(Geonews.ge)თემურ შაშიაშვილი არჩევნების გამყალბებლების ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებს

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე კომენტარს აკეთებს და ნაცმოძრაობის ბიუჯეტიდან დაფინანსებას აპროტესტებს.
„ნაცმოძრაობას ფული კი არ უნდა მისცე, უნდა გაასამართლო. გამოდის, რომ რაც უფრო დიდი ტყუილი გვითხრეს და მაგრად გააყალბეს არჩევნები, მით უფრო მეტი თანხა უნდა მივცეთ. შეიძლება პარტია ეწოდებოდეს დაჯგუფებას, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება?… შეიძლება პარტია იქცეს ბიზნესად, არადა, ისეთი ხალხი მოღვაწეობს, რომელიც საკუთარი ავტობიოგრაფიის დაწერასაც კი ვერ ახერხებს, ჩვენ წლიდან წლამდე ვდგავართ და ველოდებით მათ პროგრამებს“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
შაშიაშვილის განცხადებით, დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიების დაფინანსება იმის მიხედვით ხდება, ვინ რამდენი პროცენტი მიიღო არჩევნებში, თუმცა, მისივე განცხადებით, ასე არ ხდება იმ ქვეყნებში, სადაც აყალბებენ არჩევნებს.
„ნაციონალებმა“ ხომ მოატყუეს ხალხი, ხომ კარგად აყალბეს არჩევნები. ახლა ჩვენ რა ვალდებული ვართ, ბიუჯეტიდან ამ მატყუარებს ვაძლიოთ ფული. დღეს ისინი ისევ აფათურებენ ხელს ბიუჯეტშიც და ბიზნესშიც“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.



