(მედიანიუსი )სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება – თემურ შაშიაშვილი

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი.

„გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებთან.

ხალხთან ურთიერთობის ეს სტილი დიდი ხანია დამკვიდრდა ხელისუფლებაში. თუ აქამდე ვამბობდით, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე არათუ არსებობს, არამედ პრაქტიკულად მკვდარია, დღეს უკვე პირდაპირ შეგვიძლია აღვნიშნოთ მისი აგრესიულობა. სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება.

ფაქტი სახეზეა: რის უფლებასაც ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას, ის სასიკეთოდ კი არა, უბედურებად უბრუნდება უკანვე ხალხს. შედეგს ყველა ვხედავთ – მდიდარ ქვეყანაში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად, რომ ეს არის მდიდარი ხელისუფლების, საბანკო კაპიტალისა და პოლიტბიზნესმენების, დანგრეული ეკონომიკის, გაპარტახებული სოფლის მეურნეობის პოლიციური სახელმწიფო.

აშკარაა, რომ ხელისუფლების თავხედობა აზროვნებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებში გადავიდა. საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხალხს არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას, მიწის მეპატრონეს არათუ საკუთარ ეზოში არ უშვებენ, მის დაუკითხავად მიწას ხნავენ და ეპატრონებიან.

საერთოდ. ხალხს იმის ღირსად არ თვლიან, რომ პასუხი გასცენ ელემენტარულ კითხვებს, თუნდაც ზოგადქართულს: რატომ გადაეცა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ხეობა მთელი ქონებითა და წიაღისეულით უცხოურ კომპანიას? რატომ არის ხელშეკრულება ხელმოწერილი კაბალური პირობებით?

დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი მოაზროვნე ადამიანი მხარს უჭერს მეცნიერთა კონგრესის პოზიციას რიონის ხეობასთან დაკავშირებით კონფერენციის მოწვევის თაობაზე. ეს უმტკივნეულო წინადადებაც კი უგულებელყოფილია, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ენერგეტიკულ პროექტთან, არამედ ქვეყნის საზიანოდ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან“, – ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში, რომელიც დღეს, 14 საათზე მეცნიერთა კონგრესის წევრებთან ერთად შეუერთდება ხეობის დამცველთა მშვიდობიან აქციას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *