სასოწარკვეთილი ხალხი, გაბოროტებული მაძიებლები, იგნორირებული ოქროს ფონდი
რაც მეტად ვაკვირდებით საპარლამენტო არჩევნების კამპანიას, მით უფრო ვრწმუნდებით ბატონი რომან რურუას სტატიაში „ავირჩიოთ ადამიანები , რომლებსაც ქართული სული აქვთ,მაგრამ ესმით მსოფლიო სუნთქვაც!…“ გამოთქმული ერთი მოსაზრების ჭეშმარიტებაში.
ბატონი რომანი ამბობს: „ჩემი დაკვირვება და გამოცდილება მარწმუნებს, დიდი სიფრთხილით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტის შესვლისთვის თავს იკლავს, ფულს ხარჯავს და ამავე დროს, შევეხვეწოთ, სწორედ რომ შევეხვეწოთ, პარლამენტზე იფიქროს. ყველა იმ ადამიანმა, ვინც მართლა რომ ჰაერივით სჭირდება უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სამშობლოს“ .
ძნელია, საქართველოს ისტორიაში მოძებნო ისეთი პერიოდი, როდესაც ხალხში მსგავსი გაჭირვება იყო და ასეთი სიმრავლე სკამისთვის გაბოროტებული მაძიებლებისა. ზოგი ხელისუფლებაში ყოფნით გაბოროტდა, უმეტესობა ხელისუფლებისათვის ბრძოლის დროს. თუ ძლიერად არ დავდექით, გაბოროტებულთა დროა, ვინაიდან მათ აწყობთ ის გაჭირვება, რომელიც ხალხშია, გაბოროტება მათ აგრესიულს ხდის და სამწუხაროდ, დღეს, ხალხს მოსწონს აგრესიული პოლიტიკოსი.
დიდი პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი. პრეზიდენტობამდე რამდენიმე წლით ადრე, როგორც გუბერნატორმა, მიმართა ამერიკელ ხალხს, რომელიც არამარტო მისი, არამედ ამერიკის ბედის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. მან არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფ ამერიკელებს მიმართა: ამერიკას ორი გზა აქვს: ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე. თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე – ეს ამერიკის დასასრული იქნება. მაგრამ თუკი შევძლებთ, რომ გონებამ გაიმარჯვოს კუჭზე, მაშინ ამერიკა ზესახელმწიფო გახდება.
ირწმუნეს ამერიკელებმა რეიგანის და გაიმარჯვეს.
ჩვენ დღეს ზუსტად ამ მდგომარეობაში ვართ – ან კუჭი, ან გონება. ცხადია ერთი , რაც მეტს გვპირდებიან, მით უარესად ვცხოვრობთ. ერთხელ გვჭირდება ყველას გონებით გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ისევე გავიმარჯვებთ, როგორც ამერიკამ! ეს ან ამ არჩევნებზე უნდა მოხდეს, ან ამ არჩევნების შედეგების სწორი გააზრებისა და ეროვნული ძალის მობილიზებისა, რომ დავიბრუნოთ პოლიტიკოსების და დანიშნული ბიზნესმენების მიერ წართმეული საქართველო.
გაზეთის ყველა ნომერში ვთქვით და ყოველთვის გავიმეორებთ დიდი მოაზროვნის, დიმიტრი უზნაძის სიტყვებს: „ … გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ!“ ამ სიტყვებმა უნდა დაგვაფიქროს, გამოგვაფხიზლოს და ძალა მოგვცეს.
მდგომარეობა რთულზე რთულია. ფულიანები ბობოქრობენ, პარტიები პარტიულ სიებში და განსაკუთრებით, მაჟორიტარებად გზას უხსნიან, ჯერჯერობით ერთი პატიაც არ ჩანს, რომელიც სწორედ იმ ხალხზე იფიქრებდა, ვინც სასიკეთოდ წაადგებოდა ქვეყანას და მის მომავალს. არადა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც უამრავია ასეთი ადამიანი. ჩვენც ბევრი მათგანის გვარი გამოვაქვეყნეთ. პარტიებმა სრული იგნორირება გამოუცხადეს როგორც ჩანს, პარტიებს ეშინიათ სუფთა და ღონიერად მოაზროვნე ადამიანების.
ერთი მაგალითი. გაზეთის ამ ნომერში ვაქვეყნებთ უდიდეს პროექტს უძლიერესი ეკონომიკური შედეგებით. არც ყოფილი და არც ამჟამინდელი მმართველი პოლიტიკური ძალა არ დაინტერესდა არც პროგრამით, არც მისი ავტორებით, და არც მისი ხელმძღვანელით, აკადემიკოს პაატა გიორგაძით.
ოცამდე პარტია, რომელსაც წერილით მივმართეთ,რომლის სულისკვეთება ეროვნული თანხმობის პარლამენტზე იყო ორიენტირებული, სრული უყურადღებობა.
წინა ნომერში ვახსენეთ ოთხი ქალაქი, სადაც მოსახლეობა მართლაც კარგად უნდა ცხოვრობდეს. ეს ქალაქებია: ფოთი, ზესტაფონი, ჭიათურა, ბოლნისი. ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, საქართველოს მდიდართა უდიდესი უმრავლესობა ამ ქალაქების ჯიჯგნით არის გამდიდრებული. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები უარესს უმზადებს ამ ქალაქებსაც და სხვებსაც.
მეცნიერთა დიდი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ჭიათურა – ზესტაფონი – ტყიბული არის საქართველოს მძლავრი ეკონომიკური ღერძი. ასე იყო ძველ პერიოდშიც და ამ პოზიციას ინარჩუნებს დღესაც. საკითხავია, ვისთვის და ვისზე მუშაობს დღეს? საქართველოზე – მინიმალურად, ამ ქალაქებზე – უფრო ნაკლებად, მაფიოზურ კლანებზე – წარმატებულად. ეს არის მართვის პრობლემები. ზესტაფონში გვაჩვენეს გაზეთი, რომელშიც ეს პრობლემებია გაშუქებული. ამაზრზენია, რაც იქ წერია და თუ ერთი პროცენტიც კი სიმართლეს შეეფერება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და დიდი ეკონომიკური პოტენციალი იჩუქეს მაფიოზებმა. ხელისუფლებების გარეშე? – წარმოუდგენელია.
როგორც ჩანს, ჯერ იყო და ეს ყოველივე შევარდნაძეების ოჯახთან იყო დაკავშირებული, შემდეგ ესტაფეტა სააკაშვილის ოჯახმა მიიღო. საგანგაშოა, რაზეც დღეს ხალხში ლაპარაკობენ. ნუთუ ეს არ იცის ხელისუფლებამ ან ბიძინა ივანიშვილმა? სამწუხარო ის არის, რომ მოვლენათა განვითარება ადასტურებს ხალხის აზრს.
ზესტაფონს დიდი ინტელიგენცია ჰყავს, როგორც შემოქმედებითი, სამეცნიერო, პედაგოგიური, სამედიცინო, ასევე ტექნიკურიც. მართვის სადავეები გარე ძალებთანაა დაკავშირებული. სადაც არ წავედით, იქნება ეს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი, საპატრიარქო, მეცნიერებათა აკადემია თუ ზესტაფონი, ყველგან ბატონი სერგო ვარდოსანიძის საუცხოო შეფასებას მოისმენთ. პროფესორი, დოქტორი, ერსა და ბერში პატივდებული, საერთაშორისო გამოცდილების კარგად მცოდნე. რა თქმა უნდა, მას დეპუტატობა არ უნდა. მაგრამ, თუ ქვეყანა გვინდა, ჩვენ ხომ უნდა ვფიქრობდეთ ასეთი ადამიანების დეპუტატობაზე? თუ ასეთ ხალხს არ ვეძებთ, ვინც კენჭს იყრის, იმათ ძებნა არ უნდათ, უმეტესობა თვითონ ეძებს ხმების გამყიდველს და ამ გზით დეპუტატის სავარძელს.
არ შეიძლება, კმაყოფილება არ გამოვხატოთ იმის გამო, რაც გივი ჯაოშვილის ოჯახთან დაკავშირებით მოვისმინეთ. სიცოცხლეშივე მიენიჭა ზესტაფონის მუზეუმს მისი სახელი და ეს იმ დამსახირებისთვს,რაც მას ზესტაფონისა და საქართველოს წინაშე მიუძღვის. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ წარმატებული შვილები ჰყავს. გოგი ჯაოშვილი საქართველოში ცნობილი პიროვნებაა. მას უდიდეს პატივს მიაგებენ ჩეხეთში. უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ზესტაფონისთვის, ენერგიული ახალგაზრდა კაცია, ქართულად დამუხტული. აქვს უდიდესი გამოცდილება. ბადრი პატარკაციშვილთან დიდი საბჭოს მთავარი კოორდინატორი გახლდათ. წინა ხელისუფლებამ ამის გამო ტანჯვა-წამება არ მოაკლო. თავად არაფერი სურს, მაგრამ ასეთი კაცი არ გამოიყენო, თუნდაც დეპუტატობა არ შესთავაზო, არც ქვეყნისთვის, არც ზესტაფონისთვის არ არის კარგი.
ჩვენ ერთ-ერთ წინა ნომერში ვისაუბრეთ საბერძნეთში მოღვაწე პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძეზე. წარმატებული პიროვნებაა და უაღრესად დიდია მისდამი პატივისცემა საბერძნეთის როგორც სახელისუფლებო, ასევე სამეცნიერო წრეებში და რაც მნიშვნელოვანია, ქართულ დიასპორაში. მას ალბათ, ამაზე არ უფიქრია, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვფიქრობდეთ ასეთი ადამიანების მოზიდვაზე და ქვეყნისთვის საჭირო საქმით დაინტერესებაზე.
ხალხში გახვალ და თუ მათ გულწრფელ საუბარზე გამოიწვევ, უამრავ საინტერესო და სამომავლო პიროვნებას შემოგთავაზებენ. ნაკლებად რომ იცნობს ხალხი, ისეთებიც ახსენეს – თემურ მიქაბერიძე , ახალგაზრდა იურისტი კარგი გამოცდილებით, ასეთივე შეფასებები გააკეთეს ვასილ მშვენიერაძეზე, ვალერი გორგოძეზე . უფროსი თაობიდან ბევრი გეტყვით კეთილ სიტყვებს თემურ კაკოჩაშვილზე, ყველა თვლის, რომ უდიდესი გამოცდილება აქვს , ძლიერი სპეციალისტია, კარგი ორგანიზატორია, საზოგადოება „ზესტაფონელის“ თავკაციც ის ყოფილა. ამ საზოგადოებაში ისეთი ადამიანებია, ვისთანაც დათათბირება ნებისმიერი რანგის ხელისუფალისათვის სასარგებლო და დიდი პატივია. ვის აინტერესებს? ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ამ ხალხთან შეხვედრამ. ესენი არიან გლანთებული მამულიშვილები, ვისაც უყვარს მშობლიური ზესტაფონი და ამავე დროს, კუთხურობის არნაირ ნიშანს არ ატარებენ. ის კი დაუშვებელია, როგორც მათ ექცვიან სხვადასხვა დროის ქვეყნის ხელისუფალნი.
სამწუხაროდ, ზესტაფონი გამონაკლისი არ გახლავთ. როგორც ჩანს, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ადგილობრივი კადრებისადმი უნდობლობა , რაც პრაქტიკულად, მთელი მოსახლეობის უპატივცემულობას ნიშნავს. ჩვენ ყველგან ამის უამრავი მაგალითი დაგვისახელეს. აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის მაგალითი მხოლოდ დამაფიქრებელი კი არა, საგანგაშოა. ამის შესახებ გაზეთის შემდგომ ნომრებში.
დაგვამძიმა შიდა ქართლში მოსახლეობასთან,მეცნიერებთან , საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან საუბრების ანალიზმა. ხალხი ასე გამორჩეულად და სიამაყით ლაპარაკობდეს არა ერთ ადამიანზე და ხედავდე, რომ ხელისუფლების ინტერესებში არც ერთი არ შედის, რა თქმა უნდა, მეტად დამაფიქრებელია.
როგორც საქართველოსთვის საიმედო კაცს, ისე უყურებენ შიდა ქართლში მწერალს, მეცნიერს, პედაგოგს, მთარგმნელს, პროფესორ პაატა ჩხეიძეს, სტუდენტები, ლექტორები, ქალაქის მაცხოვრებლები ერთნაირად კარგად საუბრობენ გორის სახელწმიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი სოსიაშვილზე. კარგია, რომ უნივერსიტეტმა ასეთი კადრი აირჩია რექტორად. გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორ ვალერი სუხიშვილთან შეხვედრამ და საუბარმა, იმ მოსაზრებებმა, რაც მის მიმართ მოვისმინეთ უნივერსიტეტშიც და მის გარეთაც, იმედიანად განგვაწყო. კარგი განწყობა შევიგრძენით გორის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელის , ბატონ თამაზ მაყაშვილის მიმართ. ეს საზოგადოება ისეთ ხალხს აერთიანებს, ვისთანაც ჩვენი აზრით, ხელისუფლება მუდმივ დიალოგს უნდა მართავდეს.
გორელების დიდი მხარდაჭერა აქვთ სახელოვნებო და პედაგოგიური მიმართულების, სამეურნეო საქმიანობის კარგ ორგანიზატორებს: ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორს, ზაზა ედიშერაშვილს, საზოგადო მოღვაწე ნუგზარ მაჭავარიანს, პედაგოგ მარინა ტაბატაძეს . ამ უკანასკნელთან დაკავშირებით გვითხრეს, რომ აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში და ისიც, რომ კარგი მამის შვილი და ტრადიციული ქართული ოჯახის დედაა.
ამ დღეებში, საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა უაღრესად საინტერესო მასალა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ აშშ ჯეიმსთაუნის ფონდის პოლიტიკურ ანალიტიკოს ვასილ რუხაძის ხელმოწერით. მისი განწყობა სტატიის სათაურშივეა მოცემული. „ერი, რომელიც საკუთარი არსებობისადა უსაფრთხოების სტრატეგიას სხვა ქვეყნის დახმარებაზე ამყარებსმ უსათუოდ დაიღუპება“. ეს კაცი ამერიკაში ცხოვრობს. წარმატებულია. საქართველოში კი არ გვაინტერესებს! იქედან ისეთებს გვიგზავნიან ან ჩვენ თვითონ ჩამოგვყავს, რომლებიც საპირისპიროდ მოქმედებენ, რომ სწორედ სხვაზე ვიყოთ დამოკიდებული. აშკარაა, რომ ჩვენთან სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურთ უფრო აფასებენ, ვიდრე ქართულის.
სხვა ქვეყნის ინტერესებისათვის მსახურებას თვლის ქვეყნის უბედურებად პოლიტოლოგი ლევან სვანაძე . ის მართლა ბრძენი კაცია. ასაკითაც, გამოცდილებითაც , განათლებითაც, უცხოეთის ცოდნითაც. ძნელია, საქართველოში იპოვო მეორე პიროვნება, რომელსაც ასეთი მონოგრაფიები ჰქონდეს დასავლეთის ცნობილ მოღვაწეებზე. ამდენი შეხვედრა ამერიკისა და ევროპის დემოკრატიული ქვეყნების მაღალი რანგის ხელმძღვანელებთან. ამდენი ხანი ემუშავოს ინგლისის , ამერიკის, გერმანიის და საფრანგეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში. დანაშაულია, როცა ასეთი ადამიანების შემადგენლობით სახელმწიფოს დონეზე არ არის შექმნილი მრჩეველთა საბჭო ან სათათბირო . დანაშაულია , როცა საინფორმაციო სივრცე არ არის დაკავებული ასეთი ადამიანებით. ჩვენ ორი გვარი ვახსენეთ. ახალგაზრდა პროფესორი და დოქტორი, ვასილ რუხაძე და უკვე მხცოვანი მეცნიერი, პროფესორი და დოქტორი ლევან სვანაძე. როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს მათი შეხედულებები გარე სამყაროსთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების თაობაზე. რა ბედნიერი იქნებოდა საქართველო ასეთი პარლამენტარებით. ეს თაობათა კავშირიც იქნებოდა და იმის ხაზგასმაც, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს სერიოზული ანალიზები აქვს მომზადებული. განწყობა კარგი გვაქვს. უამრავი მეცნიერი გვიერთდება. ვძლიერდებით. მხარდაჭერა სერიოზულია.
არ გვინდა ვიჩქაროთ. 8 სექტემბერს საპარლამენტო სიების წარდგენა მთავრდება. გვეცოდინება ვინ იყრის კენჭს, ვინ არიან სიებში. ის რაც გვესმის, საიმედოს არაფერს გვეუბნება. ჩვენ შორს ვდგავართ ამ საარჩევნო პროცესიდან. ყველა წინადადება , გავმხდარიყავით საარჩევნო სუბიექტი, უარვყავით. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის მომავალი და არა საპარლამენტო სკამი.
საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით 21 – ე საუკუნის დიდგორის ლაშქარს. ჩვენ მომდევნო წელს გადავაქცევთ მეცნიერების გავლენის გაძლიერების წლად. სწორედ ჩვენ, მეცნიერები, კულტურის მოღვაწეებთან ერთად, დარწმუნებული ვართ, ეკლესიის დიდი მხარდაჭერით, შევძლებთ საერთაშორისო მასშტაბი შევძინოთ შოთა რუსთაველის იუბილეს, ამისთვის გამოვიყენოთ ყოველთა ქართველთა, საქართევლოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესი. ამ კონგრესის დასკვნით სხდომას წარვუდგინოთ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი განვითარების მეცნიერული პროგრამა.
დიდი ანალიზი არ არის საჭირო, რომ დაასკვნა, ხალხი გაჭირვებისგან სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, გაბოროტებულნი მიილტვიან საპარლამენტო სკამებისაკენ, მაშინ, როდესაც იგნორირებულია საქვეყნო საქმეებისადმი მომართული უამრავი ადამიანი.
მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის პოზიცია ურყევია: ჩვენ დიდი პროცესი დავიწყეთ, მას კიდევ უფრო მასშტაბურად გავაგრძელებთ, არ მოვეშვებით არც ერთ პრობლემას, რაც ხალხში და ქვეყანაშია…ჩვენ არც იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ სიმართლის საბოლოო ინსტანცია, მაგრამ დაპირისპირება, პარტიების გაფეტიშება, პარტიული ინტერესის ქვეყნის ინტერესზე მაღლა დაყენება რომ დამანგრეველია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია რომ აუცილებელია, ვფიქრობთ არც ეს არის საკამათო. სწორედ ამიტომ არის საჭირო ჯანსაღი დისკუსია, ჯანსაღი პაექრობა . ეს ჩვენი გზაა.
გამოქვეყნებულია გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკა” – ში
2016 წლის 2 სექტემბერი