(საქართველო და მსოფლიო) რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე პაკეტი ამოქმედდა _ ვინ დარჩება წაგებული?

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მესამე პაკეტი ამოქმედდა _ ვინ დარჩება წაგებული?
სააგენტო «როიტერი» იტყობინებოდა, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და აშშ-ის ლიდერები სატელეფონო მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ რუსეთისთვის მესამე დონის სანქციების დაწესებაზე.

სანქციები დაწესდა.

თავდაპირველად პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან ამ საერთაშორისო აქტს კატეგორიულად განსხვავებული და ცალმხრივი შეფასება მოჰყვა. ერთნი დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ამით დააჩოქებდნენ რუსეთს, მეორენი _ ევროკავშირი გაცილებთი წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებაო.

დიდი დრო არ დასჭირვებია იმას, რომ ორივე მხარეს საღად, უემოციოდ, პოლიტიკური საფანელის გარეშე შეეფასებინა ახლად წარმოქმნილი ვითარება: ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უარყოფითად იმოქმედებს რუსეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის სანქციებით გამოწვეული ზარალი რუსეთისთვის 23 მილიარდი ევროს მიაღწევს, რაც ქვეყნის მშპ-ის 1,5 პროცენტს უდრის. გაისად უფრო მეტი იქნება _ 75 მილიარდი ევრო, ანუ მშპ-ის 4,8 პროცენტი.

ასე აფასებს ბრიუსელი (Euobserver.com).

ჟურნალ The Economist-ის აზრით კი, მთლიანად რუსეთის ბიზნესი 744 მილიარდით, ანუ ერთი ტრილიონი ევროთი დაზარალდება.

მაგრამ სანქციები, როგორც გვარწმუნებენ, მეორე მხარესაც _ ევროკავშირის ქვეყნებსაც, დაარტყამს დაახლოებით იმავე მოცულობით, როგორც რუსეთს. ზარალმა შეიძლება შეადგინოს 40 მილიარდი ევრო, ანუ მშპ-ის 0,3 პროცენტი. ეს _ წლეულს. 2015 წლისთვის კი _ 50 მილიარდი ევრო, ანუ მშპ-ის 0,4 პროცენტი იქნება.

ერთმანეთსაა მიბმული სანქციების დამწესებელი და სანქციებით დასჯილი ქვეყნების ეკონომიკები. ეს (ზარალი) რეალურ განზომილებაში გადავა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სანქციების საპასუხოდ შეწყვეტს შეიარაღების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის შესყიდვას, დააწესებს ურთიერთვაჭრობის სფეროში სხვა აკრძალვებს, აგრეთვე, რუსეთის იზოლაციის გამოც ევროპის საფინანსო ბაზრიდან.

ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთთან კონტაქტის მიზეზით ყველაზე მეტად დაზარალდებიან სამხრეთ ევროპის ქვეყნები, უწინარეს ყოვლისა კი, _ იტალია. ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ისედაც სუსტია და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა შეიძლება კიდევ უფრო მოშალოს.

ასეთ პერსპექტივას რეალისტურად აფასებენ სწორედ ამ რეგიონის ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩების გასულ კვირაში მოწყობილ შეხვედრაზე მიმართეს ევროკომისიას, გაეთვალისწინებინა სანქციების შედეგები.

როგორც ჩანს, ამაოდ, რადგან გერმანიაც კი, რომელიც აქამდე უარს ამბობდა, მხარი დაეჭირა რუსეთის წინააღმდეგ ფართო სანქციებისთვის, ახლა აქტიურად ემზადება მათ (სანქციების) განსახორციელებლად.

აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ურთიერთობათა კომიტეტი, რომელიც რუსეთში გერმანული ბიზნესის ინტერესებს ლობირებს, მიიჩნევს, რომ სანქციები გერმანიაში 350 ათას იმ სამუშაო ადგილის შემცირებას გამოიწვევს, რომლებიც უშუალოდაა დამოკიდებული რუსულ-გერმანულ სავაჭრო ბრუნვაზე. ეს კი წელიწადში 80 მილიარდი დოლარია.

ანალიტიკოსების კლასიფიკაციის მიხედვით, სანქციების პირველი ეტაპი გამაფრთხილებელი იყო და ითვალისწინებდა რუსეთის მონაწილეობით სამიტების შეწყვეტას, სავიზო რეჟიმის შემოღების შეჩერებას და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში რუსეთის მიღების შესახებ მოლაპარაკების დღის წესრიგიდან ამოღებას.

მეორე ეტაპი კრძალავდა ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და კანადაში იმ ჩინოვნიკების შესვლას, რომელთაც კავშირი ჰქონდათ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტთან, აგრეთვე, უცხოეთში მათი აქტივების გაყინვას.

სანქციების მესამე და საბოლოო პაკეტით აშშ და ევროკავშირი დაემუქრნენ რუსეთს, ჯერ კიდევ აპრილში, როცა ყირიმი რუსეთის იურისდიქციას დაუქვემდებარდა. მაგრამ მათი (სანქციების) განსაზღვრა, რაც 15-14 აპრილს ბრიუსელის სამიტზე იყო დაგეგმილი, რამდენიმეჯერ გადადო ევროპული ბიზნესის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის გამო.

ამჟამად ეს სანქციები ამოქმედდა და, ექსპერტების აზრით, ისინი თითქმის ერთნაირად დააზარალებს რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს. ლაპარაკია 100 მილიარდ ევროს მოცულობაზე, მაგრამ «ალფა-კაპიტალის» საფინანსო ბაზრებისა და მაკროეკონომიკის ანალიზის სამსახურის დირექტორი ვლადიმირ ბრაგინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ბიზნესი უფრო მეტად წააგებს.

მისი აზრით, მათ, ვინც ზარალის მოცულობა იანგარიშა, გაითვალისწინეს მხოლოდ პირდაპირი ზარალი, რომელსაც კონტრაქტების შეწყვეტა გამოიწვევს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც გაურკვეველია, ევროკავშირის ექსპერტებმა, კერძოდ, რომელი კონტრაქტები გაითვალისწინეს სანქციებში და როგორია მათი გაანგარიშების მექანიზმი.

გასათვალისწინებელია ირიბი ზარალიც, რომელიც ძირითადზე მეტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

«რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის თითქმის ნახევარი ევროკავშირზე მოდის. მთავარი უხერხულობა, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება რუსეთს მიაყენოს, რუსეთის გაზის შესყიდვაზე უარის თქმაა, _ აცხადებს SFC Marcets-ს ანალიტიკოსი დიმიტრი ლუკაშოვი, _ ყველა დანარჩენი საქონლის შესყიდვა ან რეალიზება მსოფლიო ბაზარზეა შესაძლებელი _ აზიის ან ლათინური ამერიკის ქვეყნებში. მაგრამ, რადგან ევროპას არ შეუძლია, უარი თქვას რუსეთის ენერგოშემცველებზე და გაზზე, სანქციების დაწყებითმა ეტაპებმა მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე. მომავალში უარესი იქნება».

თუ სანქციები გავრცელდება რუსეთის ყველა კომპანიასა და ბანკზე, აგრეთვე, ევროპული და ამერიკული ბანკების ფილიალებზე რუსეთში, ეს არა მარტო უარყოფითად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, არამედ გაართულებს პოლიტიკურ სიტუაციასაც.

რაც საბჭოთა კავშირის დაშლის წინ ქვეყანაში შექმნილი ანალოგიური ვითარების გამეორება იქნება.

ლუკაშოვის აზრით, ამ სცენარით შეიძლება მოხდეს რუსული რუბლის კურსის დაცემა და მოთხოვნილების გაზრდა დოლარზე. შეიქმნება ისეთი ვითარება, როცა ახალ სავალუტო კრედიტებს არ იძლევიან, ძველების გადახდა კი საჭიროა. «რუბლზე შეტევამ კი შეიძლება გამოიწვიოს სოციალური უკმაყოფილების ზრდა და პოლიტიკური მღელვარება», _ ასკვნის ექსპერტი.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი უწინ აცხადებდა, რომ სანქციები უფრო უარყოფითად ევროკავშირზე იმოქმედებდა. ზარალი ერთ ტრილიონს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ აშშ განახორციელებს ირანის მოდელს _ რუსეთს მსოფლიო საფინანსო სისტემას მოჰკვეთს. უმეტესად დაზარალდება გერმანია: წაგება 200 მილიარდ ევროს მიაღწევს; ასევე, _ უკრაინა და ბალტიის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე.

არიან ექსპერტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სანქციების დაწესება გამოიწვევს რუსეთის დაფარული შესაძლებლობების გააქტიურებას. ისინი იმოწმებენ საბჭოთა კავშირის მაგალითს, რომელიც სრული იზოლირების პირობებში ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ რატომღაც ივიწყებენ, რომ ის ისტორიული წარმატება განსხვავებულ (როგორც საშინაო, ისე საგარეო) პირობებში იქნა მიღწეული და დღეს მისი გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოკლედ, სიტუაცია მარტივი არ არის.

ქართველი ექსპერტის კომენტარი

«საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებს თავის აზრს უზიარებს ცნობილი ეკონომისტი, პროფესორი დავით იაკობიძე.

_ ბატონო დავით, უცხოური პრესის პუბლიკაციების დედააზრი, რომლებიც სანქციების მესამე პაკეტის ამოქმედებას ეხება, ისაა, რომ აკრძალვები იმოქმედებს რუსეთზეც და ევროკავშირის ქვეყნებზეც. ღირდა ამ სანქციების ამოქმედება, ყველასთვის უარყოფითი შედეგის მომტანი თუ იქნებოდა?

_ საკითხი სხვაგვარად უნდა დავსვათ, რადგან აქ ამოქმედებულია დიდი პოლიტიკის გარკვეული ტენდენციები.

დიდი ხანია, ამერიკელები და ევროპელები ამტკიცებენ, რომ მსოფლიოში არსებული რესურსები ყველასთვის უნდა იყოს მისაწვდომი და გამოიყენებოდეს საერთო პლანეტარული ინტერესების შესაბამისად.

ამ მიდგომასა და ტენდენციას უპირისპირდება რუსეთი, როგორც საერთაშორისო მასშტაბის, ასევე რეგიონული ინტერესების თვალსაზრისით. საერთაშორისო მასშტაბით დაპირისპირება ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ იგი ეძებს თავის მოკავშირეებს (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ახალ ალიანსში.

_ «ბრიკსი» გაქვთ მხედველობაში?

_ დიახ. და ამით უპირისპირდება დოლარის სამყაროს. ორმხრივი დაპირისპირება კი კარგად ორგანიზებული აფეთქებით დაგვირგვინდა უკრაინაში. ამერიკისთვის და ევროპისთვის გასაგები გახდა, რომ ეს არ არის ევოლუციური პროცესი, რომელიც მინიმალური დანაკარგებით თანდათან მიგვიყვანდა ლოგიკურ შედეგამდე. დადგა აქტიური მოქმედების დრო, რომელიც ყოველთვის დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული.

დასავლეთი თავის გადასარჩენად მიდის ამ დანაკარგებზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, მაგალითად, განაცხადა, რომ, მართალია, სანქციების შემოღება მილიონობით ადამიანს გაუუარესებს ცხოვრების პირობებს, მათი ამოქმედება აუცილებელია, რადგან დაკავშირებულია ადამიანის განვითარებისა და მისი თავისუფლების გლობალური საკითხების დაცვასთან.

არიან ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამით (სანქციებით) ევროპა დასუსტდება და ამერიკა მიიბამს «ბებერი კონტინენტის» ქვეყნებს. გაღრმავდება ამერიკისა და ევროპის ეკონომიკების ინტეგრაცია.

არის მოსაზრება, რომ ეს წინააღმდეგობა გერმანიის როლს ევროკავშირში თანდათან გააძლიერებს. დასუსტდება საფრანგეთი, ესპანეთი. ინგლისელების რეაქცია თავისებურია, ისინი ცდილობენ, რამდენადაც შეძლებენ, გაემიჯნონ საერთო ევროპულ მიზანდასახულებებს.

მაგრამ ფაქტია, მთელ მსოფლიოში ამ სანქციების ძალით შექმნილი მდგომარეობიდან გამარჯვებული არავინ გამოვა. ეკონომიკური ომი, როგორც ომი საერთოდ, იწვევს დიდ ნგრევასა და ზარალს ყველა დაპირისპირებული ქვეყნისთვის.

მაგალითად ავიღოთ საქართველო. რუსეთის ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშები თუ დაიკეტება, შეწყდება ჩვენთან მომუშავე რუსული ვი-თი-ბი ბანკის საქმიანობა, სამუშაოს დაკარგავენ ის ადამიანები, რომლებიც არიან დასაქნებულნი. ამ ბანკს სერიოზული აქტიური და პასიური ოპერაციები აქვს, მათ შორის, ევროპაში არსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებთან. ცხადია, დაზარალდებიან ისინი, ვისაც ეს ანგარიშებზე აქვს, დროზე ვერ მიიღებენ თავიანთ ფულს, გაძვირდება კრედიტები და ა. შ.

დედამიწაზე არ არსებობს კუთხე-კუნჭული, სადაც რუსეთის წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა უარყოფითი შედეგი არ გამოიღოს, ნეგატიურად არ იმოქმედოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *