(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი ადამიანები!

"თეთრები"ამ პროგრამას ვთავაზობთ პოლიტიკურ პარტიებს

 

ჩვენ ვართ იმ ქვეყნის შვილები, რომლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდს შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ პოლიტიკურ პარტიათა ბრძოლის ეპოქა ვუწოდოთ. ეს არ არის  დემოკრატია! დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად პოლიტიკური ძალები გარეთ ეძებენ პატრონებს. არადა, დღეს არც ერთ პოლიტიკურ ძალას, არც სახელისუფლოს, არც ოპოზიციურს, არც პარლამენტში მყოფთ და არც მის გარეთ დარჩენილთ, არ ძალუძს ქვეყანას დიდი პერსპექტიული ნახტომი გააკეთებინოს, უფრო მეტიც არ  ძალუძთ,  თუნდაც სწორ გზაზე  დააყენონ ქვეყანა  …

ამა წლის 8 თებერვალს, დავითობას, გაიმართა მეცნიერთა დიდი კონგრესი. რომელზეც მიწვეული იყვნენ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ვარ ბედნიერი, რომ მიწვეულთა   შორის ვიყავი და მივიღე მონაწილეობა კონგრესის მუშაობაში.

გელათის კონგრესზე გამოკვეთილად ითქვა, რომ საქართველოს მომავალი არის ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების  თანამშრომლობის. ამდენად,  ოპოზიციის ფუნქცია არის ის, რომ ხელისუფლებას არ მისცეს ცუდის გაკეთების საშუალება და არ უნდა თავად იყოს აგებული ტყუილსა და სოციალურ დემაგოგიაზე.

დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მართვის სისტემაა ავადმყოფი. ავადმყოფი სისტემა კი იზიდავს ავადმყოფური აზროვნების  ადამიანებს, ან არადა, დადგა დრო, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებიდან გადავიდეთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაზე,

 მკითხავენ: თუ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრე ხარ, რატომ არ უერთდები ოპოზიციურ ძალებს?! ვპასუხობ მე არ ვუერთდები არც სახელისუფლო და არც ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რაღაც პრინციპებით, უნდა დასხდნენ სალაპარაკოდ. დიახ, მე  არასდროს შევუერთდები რაიმე ერთობას ვინმეს წინააღმდეგ რადგან მიმაჩნია, რომ ფორმულა „ყველა ერთის წინააღმდეგ“ რეალურად ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული.  ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი ადამიანები. ყველგან არიან საინტერესო, კარგი პიროვნებები, რომელთა საქმეში ჩართვით შეიძლება დიდი ნახტომის გაკეთება! სწორედ ესაა დღეს დიდი ხელოვნება!!!

არსებულმა გლობალურმა კრიზისმა ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. დღეს საუბარია დედამიწაზე რესურსების არარსებობის გამო, მოსახლეობის რაოდენობის ერთ მილიარდამდე შემცირებაზე… საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა:  გააჩნია ყველაზე უკეთესი  მიწის, წყლის, ჰაერის, სითბოს, ბუნებრივი და გეოგრაფიული მდებარეობის, ხალხის და ინტელექტის რესურსები. მაგრამ, არ არსებობს მექანიზმი,  რომელიც ამ რესურსებს ამ რთულ სიტუაციაში გამოიყენებს  სწორად,  მოიცილებს ძველ სიმძიმეებს, რომელიც მოგვყვება და გააკეთებს დიდ ნახტომს,  ამავე დროს დარჩება დემოკრატიულ ქვეყნად.

სამწუხაროდ,  საქართველოს არასდროს მართავდა ინტელექტუალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური ელიტები. მაგრამ არასდროს აკლდა  პოლიციური მმართველობითი კონგლომერატები.

სწორედ ამ ძირეულ ცვლილებებს სყრდნობა ჩემი დოქტრინაც,მაგრამ  რომელი პარტიაა მზად იმისთვის, რომ მდგომარეობა შეცვალოს?

დღეს, ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს, მაგრამ თუ არჩევნებზე ჩვენ მივალთ ამ სიღარიბით, ამ დეპრესიით, ამ უმუშევრობით, ამ სოციალური პრობლემებით, ამ პოლიტიკური დაპირისპირებით, ავირჩევთ კი კარგ პარლამენტს ბატონებო? მე არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ გაწყობთ მშიერი და დაუძლურებული ხალხი, რათა ადვილად იყიდოთ. დიახ, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა აქამდე, იმარჯვებდა ტყუილით, სოციალური დემაგოგიით, ან ფულით. ყველას აწყობდა მშიერი და დაუძლურებული ხალხი, იმიტომ რომ ადვილი იყო მათი მოსყიდვა… მწამს და მჯერა: დღეს მთავარია სიკეთით გამარჯვება! რომელიც  განსხვავდება ფულით, სოციალური დემაგოგიით, ტყუილით გამარჯვებისგან. საქართველოში დღეს ჯერ არც ერთ პოლიტიკურ  ძალას არ გაუმარჯვია სიკეთით!

დღეს ს ამზეოზე გამომაქვს ანტიკორუფციული პარლამენტის იდეა, რაც იგივეა – პიროვნებათა პარლამენტის იდეა ანუ მე ვთავაზობ პროფესიონალთა პარლამენტის, ტექნოკრატიული პარლამენტის იდეას.

ჩვენი წინადადებაა: ყველა პარტიამ ერთი ან ორი თვის განმავლობაში წარმოადგინოს საკუთარი 50 კაციანი სია, თუ ვის ისურვებდა პარლამენტში. დაე,  საქართველოს მოსახლეობამ დაინახოს, თუ რომელი პარტია ვის უჭერს მხარს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ბევრი პიროვნება ერთდროულად სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ სიაში მოხვდეს… ამავე დროს ყველა პარტია უნდა შეჯერდეს ოთხას კაციან  სიაზე    საბოლოო სიტყვა ხალხზე , ანუ ამომრჩეველზე იქნება დამოკიდებული,.

გარწმუნებთ, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს გააკეთებს… მივიღებთ პარლამენტს, რომელშიც იქნებიან ნაღდი პროფესიონალები, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც აღარ იფიქრებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე… ჩვენ მივიღებთ პარლამენტს,რომელშიც ადამიანებს  ეცოდინებათ რომ ისინი მოდიან ერთხელ.

პარალელურად ჩვენ მივმართავთ მეცნიერებათა აკადემიას თხოვნით, მეცნიერებმა დაწეროს სპეციალური პროგრამა, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ ეტაპზე ქვეყანაში. ასე შედგენილი პიროვნებათა პარლამენტი განიხილავს მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პროგრამას, მის რამდენიმე ვარიანტს  და კენჭს უყრის.

 ორი წლის თავზე გაიმათება ანტიკორუფციული პარლამენტის ნდობის რეფერენდუმი. თუ პარლამენტი და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა  თავს გაართმევს  მეცნიერთა მიერ წარდგენილი პროგრამის შესრულებას, კიდევ ორი წლით გააგრძელებს საქმიანობას. თუ ვერ გაართმევს თავს, შემდეგ ჩატარდება პარტიული არჩევნები და მოვა პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს. მათ საქმიანობას განსაზღვრავს ჩვენი შეთავაზების მეორე პუნქტი. ჩვენი წინადადებაა შეიქმნას „პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა“.

თავის დროზე, ყველა პარტიამ, ვინც ხელისუფლებაში მივიდა, თავის თავზე მოირგო კონსტიტუცია და კანონები.

თუ  ვინმე ფიქრობს, რომ ამ კონსტიტუციით  ქვეყანა წინ წავა, დიდ შეცდომას უშვებთ. დასაწერია ახალი კონსტიტუცია. დასაწერია კანონი ოპოზიციის შესახებ. და ეს უნდა დაიწეროს ეხლა, როცა არ ვიცით, ვინ იქნება მომავალ ხელისუფლებაში და ვინ იქნება ოპოზიციაში. მისაღებია კანონი რეფერენდუმის შესახებ. ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება. ანუ ქვეყნის ბატონ პატრონი ხალხია, რეალურად კი 150 კაცი იღებს კანონს, რომლის წინააღმდეგია მოსახლეობის 99 პროცენტი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ. რადგან რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია!  ასევე დასაწერია კანონი რეგიონთა დეცენტრალიზაციის შესახებ. ქვეყანაში სოფლის გამგებელსაც კი ცენტრალური ხელისუფლება ნიშნავს და ხალხს წავართვით უფლება საკუთარი გამგებელი აირჩიოს… დღეს დასაწერია ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა. მსგავსი არის ბალტიისპირეთში, ამერიკაში და ჩვენ შეგვიძლია მისი გადმოტანა საქართველოს რეალობაში…

მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, , თუ დროულად არ მივიღეთ დამცავი მექანიზმები, რეალურად დავკაგავთ სახელმწიფოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ,    საერთაშორისო ბიზნესი ყველაზე მეტად ვითარდება კრიზისის დროს! კრიზისის დროს მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები ღარიბდებიან. მივმართავ ყველა პოლიტიკურ ძალას. დაანებეთ თავი უცხოეთში მყოფ პატრონებს და ვემსახუროთ საკუთარ  ხალხს და ქვეყანას!

პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში  ყოველი პარტია წარმოდგენილი იქნება ხუთი ან ათი კაცით. ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომლის შეკრებები გადაიცემა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით და ხალხის წინაშე წარმოჩნდება თუ ვინ ვინ არის.

„პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეაში“ გამოჩნდება, რომ საქართველოში არის არა მხოლოდ ორი პარტია, არამედ ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ძალთა მთელი სპექტრი, საინტერესო პიროვნებები. დარწმუნებული ვარ, რომ ასამბლეის იდეის წინააღმდეგ წავა „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ მათი განაყოფებით.

ჩემი შეთავაზების მესამე ნაწილი  – „სახელმწიფო კაცების საკრებულო“. იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის  და   ძალიან წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა. საკრებულოში შევლენ 75-80 წლის   ავტორიტეტული, გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ხელისუფლებაში მოსვლის. „სახელმწიფო კაცების საკრებულო“ არის სათათბირო, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს. შეკრება გადაიცემა ტელეეთერით.

მე არ ვიბრძვი საკუთარი გამარჯვებისთვის და  მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, თუ თქვენ არ მიიღებთ ამ წინადადებებს, „თეთრები“ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომლითაც ყველა უპარტიო იყრის კენჭს ჩვენ უკვე მივმართეთ საზოგადოებას, დაგვეხმარონ ასეთი პიროვნებების შერჩევაში,

ერთხელ მაინც უნდა შევთანხმდეთ პოლიტიკოსები იმაში, რომ არასწორია პარტიების დაყოფა კვალიფიციურად და არაკვალიფიციურად, არასწორია საინფორმაციო სივრცის ასე პოლარიზება. არასწორია პარტიათა დაფინანსება ბიუჯეტიდან, არასწორია პარლამენტიდან დეპუტატის გამოწვევის მექანიზმის არარსებობა, არასწორია დეპუტატებისთვის პრივილეგიების არსებობა.

სულ რაღაც , 20-30 კანონია მისაღები ქვეყნის დასაცავად!   

საქართველო დაღუპა ყალბმა ეროვნულმა პათოსმა, დემოკრატიის თამაშმა, სოციალურმა დემაგოგიამ და პოლიტიკურმა კორუფციამ. ამას წერტილი უნდა დაესვას. არც ერთი პოლიტიკური ძალა ამისთვის ცალკე არ არის მზად. ეს პროგრამა, რომელსაც მე ვთავაზობ, ერთმა პიროვნებამ მითხრა,  ბიძინა ივანიშვილს უნდა აწყობდესო. ვეთანხმები. ეს არის პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ ივანიშვილს არამედ ყველა ეროვნული გაწყობის ნაღდ პოლიტიკურ ძალას უნდა აწყობდეს.

მაშ, კიდევ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენი ფორმულაა სიკეთით გამარჯვება!

თემურ შაშიაშვილი

6 მაისი 2020წ.

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ “ასავალ-დასავალის” 11-17 მაისის #20 ნომერში

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *