(for.ge) ბრიტანელი ევროპარლამენტარი – “ევროპის სახალხო პარტიას” მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე თვალის დახუჭვა სჩვევია

 

le monde 

გრემ უოტსონი

რაც უფრო ახლოვდება ვილნიუსის სამიტი, ევროკავშირი მით უფრო ცდილობს წარმატების მაგალითი იპოვოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში. ყველაზე ნათელი მაგალითი კი, ამ თვალსაზრისით, საქართველოა. აქ გასულ წელს მეტ-ნაკლებად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს იშვიათი მოვლენაა.

მიუხედავად ამისა, ევროპის სახალხო პარტია ისევ აგრძელებს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციის კამპანიას და ეჭვქვეშ აყენებს ვილნიუსში მისთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევას.

რას მიაღწია ახალმა ხელისუფლებამ უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში? საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი იყო კანონის უზენაესობის განმტკიცება. განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმა მართლმსაჯულების სისტემასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესებში. ეს მისასალმებელი ნაბიჯია, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე. განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მმართველობის ქვედა რგოლებს მიეცათ გადაწყვეტილების მიღების რეალური უფლებამოსილება; ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდა შრომის კოდექსი; ხორციელდება რეფორმები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში; გადაიდგა ნაბიჯები პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფად; მუშავდება კანონი უმცირესობათა დაცვის შესახებ.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის სფეროს, რაიმე ძირეული ცვლილებები არ შეინიშნება. საქართველოს კვლავაც სურს, შეძლებისდაგვარად სწრაფად გახდეს ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ავღანეთში მრავალრიცხოვანი დანაკარგის მიუხედავად, საქართველო პირნათლად ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას აკისრია სამშვიდობო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკეთესია ესაუბროს მეზობელ დიდ ქვეყანას, ვიდრე უგულებელყოს ის. სწორედ ამ პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ შემსუბუქდა ემბარგო ქართული პროდუქციის ექსპორტზე, გამარტივდა მიმოსვლა და სავიზო რეჟიმი და დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი.
მისასალმებელია, რომ თბილისი მზად არის ითანამშრომლოს და მოძებნოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები იმ პირობებში, როდესაც ის ინარჩუნებს თავის მტკიცე პოზიციას.

საბოლოოდ, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი მთავრობისათვის, რომელიც, ჯერ ცხრა თვეც კი არ არის, რაც ხელისუფლებაშია. ოქტომბერში უნდა გაიმართოს საპრეზიდენტო არჩევნები და, როგორც ჩანს, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, „ქართული ოცნება“ ამჯერადაც დაამარცხებს პრეზიდენტ სააკაშვილს, და ამით დასრულდება კიდევაც კოჰაბიტაციის რთული პერიოდი.

თომას ჰამარბერგმა (ევროკავშრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში) მოიწონა ახალი ხელისუფლების მიდგომა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი. დადებითი გამოხმაურებებია აგრეთვე ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა „საერთაშორისო ამნისტია“ და Human Rights Watch. ბევრი პოზიტიური შეფასება გამოითქვა ევროპარლამენტის პარტიათაშორისი დელეგაციის სტუმრობის შემდეგაც.

მიუხედავად ამისა, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს (რომლის წევრიც არის სააკაშვილის პარტია) არ უნდათ აღიარონ ეს მიღწევები. ისინი გამოთქვამენ ბრალდებებს შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ხელისუფლებას ყოფილი თანამდებობის პირების დაკავების გამო, მაშინაც კი, როცა არსებობს დანაშაულის მტკიცებულებები. ისინი აცხადებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაკვეთა „წითელი ხაზი“ და იმუქრებიან ვილნიუსში საქართველოსათვის ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო კამპანიით.

რადგანაც ევროპის სახალხო პარტიამ თვალი დახუჭა წინა ხელისუფლების უამრავ კანონდარღვევაზე, თავად მასაც შეიძლება სამართლიანად დავდოთ ბრალი შერჩევით სამართალში. ეს კანონდარღვევები კარგადაა ასახული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, „საერთაშორისო გამჭვირვალობისა“ და სხვათა დოკუმენტებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ახლა უკვე გახმაურებულ მოვლენებს, რომლებიც ციხეებში ხდებოდა: ეს არის სისტემატური წამება ციხის საკნებში, რომლებიც აღბეჭდილია რეგიონალური პოლიციის შენობების სარდაფებში ახლახან აღმოჩენილ ფირებზე. საქართველოს მოქალაქეებს აიძულებდნენ ეჩუქებინათ ქონება სახელმწიფოსთვის, მათ კი, ვინც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ ემხრობოდა, უმუშევრობა ემუქრებოდა.

სააკაშვილის პირადი დაცვა 3500 კაცისგან შედგებოდა, ხოლო მისი სარეზერვო ფონდი 100 მილიონ აშშ დოლარს ითვლიდა და პარლამენტის კონტროლს მიღმა იყო.

ევროპის სახალხო პარტიას სჩვევია თვალის დახუჭვა მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე. მაგალითად, როცა უნგრელი ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტს ეწვია საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტთან დაკავშირებული სკანდალის დროს, პარლამენტის წევრები მას ფეხზე წამოუდგნენ და ისე მიესალმნენ. თუმცა, როგორც ევროპარლამენტში ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობის მქონე პარტიას, სახალხო პარტიას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება დაიცვას ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
2004 წელს ვენეციის კომისიამ დაგმო სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძალითაც მას მიენიჭა შეუზღუდავი ძალაუფლება ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ხარჯზე. გარდა ამისა, ხელისუფლება უხეშად ერეოდა მედიის საქმიანობაში და ქმნიდა ბიზნესმონოპოლიებს. მიუხედავად ამისა, ევროპის სახალხო პარტია დუმს და არაფერს ამბობს დემოკრატიის ხრწნის ამ მკაფიო მაგალითებზე.

კარგი იქნებოდა, საქართველოს მიმართ მორიგი შეტევის განხორციელებამდე ევროპის სახალხო პარტიას ყური დაეგდო აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური წყაროების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებისათვის.

ქვეყნის ახალი ხელისუფლება არ არის უნაკლო. კაბინეტის ზოგიერთი წევრი პირველადაა ხელისუფლებაში. ასე რომ, შეცდომები გამორიცხული არ არის. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორ გზას ადგას უფრო ლიბერალური და დემოკრატიული საქართველოსაკენ, და იგი უდავოდ იმსახურებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.

http://www.lemonde.fr/idees/article/2013/06/28/pourquoi-l-europe-devrait-donner-une-vraie-chance-a-la-georgie_3438375_3232.html?xtmc=georgie&xtcr=1

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *