წერილი საქართველოს პრეზიდენტს

მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს

თქვენო აღმატებულებავ,

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, „ქართული ერთობის დარბაზმა“ და „მეცნიერთა კონგრესმა“, გააანალიზეს რა შექმნილი მდგომარეობა, მისი გამომწვევი მიზეზები, გააკეთეს სამწუხარო დასკვნა, რომ დაპირისპირებულთაგან არც ერთი არ აპირებს კომპრომისს. ეს კი, შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს ქვეყნის მომავლისთვის.

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ტენდენციურობა გამეფდა. პოლიტიკურ (და არა მარტო) ძალთა აბსოლუტური უმრავლესობა იმართება ქვეყნის გარედან. ყველა მხარედ იქცა: მთავრობაც, პარლამენტის უმრავლესობაც, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაციები, რომლებზეც აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენა ვრცელდება. უარესი რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ინტელიგენციის ცნობილი მოღვაწეებიც, მცირე გამონაკლისის გარდა, მხარეებად იქცნენ. «ქართული ერთობის დარბაზსა» და «მეცნიერთა კონგრესს» მიაჩნიათ, რომ მხარედ ქცევის ნიშნები ჩანს თქვენს ქმედებებში და, თუ ასე გაგრძელდა, ბოლო იმედიც გადაიწურება.

ვწუხვართ, რომ 17 აპრილს „მეცნიერთა კონგრესისა“ და „ქართული ერთობის დარბაზის“ წარმომადგენელთა თქვენთან ჩანიშნული შეხვედრა არ გაიმართა. გასაგებია, რომ ხვდებოდით სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს და ინტერვიუებს აძლევდით უცხოურ საინფორმაციო საშუალებებს. არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ ამან ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა „მეცნიერთა კონგრესისა“ და „ქართული ერთობის დარბაზის“ იმ განწყობაზე, რომლითაც თქვენთან მოვდიოდით. სწორედ ამიტომ არის ამ წერილზე მხოლოდ ჩემი ხელმოწერა; თუმცა წერილის შინაარსს, როგორც კონგრესის, ასევე დარბაზის წევრთა უმრავლესობა იცნობს.
ვფიქრობ, რომ პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბდა თქვენთან სასაუბროდ, ჯანსაღია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, არ იქცეს მხარედ. ჯანსაღ ძალებთან ერთად, კრიზისის დაძლევის გზები ვეძებოთ ქვეყანაში და არა მის გარეთ. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ რაც უნდა მძიმე იყოს თქვენთვის, მაინც უნდა გადადგათ ნაბიჯი, ეწვიოთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. მესმის, რომ მათ თქვენთან შეხვედრის სურვილი არა აქვთ. მეცნიერები ორივე მხარის შეცდომად მიიჩნევენ იმ დაძაბულობას, რომელიც რეალურად არსებობს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა შორის. მაგრამ მეცნიერებს ასევე მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი. დადგა მომენტი, როდესაც ქვეყნის დაცვა მსხვერპლს მოითხოვს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ დაძაბულობა ამ გზით განვითარდეს ამერიკისა და ევროპის მიმართულებით. კატასტროფის საფუძველი შეიძლება გახდეს უბრალოდ თავისუფალი სავიზო რეჟიმის გაუქმება ან შეჩერება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გაუქმება, რაც იმ განწყობიდან, რომელიც ყალიბდება ევროპულ სტრუქტურებში, რეალური ჩანს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი პირადული უნდა გადაიდოს გვერდზე და ხალხმა დაინახოს, ვინ, როგორ და რა ნაბიჯებით ცდილობს სიტუაციის განმუხტვას.

მე მესმის, რომ ამ ეტაპზე, მთავრობა კანონს არ გაიტანს მაგრამ, წარმოუდგენელია, ვერ შევძლოთ თუნდაც ის, რომ სათაურში არ იყოს სიტყვები – „უცხოური გავლენა“. კანონის სახელწოდების ჩვენეული ვარიანტია: „საქართველოს კანონი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალეობის შესახებ“. მეცნიერებს მიაჩნიათ, თუ ჩვენ ოდნავ მაინც გვინდა პატივი ვცეთ ქვეყნის წარსულსა და მომავალს და გვსურს, ვიყოთ ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, უნდა იცოდეს, რა წყაროებიდან ხდება ნებისმიერი პოლიტიკური, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსება მიუხედავად იმისა, ეს ეროვნული წყაროა, თუ უცხოური..

დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა წყაროდან შემოსულ ფულზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ოდნავ მაინც ვცემთ პატივს ჩვენს ხალხს და ქვეყანას და არ გვახრჩობს ჩვენივე ამბიცია, სიმდიდრე, ძალაუფლების მოხვეჭის მანია და ფულის სიყვარული, ეს მიდგომა მისაღები უნდა იყოს ყველასთვის – პარტიებშიც, მედიაშიც, მთავრობაშიც, პარლამენტშიც და მის გარეთაც.

თქვენო აღმატებულებავ, თუ თქვენ ამ მოსაზრებას იზიარებთ, „ქართული ერთობის დარბაზი“ და „მეცნიერთა კონგრესი“, ანუ მამულიშვილურად განწყობილი ასობით ცნობილი მოღვაწე, დაგიდგებათ გვერდით და, ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანაში დაპირისპირებას შეამცირებს და მხოლოდ იმ ძალებს დატოვებს ერთმანეთის პირისპირ, რომელთაც უმთავრესად მიაჩნიათ ბრძოლა ფულისა და ძალაუფლებისთვის. ეჭვი არ მეპარება, ამის გამო ისინი პრაქტიკულად, უავტორიტეტონი გახდებიან.

ჩვენ რეალურად გთავაზობთ არა მხოლოდ ფულის, არამედ საერთოდ, „პოლიტიკური გამჭვირვალობის“ იდეას. დიახ, ქვეყნის გადარჩენა არის პოლიტიკურ გამჭვირვალობაში. ძნელია წარმოიდგინო დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანა, სადაც ასეთი სიბნელეა პოლიტიკაში და ეს სიბნელე გამაგრებულია ფულით. პირდაპირ ვთქვათ: დღეს რეალურად, საქართველოში ფული არის ძირითადად პოლიტიკაში და არა – განათლებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში. საქართველოს ბიუჯეტის 80%-იც კი, არჩევნებზეა ორიენტირებული და ამას ვუწოდებთ სოციალურ ბიუჯეტს, მაშინ, როცა ქვეყანას სჭირდება განვითარების ბიუჯეტი.

თქვენო აღმატებულებავ,

თუ თქვენ ზემოაღნიშნული წინადადებები მიუღებლად ან არარეალურად მოგეჩვენებათ (ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ერთობის შემთხვევაში ყველაფერი რეალურია), დარწმუნეული ვარ, წინ არაფერი უდგას ჩვენს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თქვენი პატრონაჟით და პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით, შედგეს იმ პროექტებისა და წინადადებების განხილვა, რომლებიც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. „მეცნიერთა კონგრესი“ აქ წარმოადგენს „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ კონცეფციას და მოსაზრებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება ხალხში და რომ მას ბევრი პარტია შემოუერთდება. ამ იდეის ირგვლივ, 10 -ზე მეტი პარტია უკვე გავერთიანდით. ანუ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ – არა პარტიული ბრძოლის, არამედ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის.

დაძაბულობა იმდენად რთულ ფაზაში გადავიდა, რომ, როგორც აქ წარმოდგენილი მოსაზრებების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ ერთეულებში არსებული ჯანსაღი წინადადებების განხილვა სახალხოდ და საჯაროდ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს, რომ ხალხმა დაინახოს, თუ ვინ-ვინ არის ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, თქვენთან მოვა ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის, სახელისუფლებო, და მით უარესი მათთვის, ვინც ამ წინადადებას უარყოფენ.

ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს პოლიტიკური გამჭვირვალობის იდეის როგორც მხარდამჭერი, ასევე მთავარი შემოქმედი ამ იდეის ხალხამდე მიტანასა და შემდგომ რეალიზაციაში.
გიდასტურებთ პატივისცემას და როგორც „მეცნიერთა კონგრესი“, ასევე „ქართული ერთობის დარბაზი“ ელოდება თქვენს პოზიტიურ რეაქციას ამ წინადადებებზე. დიახ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარია ბრძოლა არა პარტიების ჭრილში, არამედ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური სიტუაციის შესაცვლელად, რაც მოხსნის დაძაბულობას, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის მიმართ საერთაშორისო დონეზე და, რაც მთავარია, მას ექნება ხალხის მხარდაჭერა.

თქვენო აღმატებულებავ,

მე პატივად მივიღე «მეცნიერთა კონგრესისა» და «ქართული ერთობის დარბაზის» გადაწყვეტილება, რომ თქვენდამი გამოსაგზავნ წერილზე მე მომეწერა ხელი, რასაც ვაკეთებ დიდი სიამოვნებით, როგორც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და პიროვნება, რომელიც ამ წერილში წარმოდგენილ წინადადებებს რეალურზე რეალურად და შექმნილ სიტუაციას საქვეყნო ინტერესების პრიორიტეტად მიიჩნევს.

პატივისცემით,
“მეცნიერთა კონგრესის” დამფუძნებელი ,
“ქართული ერთობის დარბაზის” საბჭოს წევრი;
პარტია «თეთრების» თავმჯდომარე
თეიმურაზ შაშიაშვილი
18.04.2024 წელი
საკონტაქტო ტელეფონი: 597-57-04-19

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *