიბერალიზმის მიმდევარი არასამთავრობოები, უზარმაზარ ფულს მიიღებენ უცხოეთიდან, იქ, პატრონებს დაარწმუნებენ, რომ საქართველოში ლიბერალურ იდეებს ებრძვიან, რომ ჩვენ ფაშისტები ვართ და ყველა უცხოელის გაყრა გვინდა ქვეყნიდან. ეს ფული რას მოხმარდება? ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლას, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, იმ იდეების წინააღმდეგ ბრძოლას, იმ იდეების დისკრედიტაციას, რის დასაცავადაც ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ვინ გაძლიერდება საბოლოოდ? ის ძალა, რომელიც საქართველოსა და ქართველ ხალხს ებრძვის, ვინც მარტო კი არ ოცნებობს, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ქვეყანა მალე დასრულდეს.

– კი, წინააღმდეგი ხართ ქუჩის პოლიტიკის, მაგრამ ესეც რომ საჭიროა, ეს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლამ დაადასტურა. სააკაშვილი არჩევნებით კი წავიდა, მაგრამ ეს შედეგი მრავალწლიანმა საპროტესტო აქციებმა მოიტანა, ხალხმა ამ ქუჩის პროტესტით მიაყენა კედელთან სააკაშვილიც, მისი დასავლელი მხარდამჭერებიც და სხვა გზა აღარ დაიტოვა არჩევნების გაყალბების გარეშე ჩატარებისა.

– კი, გეთანხმებით, ეს ნამდვილად ასე იყო. თუ ხელისუფლება არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხალხს აჯანყების უფლება აქვს. თუ ასაჯანყებელია, კიდევაც უნდა ავჯანყდეთ, მაგრამ ქუჩაში იმიტომ არ უნდა გამოვიდეთ, რომ პოლიტიკური ქულები ჩავიწეროთ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ხალხის მხარდაჭერა მოვიპოვოთ. მოდით, იმაზე ვთქვათ, რაც მართლა უნდა გვტკიოდეს და რაც სასწრაფოდ მისახედია. ხარაგაულის რაიონში არის ასეთი სოფელი – ფარცხნალი. ამ სოფლის გაზრდილი რვა ბუმბერაზი ადამიანი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. ერთ მომენტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ევგენი ხარაძე იყო, ტექნიკური ინსტიტუტისა – იოსებ ბუაჩიძე, სასოფლო-სამეურნეო და პუშკინის პედაგოგიური ინსტიტუტების რექტორებიც ფარცხნალელები იყვნენ, ქვეყნის ოთხი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის რექტორი ერთი სოფლიდან იყო. სამოცამდე აკადემიკოსი და პროფესორი გაუზარდა ამ სოფელმა საქართველოს, მეცნიერების შვიდ დარგს ჩაუყარეს იქაურებმა საფუძველი და ახლა იცით, რა მოხდა? ფაცხნალში სკოლა დაიკეტა, სკოლა აღარ არის. აი, ეს არის ტრაგედია და ამაზე დღეს ხმას არავინ იღებს. ხარაგაულში დღეს ჩინელები ლამის უმრავლესობაში არიან, დაგვცინიან, მალე ხარაგაულის მერი ჩვენიანი, ჩინელი იქნებაო. ეს ყველაფერი  ვისი და რისი ბრალია? ცხადია, უპირველესად წინა ხელისუფლებებისა, მაგრამ დღევანდელი აკეთებს რამეს მათი შეცდომების გამოსასწორებლად? არც არაფერს, თითი თითზე არ დაუდია. განათლების გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დამდგარა ფეხზე, ჩვენში კი განათლებას ფასი არ აქვს. უნივერსიტეტის პროფესორები მეუბნებიან, რომ სწავლა არ არის იქ, სკოლებშიც არ არის სწავლა. ვიღუპებით, ხალხო, ვიღუპებით! ერთმა ჩემთვის მეტად პატივსაცემმა, ბრწყინვალე ხელოვანმა მითხრა, ერთმა ფანქრის ხმარება არ იცის და სამხატვრო აკადემიაში დიპლომი მისცესო. შეიძლება ასე? ამას ვინ გვაძალებს, ირანელი, ერაყელი თუ ჩინელი? ქვეყანა, მისი მართვის სადავეები გაუნათლებელმა ადამიანებმა ჩაიგდეს ხელში და არავის არაფერს ეკითხებიან, ისე მიერეკებიან. რა ვიცი, რომ ჩამოუარო ხალხს, სათითაოდ ყველა გეტყვის, რომ ყველას ამ ქვეყნის გადარჩენა უნდა, ყველა ქვეყნის ჭირისუფალია და ყველა ეძებს ისეთ ადამიანებს, ვინც ქვეყანას მართლა გადაარჩენს. თუ ასეა, აგერ ბატონო, სამეცნიერო წრეებში არიან ასეთი ადამიანები, მიეცით ხმა, აირჩიეთ ეს ხალხი არჩევით რეგიონებში და დაიწყება ამ ქვეყნის გადარჩენისთვის რეალური ბრძოლა.

– ქვეყანა ორ ბანაკად გაიყო – რუსეთის ღია და ფარულ მომხრეებად და ამერიკის მხარდამჭერებად. ამ ორიდან, რომელშია საქართველოს ხსნა?

– არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც აცხადებს, რომ საქართველოს ხსნა ამერიკაში ან რუსეთშია. ჩვენ არ უნდა გავიჭყლიტოთ რუსეთისა და ამერიკის ინტერესების შუაში და საერთოდ, არ უნდა ვიყოთ რეგიონში დიდი სახელმწიფოების სათამაშო მოედანი. რუსეთი და ამერიკა ძალიან კარგად ლაპარაკობენ ერთმანეთში. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი ინტერესების შესაბამისად ავაგოთ მათთან პოლიტიკა, მათ ჩვენი ინტერესები გაითვალისწინონ და ჩვენ – მათი.

ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ სად ჩანს ეს პარტნიორობა? არაფერში. პარტნიორი თუა, ერთი ბანკი გახსნას საქართველოში, იქ რომ 2-3%-იანი კრედიტებია, აქ 10%-იანი მაინც გასცეს და ამოასუნთქოს ხალხი, შვება მისცეს. შემოიყვანონ ამერიკული კომპანიები, გახსნან აქ ქარხნები, აწარმოონ პროდუქცია, დაასაქმონ ხალხი და შეეშველონ ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დადგომაში. მსოფლიოში, მგონი, საქართველოს გარდა, ქვეყანა აღარ დარჩა, სადაც ამერიკულ კომპანიებს ქარხნები არ აქვთ და ჩვენ რამე დავუშავეთ? მარტო ამ საქართველოს მტერი არასამთავრობოების დაფინანსება თუა პარტნიორობა, არ მინდა ეგეთი პარტნიორი. ბანკებს არ ხსნიან, ქარხნებს არ ხსნიან, მაგრამ სამაგიეროდ, «მაკდონალდსის» რესტორნებს გვიხსნიან და თან გვატყუებენ, ხალხი დასაქმდებაო. რანაირად დასამდება ხალხი, როცა ქუთაისში პირველი «მაკდონალდსი» რომ გაიხსნა, დაახლოებით 20 ადამიანი დაასაქმეს და იქვე ახლოს, 2 რესტორანი გაკოტრდა, დაიხურა და უფრო მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი. 2.5 მილიონს მაძლევდნენ ქრთამად, რომ ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მიმეცა «მაკდონალდსის» რესტორნის გახსნის ნებართვა, მაგრამ უარით გავისტუმრე. თავისას მერე მაინც მიაღწიეს.

„ალია“,ლევან ჯავახიშვილი

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *