(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: დარწმუნებული ვარ, შევარდნაძის არქივში იქნება პასუხი ამ კითხვაზე!

 

16 – ბატონო თემურ,დავიწყოთ არჩევნებით. როგორია თქვენეული ანალიზი იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მოხდა? მოგეხსენებათ, თბილისის მერი დავით ნარმანია გახდა!

არჩევნებზე  მხოლოდ მოკლედ. რადგან გუშინ დამთავრდა და მისმა შემდგომმა ერთმა თვემ იმდენი კითხვა დასვა და იმდენი სიმახინჯე გამოავლინა, სერიოზული ანალიზია საჭირო. ერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალების“ თავგასულობა, „ქრთული ოცნების“  თვითკმაყოფილება და მოსახლეობის აშკარად მზარდი უკმაყოფილება. უიმედობა გაძლიერდა შრომით მიგრანტებში, საერთოდ, ქართულ ემიგრაციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ეს არის კონფლიქტის გზა, რომლის შედეგები კატასტროფუილი და გაცილებით საშიში იქნება სახელმწიფოსთვის, ვიდრე დღეს გამეფებული უიმედობა. მეტსაც გეტყვით, არ შეიძლება, ნებისმიერი პოლიტიკური ხედვის მოაზროვნე ადამიანი არ შეაშინოს იმ სოციალურმა დემაგოგიამ, რომლითაც ეს არჩევნები იყო სავსე. გაღატაკებულ ქვეყანაში ყველა აბსურდამდე მისული დახმარებებისა  და უფასო კომუნალური თუ სატრანპორტო მომსახურების დაპირებებით გამოდიოდა: ოღონდ ამირჩიეთ, არაფერს გაგაკეთებინებთ და გარჩენთო. აი, ვაიპოლიტიკოსების სკამის იდეოლოგია. საცოდავი საქართველო.

უნდა ვთქვა ერთიც, როცა თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს მოვუსმინე, მისი დამთავრების შემდგომ, პირველი, რაც ვთქვი, იყო: „რას ერჩით თბილისს? მიხეილ სააკაშვილი და ნაცმოძრაობა რას ერჩიან- კი ვიცი, მაგრამ თქვენ რაღას ერჩით, ბატონო ბიძინა?!“

საერთოდ, საქართველოს მოსახლეობას დარჩა აზრი, რომ ეს იყო თბილისის და არა მთელი საქართველოს არჩევნები. მალე გაიგებს საქართველო, რომ დღევანდელი საკრებულოების აბროლურტური უმრავლესობა , ეს არის ხალხი, რომელმაც სისხლში ჩაახშო 26 მაისი თბილისში, წინა დღეებში კი მთელს საქართველოში.

ყოჩაღ, „ქართულ ოცნებას“ და მის საარჩევნო შტაბს!

რაც შეეხება არჩევნებს და დღევანდელ ჩვენი საუბრის ძირითად თემას – ოფშორებს, ისინი პირდაპირ არიან ურთიერთდაკავშირებული, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც „ნაციონალების“, ისე „ქართული ოცნების“ კანდიდატებისა თუ გამარჯვებული დეპუტატების და მერების აბსოლუტური უმრავლესობა სოროსის სისტემის პროდუქტია, ანუ ფესვების სწორედ იმ ნიადაგში აქვთ გართხმული, რომელზედაც ქვემოთ მოგვიწევს საუბარი. ამიტომაც, ჩემთვის უკვე დღესვით ნათელია ამ თითქოს დემოკრატიული არჩევნებით რა წყვდიადში იქნა კიდევ ერთხელ ჩათრეული ქვეყანა.

 – ბატონო თემურ, გუშინ ედუარდ შევარდნაძე დაკრძალეს… რას იტყვით შევარდნაძეზე?

ყველაფერი, რაც დღეს გვჭირს, კარგიც და ცუდიც, პირველი და მეორე პრეზიდენტების, ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის  ურთიერთობებიდან მოდის. განსაკუთრებით კონფლიქტი, რომლისგანაც თავი ვერ დავიხსენით. ზვიად გამსახურდია ეროვნული იდეოლოგიით იყო სავსე, ედუარდ შევარდნაძე –  ნებით თუ იძულებით კოსმოპოლიტი გახდა. ჰქონდათ საერთოც. არ ვიტყვი, რომ უყვარდათ, მაგრამ ორთავე მედროვეებს შეეწირა. მინდა ვიფიქრო, რომ პირველი მედროვეებს  მისი გამოუცდელობით ეყრდნობოდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ მეორემ ეს შეგნებულად გააკეთა. მაგრამ ფაქტია, რომ მედროვეებმა ორთავე დაამარცხეს და მათ ამ თავგასულობას  შემდეგში ყველაზე დიდი მედროვე- სააკაშვილი მოჰყვა პრეზიდენტის სახით.

ედუარდ შევარდნაძეს მსოფლიოში ძლიერი პოლიტიკოსის სახელი სწორედ იმან მოუტანა, რაც საქართველოსთვის მთლად კარგი არ იყო – ჯერ მოსკოვზე ასწორებდა პოლიტიკურ კომპასს, შემდეგ ვაშინგტონზე, ვინაიდან ის იყო იმ ეპოქის შვილი, როცა საქართველოსათვის ყველაფერი მის ფარგლებს გარეთ წყდებოდა.

ბატონი შევარდნაძე სულით ხორცამდე პოლიტიკოსი იყო – დაწყებული განუმეორებელი ღიმილითა და დამთავრებული გველის ჭკუითა თუ მელის ცბიერებით. ბუნებრივი ნიჭი, რომლის სწავლა არსად შეიძლება, მას საშუალებას აძლევდა მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ ბატალიებში ლაღად ეგრძნო თავი,

ვადასტურებ, რომ მასთან შეიძლებოდა დასაბუთებული კამათი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, კრიტიკა, ღია წინააღმდეგობაც კი. ის საოცარი პატივისცემით ეპყრობოდა ინტელიგენციას და დღეს რაც ძალიან ყურადსაღებია, სასამართლოს გადაწყვეტილებებს. მე, მისგან დანიშნულმა გუბერნატორმა, სამჯერ აღვძარი საქმე მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების თაობაზე და მოვიგე კიდეც… რაც ბატონმა სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში გააუქმა.

მას გამორჩეულად ფაქიზი დამოკიდებულება ჰქონდა აფხაზი და ოსი ხალხების მიმართ.

ეხლა რასაც ვამბობ, ჩემთვისაც დაუჯერებელი იქნებოდა, საკუთარი თვალით რომ არ მენახა და საკუთარი ყურით არ მომესმინა: 1993 წელია. ნახევარი საათით ადრე შევიტყვე, რომ ედუარდ შევარდნაძე ქუთაისში ჩამოდიოდა. აეროპორტში დავხვდი. თვითმფრინავი დაიცალა და უკან მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე შევიდა. კითხვაზე, სად მიდიოდა, მიპასუხა: ეხლა რასაც ვაკეთებ, საკუთარი თავი მძულს, მაგრამ ასეა საჭიროო. ლოთი ქობალიასთან მიდიოდა შეხვედრაზე. დღემდე მესმის შეხვედრიდან დაბრუნების შემდგომ  ნათქვამი მისი სიტყვების ტემბრი და განწყობა : „ახლა კი მართლა შემეცოდა ზვიად გამსახურდიაო!“ გულწრფელი იყო.

დღეს ბევრს საუბრობენ ბატონი შევარდნაძის თანამდებობიდან წასვლაზე. ავადსახსენებელ „ვარდების რევოლუციამდე“ ორი-სამი დღით ადრე გამენდო: „თემურ, ისეთ რამეს ითხოვენ დასავლეთში, თუ დავთანხმდი, სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები პრეზიდენტი, მაგრამ შემდეგ ჩემი გვარის ხსენება აღარ იქნება საქართველოში, ჩემს ძვლებს აღარ დატოვებენ საქართველოს მიწაშიო“.როგორც ჩანს, ვიღაცეები დათანხმდნენ ამ პირობებს…

თქვენი აზრით, რა იგულისხმა შევარდნაძემ?

ამ თემაზე შემდგომში ბატონ ედუარდს არასდროს უსაუბრია, დარწმუნებული ვარ, მის არქივში იქნება  გახსნილი ეს საიდუმლო. ეს დღევანდელი საქართველოსა და მისი მომავლისთვის საჭიროზე საჭიროა.  სათქმელი ბევრი მაქვს. სხვა დროს.

– ბატონო თემურ, რაც შეეხება ოფშორების თემას, რომლის შესახებაც საუბარი “ასავალ-დასავალის” წინა ნომერში დავაანონსეთ, რას გვეტყვით, რამდენად არის დაკავშირებული  ოფშორებშიდავანებული ფული საქართველოს გაუბედურებასთან? 

პირდაპირ ვიტყვი მთავარს: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა უბედურება: ომები, ტერიტორიული პორბლემები, შავი ფული, ნარკო და იარაღის ბიზნესი, ქვეყნის გაღატაკება, პოლიტიკურ მდიდართა ბატონობა,  შეტევა ეკლესიაზე, რეაქციული ათეიზმი, დიქტატორული და პოლიციური რეჟიმი, დაკავშირებულია ოფშორებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვათა გავლენით არიან განთავსებული და გამდიდრებული ოფშორებში. საქართველოს ტრაგედია ოფშორული ფულია.

ხმაური, რომელიც დროდადრო „ნაციონალების“ ცნობილი სახეების ირგვლივ მიმდინარეობს რეალურად არ გახლავთ დაკავშირებული ერთ ან რამდენიმე სუბიექტთან. ყოველგვარი მცდელობა საკითხი განხილულ იქნას პერსონალურ ჭრილში, ჩვენის აზრით იქნება ამ საკითხის გადაწყვეტის სურვილის არქონის კიდევ ერთი გამოვლინება.

პრობლემა არის არა უგულავა, კეზერაშვილი. ჯაფარიძე, ნადირაშვილი,თარგამაძე…

არ იყვნენ ისინი, იყო იყო ბეჟუაშვილი და მრავალი მისთანანი. არ იქნებოდნენ ისინი, იქნებოდნენ სხვები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დააპატიმრებენ მათ და ყველა მათ თანამონაწილეს – გამოჩნდებიან სხვები, რომლებიც წარმატებით გააგრძელებენ იგივე საქმიანობას.

პრობლემა თავად მეწარმეობის სისტემაში არსებულ გლობალურ სიმახინჯეშია,  პრობლემა ეკონომიკის პოლიტიზირებაშია, პრობლემა პოლიტიკაში დიდი და ბინძური ფულის შემოტანაშია.

ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პოლიტიკოსებისა  და მათთან დაკავშირებული ჯგუფების ე.წ. სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის წარმართვისა, გახლავთ ამ მიზნით ოფშორული ტერიტორიების გამოყენება.  როგორც წესი, ოფშორები გახლავთ მზიანი კუნძულები- ბნელი ადამიანებისათვის .

 – მაინც რა ხდება ოფშორებში და რატომ არის ოფშორები საქართველოს უბედურება?

რაც გნებავთ უწოდეთ: საერთაშორისო მაფია, ბილდერბერგის კლუბი, მასონური ლოჟა… მაგრამ სწორედ მათი ფულით ამა თუ იმ სახელმწიფოში პირველ ეტაპზე ხდება უმაღლეს პოლიტიკურ პოსტებზე მათივე ერთგული ადგილობრივი ლაქიების გამწესება, ხოლო შემდეგ იწყება ათმაგი და ასმაგი თანხების გადაქაჩვა ყველა სხვათაგან  უკონტროლებელ ოფშორულ ზონებში.

ამ თითქოს ორსვლიანი სქემით მიმდინარეობს ათობით სახელმწიფოს პოლიტიკური დაკაბალება; ამ სქემით ათობით მილიონი ადამიანის მიერ შექმნილი ეკონომიკური დოვლათი გარდაისახება ბინძურ პოლიტიკურ ფულად;

შევეცდები, როგორც პოლიტიკოსმა, და არა არავითარ შემთხვევაში, როგორც ამ თემის სპეციალისტმა,  ჯერ ჩამოვაყალიბო ის საშიშროებანი, რომელთაც ოფშორი უქმნის საქართველოს, ხოლო შემდეგ რამდენიმე ციფრით განვამტკიცო ჩვენი ვარაუდები.

მაშ ასე, პოლიტიკოსის აზრით, ოფშორის ექვსი დიდი უბედურება:

პირველი დიდი უბედურება  – რეალური ეკონომიკის ერთი სექტორი იმყოფება პრივილეგირებულ პირობებში, რითაც ირღვევა დავოსის 2010 წლის შეხვედრის ორი მთავარი გადაწყვეტილებიდან  ერთ – ერთი: კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა სახელწმიფოს მიერ ;

მეორე დიდი უბედურება – იგივე სექტორი გადასახადებს იხდის არა საქართველოს, არამედ ოფშორის მოცემული სახელმწიფოს კანონით, რაც წარმოადგენს საქართველოში გადასახადების გადახდაზე თავის არიდებას, ხოლო ირიბად,  საერთოდ არასათანადო ოდენობით გადასახადების გადახდას ;

მესამე დიდი უბედურება  – ოფშორები თავისი არსით, ეს არის გაქცევა ქვეყნის იურისდიქციისგან. ეს არის მსოფლიო ეკონომიკის „შავი ხვრელები“ , გნებავთ, უწოდეთ „თეთრი ლაქები“ ;

მეოთხე დიდი უბედურება – რეალური ეკონომიკის პროდუქტი, რომელიც იქმნება ქართული ნედლეულით, ქართული ენერგორესურსებით, ქართული ინტელექტით და ქართული შრომითი ძალით, ხდება გაურკვეველი წრეების, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ, გამდიდრების წყარო.;

მეხუთე დიდი უბედურება – ხელისუფლება, რომელიც ხელს უწყობს ოფშორებთან ურთიერთობების განვითარებას ოფშორების რეალური მეპატრონეებისაგან იღებს გრძელვადიან ხელშეუხებლობის გარანტიას იმ პერიოდისათვის, როდესაც ის აღარ იქნება ხელისუფლებაში;

მეექვსე დიდი უბედურება – ეროვნული ნედლეულით, ენერგორესურსებით, ინტელექტითა  და მუშა ძალით შექმნილი  მატერიალური დოვლათით ოფშორის გავლით უკონტროლოდ მდიდრდება ადგილობრივი ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი ოლიგარქია, რომელიც აღნიშნულ ზემოგებას აბანდებს არა კვლავწარმოებაში, ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის,  არამედ თავისი პოლიტიკური ზეგავლენისა და არასამართლებრივი მეთოდებით  მართვის გახანგრძლივების მიზნით ამ თანხებით აძლიერებს რეპრესიულ აპარატს, მის სადამსჯელო მატერიალურ ბაზას(!).

– თქვენ მოხერხებულად გააკეთეთ ერთი ცნობილი გამოთქმის პერეფრაზირება, როდესაც ოფშორებს უწოდეთ „მზიანი კუნძულები – ბნელი ადამიანებისათვის“ . მოდით, მეტი კონკრეტიკისათვის, დავხედოთ რუკას და ისე ვისაუბროთ

– დღეისათვის გამოყოფენ ოფშორების სამ ჯგუფს: ანგლო-საქსურ ბირთვს, ბენილუქსის ქვეყნებს და ყველა დანარჩენს.

მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ თორმეტი ოფშორული ზონა მოქმედებს, აღარაფერს ვამბობთ პერიფერიული ზონის ათობით კუნძულზე, რომელთა დასახელებები გაგონილიც არ ექნება ბევრს. რად ღირს: არუბა, კიურასაო, სენტ-მარტენი და ა.შ (!)სულ რაღაც 1500 – 1900 დოლარად შეიძლება ფირმის დარეგისტრირება ბელიზში, დომინიკას თანამეგობრებაში, სენტ-ვისტი და ნევისში…

აქ ერთი არათემატური პარალელის გავლებაც შეიძლება. მაშინ, როდესაც ევრო-ატლანტელი მეგობრები საქართველოს წლების მანძილზე აბარებინებენ ათასგვარ გამოცდებს , ათასობით საგზაო რუკით, ყველაზე აქტიური და თბილი ურთიერთობებით  არიან დაკავშირებულნი ზემოთ დასახელებული ნაკლებად ცნობილი კუნძულების , აგრეთვე ტრინიდადი და ტობაკოს , კაემანის კუნძულების და სხვა მრავალთა ხელისუფლებებთან, სადაც დაკანონებულია სკვდილით დასჯა, ფიზიკური სასჯელის არაერთი სახე,  ქალების უკიდურესი დისკრიმინაცია. დასკვნა მკითხველმა გააკეთოს.

საშიშია არა მხოლოდ რაღაც განყენებული გეოგრაფიული ზონები, არამედ საშიშია ყველა ის პიროვნება , ვინც ფეხს შედგამს ამ ბნელით მოცულ  და სიბინძურით სავსე უკიდურესად პოლიტიზირებული ეკონომიკის ლაბირინთებში. ისინი ხდებიან  პოლიტიკურად ბორკილდადებული ადამიანები, რომლებიც შვა ყველა ნორმალური სახელწმიფოს მტერთა ინკუბატორმა – ოფშორულმა ზონამ.

ბრიტანეთს  დიდად არც ჰოლანდია ჩამორჩება. ნიდერლანდებში მოქმედებს 20 ათასი ე.წ. „საფოსტო კომპანია“ , რომელსაც არავითრი საერთო არ აქვს ფოსტასთან და თავის მხრივ დაკავშირებულია  12 500 სპეციალურ საფინანსო კომპანიასთან. მათი გავლით წლის მანძილზე სამი-ოთხი ტრილიონი დოლარი მოძრაობს ოფშორულ ზონებში.  ნიდერლანდების განს აკუთრებული აქტივობა საქართველოში კი სულ სხვა თემაა და მასზე ცალკე ვისაუბრებთ უახლეს მომავალში. ვფიქრობთ, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს,რატომ გააქტიურდა ეს პატარა ევროპული სახელმწიფო მისტვის აქამდე უცნობ საქართველოში.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან დ ა ირლანდიიდან  კაპიტალის ყოველწლიური ექსპორტი საქართველოში აღემატება კაპიტალის ექსპორტს აშშ-დან.

ანალოგიური მონაცემი კარიბის ზღვის კუნძულებისა, შეადგენს აშშ-ის კაპიტალის ექსპორტის მეხუთედ ნაწილს.

  – კარგით , დავასახელეთ კონკრეტული გეოგრაფიული ცენტრები, კონკრეტულ ციფრებსაც ხომ ვერ გვეტყოდით?

– საერთაშორისო ორგანიზაციების დაანგარიშებით, ოფშორებში განთავსებულია 21-31 ტრილიონამდე დოლარი. და ეს ისეთი ფინანსური აქტივების გარეშე, როგორიცაა იახტები, ციხე-დარბაზები, ფუფუნების საგნები, ხელოვნების შედევრები… რაც შვეიცარული „კრედიტციუსი“ -ს ბანკის შეფასებით 2011 წელს 231 ტრილიონ დოლარს  შეადგენდა.

ოფშორების საშუალებით განვითრებადი ქვეყნებიდან 1970-2010 წლებში გავიდა 7,3-დან 9,3 ტრილიონ დოლარამდე . (სულ წელიწადში შეადგენს 200 მილიარდ დოლარს) . პროცენტების გათვალისწინებით რეალურად 9,3 ტრილიონი იზრდება 15 ტრილიონ დოლარამდე.

ოფშორების საშუალებით გადასახადებისაგან იმალება 21-დან 32 ტრილიონ დოლარამდე. წარმოიდგინეთ. ამ თანხიდან რომ მომხდარიყო თუნდაც 3%-ის გადახდა სახელწმიფოს სასარგებლოდ, როგორ იცხოვრებდნენ  განვითარებადი ქვეყნების ნახევრადმოშიმშილე მოქალაქეები.

– და თქვენ გინდათ თქვათ, რომ მთელს ამ უწესრიგობას თვალდახუჭული უცქერენ დასავლელი ლიდერები?

ჯერჯერობით, ოფშორი აწყობს ყველას, თუმცა ნელნელა საშიში ხდება ყველასათვის. ყველას აწყობს მანამ, სანამ იგი სხვის წინააღმდეგ არის.  ფიქრს იწყებს შემდგომ, როცა მისკენ მიმართულ საფრთხეს ხედავს.

დადასტურებულია, რომ ამერიკის ხელისუფლება, სადაზვერვო სამსახურების სისტემის საშუალებით ოფშორებს წარმატებულად იყენებდა და იყენებს მისთვის სასურველ ქვეყნებზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის. მაგრამ ბოლო პერიოდში ამ მოვლენამ ამერიკისათვის იმდენად საშიში სახე მიიღო, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა იძულებული გახდა ღია ბრძოლა გამოეცხადებინა ფინანსების ოფშორებში  გადინებისათვის. სწორედ ობამას შეუვალმა პოზიციამ აიძულა ავსტრია, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია გამჭვირვალე გაეხადათ ინფორმაცია 30 ათასი ამერიკელი გადასახადისგადამხდელის შესახებ, რამაც აშშ-ის ბიუჯეტს 2009 და 2011 წელს დამატებით მოუტანა 2 მლრდ 700 მლნ დოლარი.

მაგრამ ეს წვეთია ზღვაში, ვინაიდან ექსპერტთა შეფასებით, ამერიკელებს ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი გააქვთ ოფშორებში. ეს არის არა მარტო პოლიტიზირებული, არამედ, მკაცრად იდეოლოგიზირებული ზონები, რომლებიც საშიშროებას წარმოადგენენ ისეთი ზესახელმწიფოსათვისაც კი, როგორც აშშ-ია.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფედერალური კანონმდებლობით სახელმწიფოში არ არსებობს ოფშორები და ოფშორული ზონები, ქალაქ დელავერის ერთ პატარა, ერთსართულიან შენობაში კანონით რეგისტრირებულია 6500 კორპორაცია და 217 ათასი შვილობილი კომპანია.

აღნიშნულმა მოვლენამ იმდენად ამორალური სახე მიიღო. რომ რომის პაპმა ბენედიქტ XXVI-მ კურთხევა მოუხსნა ოფშორებში ეკონომიკურ საქმიანობას.

 – გასაგებია მდიადრი სახელმწიფოებისადმი დიდი ინტერესი. მაგრამ რა ესაქმებათ მესამე სამყაროს დაქცეულ ქვეყნებში?

საყურადღებოა, რომ ოფშორებში ფინანსების გადინება ხდება სწორედ განვითარებადი ქვეყნებიდან. 2011 წელს პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: რუსეთი – 191 მლრდ. დოლარი, ჩინეთი – 151 მლრდ.დოლარი, ინდოეთი – 85 მლრდ. დოლარი. წლის მანძილზე საერთოდ არალეგალურად გატანილმა თანხამ შეადგინა 1 ტრლნ. დოლარი.

იგივე ოდენობის თანხა შეადგინა 20 წლის მანძილზე რუსეთიდან არალეგალურად გატანილმა ფინანსებმა. ჩვენში ავად ცნობილი რაო-ეესის სტრუქტურების 25% რეგისტრირებულია ოფშორებში. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სტრუქტურებისა და საფონდო ბიზნესის სტრუქტურების ოფშორებში გატანილი წილი კარგა ხანია გადასცდა 50%-ს

 – ბატონო თემურ, საქართველოდან ვინ და რა ჯგუფებია დაკავშირებული ოფშორებთან?

ოფშორებთანაა დაკავშირებული ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების უამრავი მაღალჩინოსანი. ადრეულ პერიოდში ოფშორებთან თავისი ურთიერთობა დაადასტურა ბიძინა ივანიშვილმაც.  არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვადასტურებ, რომ სააქართველოს ეკონომიკური ღერძის: ჭიათურა – ზესტაფონი -ტყიბულის გაუბედურება დაიწყო მას შემდგომ, რაც მას მარშალის კუნძულების ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმებით შეესია სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი ძმები ბეუაშვილების თავკაცობით.

საერთოდ, უნდა ითქვას,  რომ არაქართული ფესვების მქონე გვარგადაკეთებულ სუბიექტებს არა მხოლოდ მფარველობენ დიდ დედაქალაქებში, არამედ ხელგაშვილი ხვდებიან ვირჯინიის კუნძულების, დომინიკის, ბაჰამის კუნძულების, ანტილიის კუნძულების ოფშორებში. ამ ათასგვარი კუნძულების ჩამონათვალს აგრძელებენ კუკის კუნძულები, კუნძული მადეირა, მავრიკი, სამოა… მართული ოლიგარქების ნამდვილი ინკუბატორები.

სამწუხაროდ, არავინ ამბობს, თუ რა მდგომარეობაშია ამ მხრივ საქართველო;  რეალური ეკონომიკის რა წილი ( პროცენტი) არის დაფიქრსირებული ოფშორებში;  იქ დაფუძნებული ფირმები ღებულობენ თუ არა სამთავრობო დაკვეთებს, გრანტებს, გარანტიებს, სხვადასხვა სახის დაფინანსებას; სახელწმიფო სტრუქტურები უშუალოდ არიან თუ არა დაკავშირებული ოფშორებში განთავსებულ ფირმებთან.

 – იქნებ ოფშორები საქართველოსათვის განვლილი თემაა და პოლიტიკური სპეკულაციისათვის ხმაურობთ პოლიტიკოსები?

-ძალიან მინდა, რომ თქვენ იყოთ მართალი. არ მინდა დავუშვათ შეცდომა, არაერთი ექსპერტის დასკვნით, ეს საკითხი უმწვავესია დღის საქართველოსათვის, და თუ სერიოზულ დასკვნებს არ გავაკეთებთ, კიდევ უფრო მწარე გახდება. ქვეყნის უბედურებაა, რომ საერთაშორისო მასონურმა წრეებმა შეძლეს საქართველოში შეექმნათ მათგან მართული ფინანსური ოლიგარქიის, ანუ მართული მდიდრების საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ბირთვი. და თუ ვინმე  ამბობს, რომ ეს ბირთვი დღეს  ჩამოცილებულია სახელწმიფოს მართვა-გამგეობას, ან მწარედ ცდება. ან, უბრალოდ – ტყუის.

ქვეყნიდან გადის ნედლეული – შემოდის მზა ნაწარმი; ქვეყნიდან გასულია მოსახლეობის მეხუთედი; ქვეყნის მართვა-გამგეობა ბოლო 15-17 წლის მანძილზე ხორციელდება გარედან თავმოსხვეული მართვადი პოლიტიკური ოლიგარქიის მეშვეობით.

თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ვცდები, ან ვტყუი, ბედნიერი ვიქნები. ხოლო თუ მართალს ვამბობ – რაღა დარჩა კოლონიის კლასიკურ გაგებამდე? რით არ არის ეს ნეოკოლონიალიზმი?

„ნაციონალების” დროებითი დასუსტებისა და მოჩვენებითი ჩამოშორების ნაცვლად აზროვნებით არაქართველთა, მეტიც, ქართველთმოძულეთა აღზევება, არა მგონია სწორი ნაბიჯი იყოს.

 – უხერხული ხომ არ არის მხოლოდ პრობლემებზე უკიჟინო ხელისუფლებას და მათ გადაწყვეტაში გვერდით არ დაუდგე, გზები არ უჩვენო მაინც?

როგორც ჩანს, არ იცით, ბატონო დიტო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მოსული არ იყო ბატონი ივანიშვილი ხელისუფლებაში, მას გავუგზავნეთ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი ქვეყნის  ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული მდგომარეობის ანალიზი კონკრეტული წინადადებებით. მინდა გაგახსენოთ, ჩვენი წინადადება ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმი : მოიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები, რომ მათი მონაწილეობით დადგინდეს, მართლა აშენდა საქართევლო, როგორც ამას სააკაშვილი და „ნაციონალები“ ამტკიცებენ, თუ დაინგრა და სახეზე გვაქვს მოსახლეობის გენოციდი, როგორც ეს მეცნიერთა ანალიზითაა დადასტურებული. ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა. დღესაც კი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა საქართველო ააშენა. ეს ტრაგედიაა. დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

საერთოდ, მთავარია პოლიტიკური ნება და საქართველოში სასწაულიც კი არ გაგვიკვირდება.  რამდენიმე მარტივ  მაგლითს მოვიყვან დაფიქრებისათვის.

ქუთაისის მერად ჩემი ყოფნის პერიოდში, ერთ პატარა საქაბაბესაც კი მეტი ბრუნვა ჰქონდა ვიდრე აჭარის უნიკალურ კურორტ ქობულეთს ჰქონდა ნაჩვენები.

თბილისელებს ტრანსპორტში ყვლეფდნენ – ორი-სამჯერ ძვირს ახდევინებდნენ, ვიდრე ქუთაისში და მილიონზე მეტი მოსახლეობის ქალაქის სატრანსპორტო სისტემას გაცილებით ნაკლები შეჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე 170 ათასიანი და იაფი ტრანსპორტის ქუთაისს.

იმ წლებში 5 მილიონი  სახელმწიფო სახსრებით გავაკეთეთ თითქმის ათჯერ მეტი, ვიდრე დღეს 64 მილიონიანი უცხოური  სესხით აკეთებენ წყალმომარაგების სისტემაში.

საქართველოში ასეთი და უკეთესი უამრავი კარგი კონკრეტული მაგალითი და გამოცდილებაა. მაგრამ ვის აინტერესებს? ჩვენთან წარმატებული – მხოლოდ კარგის და ძლიერის წინააღმდეგ ბრძოლაა.

 – ბატონო თემურ, დასასრულ, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ჩვენს კოლეგა ჟრნალისტ ეკა ბერიძესთან ერთად წაიყვანოს ტელეგადაცემა ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია GDS-ზე  როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

 – უკვე არაფერი მიკვირს. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია თავის საქმეს არ აკეთებს. როგორც ჩანს ამას აგრძელებს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ შემომთავაზა სექტემბრიდან ასეთი გადაცემის წაყვანა. „მოქალაქეზე“ უარი ვთქვი. ვფიქრობ. თუ დავთანხმდები, მხოლოდ გადაცემას – „ადამიანი“ . არ ვმალავ, ტრადიციულად და განსაკუთრებით „მოქკავშირის“ შემდგომ, სიტყვა „მოქალაქეს“ ვერ ვიტან. ყალბი მგონია ეს ყველაფერი. როგორც ანტინაციონალებმა „ნაციონალური“ დაირქვეს. ისტორიულად მოქალაქეში გულისხმობენ კანონმორჩილს, ადამიანში – ზნეობრივს. მე ზნეობრივის მხარეს ვარ. შეიძლება იყო  კანონმორჩილი მოქალაქე, მაგრამ არ გქონდეს ზნეობა. მაგრამ ზნეობრივი ყოველთვის არის პიროვნება, რომელიც პატივს მიაგებს კანონსაც, რომელსაც პატივს მიაგებს საზოგადოება..

ერთიც მინდა ვთქვა. საზოგადოება შოკირებულია ბერა ივანიშვილის ტელევიზიაში გადაღებული საშინელი და ამაზრზენი კადრებით. რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება. თუ ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ არ იციხ, ძალიან ცუდი. ხოლო თუ იცის, და ხმას არ იღებს, მაშინ დაღუპულები ვყოფილვართ და ისაა!

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *