ვალერი აბესალოს ძე გერგიევი  და საქართველო

ჩანაწერი მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით

 

ის, რომ ვალერი გერგიევი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორია, არავისთვის საკამათო არ არის. მის სახელთანაა დაკავშირებული არა მარტო პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის  ოქროს ხანა, არამედ, ნიუ-იორკის, ლონდონის სამეფო, ამსტერდამის სამეფო, ვენის, გერმანიის, ტოკიოს, პეკინის და მსოფლიოში აღიარებული სიმფონიური ორკესტრების  ამ პერიოდის წარმატებები.

მაგრამ ჩვენ, დღეს ვსაუბრობთ მის კავშირზე საქართველოსთან, რადგან ცხინვალის მოვლენების შემდგომ, მისმა კონცერტმა ცხინვალში, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა… ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადზე უცხადესია, რომ საერთაშორისო მასშტაბის და რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობის ეროვნებით ოსი ხელოვანი, ძალიან სჭირდება როგორც კავკასიას, ასევე საქართველოს, განსაკუთრებით. ქართულ-ოსური გართულებული მდგომარეობის გამო.

ვისაუბრებთ მხოლოდ ფაქტებით.

  • 1982 წელს, როდესაც ქართველ პიანისტს, ლექსო თორაძეს სერიოზული პრობლემები შეექმნა პეტერბურგის შოსტაკოვიჩის დიდ დარბაზში კონცერტის ჩაშლის შემდგომ, სწორედ ვალერი გერგიევი გახდა ის პიროვნება, რომელმაც მაშინ პრაქტიკულად, გადაარჩინა ქართველი მუსიკოსი და მათი ურთიერთობა არნახულ მეგობრობაში გადაიზარდა. საქართველოში ცოტა ვინმემ იცის, არა მარტო ეს ურთიერთობა, არამედ ის, როგორ პატრონობდა ბატონი გერგიევი ლექსო თორაძეს ამერიკაში. ცოტა ვინმემ იცის, რომ ლექსო თორაძის დაკრძალვის დღეს, პეტერბურგის მარიის თეატრში მთელი სპექტაკლიც კი მიუძღვნა.
  • ვალერი გერგიევის პეტერბურგის თეატრის ხელმძღვანელად დანიშვნიდან იწყება დიდი ქართული პერიოდი ამ თეატრში და იმ გასტროლებში, რომელიც მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰქონდა და აქვს. კარგად გავიაზროთ, ერთდროულად ამ თეატრის მაღალი რანგის ხელმძღვანელები  არიან ქართველები: თემურ ჩხეიძე – მთავარი რეჟისორი, მურაზ მურვანიძე – მთავარი მხატვარი; ირმა ნიორაძე – მთავარი ქორეოგრაფი. თეატრის რეპერტუარის განუყოფელ ნაწილად იქცა ზაქარია ფალიაშვილის, დავით თორაძის, ალექსი მაჭავარიანის. ოთარ თაქთაქიშვილის, გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, ვახტანგ მაჭავარიანის შემოქმედება. მისი ხელმძღვანელობის დროს, არ ყოფილა პერიოდი, რომ თეატრში ქართველ  შემოქმედთა რაოდენობა რამდენიმე ათეული არ ყოფილიყო. სასიამოვნოა, რომ ეს დღესაც გრძელდება.
  • გარკვეულწილად, მის ავტორიტეტს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღემდე, სრულად ფუნქციონირებს ვლადიკავკაზის ქართული სკოლა, რომელიც რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, წლების წინ უნდა დახურულიყო, რადგან მისი კონტინგენტი ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (300 მოსწავლეზე ნაკლები)
  • განსაკუთრებული იყო და არის მისი დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. ვლადიკავკაზში მის სახელთანაა დაკავშირებული ეკლესიის შენარჩუნება-აღორძინება.
  • მოვა დრო და საქართველოში ბევრისთვის გახდება ცნობილი, თუ რა მონაწილეობა მიიღო ვალერი გერგიევმა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ წარმოქმნილ პრობლემათა მოგვარებაში. არაერთხელ , მას დასჭირდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან გადაწყვეტა ტყვედ აყვანილთა განთავისუფლების, თუ დაღუპულ პირთა გადმოსვენების და სხვა ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად.
  • ბევრ ქართველს ახსოვს 5 წლის წინ, გერგიევის მამის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე, რომელსაც ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა სრულად და არაერთი ხელმძღვანელი ცხინვალიდან (პირველი პირის ჩათვლით), ესწრებოდნენ, მისი გამოსვლის განსაკუთრებული ნაწილი, რომ ოსი, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ჩვენ საქართველოსა და ქართველების გარეშე რამე განსაკუთრებულს მივაღწევთ, მას არ ესმის არც ჩვენი ურთიერთობის წარსული, და არც მომავალი.
  • ბევრმა ცხინვალში მისი ჩასვლა მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში დაინახა, მაგრამ დრომ დაადასტურა მისი სიტყვების სისწორე: „ მე აქ რომ ვარ, ეს არ ნიშნავს რომ გამარჯვებას ვზეიმობთ, რომ ჩვენ, ოსები უკეთესები ვართ, ვიდრე ქართველები… მე აქ ვარ იმიტომ, რომ არ განხორციელდეს იმათი მიზნები, ვისაც კავკასიაში ომი უნდა. არადა ამის მსურველი უამრავია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს“. უამრავ ქართველს ახსოვს მისი არამარტო პირად საუბრებში, არამედ, საჯარო გამოსვლებშიც ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ კავკასიის მშვიდობა დიდწილად დამოკიდებულია ქართველებისა და ოსების ურთიერთობაზე.

სწორედ ამ განწყობის გამო, გვჭირდება ჩვენ დიდი ურთიერთობა ოსებთან და მით უფრო, იმ პიროვნებასთან, რომელსაც ოსეთში, რუსეთში და მთელო მსოფლიოში აქვს განუსაზღვრელი ავტორიტეტი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *