თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა,შევქმნათ ასეთი ტელევიზია – ჩემი ოჯახი ამ ეროვნულ პროცესს უერთდება

ახლაც ჩამესმის დიდი მამულიშვილის, გენიალური მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის ტკივილიანი სიტყვები :

“ეს ტელევიზიები დაღუპავენ საქართველოს,ემსახურებიან ფულს და ფულიანებს, ანუ ყველას და ყველაფერს, გარდა ქართულის, სამშობლოსი. მე არ ვიცი სახელისუფლებო ტელევიზია, არ ვიცი ოპოზიციური ტელევიზია, ერთიც და მეორეც, სამშობლოს მართმევს… მე ვიცი მართალი ტელევიზია… თავისუფლება სიმართლეშია, სიმართლისკენ სვლაშია…:
თუ გვინდა ქვეყნის გადარჩენა,შევქმნათ ასეთი, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არა ერთი სექტის,თუ პარტიის,როგორც ეს დღეს არის,არამედ იქნება მთელი ქვეყნის,დაიცავს მის ინტერესებსა და ტრადიციებს,ამავე დროს მოემსახურება ზოგადსაკაცობრიო იდეებს…

მხოლოდ ასეთი ტელევიზია იქნება თავისუფალი, ნიჭის, აზროვნების და ყოველი მოაზროვნის, ამ ქვეყნის ყოველი შვილის მსახური

არ შევქმნით ასეთს? ვინანებთ! ჩვენ თვითონ გავხდებით ისეთი აგრესიული,როგორებიც ისინი არიან…ეს კი უკვე საქართველო აღარ იქნება!”

ნიშანდობლივია, რომ გელათის მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა კონგრესმა, რომელიც წელს 8 თებერვალს, დავითობას ჩატარდა გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში,  სრულად გაითვალისწინა დიდი მოქანდაკისა და მოღვაწის, მერაბ ბერძენიშვილის ეს პროგნოზი, რომელიც რეალობად იქცა.  ამასთან დაკავშირებით კონგრესმა  გამართა სერიოზული მსჯელობა, რომელიც წარიმართა ორი მიმართულებით. ერთის მხრივ გაკეთდა შეთავაზება და მოწოდება საქართველოში მოქმედი ტელევიზიების მიმართ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რათა მათი აქციების მფლობელი გახდეს საქართველოს თითოეული ოჯახი იმ პირობით, რომ არც ერთ აქციონერს არ ექნება 4% – ზე მეტი აქციის ფლობის უფლება. კონკურსის პრინციპები შემუშავდება და გამოქვეყნდება.

მეორე მხრივ, გადაწყდა, შეიკრას  სერიოზული გუნდი, რომელიც   დიდი მოღვაწეების მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის მიერ დაწყებული და ასევე ცნობილი მოღვაწეების: გიგა ბათიაშვილის, რომან რურუას, ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, თემურ გუგუშვილის, ტარიელ ხარხელაურის, ომარ მხეიძის მიერ მხარდაჭერილი  ამ  მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების მიზნით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. მათ შორის იქნება მიმართვა საზოგადოებისადმი, ხელისუფლებისადმი და პოლიტიკური პარტიებისადმი, რათა აქტიურად ჩაერთონ მართალი ტელევიზიის ერთობლივად ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობის  საქმეში.

ასევე იქნება მიმართვა საქართველოში მოქმედი სატელევიზიო არხების გამავრცელებელი ოპერატორების მიმართ, რათა მათ    შეღავათი დაუწესონ ტელევიზიას და ამით ხელი შეუწყონ მნიშვნელოვან ქართულ საქმეს.

სასიამოვნოა, რომ გელათის კონგრესზე უკვე ჩამოყალიბდა გუნდი ოცამდე პროფესორისა და დოქტორის შემადგენლობით, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მართალი ტელევიზიის შექმნის პროცესს და   წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 100-დან 300 ლარამდე გაიღონ ტელევიზიის მხარდაჭერის მიზნით.

მათ მიაჩნიათ, რომ დიდი კაცების მიერ დაწყებულ და მათ მიერ გაგრძელებულ ამ ეროვნულ საქმეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება, შემოუერთდებიან ამ პროცესს. მათი პროგნოზით,   ხუთასამდე ასეთ  კაცს  შეუძლია  ამ ეტაპისთვის სასწაულებრივად აუცილებელი საქმის გაკეთება – მართალი ტელევიზიის შექმნა.

“ამ შანსის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლება”, –  ითქვა გელათში,  გელათის ისტორიული აკადემიის ისტორიულ კედლებში და ითქვა იმ კონგრესზე, რომელმაც გამოაცხადა „ეროვნული დოქტრინის“ შემუშავების პროცესის დაწყება.

მე მიმაჩნია, რომ ეს უაღრესად ეროვნული პროცესია, რომელიც გულგრილს არ დატოვებს  ეროვნული განწყობის ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს ინფორმაცია მიწვდება და ყოველთვიურად ასეთ თანხის გაღების რეალური საშუალება გააჩნია. ჩემი ოჯახი ამ ეროვნულ პროცესს  უერთდება.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *