(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: პოლიტიკოსი ივანიშვილი ქველმოქმედ ივანიშვილს ებრძვისდა სახელს უტეხს!
„თეთრების“ ლიდერი ქვეყანაში შექმნილ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელებმა როგორც შევარდნაძე მოატყუეს, ივანიშვილსაც ისევე მოატყუებენ. მისი თქმით, ივანიშვილიც და სააკაშვილიც წინასაარჩევნოდ სატელიტური პარტიების შექმნით არიან დაკავებული.
– 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველო პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაში ცხოვრობს და რაც დრო გადის, პროსტიტუციის ხარისხი უფრო და უფრო მაღლა იწევს. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 26 – ე წელი შესრულდა და არასოდეს დამავიწყდება ის სიტყვები, რაც ერთმა აფხაზმა მითხრა: „ქართველებსა და აფხაზებს გვაერთიანებს ის, რომ დიდი მამულიშვილის, ჟიული შარტავას მკვლელობაში არც ერთი აფხაზის ხელი არ ურევია!
– ბატონო თემური, ჟიული შარტავა აფხაზებს არ დაუხვრეტიათ?
– იმ აფხაზმა კაცმა ასე მითხრა და მეც ასე ვიცი, რომ ცხონებული ჟიული აფხაზებმა კი არა გადამთიელმა ველურებმა დახვრიტეს!
– თანამედროვე ქართულ პოლიტიკას რა ძალა მართავს?
– ტყუილი. ტყუილით მართავდა შევარდნაძე, ტყუილით მართავდა სააკაშვილი, ტყუილით ამთავრებს ივანიშვილიც! მახსოვს, შევარდნაძის კაბინეტში ერთხელ დიდი გარჩევა იყო, შეხვედრას ჟვანია და სააკაშვილიც ესწრებოდნენ. ავდექი და შევარდნაძეს ვკითხე – ბატონო ედუარდ, რატომ ატყუებთ ხალხს, რატომ ეუბნებით, რომ საქართველო ათ წელიწადში ნატოში შევა? ხომ იცით, რომ ამერიკასა და ევროპაში, საიდანაც სულ ახლახან დავბრუნდი, სულ სხვა განწყობებია – მეთქი? შევარდნაძეს ხმა არ ამოუღია, სააკაშვილმა კი ყველას დაასწრო და პირდაპირ მითხრა – თუ ტყუილი არ ვთქვით, ხალხი ხმას არ მოგვცემსო! იგივე განცხადება მოვისმინე სააკაშვილისგან მაშინაც, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ ხალხს პირდებოდა მილიონ სამუშაო ადგილს შევქმნითო. ხალხის მოტყუება ძველებული ტემპით გრძელდება და საქართველოც 30 წლის განმავლობაში ტყუილში ცხოვრობს. ამ ტყუილის გამოაშკარავება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებსა და ხალხს. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გუშინ ხელისუფლებასთან ერთად იყოფდნენ სარეცელს, ამის გაკეთება არ ძალუძთ!
– მაინც ვინ არის დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიცია? თქვენ გჯერათ, რომ მაგალითად გიგა ბოკერია და მისი „ევროპული საქართველო“ ამ ხელისუფლების ოპოზიციაა?
– გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო დეტალი მახსენდება:ედუარდ შევარდნაძის 1995 და 2000 წლის საპრეზიდენტო პროგრამები გიგა ბოკერიასა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ დაწერილია! როცა ეს ფაქტი გავაპროტესტე და ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძეს ვკითხე, მან მიპასუხა: „თემურ, შენ ებრძვი შენს თავს! – რატომ? – ვკითხე, – იმიტომ, რომ სწორედ ამათ აქვთ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერა… ამ პოზიციას კი, რაც შენ გაქვს, მხარდაჭერა არა აქვს.! – საქართველოსთვის რომელი სჯობს? ვკითხე შევარდნაძეს. – საქართველოსთვის შენი პოზიცია სჯობს! – კი მაგრამ, თუ საქართველოსთვის ჩემი პოზიცია სჯობს, რატომ უსმენ ამათ? – იმიტომ, რომ… – შევარდნაძემ პასუხი აღარ დაამთავრა.
– მაშინ თქვენ მითხარით, ბატონო თემურ, რატომ აწერინებდა შევრდნაძე ბოკერიასა და „თავისუფლების ინსტიტუტს“ საპრეზიდენტო პროგრამებს?
– იმიტომ, რომ შევარდნაძე ამერიკელებს ფეხქვეშ ჰყავდათ გაგებული! რადგან გორბაჩოვმა მიიღო ნობელის პრემია, შევარდნაძესაც ეგონა, რომ ნობელის პრემიას მისცემდნენ. ერთხელ პირდაპირ ვუთხარი: თქვენგან არაფერი დარჩება და არარაობად იქცევით , ანდა საქართველოს ისტორიაში თქვენი პრეზიდენტობა დიდი მმართველობის ეპოქად შეფასდება – მეთქი! შევარდნაძისგან დარჩა არარაობა, რადგან მან აირჩია გიგა ბოკერიასა და სააკაშვილის გზა. ივანიშვილსაც იგივე საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ მისი როგორც ქველმოქმედის ღვაწლი და დამსახურება განუზომელია. დიახ, ივანიშვილმაც გიგა ბოკერიასა და სოროსის მიერ გამოზრდილ მუტანტებზე დადო ფსონი.
– ბატონო თემურ, შევარდნაძე თქვენზე ფსონს რატომ არ დებდა?
– შევარდნაძეს არაერთხელ აქვს ჩემთვის ნათქვამი, ამერიკელები არ გწყალობენ , ამიტომ სამივემ – შენ, ჟვანიამ და სააკაშვილმა ჩაიბარეთ და მართეთ ქვეყანაო! მე შევძელი, რომ არ მივედი მათთან… იმავეს სააკაშვილიც მიმეორებდა, ოღონდ გაზეთის საშუალებით, რომელსაც დოდო შელიას საშუალებით მიგზავნიდა. „ თუ შაშიაშვილი „მოქალაქეთა კავშირში“ შემოვა,მომავალ არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ შაშიაშვილი იქნებაო! შევძელი ისიც, რომ არც მათ გავეკარე. ზურაბ ჟვანიამ ერთხელ მითხრა შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები გავაერთიანოთ და მე ჩავიბარებ, შენ ეკონომიკურ გუნდს უხელმძღვანელე, ხოლო სააკაშვილი უზენაესი სასამართლო თავმჯდომარე ან გენერალური პროკურორი იყოსო! აი, ასე ანაწილებდნენ თანამდებობებს. რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, იმის გაკეთებას 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანია ცდილობდნენ.
– რას გულისხმობთ?
– დღეს ივანიშვილიც და სააკაშვილიც ვითომ ოპოზიციურ სატელიტურ პარტიებს ქმნიან. იმავეს აპირებდა შევარდნაძეც. რადგან იცოდა, ხალხს მოქალაქეთა კავშირი ეზიზღებოდა. 2001 წელს, როცა შევარდნაძეს ბორჯომში წერილით ჩავაკითხედა გადადგომა ვთხოვე, ედუარდმა ჩემი თხოვნა, რათქმა უნდა, არ დააკმაყოფილა და მითხრა – თბილისში ჟვანია და სააკაშვილი გელოდებიან, ძალიან საინტერესო ახალი ამბავი დაგხვდებაო… შევარდნაძეს არ დავუჯერე და საჩხერის გზით თბილისში კი არა, ქუთაისში წავედი. ატყდა ერთი ამბავი, ჟვანიამ ტელეფონი დამიმტვრია.. ლამის ყოველდღე მირეკავდა – თბილისში ჩამოდი, საქმე გვაქვსო! თავისი გაიტანეს და ჩამოტყუეს. ჟვანიას კაბინეტში ჩემი, სააკაშვილისა და ჟვანიას მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. ჟვანიამ მითხრა, რომ სამეგრელოში უნდა დაფუძნებულიყო ოპოზიციური პარტია „კოლხეთი“, რომლის თავმჯდომარედაც ჩემი წარდგენა იგეგმებოდა, სინამდვილეში, ეს იქნებოდა ისეთივე “ოპოზიციური პარტია“ როგორსაც სააკაშვილი და ივანიშვილი დღეს ქმნიან . პარტიის დამფუძნებელთა კრება ენგურკომბინატის დარბაზში გაიმართა, სადაც თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა დაასახელეს. რაც შეეხება ბანკეტს, იგი როლანდ ახალაიას ოჯახში გაიმართა და 40 კაცი ესწრებოდა.
– აკი, სააკაშვილი ამბობდა, ბაჩო და დათა ახალაიებს საერთოდ არ ვიცნობო?
– მერედა ამის სჯერა ვინმეს? ორი დღეს ვიფიქრე და ბოლოს მაინც უარი ვთქვი . ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ბეჟან გუნავაც., ზურაბ ჟვანიამ მითხრა, ბეჟან გუნავა დაგირეკავთ და ის მოაგვარებს ტექნიკურ საკითხებსო! ცხადია, უარი ვთქვი.
– ბატონო თემურ, სააკაშვილი როდის ჩაერთო ამ თათბირში?
– სააკაშვილი ჟვანიას კაბინეტში „ბოტასებითა“ და სპორტული ტანსაცმლით შემოვიდა. ჟვანიას გაოცებულმა ვკითხე, ეს ამ ფორმაში აქ როგორ შემოუშვეს-მეთქი? ჟვანიამ მითხრა: ტანსაცმელს რა უჭირს , მაგიდაზე ფეხებს მიწყობს და ისე მელაპარაკებაო. ე.წ. ოპოზიციური პარტიის შექმნაში ბადრი პატარკაციშვილიც აქტიურად იყო ჩართული. ორჯერ ჩამოფრინდა ქუთაისში თავისი თვითმფრინავით და ოთხი-ხუთი საათის განმავლობაში პირისპირ ვსაუბრობდით. ბადრი მეუბნებოდა – სააკაშვილი თუ ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყანა დაიღუპება, მოქალაქეთა კავშირი უნდა განადგურდეს, შევარდნაძესთან ყველაფერი შეთანხმებულია, ახალმა გუნდმა უნდა აიღოს ხელში ძალაუფლება და თქვენ ამ გუნდის ლიდერად მოიაზრებითო.
– ვინ იყო ამ გუნდში?
– ბადრიმ დამისახელა ძალიან ცნობილი პიროვნებები და პარტიები, დაახლოებით 15 კაცი.ვაღიარებ, ბადრის დიდ პატივს ვცემდი და პატარკაციშვილმა დამიყოლია. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირია, რაც ბადრის ვკითხე – ეს ხალხი ამ გუნდში როგორ აღმოჩნდა მეთქი? – ვიყიდე, – მიპასუხა მან, – ჰოდა, მე ვერ ვიქნები ამ გუნდის წევრი, რადგან ვერ იტყვით, რომ შაშიაშვილი იყიდეთ – მეთქი! ძალიან კარგი წინადადება იყო,მაგრამ დღევანდელი გადასახადიდან რომ ვაფასებ, სწორად მოვიქეცი!
– მამუკა ხაზარაძის „ლელოც“ ხელოვნურად შექმნილი პარტიაა?
– ცხადია! ამერიკელები ქმნიან ამ პარტიებს, რათა ხალხს გზა-კვალი აურიონ. ისე, არ მეგონა, თუ მამუკა ხაზარაძე ასეთი თავხედი და უსინდისო იქნებოდა! ისინი არიან დანიშნული ბიზნესმენები. .. ერთხელ შევარდნაძემ დაახლოებით თხუთმეტ კაცზე თქვა – ბიზნესმენებად იმუშაონო! – და ასე მოგვევლინენ „ბიზნესმენებად“ მამუკა ხაზარაძე, ვანო ჩხარტიშვილი, თემურ ჭყონია და სხვები!
– ბატონო თემურ, თქვენ ხომ არ შემოგთავაზეს ახალი პარტიის შექმნა, რათა დანიშნული ოპოზიციის მანტია მოესხათ?
– (იცინის) გაგკვირდებათ, მაგრამ ამ ორი-სამი თვის წინ, დამიკავშირდა და შემხვდა ერთო ცნობილი და კეთილშობილი პიროვნება, რომელმაც ასეთი წინადადებით მომმართა – იმუშავეთ ლადო ჭანტურიასთან , რათა დატოვოს თანამდებობა, დაუდეგით გვერდით და ერთი მილიონი ან მილიონნახევარი დოლარით დააფინანსებენ საარჩევნოდ, ოღონდ, დავით უსუფაშვილიც თქვენთან ერთად უნდა იყოსო! – ვემხრობი იმას, რომ უსუფაშვილი პარლამენტში იყოს, მაგრამ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველო უსუფაშვილის იდეოლოგიით იმართებოდეს! ცხადია, ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა, ქართველმა ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს – 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხმა კი არ გაიმარჯვა, არამედ ამერიკელებმა ივანიშვილის მეშვეობით სააკაშვილი გადაარჩინეს! ადრე იქნება თუ გვიან, საქართველოს მოსახლეობა ამას აუცილებლად მიხვდება, ისევე როგორც შევარდნაძე მიხვდა „ვარდების რევოლუციამდე“ 3 დღით ადრე ყველაფერს!
– რას გულისხმობთ,მაინც რა მოხდა „ვარდების რევოლუციამდე“ სამი დღით ადრე?
– შევარდნაძემ, ვიდრე გადადგებოდა 3 დღით ადრე მითხრა – ამერიკელებმა მომატყუეს! მივდივრ, თემურ, შენ რასაც მეუბნებოდი, ყველაფერი მართალი აღმოჩნდა! ამ ლაპარაკში ვიყავით, როცა ჯეიმს ბეიკერის სატელეფონო ზარი გაისმა. მაგრამ შევარდნაძემ უარი თქვა, ამ ზარისთვის ეპასუხა. მე ვუთხარი – ხომ იცით, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტის ზარია-თქო? შევარდნაძემ მიპასუხა – ამერიკელები ისეთ რამეს მთავაზობენ, რომ გავაკეთო, ხალხს ისედაც არ ვუყვარვარ და შევარდნაძეების ძვლებს მიწაშიც არ გააჩერებენო…
– ბატონო თემურ, მაინც რატომ ვერ მონახეთ ჟვანია – სააკაშვილის გუნდთან საერთო ენა?
– ესენი იყვნენ ავანტიურისტები და პირდაპირ მტრობდნენ საქართველოს. როცა ქუთაისსა და მთელს იმერეთში თურქული და ირანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემოტანა და გაყიდვა ავკრძალე, როცა მე და ცხონებული ოტია იოსელიანი ქუთაისის შემოსასვლელთან ვიდექით, რათა უხარისხო „ფათოღლის“ ფქვილი არ შემოგვეშვა , რომელტანაც შევარდნაის კორპორაცია იყო დაკავშირებული, ჟვანიამ, სააკაშვილმა და მათთან დაკავშირებულმა „ბიზნესმენებმა“ 1997 წლის 1 აპრილს ქუთაისში , მერიის წინ 50 ათასიანი საპროტესტო აქცია მომიწყვეს. სააკაშვილმა კობა დავითაშვილი გამოგზავნა ამ მიტინგის ზედამხედველად. დამირეკა შევარდნაძემ და მითხრა, – ეხლავე გააუქმე გადაწყვეტილებაო! არ გავაუქმე და უკან არაფერზე დავიხიე. ეს ის მოღალატეთა ჯგუფია, რომელიც ჩემი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებდა. – შაშიაშვილი ქუთაისიდან მასწავლებელთა რევოლუციას აწყობს არ შეიძლება ქუთაისში მასწავლებელს სამჯერ და ოთხჯერ მეტი ჰქონდეს ხელფასი, ვიდრე დანარჩენ საქართველოშიო! ბუნებრივია, ასეთ ხალხთან ვერ დავდგებოდი და არც დავდექი! ესენი არიან მავნებლები!
მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა , ელექტროენერგიის გამომუშავება 20 პროცენტით შემცირდა , მაგრამ შუქი ქვეყანაში მაინც იყო. მაშ, რა ხდებოდა „მოქკავშირის დროს ქვეყანაში რომ ბნელოდა! ხალხს განგებ არ აძლევდნენ შუქს, რადგან გაემწარებინათ და აგრესია გამოეწვიათ. ესენი საბოტაჟს ეწეოდნენ!
– ბატონო თემურ, როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი?
ერთ რამეზე შევთანხმდეთ: საქართველოში რაც პარტიები არსებობს, სუყველა ერთი პოლიტიკური ცენტრიდან – ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმართება! ამერიკელები მოქმედებენ ფილიგრანული სიზუსტით და სადაც კი ფეხს მოიკიდებენ, უპირველეს ყოვლისა იცავენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებს. როგორც შევარდნაძე ბოლოს მიხვდა და მითხრა, ამერიკელებმა მომატყუეს!ამას ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ვამბობ… პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილსებრძვის და სახელს უტეხს! რაც მალე დატოვებს პოლიტიკურ სარბიელს და ჩაატარებს ნამდვილ არჩევნებს, ივანიშვილს გადარჩენის შანსი მით უფრო მეტი იქნება!
ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნები შესაძლოა მოიგოს , მაგრამ მერწმუნეთ, ამით უფრო მეტად წაგებული დარჩება! რაც შეეხება სააკაშვილს, ესკაციარის ბნელი ძალების მიერ მართული და უბედურება ის არის, რომ ამ ბნელ ძალებს სააკაშვილზე უფრო უარესი კანდიდატურა ჰყავთ შეგულებული გიგა ბოკერიას სახით. რომ მკითხონ – „სააკაშვილი თუ ბოკერია?“ – ულაპარაკოდ სააკაშვილს დავუჭერ მხარს!
ესაუბრა