(sazogadoeba.ge) ახალი სასურსათო კალათა = სასურსათო გენოციდს

 

download (1)ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასურსათო კალათის “რეკომენდებული” ნორმები საარსებო მინიმუმის გაიაფების მიზნით, კვლავ ხელოვნურად არის შემცირებული. კვლევის თანახმად, ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წ.) განსაზღვრული საკვები ნორმა ბევრად ჩამორჩება არა მარტო იგივე კატეგორიის აშშ-ის მოქა­ლა­­ქისთვის რეკომენდებულ ნორმას, არამედ ნაკლებია 3,5-4 წლის ბავშვის ნორმაზეც კი!

როგორც აღნიშნული ბრძანების სათაურიდან (“საკვებ ნივთიერებათა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისა­თვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტ­კიცების შესახებ”) ირკვევა, აღნიშნული ღონისძიების გატარება ძირითადად ე.წ. “სასურსათო კალათის” ღირებულების შემცირების მიზნით მოხდა, რათა შემცირებულიყო ე.წ. “საარ­სებო მინიმუმის” ღირებულება, როგორმე დაახლოებოდა მოსახლეობისთვის გაცემულ პენსიებსა თუ სხვა შემწეობებს, ან როგორმე შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისათვის საჭირო თანხას შორის არსებობდა. ამ მიზნით სასურსათო კალათაში მნიშვნელოვნად შემცირდა ძვირადღირებუ­ლი პროდუქციის ჩამონათვალი და გაიზარდა შედარებით იაფი პროდუქციის რიცხვი.

FAO-ს მონაცემებით, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვე­ნე­ბელი კრიტი­კულ ზღვარს ქვემოთაა და ყოველწლიურად ქვეითდება. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტუ­რებს, რომ სასურ­სათო უსაფრთხოების მაჩვე­ნებლით საქართ­ველომ განვითარებადი ქვეყნების მე-5 ჯგუფიდან მე-6 ჯგუფში გადაინაცვლა და უღარიბესი ქვეყნების (სუდანი, კამერუნი, ნიგერია და სხვ.) რიცხვშია.

“ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს სასურსათო გენოციდთან, რასაც ნებსით, თუ უნებლიედ ახორციელებდა ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ”, – აღნიშნულია ექსპერთა შეფასებაში.

როგორ “მოგვარდა” სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა და კიდევ რა უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან სოფლის მე­ურ­ნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი პაატა კოღუაშვილი , ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი შოთა ჩხეიძე და პროფესორი იოსებ არჩვაძე.

მათი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება. კერძოდ, ფიზიოლოგიური ნორმების შესაბა­მისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში – 350 გრამს, ხორცი – 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი – 960 გრამს, კარტოფილი – 170 გრამს, ბოსტნეული – 370 გრამს, ხილი – 210 გრამს, თევზი – 50 გრამს, ცხიმი – 30 გრამს, შაქარი – 100 გრამს.

ეს ნორმები ემყარება საერთაშორისო ნორმებს და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის 70 კგ, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკა­ცისათვის (იგივეა 60 კგ წონის ქალისათვის) და შეადგენს 2800 კკალ დღეში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდებული ნორმა შეადგენს 2450 კკალ). ეს მონაცემები მართალია პერიოდულად იცვლება ასაკის, წონის, გეოგრაფიული გარემოს და სხვა ფაქტორების გავლენით, მაგრამ არა არსებითად.

დღეს საკვების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ძალზე უხეშადაა დარღვეული. განსაკუთრებით დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება (ხორცის მოხმარება შემცირებულია – 2,5-3-ჯერ, თევზის – 4-5-ჯერ, რძის პროდუქტების 2‑3-ჯერ), ცილოვანი დეფიციტი კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსა­კუთრე­ბით ბავშვების, მოზარდებისა და ხანდაზმულებისთვის.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ხორცის მოხმარება (საშუალოდ) მოსახლეობის კვების რაციონში, გამოხატული კალორიებში, 3-5%-ს არ აღემატება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის კი – 1%-ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მხარეებიდან ხორცს ყველაზე მეტად მოიხ­მარს კახეთის (5%), ყველაზე ნაკლებად კი აჭარის მოსახლეობა 2% (კალორიების მიხედ­ვით კვების რაციონში). საყურადღებოა ის, რომ ქალაქების მოსახლეობა მეტად განიცდის სურსათის (და მათ შორის ცილების) დეფიციტს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, რაც აიხსნება იმით, რომ ქალაქის მოსახლეობა იძულებულია გასწიოს მეტი არასასურ­სათო ხარჯები (ტრანს­პორტი, კომუნალური გადასახადები და ა.შ.), რაც ამცირებს სასურ­სათო ხარჯების გაწევის შესაძლებლობას. მეორეს მხრივ, სოფლად ფულის დეფიციტი ამცირებს არასასურსათო ხარჯებს. ქვეყანაში სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება 70:30, რაც ძალზე დაბალი ცხოვრების დონის მაჩვენებელია (განვითარებულ ქვეყნებში ეს შეფარდება პირიქითაა და სასურსათო დანახარჯები მთელი ხარჯის 15‑20%-ს შეადგენს).

საყურადღებოა პურისა და პურპროდუქტების (ბურღულეულის ჩათვლით) მოხმარების მაღალი მაჩვენებელი: მაგალითად, პურისა და პურპროდუქტების მოხმარება 1,8-2,0-ჯერ მეტია ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით, რის გამოც საკვები რაციონის ენერგე­ტი­კუ­ლი ღირებულების თითქმის 62% პურპროდუქტებზე მოდის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის საპირისპიროდ, პურპროდუქტები ღარიბია ორგანიზმის არსებო­ბისათვის აუცილებელი ინგრედიენტებით: ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა დაბალი მსყიდველუნარიანო­ბის გამო ძირითადად პურით იკვებება და დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულე­ბის კომპენსაციას პურით ახდენს (განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი საკვებ რაციონ­ში 12-15%-ს არ აღემატება). ასეთი დისბალანსი საკვებ რაციონში ბუნებრივია, პათოლოგი­ურ ცვლილებებს, ჯანმრ­თელობის გაუარესებას და სავალალო შედეგებს იწვევს, რაც გამოიხატება კიდეც ბოლო წლების სტატისტიკაში (განსაკუთრებით თვალშისაცემია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და ზოგადად, ფატალური შედეგებით ავადობის უპრეცედენტო მატება).

საჭიროა აღინიშნოს, რომ 2009 წლის შემდეგ ჩვენ არ გვაქვს მწირი ინფორმაციაც კი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მდგო­მარეობის შესახებ, რადგან 2010 წლიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაუქმებულ იქნა მასთან არსებული სასურსათო უსაფრთხოების ობსერ­ვა­ტორია და ფაქტობრივად არ მიმდინარეობს არანაირი კვლევა და სტატი­სტი­­კურ მონაცემთა დამუშავება სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე.

დინამიკაში თუ განვიხილავთ მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარებას 1990 წლიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი თანდათან მცირდებოდა და 1995 წელს ყველაზე დაბალი იყო, შემდგომში (1997-98 წწ.) მოკრძალე­ბუ­ლად, მაგრამ მაინც დაიწყო მატება 2003 წლის ჩათვლით, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები დარჩა ფიზიო­ლო­გიურ ნორმასთან შედარებით: ხორცზე 2,5-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე – 1,7-ჯერ. აქაც პურის მოხმარება 2-ჯერ მეტი იყო ფიზიოლოგიურ ნორმას­თან შედარებით.

აღსანიშნავია ის, რომ მომდევნო 2004-2009 წლებში ადგი­ლი ჰქონდა სასურსათო პრო­დუქციის მოხმარების არა თუ შემდგომ გაზრდას და მდგომარეობის რამდენადმე გამოსწო­რებას, არამედ მოხდა პირიქით და 2009 წლის მოხმარების მაჩვენებლები კიდევ უფრო დაშორდა ფიზიოლოგიურ ნორმებს, კერძოდ: ხორცი და ხორც­პრო­დუქტები – თითქმის 2,5-ჯერ, რძე და რძის პროდუქტები – 2,7-ჯერ, ბოსტ­ნეული – 2,5-ჯერ, კვერცხი – 2,7-ჯერ. რაც შეეხება პურის მოხმარებას, 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი სტატისტიკაში არ ჩანს; სავარაუდოა, რომ ის იმდენად მაღალია, რომ მისი გამოჩენა უხერხულობას გამოიწვევდა(!).

2010 Global Hunger Index კვლევის თანახმად საქართველო იმ სახელმ­წიფოებს შორის აღმოჩნდა, სადაც შიმშილობის საშუალო დონეა. გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადა­მიანი შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კკალორიაზე ნაკლებს იღებს. ამავე კვლევის შე­დეგებით საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთს და აზერბაიჯანს (2008 წ.).

მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2150 კკალორიაზე ნაკლებს იღებს, ხოლო 22% კი კრიტიკულზე – (1800 კკალ-ზე) გაცილებით ნაკლებს _ 1600 კკალორიას. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ თვით რაციონის ხარისხობრივ შემადგენლო­ბას და იმ ფაქტს, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის, მოსახლეობის მდგომარეობა კომენტარს აღარ საჭიროებს.

LowIncomeFoodDeficitCountries-ის 2012 წელს გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, საქართველო დაემატა იმ 66 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც სურსათის დეფიციტია, ხოლო შემოსავლები ძალზე მცირე.

გაეროს მსოფლიოს მოსახლეობის ორგანიზაციის მონაცემებით (2011 წ.) საქართვე­ლოს მოსახლეობის 13%-ს (ანუ 600 ათასი ადამიანი) დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25დოლარი, ანუ 2 ლარი. აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: სომხეთში ასეთი მოსახ­ლე­ობის რიცხვი 4%-ია, აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთში, მოლდავეთში – 2%.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს NATO-ს სოფლის მეურ­ნეობის დაგეგმვის კომიტეტმა (FAPC), საქართველოს მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების მაჩვენებლები საგანგაშოდ ჩათვალა და მოსახლეობის სურსათით უზრუნველ­ყოფის მდგომარეობა საგანგებოდ შეაფასა, მიუთითა შესაბამის სასწრაფო ღონისძიებებზე მდგომარეობის გამოსასწორებლად. მაშინდელმა ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და NATO-ს მიერ საგანგაშოდ შეფასებული, სურსათის მოხმარების მაჩვენებლე­ბი იმავე 2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინის­ტროს ბრძანე­ბით #111 დაამტკიცა “ნორმად” (სადაც სურსათის კალორიულობა შეფასებუ­ლია 2300 კკალ). ამ ბრძანების თანახმად, ხორცის მოხმარების მაჩვე­ნე­ბე­ლი 80 გრ/დღ ჩაითვალა “ნორმად”, რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. ხოლო პურის მოხმარების ნორმა – 350 გრამიდან გაზრდილია 400 გრამამდე დღეში (!).

ამრიგად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდე­ნობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა და მოხმარების მაჩვენებელიც ახალ “ნორმებს” დაუახლოვდა, ზოგიერთი პროდუქტისთვის გადააჭარბა კიდეც (რძე და რძის ნაწარმი). ასე მარტივად “მოგვარდა” სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა, ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარების გარეშე და ამ ე.წ. “ნორმების” მიხედვით ჩვენი მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების ვიზუალური სურათი “არც თუ ისე სავალალოდ” გამოჩნდა (!).

ასევე საინტერესოა 2011 წლის ივნისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტა­მენტის მიერ (www.choosemyplate.gov) გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდებული ნორმები. მათთან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული “ახალი ნორმების” შედარებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წ.) განსაზღვრული ნორმა ბევრად ჩამორჩება არა მარტო იგივე კატეგორიის აშშ-ის მოქა­ლა­­ქისთვის რეკომენდებულ ნორმას (კერძოდ, ხორცზე – 2,3-ჯერ, რძესა და რძის პროდუქ­ტებზე -3,2-ჯერ, ბოსტნეულზე – 3,2-ჯერ, ხილზე – 2,3-ჯერ, რაც ბუნებრივია, გაკვირვე­ბას არ იწვევს, რადგან 2003 წლამდე ჩვენთან არსებულ ნორმებთან შედარებითაც იგივე სურათია), არამედ ნაკლებია 3,5-4 წლის ბავშვის ნორმაზეც კი!

ეს ახალი სასურსათო კალათა დღისათვის (2013 წლის ივლისი) 101,36 ლარის ღირებულების საარსებო მინიმუმს იძლე­ვა, რაც მაინც მიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

სპეციალური შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში საარსებოდ მიღებული მინიმალური ნორმის შესა­ბამისი სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 148 ლარია, რომელიც 31,52 პროცენტით აღემატება ოფიციალურად მიღებულ -101,36 ლარს (ეს უკანასკნელი ემყარება ხელოვნურად შემცირებულ მოთხოვნილებებს).

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ხორციელდება ე.წ. ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე – მიჩნეულია, რომ სურსათის წილი ამ მაჩვენებელში უნდა შეადგენდეს 70 პროცენტს (რაც არასწორია, რადგან ადამიანს, როგორც გონიერ არსებას სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია. განვითარებული მსოფლიოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, რომ ეს მაჩვენებელი საარსებო მინიმუმში 15-30% ფარგლებში უნდა მერყეობდეს), დანარჩენი 30 პროცენტით კი უნდა დაიფაროს ყველა სხვა ხარჯი, მათ შორის არასასურსათო საქონლისა და მომსახურების ღირებულება. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალური საარსებო მინიმუმის ღირებულება – 211,42 (148+63,42) ლარი, 1,46-ჯერ მეტი იქნება დადგენილ – 144,8 (101,36+43,44) ლარზე თვეში. სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯების გათანაბრების (0.5/0.5) შემთხვევაში (რაც სწორი და სავსებით მისაღები გადაწყვეტილება იქნება), საარსებო მინიმუმის ღირებულება 296 (148+148) ლარს გაუტოლდება (ცნობისათვის, ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში – 328 ლარია, სომხეთში – 230 ლარი,რუსეთში – 390 ლარი, ესტონეთში – 520 ევრო, სლოვენიაში -830 ევრო, აშშ-ში 902,5 დოლარი, ნორვეგიაში -2100 ევრო).

იოსებ არჩვაძე: ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საარსებო მინიმუმში სურსათისა და დანარჩენი საქონ­ლის თანაფარდობა პროპორციით 0.7/0.3. ეს პროპორცია სასწრაფოდაა შესაცვლელი – უნდა მკვეთრად შემცირდეს სასურსათო კომპონენტის წილი და გაიზარდოს არასასურსათო კომპო­ნენტის წილი.ამ შემთხვევაში, თვით ამჟამად მოქმედი მინიმალური სასურსათო ნორმისა და სადღეღამისო კალორიულობის შენარჩუნების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება საარსებო მინიმუმის ღირებულება.

შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2012 წლის ოქტომბერში შეადგენდა 150.6 ლარს, საიდანაც 70 პროცენტი (109.2 ლარი) სასურსათო ნაწილი იყო. თუ ჩავთვლით, რომ საარ­სებო მინიმუმში სასურსათო ნაწილი უნდა იყოს 50 პროცენტი (ვიმეორებთ: ინფლაციის გასა­ან­გარიშებელ კალათაში სურსათის წილი მხოლოდ 30%-ია), მაშინ საარსებო მინიმუმი მყისიერად გაიზრდება 150.6 ლარიდან 218.4 ლარამდე (=109.2 X 2), ანუ 45 პროცენტით.

აღნიშნული ცვლილებით საარსებო მინიმუმის ღირებულება საგრძნობლად მიუახლოვ­დე­ბა მის ფაქტობრივ დონეს, ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება აგრეთვე ამჟამად მნიშვ­ნელოვნად დაშორებული „საარსებო მინიმუმისა“ და „სიღარიბის ცნების” კატეგორი­ების შინაარსობრივ დაახლოებაში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ქვეყანას სურს ჰქონ­დეს გაწონას­წორებული სავაჭრო ბალანსი, რამ­დენადაც შესაძ­ლებე­ლია უნდა მოვახ­დი­ნოთ ადგილობრივი წარმოების სურსათით იმპორ­­ტის ჩანაცვლება, ხოლო გამოთავისუფ­ლებული ვალუტა ეროვნული აგროწარმოების განვითარებას მოვახმა­როთ. ამ სტრატეგიუ­ლი მიზნის რეალიზაციისთვის, უპირველეს ყოვ­ლი­სა, უნდა გავიცნობიე­როთ, რომ სასურ­სათო უზრუნველყო­ფის მიღწევა, ესაა ქვეყნის ეროვ­ნუ­ლი უშიშროების განმტკი­ცების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და იგი უნდა დარჩეს ქვეყნის განვითარების მთა­ვარ ორიენ­ტირად, როგორც ახლო, ისე შორეულ პერსპექტივაში.

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *