გაუცხოება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კიდევ უფრო სახიფათო ხდება

 

rferl.org
+გასულ კვირას ისედაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში კიდევ უფრო დაიძაბა. რამდენიმე ყოფილი მაღალი რანგის ჩინოვნიკის დაპატიმრებაზე, ქრთამის აღებისა და გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 დეკემბერს უპასუხა და იმპლიციტურად დაიმუქრა, რომ დაითხოვს პრემიერმინისტრსა და მთავრობას, რომელსაც პრემიერმინისტრი უდგას სათავეში.

ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხელჩართულ ბრძოლაში დაამარცხა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მას შემდეგ ახალმა მთავრობამ ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი დააპატიმრა, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც, ბევრის აზრით, იმაშია ეჭვმიტანილი, რომ ხელს უწყობდა პატიმრების წამებასა და სასტიკ მოპყრობას ქართულ საპატიმროებში.

ამავე დროს, გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა გაუქმდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ზოგიერთი საკვანძო გადაწყვეტილება, მაგალითად, გადაწყვეტილება თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის გადატანის შესახებ. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში 360 მილიონი ლარი დაჯდა.

სააკაშვილმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა დავით ბაქრაძემ და ივანიშვილის წინამორბედმა პრემიერმინისტრის პოსტზე, ვანო მერაბიშვილმა, ამ ქმედებებს იმით უპასუხეს, რომ ახალ მთავრობას ბრალი დასდეს არაკომპეტენტურობაში და იმაში, რომ არ ასრულებს საარჩევნო დაპირებებს, ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი პოზიტიური, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა თავისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ისინი ახალაიასა და სააკაშვილის გუნდის სხვა მაღალი რანგის წევრების პატიმრობას, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ რეპრესიებს, აკრიტიკებენ.

ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ის, რაც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც „შერჩევითი სამართალი“, მაგრამ ამან ვერ შეაკავა ახალი მთავრობა. ისინი აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი ძალისხმევის მიზანია, სასამართლოს წინაშე პასუხი აგებინონ ყოფილ ჩინოვნიკებს მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სერიოზული ფინანსური და სხვა დანაშაულებების გამო.

ამავე დროს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წუხილი ისე აღიქვა, როგორც მისი და მისი გუნდის უსიტყვო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ზოგიერთის მტკიცებით, ზუსტად იგივე მოხდა, როდესაც სააკაშვილმა არასწორად გაიგო აშშ-ის განცხადებები 2008 წლის აგვისტოში, ცხინვალზე საბედისწერო თავდასხმის წინ, რამაც რუსეთთან გამანადგურებელი კონფლიქტი გამოიღო შედეგად.

დაძაბულობის სულ ბოლოდროინდელ ესკალაციას ადგილი ჰქონდა 19 დეკემბერს, როდესაც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია (გასული თვიდან ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ხელმძღვანელია) და ოთხი სხვა ადამიანი დააპატიმრეს. ისინი ეჭვმიტანილნი არიან 1 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში. ამ ქრთამის მიზანი იყო შეეჩერებინათ საგადასახადო სამსახური, რომელსაც შეეძლო აღმოეჩინა გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი თელასის, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის მიერ. თელასს ნაწილობრივ ფლობს რუსული ენერგეტიკული გიგანტი RAO EES-ი. თბილისის სასამართლომ უარყო პროკურატურის მოთხოვნა და სამი დღის შემდეგ გაათავისულა პატიმრობიდან ხეთაგური, გვარამია, თელასის უფროსი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია. მათ დაეკისრათ გირაო 30,000 ლარის ოდენობით.

მოგვიანებით, 21-22 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხვაზე დაიბარა ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და ეკონომიკის მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მათი დაკითხვის მიზეზი გახდა ზოგიერთი, არდასახელებული სამთავრობო ორგანიზაციის განზრახ მცდელობა, გაეკოტრებინათ ივანიშვილის „ქართუ ბანკი“.

ასევე გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების“ ფრაქციამ პირველი წაკითხვით მიიღო ჩასწორებები კანონში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შესახებ. ეს ის ორგანოა, რომელიც ნიშნავს, ითხოვს მოსამართლეებს და ადგენს დისციპლინარულ ზომებს. გარდა ამისა, პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს, პასუხისმგებელს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების უსაფრთხოებაზე, პრემიერმინისტრს დაუქვემდებარებს. ამჟამად ეს სამსახური პრეზიდენტს ექვემდებარება.

და ბოლოს, 19 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მომხრეებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სააკაშვილის იმპიჩმენტს, ქვები დაუშინეს პრეზიდენტის ესკორტს და შეურაცხმყოფელი ყვირილით მიმართავდნენ პარლამენტის წევრებს. ხუთი ადამიანი დააპატიმრეს ამ ინციდენტის გამო, რომელიც ივანიშვილმა კატეგორიულად დაგმო.

სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაცვის სუბორდინაციის შეცვლის გეგმა ერთ რამეს ისახავს მიზნად – ის სრულიად დაუცველი დატოვოს. მან განაცხადა, რომ არ სჭირდება არც თვითმფრინავი და არც დაჯავშნული მანქანა და მზადაა დედამისის ძველი მანქანით იაროს, ხოლო ხალხს დაცვის გარეშე შეხვდეს. პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ეს გამოსვლა და მას „პოლიტიკური შანტაჟი“ უწოდა. მან Caucasus Knot-ს განუცხადა, რომ სააკაშვილს კომენტარისთვის გადაეცა მისი პერსონალური დაცვის სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ სააკაშვილს პასუხი არ გაუცია.

რაც შეეხება ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შესახებ, სააკაშვილმა 20 დეკემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლოს დასამარებას და დასძინა, რომ დაადებს ვეტოს კანონს, თუ ის ამჟამინდელი სახით მიიღეს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტისგან მუდმივ თავდასხმას განიცდის, რაც მიუღებელია დემოკრატიული თამაშის ნებისმიერი წესებით. მან „ქართულ ოცნებას“ უწოდა „მნგრეველთა ბრიგადა“, რომელიც „ყველაფერს, რაც ჩვენ შევქმენით, ჩვენს ჯიბრზე ანგრევს“, და ისინი თალიბებს შეადარა. მან განაცხადა, რომ მათი უვარგისი კონცეფციები საქართველოს მომავალს დიდ საფრთხეს უქმნის და რომ ივანიშვილი 50 წლის განმავლობაშიც ვერ მოახერხებს იმის განადგურებას, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა.

სააკაშვილმა აგრეთვე სრულიად უსაფუძვლო უწოდა გვარამიასთვის წაყენებულ ბრალდებებს და საპატიმროდან მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ყველაფერი ძალიან მალე და ძალიან ცუდად დამთავრდება მათთვის“, ვინც გვარამიას დაპატიმრების ორგანიზატორია. „ვერავინ შეძლებს საქართველოში რეჟიმის დამყარებას, რაც მათ (პრემიერმინისტრის მთავრობაზე მინიშნებით), როგორც ჩანს, განუზრახავთ, ისინი სახიფათო ზღვარს მიუახლოვდნენ“, დასძინა სააკაშვილმა.

რუსულმა ყოველდღიურმა გამოცემებმა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ და „კომერსანტმა“ ივარაუდეს, რომ ეს კომენტარები მუქარა იყო და ივანიშვილის მთავრობის დათხოვნას გულისხმობდა. ამის გაკეთება სააკაშვილს, კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია. მეორე მხრივ, კონსტიტუციის ექსპერტმა ვახუშტი მენაბდემ სააგენტო GHN -ს განუმარტა, რომ სააკაშვილი ვერ დაითხოვს პარლამენტს მისი არჩევიდან 6 თვის განმავლობაში (ანუ 2013 წლის 1 აპრილამდე). ამის შემდეგ მას შეუძლია დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები, თუ პარლამენტი ზედიზედ სამჯერ არ დაამტკიცებს მის მიერ წარდგენილ კანდიდატს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე.

რამდენად შედის სააკაშვილის (და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“) ინტერესებში პოლიტიკური კრიზისის შექმნა ამ რთულ ვითარებაში, ეს სხვა საკითხია. მართალია, სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგანგებო ყრილობაზე 23 დეკემბერს განაცხადა, რომ დარწმუნებულია მისი პარტიის „გამარჯვებაში ბოლო რაუნდში“, მაგრამ ნოემბრის ბოლოს ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. გამოკითხულთა 63-მა პროცენტმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მათთვის ყველაზე ახლოსაა პარტიათა შორის და მხოლოდ 10-მა პროცენტმა მიანიჭა უპირატესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 1 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.97 პროცენტი მიიღო, ხოლო „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ -40.34 პროცენტი.

ამიტომ ტაქტიკურად უფრო მომგებიანი იქნება, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდება,საკუთარ განახლებაზე კონცენტრირდება და დააკვირდება იმას, თუ ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც, ივანიშვილის თქმით, ის მონაწილეობას არ მიიღებს. ივანიშვილი, თავის მხრივ, შეეცადა, დიდი მნიშვნელობა არ მიეცა სააკაშვილის ფარული მუქარისთვის. 24 დეკემბერს მან ჟურნალისტებს თბილისში უთხრა, რომ „სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში, არ შეჩერდება ოპოზიციის ისტერიული განცხადებების გამო. ეს პროცესი გაგრძელდება… ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის განცდის აღდგენა იყო და ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში შევასრულებთ“.

foreignpress.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *