დაფიქრებისთვის. ნამახვანიჰესის კასკადის სევდიანი ისტორია პროფ. გურამ ცინცაძე

ჰესებზე-მოსაზრება (PDF

გურამ ცინცაძე, პროფესორი საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულია “შპს ნამახვანის კასკადის” დაკვეთით შესრულებული ნაშრომი “მდ. რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის”, “ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის” “არატექნიკური რეზიუმე”. აღნიშნული ნაშრომიდან ვგებულობთ, რომ “შპს ნამახვანიჰესის კასკადის” დავალებით იტალიურმა კომპანიამ 2013-14 წწ შეასრულა ნამახვანის კასკადის სქემის ოპტიმიზაციის სამუშაოები და წინასაპროექტო კვლევები, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, შეურჩევიათ ნამახვანის ჰესების კასკადის ორსაფეხურიანი სქემა.
სამშენებლო ნორმებისა და წესების თანახმად, საპროექტო კომპანია სამუშაოს დამკვეთის მიერ დამტკიცებული საპროექტო დავალების საფუძველზე ასრულებს. იტალიური კომპანიის მიერ შესრულებული ნამახვანიჰესის ორსაფეხურიანი სქემით თუ ვიმსჯელებთ, საპროექტო დავალების ავტორებს შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და სახელმწიფო აზროვნება ჯეროვან სიმაღლეზე არ აღმოაჩნდათ.

ზოგადად, ნებისმიერი საინჟინრო-არქიტექტურული ნაგებობა ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება: 1) ფუნქცია; 2) ჰარმონიზაცია გარემოსთან; 3) მდგრადობა; 4) ეკონომიკა;

ფუნქციის თვალსაზრისით, წყალსაცავს, ძირითადად, არა რეგულირების, არამედ ნამახვანიჰესისათვის სტატიკური დაწნევის შექმნის ფუნქცია აქვს. კაშხლის გასწორსა (კალაპოტის განივი კვეთი) და გუმათიჰესის წყალსაცავს შორის დარჩენილ სტატიკურ დაწნევას სადერევაციო გვირაბით ითვისებს. წყალსაცავის აუცილებლობა საქართველოს ენერგოსისტემაში მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციის მოსახსნელად ერთობ სუსტი მოტივია, რადგან:

ა) თბილისის ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ თავის დროზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ნამახვანიჰესის საპროექტო წყალსაცავი მდ. რიონის ნატანით 18-20 წელიწადში აივსება, დაკარგავს ისედაც მწირ რეგულირების ფუნქციას და მხოლოდ მოდინებით რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ნატანით ავსების პროცესი წყალსაცავის ბოლოდან იწყება და პირველ რიგში სასარგებლო მოცულობას შემცირებს.

ბ) წყალმცირობის სეზონში წყალსაცავის სასარგებლო მოცულობა ერთ დღე-ღამეში ამოიწურება და კვლავ მოდინებით რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

გ) ნამახვანიჰესის წყალსაცავს რეგულირების ფუნქცია ვერ ექნება, რადგან საპროექტო ნამახვანიჰესის ქვემოთ მოქმედ შვიდ კომერციულ ჰესს, წყალსაცავის კვლავ შევსების მიზნით, მდ. რიონს ბუნებრივი დინების რეჟიმს ვერ შეუცვლის. ამგვარად, ნამახვანიჰესის წყალსაცავს მდ. რიონის რეგულირების ფუნქცია, პრაქტიკულად, არ გააჩნია.

დ) სადაწნეო გვირაბის წყალმიმღები მდ. რიონის კალაპოტის მოხაზულობისა და ტოპოგრაფიის გამო, მდინარის მარცხენა ფერდობზეა დაპროექტებული, წყალსაშვიანი კაშხლის გამრეცხი ფარებიდან დაახლოებით 1 კმ დაშორებით. ჰესის ექსპლოატაციის დროს, დიდი ალბათობით, რიონის მიერ ჩამოტანილი ნატანის უმეტეს ნაწილს ჰესის წყლის საანგარიშო ხარჯი წყალმიმღებისაკენ წაიღებს. გარკვეული დროის შემდეგ, წყალსაცავის მკვდარი მოცულობის ნატანით ავსების შემდეგ, გამრეცხი ფარების სიშორის გამო, მოსალოდნელია წყალმიმღები ნატანით აღმოჩნდეს ბლოკირებული. აღნიშნულისაგან წყალმიმღების დაცვის რაიმე კონსტრუქციული ღონისძიება არატექნიკური რეზიუმიდან არ ჩანს.

ჰარმონიზაციის ნაცვლად, ნამახვანიჰესი სრულ წინააღმდეგობაშია გარემოსთან, ლანდშაფტთან.
შეფასების მიხედვით, ნამახვანიჰესის პროექტის იტალიური ვარიანტი, ბუნებასთან ჰარმონზაციის ნაცვლად, მასთან კონფლიქტშია და სრულიად ცვლის ლანდშაფტს. განსახლების მოლოდინში მოსახლეობის აგერ უკვე სამი თუ ოთხი თაობა (1937 წლიდან) განვითარების პერსპექტივის გარეშეა – ჩემოდნებზე სხედან! მათთვის დრო, პრაქტიკულად, გაჩერდა.ეკონომიკა: ა) წყალმცირობის სეზონში საქართველოს ენერგოსისტემაში დეფიციტის დასაფარად წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის გამოყენება სადგურის ეკონომიკურ მაჩვენებლებს გააუარესებს, რადგან წყლის სასარგებლო მოცულობა ერთ დღე-ღამეში ამოიწურება. შედეგად წყალსაცავის დონე 10 მეტრით (წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის დამუშავების სიღმე) დაიკლებს, რის გამოც შემცირდება სადგურის საანგარიშო დაწნევა და აქედან გამომდინარე, ჰესის წლიური გამომუშავება, რაც უარყოფითად აისახება მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. საეჭვოა, პოტენციალური ინვენსტორი ასეთ პერსპექტივას დათანხმდეს. ბ) მომდევნო წყალუხვობის სეზონამდე სადგური შემცირებული დაწნევით იმუშავებს, რადგან წყალსაცავში სასარგებლო მოცულობის და, შესაბამისად, საანგარიშო დაწნევის აღსადგენად, საპროექტო ნამახვანიჰესის ქვედა ბიეფში მოქმედ შვიდ კერძო მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურს (გუმათიჰესი-1, გუმათიჰესი-2, რიონჰესი, ვარციხეჰესების კასკადის 4 სადგური) წყლის მიწოდებას ვერ შეუჩერებს, რადგან მათ საკუთარ მომხმარებლებთან სამართლებრივი ვალდებულებები აკავშირებთ.

ტვიშიჰესის და ნამახვანიჰესის წყლის საანგარიშო ხარჯებს ამ ჰესების გასწორში შესაბამისი ჰიდროგრამდგრადობის თვალსაზრისით სოფ. ნამახვანთან 156 მლნ კბ/მ მოცულობის წყალსაცავის მოწყობა დიდ რისკთანაა დაკავშირებული, მათ შორისაა:

1. საპროექტო ორსაფეხურიანი ნამახვანიჰესის კასკადის ნაგებობები ჯავა-გაგრის 7 მაგნიტუდის ტექტონიკური ზემოქმედების ზონაშია განლაგებული. ისეთი განვითარებული და საინჟინრო პოტენციალის მქონე იაპონიამაც კი ვერ შეძლო მოსალოდნელი მიწისძვრის სიმძლავრისა და შედეგების პროგნოზირება ფუკუშიმას ატომურიელექტროსადგურის პროექტირების დროს. ამიტომ აღნიშნულ ტექტონიკურ ზონაში მაღლივი კაშხლისა და დიდი მოცულობის წყალსაცავის მშენებლობა ქვედა ბიეფში განთავსებული დასახლებული ტერიტორიებისათვის დიდი რისკის შემცველია.

2. საპროექტო წყალსაცავის თავზე, მდ. რიონის კალაპოტის მარცხენა ფერდობზე 40-50 მლნ კბ/მ მოცულობის გონის მეწყერსაშიში მასივია. ნამახვანიჰესისა და ტვიშიჰესის სადერივაციო და დროებითი სამშენებლო წყალსაგდები გვირაბებიც მარცხენა ფერდობზეა დაგეგმარებული. მათი მშენებლობა კლდოვან ქანებში სამთო წესით, ბურღვა-აფეთქების მეთოდითაა გათვალისწინებული. გონის მასივი აღნიშნულ გვირაბებს შორის მდებარეობს და, დიდი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი მდგრადობა ჯერ კიდევ მშენებლობის დამთავრებამდე შემცირდება.

3. წყალსაცავის ზედაპირიდან, აორთქლების გამო, მოიმატებს ტენიანობა და გაიზრდება ნალექების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს გონის მასივს და უარყოფითად იმოქმედებს მის მდგრადობაზე.

4. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც მრავალი ქვეყნის პოლიტიკური და რელიგიური ინტერესები იკვეთება. ნებისმიერი არაკეთილმოსურნის ხელში დღეს შეიძლება აღმოჩნდეს ტექნიკური შესაძლებლობების მთელი არსენალი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გონის ტექტონიკური 40-50 მლნ კბ/მ მასივის ვარდნა ნამახვანის საპროექტო წყალსაცავში. იგი წყალსაცავიდან მყისიერად გამოდევნის იმავე მოცულობის წყლის მასას, რომელიც თავს დაატყდება იუნესკოს მიერ ევროპის 15 უძველეს ქალაქს შორის მე-8 ადგილზე დასახელებულ ქუთაისს და არა მარტო მას, არამედ რიონის აუზში არსებულ დასახლებებს, ფოთის ჩათვლით. არა მგონია, ამ პესპექტივას ქუთაისლები ენთუზიაზმით შეხვდნენ.

სჭირდება თუ არა საქართველოს ჰიდროენერგეტიკას განსახლებული სოფლებისა და დაზიანებული ეკოლოგიის ხარჯზე შექმნილი რეგულირებული წყალსაცავები? არა! საქართველოს რეგულირებული ჰიდროელექტროსადგურების: ენგურიჰესის, ჟინვალიჰესის, ხრამიჰესის, შაორიჰესის, ტყიბულიჰესის სასარგებლო მოცულობის ჰიდროენერგოპოტენციალის ჯამი დაახლოებით 1,35 მილიარდი კვტ/სთ-ია. ნამახვანიჰესის კასკადის ორსაფეხურიან ვარიანტში ნამახვანიჰესის წყალსაცავის სასარგებლო მოცულობის ჰიდროენერგოპოტენციალი 12,6 მილ კვტ/სთ-ია, რაც ზემოთ ჩამოთვლილი წყალსაცავების ენერგოპოტენციალის 1%-ზე ნაკლებია. ცხადია, საქართველოსათვის ეს ის ფასი არ არის, რის გაღებაც ღირდეს იმ შედეგების მისაღებად, რომელიც “არატექნიკურ რეზიუმეშია” აღწერილი ან რეგიონული რისკების ანალიზი გვკარნახობს, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ:

1. საქართველოს ენერგოსისტემა საიმედოდაა დაკავშირებული რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის ენერგოსისტემებთან სხვადასხვა ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით, რომელთა მეშვეობით წყალუხვობის პერიოდში სეზონურ ენერგიას აღნიშნულ ქვეყნებში ყიდის, ხოლო შემოდგომა-ზამთრის წყალმცირობის პერიოდში, პირიქით, ყიდულობს მათგან.

2. უახლოეს პერიოდში გაიზრდება ღამის ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სატრანსპორტო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო წარმოებების განვითარების კვალობაზე. საქართველოში არის უწყვეტი ციკლით მომუშავე საწარმოები, როგორიცაა რუსთავისა და კასპის ცემენტის, აზოტის, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნები, სამაცივრო საწყობები, საზღვაო პორტები, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი და ა.შ. უახლოეს მომავალში მილიონობით ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ, რომელთა ელექტრობატარეებიც საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან დაიმუხტება.

3. გარდაბანში ექსპლოატაციაში შევიდა 230 მგვტი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის აირორთქლტურბინიანი ელექტროსადგური. 110 მგვტ იგივე ტიპის ელექტროსადგური რეზერვშია. ასევე რეზერვშია გარდაბნის 300 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური. დაგეგმილია 500 მგვტ სიმძლავრის აირორთქლტურბინიანი ელექტროსადგურის მშენებლობა.

4. ტყიბულში ადგილობრივი ქვანახშირის ბაზაზე, თანამედროვე ტექნოლოგიით მოქმედებს 18 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური. პერსპექტივაში დაგეგმილია იმავე ტექნოლოგიის 150 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა.

5. ტანაპის საერთაშორისო კონსორციუმი 2018 წლისათვის გეგმავს საქართველოს გავლით ევროპაში ჯეიჰანის მეორე რიგის საბადოდან 18 მილიარდი კბ/მ აირის ტრანსპორტირებას. მოსალოდნელია, საქართველოს გავლით ევროპაში მოხდეს თურქმენეთისა და ყაზახეთის გაზის ტრანსპორტირებაც. გამორიცხული არ არის, რუსეთისა და ირანის გაზიც ამ აირსადენებით მიეწოდოს ევროპას. პერსპექტიულია “ნაბუკო ვესტის” პროექტიც. ყყ| საუკუნის ტექნოლოგიები ენერგიის მოპოვების სხვა ალტერნატიულ წყაროებსაც იცნობს. ტექნოლოგიების ბუმის ეპოქაში უახლოეს მომავალში ენერგიის რა ახალი წყაროები გამოჩნდება კაცობრიობის სამსახურში, არავინ იცის. მით უმეტეს ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობის ხანგრძლივი 7-წლიანი პერიოდის ათვლა როდის დაიწყება, უცნობია.

2013 წ ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადავეცით ალტერნატიული ერთსაფეხურიანი ვარიანტის განმარტებითი ბარათი “მდ. რიონზე გუმათი3 ჰიდროელექტროსადგურის მოკლე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება”, ხოლო მეორე ეგზემპლარი საქართველოს ფოსტით გავუგზავნეთ იმავე სამინისტროს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *