(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროპორციული არჩევნების!

„თეთრების“ ლიდერმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა ამ ორიოდე თვის წინათ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა, რომ პროპორციული არჩევნების დაკანონება საქართველოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა! ახლა , როცა ერთურთის მამის საფლავის მაგინებელი პარტიები სულხან-საბას „მოშუღარი ძაღლებივით“ შეერთდნენ და ხელისუფლების წინააღმდეგ დაირაზმნენ, თეიმურაზ შაშიაშვილი ისევ თავის აზრზე დგას და კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ პროპორციული  საარჩევნო სისტემა ისედაც ტერიტორიებმორღვეული ქვეყნისთვის ნამდვილი ხათაბალაა.

– ჩემში პროტესტს იწვევს, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე ქუჩის ოპოზიციის საქციელი. მიუღებელია ხელისუფლების თვითკმაყოფილება და ოპოზიციის გაბოროტებაც! საქართველოში ტაოტალური პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონება არის უბედურება და მას ისეთი საფრთხეები ახლავს, რომელსაც ტვინგაცხელებული დემაგოგებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აცნობიერებს! ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ავანტურისტები და მედროვეები, რომლებსაც საქართველოს ბედი არად ადარდებთ, აპირებენ რეგიონული ნიშნით შექმნან პარტიები და ამით სარგებელი ნახონ!

 – ბატონო თემურ, როცა კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლიდან საქართველოში პროპორციული არჩევნები ჩატარდებოდა, თქვენ ეს ინიციატივა იმთავითვე გააპროტესტეთ! მაინც რა საფრთხის შემცველია პროპორციული არჩევნები?

თავიდანვე ვაცხადებ, ჯერ უდიდესი შეცდომა იყო პროპორციული არჩევნების დაწესება, ხოლო შემდეგ სიტყვის უკან წაღება და ხალხის მოტყუება! მოგეხსენებათ, პირველი ეროვნული პარლამენტოს წევრი ვარ და როცა ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა, მაშინ გარკვევით ვთქვი – სამომავლოდ საქართველოში შემოღებული უნდა იქნას ორპალატიანი პარლამენტი – ქვედა პალატაში იქნებიან რეგიონების წარმომადგენლები, ხოლო ზედა პალატაში – პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებიო!

ვინც დღეს პროპორციულ სისტემას მხარს უჭერს და ეროვნულ პარლამენტში ჩემთან ერთად იღწვოდა, იმათი გამკვირვებია, ამაზე ხმას რომ არ იღებენ და გაჩუმებული არიან რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს ეს სისტემა არღვევს თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას  – აირჩიოს და არჩეულ იქნას. მეორე – პროპორციული არჩევნები არღვევს რეგიონების, კერძოდ, აფხაზეთის, აჭარისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომიურ უფლებებს!

 – უფრო კონკრეტულად, თუ შეიძლება!

– პროპორციული არჩევნების დაკანონებით აფხაზეთსა და ცხინვალს კიდევ უფრო ვშორდებით. ხოლო აჭარაში პრობლემებს ვიქმნით. სააკაშვილმა აჭარაში იმდენ ვინმეს მისცა მოქალაქეობა, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში არაქართველ დეპუტაციებს მივიღებთ. ფრჩხილებს არ ვხსნი, გამგები გაიგებს, რასაც ვგულისხმობ!

 – ბატონო თემურ, იყო დრო, როცა თბილისის საკრებულოში ქართველები უმცირესობაში იმყოფებოდნენ! პროპორციული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა,ამ დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ?

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიცი რამდენიმე მზაკვარი პიროვნება,რომლებმაც საქართველოში აზერბაიჯანელებისა და სომხების რაოდენობა ზუსტად იციან და თავიანთ ავატურისტულ გეგმებს სწორედ ეთნიკურ უმცირესობაზე აწყობენ! კერძოდ, ტოტალური პროპორციული არჩევნების შემთხვევაში შეიქმნებოდა ვითომ ქართული პარტიები  ქართველი ლიდერით, სათავეში და სინამდვილეში პარტია არჩევანს გააკეთებდა ეთნიკური ნიშნით! გესმით, თქვენ ეს საქართველოსთვის რას ნიშნავს? ეს დაანგრევს ჩვენს ქვეყანას და რატომ ვიქმნით პრობლემას იქ, სადაც პრობლემა არ არსებობს?

პროპორციული სისტემით რეგიონებსაც  შეურაცხყოფას ვაყენებთ! საკუთრივ, იმერეთიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან გურიიდან, აჭარიდან შესაძლოა ვერც ერთი კაცი ვერ მოხვდეს პარლამენტში და მხოლოდ თბილისელები დასხდნენ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში. თუ საქართველოს გამთლიანობაზე ვფიქრობთ, პროპორციული საარჩევნო სისტემით აფხაზებსა და ოსებს რას ვუპირებ, პარლამენტი თავიანთ კუთვნილ ადგილებს არ ვაძლევთ? ამ დღეებში აფხაზებმა დამირეკეს და მითხრეს, საქართველოს გაერთიანებას ასე აპირებთო? ამიხსნას ვინმემ,პროპორციული არჩევნების  პირობებში როგორ შეიძლება უპარტიო ადამიანი გახდეს  საქართველოს პარლამენტის წევრი? ეს ყოვლად წარმოუდგენელია! ან უნდა ჩაგსვან პარტიულ სიაში, სხვაგვარად ვერ აგირჩევენ. არადა, ამ დროს, პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ხოლო ზნეობრივ ადამიანებში, პარტიებს არ ენდობიან.

 – თქვენ რატომ არ უერთდენით იმ პარტიებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დასამხობად ერთიანდებიან?

– თავყრილობას არ ვუერთდები იმიტომ, რომ ჯერ ერთი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროპორციული რჩევნების და მეორე – ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფაშისტური ლოზუნგი – „ყველა მინუს ერთი, ანუ, მინუს ივანიშვილიო.“ ამ ლოზუნგმა თავის დროზე საქართველო დაღუპა. დღევანდელი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილს ნაყიდი ჰყავს, რადგან ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება შემოიღო. საქართველოში პარტიებს ბიუჯეტიდან მეტი ფული ეძლევათ. ვიდრე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. ეს არის ქვეყანა?!  რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ეს არ გახლავთ ზნეობრივი პროვესი, რადგან ვითონ გაერთიანებული პარტიები ერთმანეთს სულ ახლახან უბინძურესი სიტყვებით ამკობდნენ. ათას რამეში ადანაშაულებდნენ დასაჭერად ემუქრებოდნენ და ა.შ. ასეთი გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია, მოხდა უბინძურესი რამ – ხელისუფლებასა და დამნაშავე ნაცპარტიას შორის გაფორმდა კოჰაბიტაცია, ხოლო შემდეგ კოჰაბიტაციით ერთმანეთს დაუკავშირდნენ დამნაშავე და შედარებით ნორმალური პარტიებიც!

 – ბატონო თემურ, ნაცები და მათი სატელიტები გაიძახიან, 23 ნოემბერს ეს ხელისუფლება უნდა დავამთავროთო!

– კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მტერი ისევ ბიძინა ივანიშვილია! ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი ხალხი გაერთიანდა, რომ ვისაც ბიძინა არ მოსწონდა ისინიც კი მისი მხარდამჭერები გახდნენ! ბევრმა მითხრა, თუ საკითხი დადგება – ესენი თუ ივანიშვილიო, ჩვენ ისევ ივანიშვილს მივემხრობით! თუ ამ ე.წ. ოპოზიციას პერსპექტივა აქვს,საქართველოს არ აქვს პერსპექტივა. ქუჩიდან მოსული ხალხი ქვეყანას ვერ გადაარჩენს, საქართველოს ხსნა სამეცნიერო აუდიტორიებსა და კონფერენციებზე დაწყებულ კამათშია, რომელშიც მთელი საქართველო იქნება ჩართული.

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *