“მადლობა ქუთაისს ამ სიმაღლეზე რომ ამომიყვანა !”

დღეს ორი მაისია-ქუთაისის დღე!

“ორმაისობა”-ასე იყო ცნობილი ეს დღესასწაული სავარდო და სამაისო ქუთაისში და ის საქვეყნო დღესასწაული იყო,რადგან ქვეყანამ იცოდა ქუთაისის ძალა და ფასი…იცოდა რომ ქუთაისი იყო ეროვნული სულის ევროპული ქალაქი…იცოდა,რომ: ძლიერი ქუთაისის გარეშე არ არსებობს ძლიერი თბილისი,ხოლო ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე,ძლიერი საქართველო! მე ამ ქალაქში კენჭიც კი მიყვარს!

ვარ ბედნიერი,რომ ყოველ კრიტიკულ მომენტში,უფალი მაძლევდა ძალას თანაქალაქელებისთვის მეთქვა:

“მე ვიქნები არა ხელისუფლების ერთგული, არამედ საქართველოს, ქართული იდეის, ქუთაისის და თქვენთვის მოცემული სიტყვის ერთგული!”

ქუთაისი საქართველოს ფილოსოფიური სიმაღლეა,აიეტის ქალაქია-აია, დავით Აღმაშენებლის, Თამარ მეფის, ქართული კულტურისა და ხელოვნების,სპორტის,მედიცინის, კორიფეების, უძლიერესი საინჟინრო ინტელიგენციის. ქუთაისი კაცების და კაცობის ქალაქია…

ქუთაისი სიტყვის ქალაქია:თქვა სიტყვა და ყველაზე მძიმე მომენტში დადგა სოხუმთან და აფხაზეთთან,ქართველთა და აფხაზთა,ქართველთა და ოსთა ძმობასთან!..თქვა სიტყვა და ღირსების კედელად აღიმართა დაპირისპირებულ მხარეთა შორის და ორჯერ შინა ომი, ახალი ბაზალეთი ააცილა ქვეყანას!

ქუთაისი მსოფლიოს უძველესი, მარად ახალგაზრდა და საქართველოს მომავლის საყრდენი ქალაქია! ქუთაისი – მზის ქალაქია! დიდება მას! იმზეგრძელოს!

ბედნიერი ვარ,რომ ვიყავი იმ გუნდში,როცა,ჯერ თამაზ იმედაძე,შემდეგ მერი ფაჩუაშვილი იწყებდნენ ორმაისობის- ვარდების დღესასწაულის აღდგენას.ეს შემდეგ რამაზ მხეიძესთან ერთად გავაგრძელე და ქალაქის მერობის დროს მას საერთაშორისო მასშტაბი მივეცით,ბიზნეს-კონფერენციებითა და ხელოვანთა პლენერების მეშვეობით…

დღეს სიამაყით ვიხსენებ 1996 წლის 22-29 მაისს,როცა მსოფლიოს კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ცენტრის -“იუნესკოს” ეგიდით, პარიზში შედგა “ქუთაისის დღეები”. მაშინ იუნესკოში ამ დღეების გახსნისას,რომელსაც 500-ზე მეტ ქუთაისელთან ერთად,მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის კულტურის ელჩი ესწრებოდა სიამაყით ვთქვი და მას შემდეგ მუდმივად ვამბობ : “მადლობა ქუთაისს ამ სიმაღლეზე რომ ამომიყვანა !”

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *