ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა

ქრისტიან ეში,”fr-online.de”
foreigსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ეპოქა დასრულდა მას შემდეგ, რაც მისი მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ხელმძღვანელი გახდა. რა მოჰყვება ამას ქვეყნისათვის? სიტუაციის ნორმალიზება – შესაძლებელია.

მათ პრეზიდენტს შუქი გამოურთეს. მისი სასახლე, რომელიც მინის გუმბათით ბერლინის რაიხსტაგის დაპატარავებულ ვერსიას ჰგავს, ახლა ღამით ჩაბნელებულია. სასახლის გასანათებლად საკმარისი ფული არ გვაქვსო, გადაწყვიტა ახალმა პრემიერმინისტრმა. ახლა თბილისელები ძველი თბილისის პატარა ქუჩებიდან უყურებენ სასახლეს და უხარიათ, რომ მათი საძულველი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სიბნელეში ზის. ყველაზე მეტად კი ეს ალბათ პრემიერ ივანიშვილს უხარია, რომელსაც საღამოობით თავისი ბრწყინვალე ვილადან პრეზიდენტის სასახლე თვალს აღარ ჭრის.

თითქმის სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი ფართო კოალიციის წინააღმდეგ კამპანიაში საპარლამენტო არჩევნები წააგო. ეს იყო ეპოქის დასასრული და გარდამავალი პერიოდის დასაწყისი, რომლის დროსაც ქვეყანას ორი კაცი წარმოადგენს, რომლებსაც დაძაბული ურთიერთობა აქვთ. წარსულში პოლიტიკურად დაახლოებული ეს ორი ადამიანი, დღეს არა მხოლოდ ერთმანეთის მოწინააღმდეგე, არამედ მტერია. დიდი ალბათობით, ეს სიტუაცია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ შეიცვლება.

დაპატიმრებების ტალღა

ქარიზმატული სააკაშვილი შეეცადა საქართველო პოსტსაბჭოთა უბედურებიდან დასავლურ-თანამედროვე მომავალში გადაესროლა. თავიდან ის ამას ქართველთა უმრავლესობის თანხმობით აკეთებდა, მოგვიანებით დიდი წინააღმდეგობით და ზოგჯერ ძალადობითაც. ბალანსი სადავოა. სიტყვა “ვარდების რევოლუცია” რომლითაც ის 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მეტაფორაზე მეტი იყო. საქმე მართლაც რევოლუციას ეხებოდა. სააკაშვილი და მისი თანამებრძოლები რვა წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მათ რადიკალური ქმედებების არ ეშინიათ. მაგრამ რა მოხდება რევოლუციის დასრულების შემდეგ? კონტრრევოლუცია? თუ ბოლოს და ბოლოს ნორმალური ვითარება ჩამოყალიბდება?

ეს არის შეკითხვა, რომელსაც სასწრაფოდ უნდა უპასუხოს პრემიერმინსტრმა ივანიშვილმა და ამისათვის მან მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები მიიწვია. მთავრობის სახელი შელახულია: თბილისში დაპატიმრებების ტალღა დასავლეთში შეშფოთებას იწვევს. ეს არა მხოლოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეეხო, არამედ ათობით მაღალი რანგის პოლიციის თანამშრომელს, ასევე ენერგეტიკის ყოფილ მინისტრსა და სატელევიზიო არხის დირექტორს.

ევროკავშირისა და ნატოს მეთაურები საქართველოს ახალ მთავრობას შერჩევითი სამართლის წინააღმდეგ აფრთხილებენ და გამჭვირვალე პროცესებს ითხოვენ. მათ უკრაინის მსგავსი სცენარის ეშინიათ, სადაც იულია ტიმოშენკოს მთავრობა სასამართლო პროცესებით მოიშორეს. „ვაშინგტონ პოსტში“ ეწერა, რომ სანამ ივანიშვილი ქვეყანაში ოპოზიციას დევნის, შეერთებულ შტატებში ვიზიტით არ უნდა ჩავიდეს.

ამ კატასტროფული შთაბეჭდილების განეიტრალება მთავრობას ეფექტური ღონისძიებით სურს. ქალაქი ზამთრის უცაბედი დადგომითაა გაოცებული. მოქალაქეებს მოყინულ ქვაფენილზე უსრიალებთ ფეხი. ფუტურისტულ შენობებს, რომლითაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძველ ქალაქს თავისი დაღი დაასვა, თოვლი ფარავს. ეს არის მტკვარზე გადებული ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც ღამით ფერადი დიოდებით ანათებს, ორი ღვინის დოქის ფორმის მუსიკალური თეატრი და იუსტიციის სახლი, რომელსაც ხალხი „სოკოებს“ ეძახის. ეს არის დიდი უწყება ასობით თავაზიანი თანამშრომლითა და მშვიდი საშობაო მუსიკით – პროგრესის ტაძარი.

აქედან ძალიან ახლოს, ბიძინა ივანიშვილი ძვირადღირებული სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უცხოეთის ეჭვების გაქარწყლებას ცდილობს. ის დაბალი, გამხდარი კაცია, გარეგნობითაც კი სააკაშვილის ანტიპოდი. უფრო ბანკირს ჰგავს და პოლიტიკაში წასვლამდე იყო კიდეც ბანკირი.

მხოლოდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა

ერთი წლის წინ, როდესაც მთავრობით უკმაყოფილება დიდი იყო, მაგრამ ოპოზიცია სუსტი გახლდათ, გამოჩნდა მულტიმილიარდერი ივანიშვილი – ადამიანი, რომელიც იმდენად მდიდარია, რომ ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მთელი ხარჯების დაფარვას შეძლებდა და კიდევ საკმარისი დარჩებოდა თავისი ვილების, ნახატების საკუთარი კოლექციის, საკუთარი ზოოპარკისა და პინგვინებისათვის. მაშინ ამან ძალთა ბალანსი დაარღვია. ეს ისე გამოიყურებოდა, თითქოს სათამაშო მოედანზე გამოჩნდა კაცი ფულით გამოტენილი ჯიბეებით.

თუმცა ამ კაცის კაბინეტის სხდომაზე წარმოდგენა ჯერაც რთულია. ივანიშვილი ღიმილითა და ხელის მშვიდი მოძრაობით საუბრობს, მაგრამ მის საუბარში მიზანი არ იგრძნობა. მას თითქოს მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს: პრეზიდენტის სიძულვილი. პრემიერის თქმით, სააკაშვილი ტყუილების ოსტატია, ამასთანავე ძლევამოსილი მეგობრები ყავს ბრიუსელში. მათი და ლობისტური კომპანიების დახმარებით მან ევროპულ ინსტიტუტებში ახალი მთავრობის სახელი შებღალა. “ის ჩვენ გვაბრალებს იმას, რაც თვითონ გააკეთა“.

მუდმივად ბოლოდროინდელ დაპატიმრებებზე საუბრობენ. თუმცა ივანიშვილზე უკეთ პოლიციისა და იუსტიციის ქმედებების გამართლება მინისტრ თეა წულუკიანს შეუძლია. მის მოწინააღმდეგედ ყოფნას არავინ ისურვებდა, ის კომპეტენციისა და ცივი სიბრაზის ნაზავს ასხივებს.

წულუკიანი წლების განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობდა და ძველი მთავრობის დროინდელ ისეთ საჩივრებს აღნუსხავდა, როგორიცაა პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ ბანკის თანამშრომლის სანდრო გვირგვლიანის მკვლელობა, ამბავი, რომელმაც ექვსი წლის წინ ეს პატარა ქვეყანა შეძრა. ეს საქმე ერთი ხელის მოსმით გაიხსნა, როგორ ფარავდნენ ერთმანეთს ძლევამოსილი პოლიციური აპარატი, იუსტიცია, და პრეზიდენტიც კი და აბრკოლებდნენ დამნაშავეებისა და მათ უკან მდგომთა ადეკვატურად დასჯას.

სახელმწიფო მოხელეების დაუსჯელობა იყო ძველი რეჟიმის მთავარი პრობლემა, ამბობს თეა წულუკიანი. დევნიდნენ მხოლოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. იგივე დასავლეთი, რომელიც დღეს დასაბუთებულ დაპატიმრებებს აკრიტიკებს, სამწუხაროდ სდუმდა, როდესაც სააკაშვილის მთავრობის დროს ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა. ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ასეთი პატიმრების სია შეადგინა. თითქმის 200 სახელია ამ სიაში, ზოგიერთი მათგანი სადავოა. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ წარმოდგენილთა შორის არიან რუსეთის ჯაშუშები, რომლებიც სამართლიანად ისხდნენ ციხეში.

პრეზიდენტისათვის წულუკიანს კეთილი სიტყვა არ ემეტება. მინისტრის თქმით, სააკაშვილი მისთვის უკვე 2013 წლის იანვრიდან აღარ იქნება პრეზიდენტი, რადგან ეს იქნება ზუსტად ის ხუთი წელიწადი, რა დროითაც ის აირჩიეს. ასე მიმდინარეობს პარტიებს შორის ჩუმი ომი, რომელშიც შეიძლება ინსტიტუციებიც იქნან ჩათრეული. ყველას, ვისაც ძველ ხელისუფლებაში მაღალი პოსტი ეჭირა, ახლა წუხილის საფუძველი აქვს. არავის ეხება ეს ისე, როგორც ვანო მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა მრავალწლიან მინისტრს, რომელიც დღეს „ერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ცენტრალურ ოფისში ზის.

მერაბიშვილი სააკაშვილის დროის ყველაზე შთამბეჭდავი რეფორმის არქიტექტორი იყო. მის დროს გაუქმდა კორუმპირებული საგზაო პოლიცია და შეიქმნა ახალი. ახლა მას პოლიციის მინის საგუშაგოები, ახალი მანქანები და კარგი სახელი აქვს. მაგრამ ეს არის მედლის ერთი მხარე, რადგან იმავდროულად ყოვლისშემძლე პოლიცია პარტიის ინსტრუმენტად სწორედ მერაბიშვილის ხელში გადაიქცა.

მერაბიშვილიც დიდი ხანია რაც გამომძიებელთა ინტერესის საგანს წარმოადგენს. პარტიულ მეგობრებთან ერთად სომხეთში ვიზიტისას მან აერპორტში ყალბი პასპორტი წარმოადგინა. დოკუმენტი მას როგორც ჩანს ჯერ კიდევ მინისტრობის დროიდან აქვს. ახლანდელი მთავრობა კი ვარაუდობს, მერაბიშვილმა ყალბი პასპორტი ყოველი შემთხვევისათვის შემოინახა და ნამდვილში აერია. მთავრობამ ეს კომიკური შემთხვევა სიამოვნებით დაამუშავა. პოლიციამ მერაბიშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეო მასალაც კი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიციის ყოფილი შეფი ჯიუტად სდუმს.

მაშინაც კი, თუ მას პასპორტები აერია, ამბობს მერაბიშვილი: „ეს რა პრეტენზიაა?“ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვებიც არსებობს. ფაქტობრივად ბევრი გამოძიება ზეწოლის ინსტუმენტად აღიქმება. მერაბიშვილის ბიძა მის ხისმჭრელ კომპანიაში თითქოსდა ბუღალტერიის შეცდომების გამო დააკავეს, მერაბიშვილის ყოფილი ჩინოვნიკი ბენზინის გადაჭარბებული მოხმარების გამო, პოლიციის უფროსი ინსპექტორი იარაღის უკანონო შენახვის გამო. „ჩვენ თუ მილიარდები მოვიპარეთ, რატომ გვადებენ ტვირთად ერთ ტონა ბენზინს?“

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგები

ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია გააფრთხილა. თუკი ის „არაკორექტულად იმოქმედებდა“, მაშინ „რიგები გენპროკურატურის წინ არ შემცირდებოდა“ ანუ ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მეტი და მეტი საჩივარი გაჩნდებოდა.

ხალხის აგრესია ძველი ელიტის მიმართ მართლაც დიდია. მაგრამ მერაბიშვილმა და მისმა პარტიულმა მეგობრებმა ეს მუქარად შეაფასეს. ნებისმიერი კრიტიკა პოლიტიკური კონტექსტში აღიქმება. „ივანიშვილი მისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გაუკრიტიკებიათ“, ამბობს მერაბიშვილი, „მას ჰგონია, რომ წმინდანია“.

თუმცა სასამართლომ რამდენიმე დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ისევე როგორც მერაბიშვილის ბიძა. ადრე ასეთი რამ გამორიცხული იყო, მაშინ პროკურატურა სასამართლოს წინაშე ყოველთვის მართალი იყო. ახალი ხელმძღვანელობა დიდი ცდუნების წინაშეა, გამოცვალოს ურჩი მოსამართლეები, ამბობს იუსტიციის მინისტრი – ისევე როგორც ეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილმა გააკეთა. მაგრამ ამ ცდუნებას შეეწინააღმდეგებიან.

ამასობაში პარლამენტმა მინიმუმ სამი ათასი პატიმრის ამნისტიას დაუჭირა მხარი. პატარა საქართველოს 23.000 პატიმარი ჰყავს, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე. ეს სააკაშვილის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგია.

2010 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 700-ზე მეტი სისხლის სამართლის პროცესიდან მხოლოდ სამი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ქართული ციხეები „ვარდების რევოლუციის“ ისტორიაში ყველაზე შავი ლაქაა. ის რომ იქ წამების მრავალ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, უდავოა და წამების ამსახველი ეს კადრები სააკაშვილს ბოლოს არჩევნებში დამარცხებად დაუჯდა.

ახლა ისეთ წინადადებაზეც არის დისკუსია, როგორიცაა სიმართლის და პატიების კომისიის შექმნა, ისევე როგორც ეს მოხდა აპარტეიდის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში ან სამხედრო დიქტატურის შემდეგ არგენტინაში. მსგავსი ინსტიტუცია განტვირთავდა სასამართლოებსა და პარლამენტს. სააკაშვილის თანამებრძოლები ამ შემოთავაზებასაც კი შეურაცხყოფად აღიქვამენ. საქართველო არ ყოფილა სამხედრო დიქტატურა, სადაც ათასობით ოპოზიციონერი იყო დაპატიმრებული და მოკლული.

თამაში სახელად დემოკრატია

რაფაელ გლუკსმანი, სააკაშვილის გარმოცვიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა მრჩეველი, საღამოობით ძველი თბილისში ერთ-ერთ კაფეში წარსულს აანალიზებს. გლუკსმანი წარმოშობით საფრანგეთიდანაა, მისი მეუღლე კი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა. დაკავებულთაგან ბევრი მისი ნაცნობია. „შემდეგი ეს იქნება“, მწარედ ხუმრობს ის, როდესაც კაფეს შესასვლელთან ეროვნული ბანკის შეფი გამოჩნდა.

რატომ არ გამოუვიდა სააკაშვილს? მათ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა ჰქონდათ, ამბობს გლუკსმანი. „რეფორმები ისე კარგად მიდიოდა, რომ ჩვენ გვეგონა რვა წელიწადში ქვეყნის საფუძვლიანად შეცვლას იოლად შევძლებდით“.

მაგრამ, გლუკსმანის თქმით, ისინი მართლაც რევოლუციით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამით მათ მიმართ წაყენებული ბევრი პრეტენზია აიხსნება. ახალი მთავრობა კი პირიქით მშვიდობიანი არჩევნებით მოვიდა და ისე იქცევა, თითქოს ახალი რევოლუცია მოხდა. ზოგიერთ რეგიონში ადამიანთა მასებს თვითმმართველობებზე იერიში მიაქვთ, რათა იქედან გუბერნატორები გაყარონ და პოლიცია ამის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს. არადა ადგილობრივი არჩევნები წელიწადნახევარშია.

პრეზიდენტმა პრემიერი ახლახანს გილიოტინის მოყვარულ რობესპიერს შეადარა. კიდევ ერთი რევოლუცია ის არის, რაც საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება. ქვეყანამ უნდა ისწავლოს პოლიტიკური ელიტების ცვლა სახელმწიფოს სტრუქტურების რღვევის გარეშე. თამაში სახელად დემოკრატია ის მაღალი საფეხურია, რომელიც ბევრმა ქვეყანამ ვერ გადალახა. საქართველოს შანსები, მიუხედავად ყველა პერიპეტიისა, რომ ეს გამოუვა, ცუდი არ არის. თუმცა დასასრული ჯერ უცნობია.

foreignpress.ge

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *