პოზიცია განხილვის, განსჯისა და მოქმედებისთვის

დღევანდელობის მთავარი გამოწვევა კორუფცია, ნეპოტიზმი და გარედან მართული ძალებია.

რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ყველაფერმა ამან უაღრესად შენიღბული ხასიათი მიიღო, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ზოგადად ფულის და კონკრეტულად პოლიტიკური ფულის კონტროლი. რეალურად უკონტროლო გახდა როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, ასევე პოლიტიკურ გუნდებში, ცალკეულ პოლიტიკოსებში ფულის წარმომავლობა.

შეიძლება ბევრმა არ გაიზიაროს, მაგრამ ჩემთვის საეჭვო არ არის, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა კორუმპირებული. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ,  ეტაპობრივად ჩამოყალიბდა მართვის კორუფციული სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში  არათუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. ბიუჯეტია კორუმპირებული. პოლიტიკა ბიზნესად იქცა.

ასეთი პრობლემის წინაშე არაერთი სახელმწიფო აღმოჩენილა. ყველგან დაძლიეს, სადაც პოლიტიკოსებს ამის პოლიტიკური ნება აღმოაჩნდათ. მსოფლიოს პოლიტიკურმა ისტორიამ იცის ამ პრობლემის დაძლევის არაერთი გამოცდილება.

აშშის ფუძემდებლებმა კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დროს მთავარ ამოცანად დაისახეს ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც არ დაუშვებდა ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლების მისვლას და მთელი საკანონმდებლო სისტემა ამ მოთხოვნას დაუქვემდებარეს. ისრაელი იძულებული გახდა უმძიმესი კანონი მიეღო კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ. არა მარტო ამ დანაშაულებებში მხილებული ისჯებოდა, არამედ მეშვიდე თაობამდე ეკრძალებოდათ მის შთამომავლებს ხელისუფლებაში მონაწილ;ეობა.

ხელისუფლებები თითქმის 20 წელია, უარყოფენ მეცნიერთა, კონკრეტულად, „მეცნიერთა კონგრესის“ წინადადებებს, იგნორირება გაუკეთეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მეცნიერულ პროგრამას „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“,  უარი თქვეს სისტემური ცვლილებების 21- პუნქტიან პროგრამაზე,  სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი პოზიცია რადიკალურია: თუ ეს ხელისუფლება, სახელისუფლებო პარტიები არ დაუჭერენ მხარსმეცნიერთა კონგრესისწინადადებას, რომ უმოკლეს დროში კორუფცია და ნეპოტიზმი, გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად, არ მივიღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არა მარტო მართვის სისტემაა კორუმპირებული, არამედ, ეს ხელისუფლება და ოპოზიციაც არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხო!

ამ კანონის მიღება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საზოგადოების მორალური გაჯანსაღების თვალსაზრისითაც. თუ დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, სამწუხაროდ, ოჯახებში, ნათესაობაში მეტი პატივისმცემით სარგებლობს მაფიოზური მიმართულების, ე.წ. „ფულის მკეთებელი“ პიროვნება, ამ კანონის მიღების შემდგომ, შეურაცხყოფადაც კი ჩაითვლება სახელმწიფო მოღალატესთან სიახლოვე, ახალგაზრდობის ორიენტირი გახდება არა ქურდი და მაფიოზი, არამედ წესიერება და წესიერი ადამიანი.

უმძიმეს განცხადებას ვაკეთებ. ვაკეთებ გაცნობიერებულად. ვიცი, რა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდები. მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვხედავ და ამიტომ, არ ვაპირებს უკან დახევას.
ამ წინადადებით მივმართავ არა მარტო პარლამენტს, არამედ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მხარდაჭერა მივიიღო პირველი მრავალპარტიული უზენაესი საბჭოს და შემდგომი პარლამენტების წევრებისგან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, მოსახლეობისგან.

30 წელია, ხელისუფლებები ხალხს სიყალბეში აცხოვრებენ, გამარჯვების  და ხელისუფლებაში მისვლის მთავარ საყრდენად იქცა ტყუილი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ვინც ხალხი მოატყუა, მის სათავეში მოექცა და ვინც  ხალხს სიმართლე უთხრა, მისი მსხვერპლი გახდა. 30 წელია, ქვეყანაში გამარჯვებულია სოციალური დემაგოგია და სოციალური დემაგოგი. დამარცხებულია ხალხი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი . სწორი მართვის პირობებში, დღეს ქვეყნის ბიუჯეტი მინიმუმ, 15-ჯერ მეტი იქნებოდა და დღეს ბიუჯეტში არსებული ფულითაც 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ნებისმიერი მიმართულებით, შესაძლებლის 5-7 პროცენტია მოქმედებაში მოყვანილი, მოკვდა რეალური ეკონომიკა, სამუშაო ადგილები ჯართად იქცა. დღეს საქართველო სამუშაო ადგილებს ქვეყნიდან ნედლეულის გატანით ქმნის  უცხოეთში და შემოტანილი კვების და პირველი მოხმარების სხვა პროდუქტებიტაც უცხოეთში ქმნის სამუშაო ადგილებს.  სახელისუფლებო პოლიტიკით , უპირველესად საბანკო სისტემით წახალისებულიაქვეყნის გარედან პროდუქტების შემოტანა და არა ქვეყანაში მისი შექმნა. იძულებითი მონური შრომისთვის გავწირეთ და ემიგრანტებად ვაქციეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

ჩემთვის ოდნავაც არ არის საეჭვო, და ამას მეცნიერული ანალიზიც ადასტურებს რომ ეს ეს უდიდესი კორუფციული სისტემაა. რაც მეტი წავა ქვეყნის გარეთ, მით მეტი ფული შემოვა ქვეყანაში უცხოეთიდან დიდი ფულით შემოსულები დაიკავებენ, იქმნება ეკონომიკის და ბიუჯეტის ზრდის ილუზია. მით უფრო , იმის ფონზე, რომ კვების პროდუქტები შემოგვაქვს უცხოეთიდან და შემომტანები ან ხელისუფლებაში არიან, ან ხელისუფალთა ახლობლები. მეტი სიმტკიცით ვამბოობ ქვეყანას 30 წელია უფრო დიდი მტერი არ ჰყავს, ვიდრე სოციალური დემაგოგია და სოციალური დემაგოგი. ყოველწლიურად იზრდება ხელფასები, პენსიები, განსაკუთრებით არჩევნების წინა და საარჩევნო წელში . ხოლო გაზრდილი ხელფასისა და პენსიის მსყიდველუნარიანობა არ იცვლება. ვის აწყობს ეს მაფიოზური სისტემა? ისევ გარედან შემომტანებს, რადგან ხელფასებისა და პენსიების ზრდა ქმნის კარგი ცხოვრების ილუზიას, სინამდვილეში კი ფასების ზრდას უწყობს ხელს. ეს კი ხელს აძლევს სწორედ მათ, ვისაც გარედან შემოაქვს საქონელი.

ჩემი დაკვირვებით და მეცნიერთა დასკვნებითაც, 30 წელია, ქვეყანას ჰყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლებები, ოპოზიცია ყოველთვის ჩასაფრებულია, გარედან დაფინანსებული საინფორმაციო  საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვას ემსახურებიან. დუმს ინტელიგენცია. ეს არის გვირგვინი კორუფციული სისტემის. მით უფრო მაშინ, როცა 30 წელია, ქვეყანას მართავს არა მის ინტელექტუალური ნაწილი, არამედ ბიუროკრატიული, სამხედრო, სადამსჯელო-პოლიციური ძალები.  ქვეყანაში ასეთი სისტემის განუყოფელი ნაწილია მთავარ მმართველ ძალად უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება.

დასკვნა მძიმეა. მაგრამ ის ეყრდნობა სერიოზულ ანალიზს და არა მარტო დღევანდელი ხელისუფლების, არამედ „მოქკავშირით“ დაწყებული, „ნაციონალური მოძრაობით“ გაგრძელებული და „ქართული ოცნებით“ დასრულებული, ყველა ხელისუფლების „მოღვაწეობის შედეგია“. 30 წელია, ყველა ხელისუფლება საუბრობს რომ მართალია. 100 ათას მოსახლეზე იურისტთა დიპლომებით მსოფლიოში მართლაც, პირველ ადგილზე ვართ, ქვეყანაში კი სამართალი არ არის. ირგვლივ უსამართლობაა. 30 წელია, ყველა ხელისუფლება საუბრობს, რომ წარმატებულად მუშაობს, ეკონომისტის დიპლომის მქონე პირთა რაოდენობით, ვპირველობთ, ეკონომიკა არ არის.   ამ პერიოდში, ღარიბი უფრო გაღატაკდა, მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა. 30 წელია, საქართველო ერთი კაცის გემოვნებით შექმნილი პარლამენტებითა და ხელისუფლებებით ცხოვრობს. პირდაპირ ვთქვათ, რომ ქვეყანაში პარლამენტარიც დანიშნულია, ბიზნესმენიც, მოკვდა არჩევნებიც და ხალხისადმი ხელისუფალის პასუხისმგებლობაც. იქამდე მივედით,რ ომ ხალხს არ ვენდობით სოფლის გამგებლის არჩევას. თან ვლაპარაკობთ, რომ დემოკრატიული საარჩევნო სისტემა გვაქვს.

 

ვიცი, რომ ჩემს ამ შეფასებებს არ გაიზიარებენ არც მმართველი პოლიტიკური ძალის, არც ოპოზიციის წარმომადგენლები . მეტიც. ან სრულ იგნორირებას გაუკეთებენ,  თითქოს არაფერი მითქვამს, ან ყველა მხრიდან იქნება თავდასხმები. ალბათ, უფრო პირველი. ისტორიულად ცნობილია, რომ თუ გინდა სიმართლე და სიმართლის მთქმელები დასაჯო, თუ შეგიძლია, არ მისცე მას ტრიბუნა და გაუკეთო სრული იგნორირება. სრული იგნორირების პირობებში  მუშაობს მეცნიერთა კონგრესი

დიახ, „მეცნიერთა კონგრესში“ გვაქვს სხვა კონკრეტული წინადადებებიც, რომელთა განხილვაც საჭიროდ მიგვაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის დროს. ჩვენ ამ შეხვედრის მოწყობას ვაპირებთ „მეცნიერთა კონგრესში“ და როგორც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, წარმოუდგენლად მივიჩნევ, რომელიმემ ამ წინადადების მიღებაზე თქვას უარი და თუ ეს მაინც მოხდა, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია შეფასებისთვის.

დიდი სურვილი მაქვს, ამ განცხადებას გაეცნონ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, ხელისუფლების ყველა შტოს პირველი პირები, დაწყებული პრემიერ-მინისტრითა და პრეზიდენტით, მინისტრებით, გუბერნატორებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებით დამთავრებული.

ვიცი, რომ უშედეგო იქნება, მაგრამ ხალხისთვის იქნება სერიოზული საფუძველი დასკვნის გასაკეთებლად. ამ განცხადებას ვუგზავნი ყველას. საინფორმაციო საშუალებას: სააგენტოებს, ტელევიზიებს, გაზეთებს. რადგან ის ყველას ინტერესებში შედის, ვისაც მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. არ შეიძლება, რომ ხელისუფლებაში მისული საქმიანობას ფულის შოვნითა და ოჯახის წევრების, ნათესავების მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებით, მათი გაბიზნესმენებით იწყებდეს!

ისტორიულად ვიცი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღეს კი, ბრძოლა კორუფციის, ნეპოტიზმისა და გარედან მართვის წინააღმდეგ, სასიცოცხლოდ მიმაჩნია ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც შევერთდებით ამ ბრძოლაში. ეს სიკეთით გამარჯვების ბრძოლაა. ეს ბრძოლა უნდა იყოს არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ, საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ვჭირდებით ამ ქვეყანას. დიდი განსჯით და ტანჯვით დაიბადა „მეცნიერთა კონგრესში“ ფორმულა, რომელიც ბევრს  მომავლის საქართველოს „ოქროს წესად“ მიაჩნია: ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ნაგავი დაგროვდა და საჭიროა ისეთი გუნდი და ისეთი სისტემა, რომელიც მას უდანაკარგოდ გადაამუშავებს. ჩვენი მიდგომა უნივერსალურია, რადგან ის ბიბლიურ და კაცობრიობის მიერ შემუშავებულ პრინციპს ეყრდნობა: „მთავარში – ერთობა, სადავოში  – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. მთავარი – სამშობლოა, პოლიტიკურ სიმპათიებში ყველანი თავისუფალნი ვართ, მაგრამ ბრძოლის იარაღი აგრესია, ჩაშვება, ლანძღვა-გინება და სიძულვილი კი არა, სიყვარული უნდა იყოს. ეს დაპირისპირებას დაასრულებს და მორალურ და ზნეობრივ ადამიანთა ერთობით კი შესაძლებელი იქნება გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა დღეს გამარჯვებული სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად.

ვთქვი ყველაფერი ღიად და პირდაპირ. ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე. ხალხმა განსაჯოს. ასეთ გაბედულებას მაძლევს ის ანალიზები,რ ომელიც „მეცნიერთა კონგრესშია“. მაძლევს განწყობა, რომელიც ხალხშია.  არ შეიძლება ასეთი დაპირისპირებით ვცხოვრობდეთ მაშინ,რ ოცა ქვეყანაში სანიშანსვეტო პერიოდია : ერთობას სასწაულის მოხდენა შეუძლია.  დღეს ქვეყანა დიდ გზაჯვარედინზე დგას. ან ყველაფერი, ან არაფერი. ერთობა ყველაფერს მოგვცემს. დაპირისპირება – ყველაფერს წაგვართმევს. თუ ქვეყანა გვინდა, და ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებაზე არ ვფიქრობთ,მაშინ რა უდგას წინ ერთობას? რად უდგას წინ რომ საერთაშორისო და ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით შევქმნათ კანონპროექტი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ლუსტრაციის თაობაზე . უარი ვთქვათ ქვეყნის გარედან მართვაზე. ვუსმინოთ საკუთარ ხალხს და ვიმოქმედოთ მისი ინტერესების შესაბამისად.

თუ ამ განცხადება-პოზიციაში ჩამოყალიბებულ განწყობას სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებში მხარდაჭერა არ ექნება. თუ ტელევიზიები და საინფორმაციო სასუალებები გააკეთებენ იგნორირებას, თუ შიშით ცხოვრებაბს გააგრძელკებს ინტელიგენცია, უნდა ვიფიქროთ რეფერენდუმის წესით ამ საკითხის ლოგიკურ დასასრულამდე იყვანაზე.

ვაპირებ ამ საკითხზე  დავეთათბირო ჩემს მეგობრებს როგორც „მეცნიერთა კონგრესში“   ასევე „ქართული ერთობის დარბაზში“, პოლიტიკაში. და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით,  ერთად გავმართოთ ბრიფინგი. თუ მარტო დავრჩები, ამას დამოუკიდებლად გავაკეთებ და პირდაპირ ვამბობ, მე ამ ბრძოლაში ვარ რიგითი ჯარისკაცი და ჩემგან ღალატი არ იქნება.

თეიმურაზ შაშიაშვილი
პოლიტიკოსი, გელათის აკადემიის წევრი, “მეცნიერთა კონგრესის” ერთ-ერთი დამფუძნებელი
1 ნოემბერი, 2023 წელი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *